ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა პრობლემები გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლო განხილვებზე – შეფასება

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოგახარია საქართველოსთვისფედერალისტებისაქართველოს პარლამენტი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი ოპოზიციის აკრძალვაზე დაუსაბუთებელია, ხოლო სასამართლომ მოპასუხეების 14 შუამდგომლობიდან მხოლოდ 1 დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

არასაკმარისი დასაბუთება, სტანდარტების არარსებობა ან დარღვევა, შუამდგომლობების უგულებელყოფა და ა.შ. – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აღწერა და გააანალიზა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პირველ ეტაპზე, არსებითი განხილვის დაწყებამდე.

„ბათუმელები“ მოკლედ გთავაზობთ ორგანიზაციის ვრცელი ანგარიშის ძირითად მიგნებებს:

სარჩელის დასაბუთება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ არის საკმარისად დასაბუთებული.

„სარჩელიდან მკაფიოდ არ იკვეთება, კონკრეტულად რომელი ქმედება ან საქმიანობა რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეწერება და რომელი ბრალდება რომელ პარტიას მიემართება“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ეს ის საკითხია, რაზეც ყველაზე მეტი კითხვა დაისვა საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნების“ სარჩელის განხილვის პირველი სამი დღის განმავლობაში.

ოთხივე მოპასუხეს [„ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია – საქართველოსთვის“ (მეხუთე პარტია, „ფედერალისტები“, განხილვაში არ მონაწილეობს] აინტერესებდა, სარჩელში ჩამოთვლილი ბრალდებებიდან რომელი მიემართებოდა კონკრეტულად მას. თუმცა, ამაზე მათ პასუხი ვერ მიიღეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარეს მკაფიოდ განესაზღვრა, რომელ პარტიას კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ედავება კონსტიტუციის დარღვევას.

უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ თავადაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის მკაფიო არ არის.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, განსაკუთრებით გაუგებარია, როგორ მიემართება სარჩელის ნაწილი, სადაც 2003-2012 წლების მოვლენებია აღწერილი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მოგვიანებით დარეგისტრირდნენ და აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურად არ არსებობდნენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბუნდოვანება ხელს უშლის ოპოზიციურ პარტიებს დაცვის სტრატეგიის შემუშავებაში.

„როდესაც სარჩელიდან არ იკვეთება, კონკრეტულად რომელი ქმედება მიეწერება კონკრეტულ პარტიას და რომელი ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს მის წინააღმდეგ დაყენებული მოთხოვნის საფუძველს, მოპასუხეს უჭირს ეფექტიანად განახორციელოს დაცვა და წარადგინოს შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი კონტრარგუმენტები.

მას ფაქტობრივად უწევს პასუხის გაცემა არა მკაფიოდ განსაზღვრულ და ინდივიდუალიზებულ ბრალდებებზე, არამედ ფაქტებისა და ეპიზოდების ფართო ერთობლიობაზე, რომელთა შორის კავშირი კონკრეტულ პარტიასთან თავად სარჩელიდან არ იკვეთება“, – წერია ორგანიზაციის შეფასებაში.

პროცესუალური სტანდარტის არარსებობა

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საპროცესო კანონში მკაფიოდ არ არის გაწერილი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმებისთვის პროცედურები.

„ბუნდოვანი რჩება, რა წესით უნდა განხორციელდეს მტკიცებულებათა წარდგენა, გამოკვლევა და შეფასება, ასევე რა საპროცესო შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ მხარეებს საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად“, – წერია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

რატომ შეიქმნა ეს პრობლემა?

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ინკივიზიციურია. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო არ შემოიფარგლება მხოლოდ მხარეებს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით და აქვს ვალდებულება საკითხი თავადაც გამოიკვლიოს. მაგალითად, გამოითხოვოს მტკიცებულებები, გაეცნოს სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მოუსმინოს მოწმეებს ან შესაბამის ექსპერტებს და ა.შ. ეს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას მხოლოდ მხარეებზე კი არ ახდენს, არამედ ქვეყნის კანონმდებლობაზე და შესაბამისად, მთელ საზოგადოებაზე.

