მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის წესი კიდევ ერთხელ შეცვალა
მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის წესი შეცვალა და მისი მოქმედება ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის პროექტებზე, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზეც გაავრცელა.

მთავრობამ მორიგი ცვლილებები შეიტანა დადგენილებაში, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების გაძვირების ფონზე ფასთა ინდექსაციის გამოყენებას არეგულირებს.
თუკი წინა ცვლილებებით მთავრობამ კომპანიებისთვის ინდექსაციაზე მიმართვის მკაცრი ვადები დააწესა (როგორიც იყო განაცხადის შეტანის 150-დღიანი ვადა საგზაო პროექტებისთვის), პროცესიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამოიღო და საქსტატის დასკვნების ჩაუბარებლობაზე საბანკო გარანტიის ჩამორთმევის სანქცია დააწესა, ახალი განკარგულებით რეგულაციის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ახალი დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ახალი დადგენილებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების მოცვა. მთავარი სიახლე ის არის, რომ ფასთა ინდექსაციისა და დროებითი წესის მოქმედება პირდაპირ გავრცელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ და მის მართვაში არსებულ სუბიექტების პროექტებზე (გაფორმებულ/გასაფორმებელ ხელშეკრულებებსა და გამოცხადებულ/გამოსაცხადებელ ტენდერებზე).
დადგენილება ასევე მკაფიოდ გავრცელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის პროექტებზე მომუშავე მიმწოდებლებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა. მათ შემსყიდველს დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიმართონ. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები დროებითი შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ.
ახალი რეგულაციით დეტალურად გაიწერა, თუ რომელ სამუშაოებზე და რა საბაზისო პერიოდით გავრცელდება ინდექსაცია:
მიმდინარე ხელშეკრულებები: ინდექსაცია შეეხება 2026 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებს.
2026 წლის 1 ივნისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული ტენდერები: შეეხება ამ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს (გარდა 2027 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული იმ ტენდერებისა, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადდა).
ორივე ამ შემთხვევაში, ფასის საბაზისო პერიოდად გამოიყენება ტენდერის გახსნიდან 28 დღით ადრინდელი თარიღის შესაბამისი თვე.
მიმდინარე და 2026 წლის 1 ივნისამდე გამოცხადებული ტენდერები: ამ შემთხვევაში საბაზისო პერიოდად ცალსახად განისაზღვრა 2026 წლის იანვრის თვე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…