მოსამართლეების კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს – რევაზ ნადარაია
საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას მიერ ვეტინგზე საუბრისას მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე ინფორმაცია არ აქვს, გვარამიას კი საკითხის პროვოკაციულად დაყენებაში დასდო ბრალი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ მას კორუმპირებული მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ამის შესახებ მან დღეს, 29 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში იმ დროს განაცხადა, როცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მოსამართლეთა ვეტინგზე საუბრობდა.
გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ საფუძვლად ოპოზიციის მხრიდან მოსამართლეთა ვეტინგის მოთხოვნას ასახელებს.
როგორც გვარამიამ თქვა, ვეტინგის ( მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ერთჯერადი გადამოწმების მექანიზმი) მოთხოვნა კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაა და კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან გასაშვები არიან.
„არ ვიცი რა მიზნით იყო ვეტინგის პროცედურა მოსარჩელის მიერ ნახსენები როგორც ერთ-ერთი მაგალითი კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. კი, კორუმპირებული მოსამართლეები უნდა იყვნენ გაშვებული სისტემიდან. ქონებრივი მდგომარეობის და კეთილსინდისიერების შემოწმება…“, – ამბობდა გვარამია, რა დროსაც მას საუბარი შეაწყვეტინა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
„რასაც ბრძანებთ, ეს კონტექსტი გასაგებია, რომ მოთხოვნა ვეტინგის თაობაზე არ იყო კონსტიტუციასთან საწინააღმდეგო. თქვენ დაასაბუთეთ უკვე და ახლა კონკრეტული მოსამართლეები მიგაჩნიათ [კორუმპირებულად] და ა.შ. ამაში ნუ შევდივართ. შინაარსი გასაგებია“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
რის შემდეგაც ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა იმას, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან უნდა იყვნენ გაშვებულები, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხა:
„მე მოსამართლეების კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ და ნიკა გვარამიას მოუწოდა, რომ სასამართლო სისტემას პატივი სცეს.
ვეტინგი არის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ერთჯერადი გადამოწმების მექანიზმი, რომელსაც ევროკომისია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში ითხოვს. ეს გულისხმობს ობიექტური მსაჯულებისგან (მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით) დაკომპლექტებული კომისიის მიერ მოსამართლეთა ქონების, დეკლარაციებისა და საქმიანობის ხელახალი გადამოწმება ფაქტებისა და დოკუმენტების საფუძველზე. ვეტინგს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერები (მათ შორის ირაკლი კობახიძე) და საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებენ, რომ ვეტინგი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და წარმოადგენს სუვერენიტეტში ხელყოფას.
რაც შეეხება რევაზ ნადარაიას, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. ამავე დროს ისაა იმ პლენუმის თავმჯდომარე, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს.
ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„არ ვიცი რა მიზნით იყო ვეტინგის პროცედურა მოსარჩელის მიერ ნახსენები როგორც ერთ-ერთი მაგალითი კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. კი, კორუმპირებული მოსამართლეები უნდა იყვნენ გაშვებული სისტემიდან. ქონებრივი მდგომარეობის და კეთილსინდისიერების შემოწმება…“
„რასაც ბრძანებთ, ეს კონტექსტი გასაგებია, რომ მოთხოვნა ვეტინგის თაობაზე არ იყო კონსტიტუციასთან საწინააღმდეგო. თქვენ დაასაბუთეთ უკვე და ახლა კონკრეტული მოსამართლეები მიგაჩნიათ [კორუმპირებულად] და ა.შ. ამაში ნუ შევდივართ. შინაარსი გასაგებია“
„მე მოსამართლეების კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…