ცხადია, იგივე წესი მოქმედებს პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმებისას. თუმცა, ამ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობასა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ დავის საგანი არა რაიმე კანონის, არამედ პარტიის საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტების სრულყოფილად შესწავლა.

ოპოზიციის შუამდგომლობების აბსოლუტური უმრავლესობის უგულებელყოფა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 14-დან მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ისიც ნაწილობრივ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ სასამართლოს უარი ამ შუამდგომლობებზე არ იყო დამაჯერებლად დასაბუთებული.

ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობების უმეტესობა კონკრეტული მტკიცებულებების დასაშვებობის, ახალი მტკიცებულებების წარდგენის, მოწმეთა გამოკითხვის საკითხებს ეხებოდა.

„მოპასუხე პოლიტიკურ პარტიებს პრაქტიკულად არ მიეცათ შესაძლებლობა საქმეში შემოეტანათ სხვა, ნებისმიერი დამატებითი სახის ინფორმაცია გარდა იმისა, რაც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს ახლავს თან. ეს კი, ინკვიზიციური პროცესის პირობებშიც დიდ შეკითხვებს აჩენს მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნახვა Facebook-ზე

„წულუკიანის კომისიის“ დასკვნის მტკიცებულებად დაშვება

„ქართული ოცნების“ სარჩელს თან ერთვის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, ე.წ. წულუკიანის კომისიის (ასე უწოდებენ კომისიის დასკვნას, რადგან თეა წულუკიანი იყო ამ კომისიის თავმჯდომარე) დასკვნა. მოპასუხეთა ერთ-ერთი შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს, სწორედ ამ დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხვას ეხებოდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პრობლემური არა მხოლოდ ამ დასკვნის საქმეზე მტკიცებულებად დართვა, არამედ არსებული კითხვები თავად კომისიის ლეგიტიმურობის შესახებ.

„იგი [კომისია] შეიქმნა კონსტიტუციურად არასათანადო შემადგენლობით, მოქმედებდა რეგლამენტით განსაზღვრული მანდატის მიღმა და თავისი დასკვნით სასამართლოსთვის განკუთვნილი დანაშაულის დადგენის ფუნქცია განახორციელა […]

სასამართლომ უპირობოდ მტკიცებულებად მიიღო „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ისე, რომ მოპასუხე მხარეს საშუალება არ მისცა, პროცესზე წარედგინა საკუთარი მტკიცებულებები, გამოეკითხა მოწმეები და ამგვარად გაებათილებინა სარჩელის საფუძვლად მითითებულ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არსებული მტკიცებები, რომლებიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს არ ეფუძნება“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

მოუსმინეთ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის მოსაზრებას ამ თემაზე:

ნახვა Facebook-ზე

მტკიცებულების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან

მოსამართლე ევა გოცირიძემ მხარეებს განუმარტა, რომ სასამართლო ფაქტების დადგენისას გამოიყენებდა „ცხადი და დამაჯერებელი“ მტკიცებულების სტანდარტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით კი, საკმარისი არ არის მხოლოდ იმის დადგენა, რომ კონკრეტული ფაქტი ცხადად და დამაჯერებლად მოხდა.

„სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რომელ პარტიას მიეწერება ეს ქმედება, ქმნის თუ არა იგი დემოკრატიული წესრიგისთვის რეალურ და საკმარისად მყისიერ საფრთხეს, არსებობს თუ არა ამ საფრთხესა და პარტიის საქმიანობას შორის მკაფიო კავშირი და არის თუ არა მთელი პარტიის აკრძალვა აუცილებელი და პროპორციული“, – განმარტავენ ორგანიზაციაში და აცხადებენ, რომ უპრიანია სასამართლომ იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეებში დადგენილი სტანდარტით.

ეს სტანდარტი ბევრად უფრო ფართო და მკაცრია, ვიდრე ევა გოცირიძის მიერ ნახსენები „ცხადი და დამაჯერებელი“ მტკიცებულების სტანდარტი.

