ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვის სარჩელის წარდგენისას „ქართული ოცნება“ არაკეთილსინდისიერია და ოპოზიციას ორმაგი სტანდარტით აფასებს. მან გაიხსენა ირაკლი კობახიძის მამის როლი 1991 წლის გადატრიალებაში და მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრები უცხოელ ელჩებთან.

პარტიების აკრძალვის პროცესი საკონსტიტუციო სასამრთლოში ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებით გრძელდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ოცნების მიერ მომზადებულ სარჩელის იმ ნაწილს პასუხობენ, სადაც ივანიშვილის პარტია ოპონენტებს ქვეყნის წინააღმდეგ საზიანო მოქმედებებში ადანაშაულებს.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა ბიბილაშვილი დაინტერესდა, როგორი ოპოზიციის არსებობას ისურვებდნენ საქართველოში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
„მოსარჩელე არსებითად არაკეთილსინდისიერია ამ სარჩელის წარდგენისას, მას არ შეიძლება გააჩნდეს მის მიერ დეკლარირებული ლეგიტიმური მიზანი. როდესაც ის საუბრობს ჯანსაღ ოპოზიციაზე, უნდა ვიკითხოთ, როგორი ოპოზიცია იყო თავად მოსარჩელე, 2012 წლადმე. ეს სარჩელი რომ დაკმაყოფილდება, რა იქნება ის სტანდარტი, რომელსაც მოსარჩელე მხარე თავისი იდეალური ხედვით შესთავაზებს ქართველ ხალხს. ამიტომ, გავიაროთ, როგორ ოპოზიციას ისურვებდა მოსარჩელე მხარე ჩვენი ქვეყნისთვის, ისეთ ოპოზიციას, როგორიც მაგალითად, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე იყო 1991 წელს ზვიად გამსახურდიასთვის?! შეგახსენებთ, ის იყო იმ პოლიტიკური ბანაკის აქტიური წევრი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას, თუ ისეთ ოპოზიციას ისურვებს, როგორიც იყო მათი პოლიტიკური ბანაკისა და ამჟამინდელი წარმომადგენლები იყვნენ 2007 წელს, როდესაც არაერთი ანგარიშით და მედიაში გაჟონილი ინფორმაციით იგეგმებოდა შს მინისტრის დაძინება და სახელმწიფო გადატრიალება“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარისთვის 2007 წლის 7 ნოემბერი და 2011 წლის 26 მაისი არ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა, მაგრამ 2025 წლის 4 ოქტომბერი იყო, „როცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა“.
„აქ და სხვაგანაც აღსანიშნავია მოსარჩელე მხარის ორმაგი სტანდარტი, როცა სხვას ბრალს სდებენ იმაში რასაც თავად აკეთებენ ყოველდღიურად. სულ, რამდენიმე ცინცხალი მაგალითი გავიაროთ - როცა ოპოზიცია ხვდება უცხო ქვეყნის ელჩებს, ეს ძალიან კომიკური ფორმულირებაა, ისე ამბობენ ხოლმე „უცხო ქვეყნის ელჩები“, გეგონება, „შინაური ქვეყნის ელჩები“ შეიძლება არსებობდნენ. ანუ ელჩი არის დეფინიცია უცხო ქვეყნის და ამაში რაღაცნაირად ბოროტ განზრახვას დებენ.
გამოდის სარჩელზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატი და ამბობს, რომ ეს არის ინსტრუქციების მიღება და გარე ძალების მორჩილება. გაგიკვირდებათ და იმავე დღეს, სარჩელზე ხელმომწერი მეორე დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე ასევე ხვდება უცხო ქვეყნის ორ ელჩს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს პრობლემას არც „გარე ძალების" ინსტრუქციების მიღებას და არც ინსტრუქციების მიღებას“, -განაცხადა ბიბილაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მოსარჩელე არსებითად არაკეთილსინდისიერია ამ სარჩელის წარდგენისას, მას არ შეიძლება გააჩნდეს მის მიერ დეკლარირებული ლეგიტიმური მიზანი. როდესაც ის საუბრობს ჯანსაღ ოპოზიციაზე, უნდა ვიკითხოთ, როგორი ოპოზიცია იყო თავად მოსარჩელე, 2012 წლადმე. ეს სარჩელი რომ დაკმაყოფილდება, რა იქნება ის სტანდარტი, რომელსაც მოსარჩელე მხარე თავისი იდეალური ხედვით შესთავაზებს ქართველ ხალხს. ამიტომ, გავიაროთ, როგორ ოპოზიციას ისურვებდა მოსარჩელე მხარე ჩვენი ქვეყნისთვის, ისეთ ოპოზიციას, როგორიც მაგალითად, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე იყო 1991 წელს ზვიად გამსახურდიასთვის?! შეგახსენებთ, ის იყო იმ პოლიტიკური ბანაკის აქტიური წევრი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას, თუ ისეთ ოპოზიციას ისურვებს, როგორიც იყო მათი პოლიტიკური ბანაკისა და ამჟამინდელი წარმომადგენლები იყვნენ 2007 წელს, როდესაც არაერთი ანგარიშით და მედიაში გაჟონილი ინფორმაციით იგეგმებოდა შს მინისტრის დაძინება და სახელმწიფო გადატრიალება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…