ადგილი, სადაც მდინარე ცხენისწყალი რიონს უერთდება - მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში სოფელი საჭილაო ვაჭრებისა და გადამზიდავების საყვარელი ადგილი იყო და ალექსანდრე დიუმას მოგზაურობის ჩანაწერებშიც გვხვდება
სოფელი საჭილაო, რომელსაც მოგვიანებით პირველი მაისი დაერქვა, მე-19 საუკუნეში ვაჭრებისა და გადამზიდავების ცენტრი იყო, დღეს კი იქ მიგრაციის გამო ხალხის სიმცირე შეიმჩნევა. ადგილობრივების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა და ისინი ზამთრისთვის ემზადებიან.
ადგილი, სადაც მდინარე ცხენისწყალი რიონს უერთდება - იყო დრო, როდესაც იქ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში სოფელი საჭილაო ვაჭრებისა და გადამზიდავების საყვარელი ადგილი იყო. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში სოფლის დასახელება გაუქმდა და მას პირველი მაისი დაერქვა.
ადგილი ქვიშიანია, წყალი მღვრიე, დინება კი საკმაოდ ძლიერი. ამიტომ აქ წყალში შესვლას ბევრი ერიდება. დღეს მდინარეში ადგილობრივები ნავით თუ შევლენ, თუმცა წლების წინ, ორპირის ნაპირებს დიდი ნავები და დატვირთული გემებიც ხშირად სტუმრობდნენ. პარასკევობით იქ დიდი ბაზრობა იმართებოდა.
ადგილი აღწერილი აქვს ალექსანდრე დიუმასაც, რომელმაც საქართველოში მოგზაურობა სწორედ აქ დაასრულა. მაგრამ ორპირის მთავარი ისტორია მაინც ბერძნულ მითს უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, აქაურობა არგონავტების მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი იყო. იგივე მარშრუტის გამეორება 1984 წელს ტიმ სევერინმა სცადა და "არგო" საქართველოში უკვე მეორედ შემოვიდა.
დღეს პირველი მაისის შემადგენლობაში შემავალი პატარ-პატარა სოფლები ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობენ, თუმცა ხალხის სიმცირე შეიმჩნევა.
აქაური ცხოვრება უსაქმოდ ყოფნის საშუალებას არ იძლევა. სწორედ მესაქონლეობაა ის დარგი, რომელმაც სოფელი დღემდე მოიყვანა.
როგორც ბევრ სხვა სოფელს, მიგრაცია ქვიშანჭალასაც შეეხო. ბევრი სახლის კარი აქ მხოლოდ ზაფხულობით იღება.
შრომაში გატარებული ზაფხული და შემოდგომა ამ ხალხისთვის მშვიდი ზამთრის გარანტიაა. ზამთრის დადგომამდე კი თვეზე ოდნავ მეტი დარჩა. ცივ სეზონს ყველა მზად უნდა შეხვდეს.
ავტორი: გიორგი ქორქია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…