ორგანიზაცია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ „პოლიტიკური პარტიის დაშლა წარმოადგენს უკიდურესად მძიმე ჩარევას გაერთიანების თავისუფლებასა და დემოკრატიულ პლურალიზმში და, შესაბამისად, დასაშვებია მხოლოდ „განსაკუთრებით დამაჯერებელი და წონადი მიზეზების“ არსებობისას. ევროპული სასამართლო ამასთან ახორციელებს მკაცრ კონტროლს და ამოწმებს, არსებობდა თუ არა ჩარევის „მწვავე სოციალური საჭიროება“ და იყო თუ არა იგი პროპორციული“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამ პუნქტად აყალიბებს სტანდარტს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაამკვიდრა ერთ-ერთი საქმის (Refah Partisi v. Turkey) განხილვისას:

არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომ დემოკრატიის წინააღმდეგ არსებული რისკები რეალურად არსებობს და საკმარისად მყისიერია;

პარტიის ლიდერებისა და წევრების კონკრეტული ქმედებები და გაჟღერებული მოსაზრებები გამოხატავს მთლიანად პარტიის პოზიციას;

აღნიშნულმა ქმედებებმა და მოსაზრებებმა შექმნა ამ პარტიის მიერ მხარდაჭერილი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობის იმგვარი მოდელის ნათელი სურათი, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციასთან.

სასამართლოს შემადგენლობა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სასამართლოს შემადგენლობა და საქმის განხილვის ქრონოლოგია სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პლენუმის შვიდივე წევრის აცილების შუამდგომლობა დააყენა, „ლელომ“ სამი მოსამართლის – ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის. ამ უკანასკნელის აცილება ცალკე შუამდგომლობით მოითხოვა პარტიამ „გახარია – საქართველოსთვისაც“, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პლენუმმა არცერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ არა კონკრეტულ მოსამართლეებზე, არამედ ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესის პრობლემურობაზე.

„სასამართლოს მიმართ უნდობლობის საკითხი მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში წარმოშობილ პრეტენზიებს არ უკავშირდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელი, რომელიც წლებია მოქმედებს და პარლამენტის, პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მონაწილეობას თანაბარი კვოტებით ითვალისწინებს, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ ნდობას და ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსამართლეთა პროფესიულ კვალიფიკაციაზე, მათი დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობასა და მათი მონაწილეობით შექმნილ სასამართლოს პრაქტიკაზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბოლო წლებში, გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა „გააძლიერა და რეალური გახადა წუხილები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების შესახებ“.

საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რუსული კანონისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულმა საქმეებზე.

პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის ქრონოლოგია

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა, მეორე – 2026 წლის 21 აპრილს, ხოლო მიმდინარე, რიგით მესამე სარჩელი – 2026 წლის 24 სექტემბერს.

პირველი ორი სარჩელი „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა თავად გაიხმეს, თუმცა მათი სამართლებრივი დასაბუთება არსებითად უცვლელი დარჩა. შეიცვალა იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა აკრძალვასაც ისინი მოითხოვენ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ პირველი სარჩელის შეტანიდან გასული ხანგრძლივი პერიოდის მიუხედავად, წინა ორ საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების საკითხი თვეების განმავლობაში არ გადაწყვეტილა. რაც შეეხება მიმდინარე სარჩელს, მისი განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს შემადგენლობა შეიცვალა, კერძოდ:

„2026 წლის 2 ოქტომბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ მოსამართლეებს – თეიმურაზ ტუღუშსა და გიორგი კვერენჩხილაძეს, რომელთა განსხვავებული აზრებიც ბოლო წლებში სასამართლოს არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახლდა თან. მიმდინარე კონსტიტუციური სარჩელი 2026 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა, თუმცა მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხი 6 ოქტომბერს, ხოლო პლენუმზე გადაცემა და მიღება – შემდგომ დღეებში გადაწყდა, უკვე აღნიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

„რატომ არ მოხდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ პირველი ორი სარჩელის განხილვის საკითხის დროული გადაწყვეტა და ხომ არ იქონია გავლენა სასამართლოს შემადგენლობის მოსალოდნელმა ცვლილებამ მიმდინარე საქმის განხილვის დაწყების დროსა და პირობებზე?“ – ამ კითხვის ადრესატი თავად საკონსტიტუციო სასამართლოა, თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ამ კითხვის არსებობაც აჩენს დამატებით ეჭვს პროცესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ სასამართლოს დატოვების შემთხვევაც:

2026 წლის 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მისი, როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი წევრის, მონაწილეობას შესაძლოა საზოგადოებაში საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის მიმართ ეჭვები გამოეწვია.

