ჩინური იუანის აქტივების წილი საქართველოს სავალუტო რეზერვებში 15%-მდე გაიზრდება - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან დაახლოებით 15%-მდე გაზრდას გეგმავს, რაც არსებული მოცულობით 1.23 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იქნება, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან დაახლოებით 15%-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება რეზერვების დივერსიფიკაციას უკავშირდება და მიზნად მათი მდგრადობის გაზრდას ისახავს.
2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 8.17 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მოცულობის პირობებში, რეზერვების 15% დაახლოებით 1.23 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იქნება. თუმცა, როგორც თურნავამ აღნიშნა, რეზერვების მოცულობა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, ჩინურ იუანში განთავსებული სახსრების საბოლოო მოცულობაც რეზერვების საერთო ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით, ალბათ, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დარჩება და შემდგომში შევხედავთ კიდევ შემდგომ ზრდას, თუ ის იქნება გამართლებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ძირითადი ნაწილი კვლავ დოლარშია დენომინირებული, რაც სახელმწიფო საგარეო ვალის სტრუქტურას უკავშირდება. ამასთან, რეზერვების მართვის დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქრო შეიძინა და რეზერვებში სხვა ვალუტებიც შეიტანა, მათ შორის ჩინური იუანი.
„სხვა ვალუტებს შორის ჩინური იუანიც არის, რაც უფრო მეტ მდგრადობას მატებს ჩვენს რეზერვებს, იმიტომ რომ ჩვენ მერე ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს და იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა. როდესაც, მაგალითად, დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, იქ შეიძლება სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე გააქტიურების ერთ-ერთი მიმართულება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market, CIBM) წვდომაა. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის თებერვალში განაცხადა.
სებ-ის ინფორმაციით, CIBM-ზე წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის წინა წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის შეფასებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას გააძლიერებს როგორც ვალუტების, ისე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით, ალბათ, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დარჩება და შემდგომში შევხედავთ კიდევ შემდგომ ზრდას, თუ ის იქნება გამართლებული“
„სხვა ვალუტებს შორის ჩინური იუანიც არის, რაც უფრო მეტ მდგრადობას მატებს ჩვენს რეზერვებს, იმიტომ რომ ჩვენ მერე ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს და იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა. როდესაც, მაგალითად, დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, იქ შეიძლება სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…