სასამართლომ თვითგანრიდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მომდევნო დღეს, 13 ოქტომბერს, მანანა კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება.

„ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს“, – ასე განმატა მანანა კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილება.

„აღნიშნული მოვლენების თანმიმდევრობა, განსაკუთრებით თვითგანრიდების მოთხოვნის უარყოფა და მოსამართლის მომდევნო დღეს გადადგომა, დამატებით აჩენს კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენისა და საქმის მიუკერძოებლად განხილვის შესახებ“ – აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ ნდობის შეფასებისას მნიშვნელოვანია მისი დაკომპლექტების წესის არა მხოლოდ ფორმალური დაცვა, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ სასამართლოს შემადგენლობა და საპროცესო გადაწყვეტილებები არ ქმნიდეს საფუძვლიან ეჭვს, თითქოს პროცესის მიმდინარეობა ან შედეგი რომელიმე პოლიტიკური აქტორის ინტერესებს მოერგო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს“
მანანა კობახიძე
„სარჩელიდან მკაფიოდ არ იკვეთება, კონკრეტულად რომელი ქმედება ან საქმიანობა რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეწერება და რომელი ბრალდება რომელ პარტიას მიემართება“
„მოპასუხე პოლიტიკურ პარტიებს პრაქტიკულად არ მიეცათ შესაძლებლობა საქმეში შემოეტანათ სხვა, ნებისმიერი დამატებითი სახის ინფორმაცია გარდა იმისა, რაც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს ახლავს თან. ეს კი, ინკვიზიციური პროცესის პირობებშიც დიდ შეკითხვებს აჩენს მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“
„სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რომელ პარტიას მიეწერება ეს ქმედება, ქმნის თუ არა იგი დემოკრატიული წესრიგისთვის რეალურ და საკმარისად მყისიერ საფრთხეს, არსებობს თუ არა ამ საფრთხესა და პარტიის საქმიანობას შორის მკაფიო კავშირი და არის თუ არა მთელი პარტიის აკრძალვა აუცილებელი და პროპორციული“
„სასამართლოს მიმართ უნდობლობის საკითხი მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში წარმოშობილ პრეტენზიებს არ უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების მოდელი, რომელიც წლებია მოქმედებს და პარლამენტის, პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მონაწილეობას თანაბარი კვოტებით ითვალისწინებს, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ ნდობას და ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსამართლეთა პროფესიულ კვალიფიკაციაზე, მათი დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობასა და მათი მონაწილეობით შექმნილ სასამართლოს პრაქტიკაზე“
„2026 წლის 2 ოქტომბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ მოსამართლეებს – თეიმურაზ ტუღუშსა და გიორგი კვერენჩხილაძეს, რომელთა განსხვავებული აზრებიც ბოლო წლებში სასამართლოს არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახლდა თან. მიმდინარე კონსტიტუციური სარჩელი 2026 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა, თუმცა მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხი 6 ოქტომბერს, ხოლო პლენუმზე გადაცემა და მიღება – შემდგომ დღეებში გადაწყდა, უკვე აღნიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ“
„აღნიშნული მოვლენების თანმიმდევრობა, განსაკუთრებით თვითგანრიდების მოთხოვნის უარყოფა და მოსამართლის მომდევნო დღეს გადადგომა, დამატებით აჩენს კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენისა და საქმის მიუკერძოებლად განხილვის შესახებ“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ის ახალგაზრდები აღარ ჩანან საკონსტიტუციოში“ – ზურაბ ჯაფარიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები