„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ექვსი კორპუსის, სასტუმროსა და მოლის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ნებართვების გაცემის შეჩერებას ითხოვენ, თუმცა კომპანიის დირექტორი რესან ქიქავა აცხადებს, რომ დაგეგმილი პროექტი გამართლებულია.
დღეს, 25 ოქტომბერს, დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსებისა და ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე ექვსი კორპუსის, სასტუმროსა და მოლის აშენებას აპროტესტებენ.
ისინი მოითხოვენ:
დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე ნებართვების გაცემა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები საჯარო განხილვის ჩატარებამდე.
შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროფესიონალებისა და მოქალაქეების მონაწილეობას თბილისის ურბანული გარემოს არსებითად შემცვლელ ყველა გადაწყვეტილებაში.
დღევანდელ აქციაზე შეკრებილებთან მივიდა„ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი რესან ქიქავა.
რესან ქიქავას თქმით, მას მიაჩნია, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი გამართლებულია.
„მე მოვედი როგორც ამ სივრცის გულშემატკივარი და მგონია, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ. მე დიალოგისთვის არ მოვსულვარ, არანაირი მიზანი და დავალება არ მაქვს. მე მოვედი როგორც მოქალაქე და როგორც „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი. მოვედი ჩემს გუნდთან ერთად, რათა მოვისმინო რა არის მოქალაქეების მოთხოვნა, რომ მქონდეს ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია მე დავწერე გუშინ. მაქვს ჩემი არგუმენტები, როგორც მოქალაქეს და როგორც „ექსპო ჯორჯიის“ ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის გამართლებული. რა თქმა უნდა, ყველას შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა რესან ქიქავამ.
რა იგეგმება „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე?
თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, მასშტაბური დეველოპერული პროექტი იგეგმება — 6 საცხოვრებელი 12-, 20- და 30-სართულიანი კორპუსი, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი („City Mall Expo“).
მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც მაღალსართულიან კორპუსებსა და ცათამბჯენებს მოიცავს, დეველოპერული კომპანია „სითიზენი“ (Cityzen Development) გეგმავს, რომლის დამფუძნებელი მინდია საბანაძეა. მინდია საბანაძე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ფლობს IG Development-ის, რომლის საკუთრებაშიცაა „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“. ის „ქართულ ოცნების“ შემომწირველია, 2016-2017 წლებში პარტიას 100 ათასი ლარი შესწირა. მანამდე კი, 2012 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო.
მინდია საბანაძე ირწმუნება, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი „ექსპოს“ გადარჩენას და განვითარებას უზრუნველყოფს.
თუმცა საპირისპიროს ამბობენ არქტიტექტორები და დარგის სპეციალისტები, რომლებმაც „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის დასაცავად ინიციატივა – „Save Expo დაიცავი გამოფენა“ – შექმნეს.
მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტის შედეგად ქალაქი დაკარგავს უნიკალურ ადგილს, ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებულ ისტორიას და მეხსიერებას, რომელიც დეველოპერის პირად ინტერესს ეწირება.
როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, ექსპო საზოგადოებრივი სირვცეა და არა სამშენებლო მოედანი.
„ასეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ქალაქის ისტორიულ გარემოს, არ უნდა იყოს მხოლოდ დეველოპერის გადასაწყვეტი. მერია ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი! აუცილებელია პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით. საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აცხადებენ Save Expo-ს წარმომადგენლები.
Save Expo-ს წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ანალიზიც, თუ რა რა ხდება „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის მიღმა:
„1. დაპირება: პროექტი ეტაპობრივად განვითარდება.
რეალობა: კომპანია აქტიურად აანონსებს პროექტს და იწყებს ბინების გაყიდვას ისე, რომ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მიღებული არ აქვს! ეს არის საზოგადოებისა და პოტენციური მყიდველების შეცდომაში შეყვანა. კომპანია პროექტის განხორციელებას უკვე გადაწყვეტილ საკითხად წარმოაჩენს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები მხოლოდ ფორმალობაა და მათი შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული.
2. დაპირება: მშენებლობა იქნება პერიფერიებზე, სადაც გამწვანება არ არის, გამწვანებას და ისტორიულ ზონას არაფერი ემუქრება.
რეალობა: პროექტი ითვალისწინებს 12-დან 32 სართულამდე 6 ცათამბჯენისა და სავაჭრო მოლის განთავსებას. აღნიშნული შენობები დაგეგმილია პარკის ცენტრალურ შესასვლელშიც და არა მხოლოდ “პერიფერიაზე“. ცათამბჯენები სრულად ცვლის ტერიტორიის იერსახეს, თრგუნავს უნიკალურ არქიტექტურულ ანსამბლს და წლების განმავლობაში შენარჩუნებულ სარეკრეაციო სირვცეს.
3. დაპირება: დაემატება სათამაშო მოედნები და ბილიკები.
რეალობა:„გამოფენის“ ტერიტორია დღეს ასრულებს სარეკრეაციო და საზოგადოებრივ ფუნქციას. დეველოპერის დაპირება, რომ მწვანე სივრცეები შენობებისა და სავაჭრო ცენტრის სახურავებზე მოეწყობა, ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან საზოგადოებრივ პარკს: ფორმალური ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ეს ტერიტორიები რეალურად მხოლოდ კომპლექსის მაცხოვრებლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს მოემსახურება. შედეგად, საზოგადოებრივ სივრცეს ჩაანაცვლებს კერძო, კომერციულ ფუნქციებზე მორგებული ზონა“, – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„მე მოვედი როგორც ამ სივრცის გულშემატკივარი და მგონია, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ. მე დიალოგისთვის არ მოვსულვარ, არანაირი მიზანი და დავალება არ მაქვს. მე მოვედი როგორც მოქალაქე და როგორც „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელი. მოვედი ჩემს გუნდთან ერთად, რათა მოვისმინო რა არის მოქალაქეების მოთხოვნა, რომ მქონდეს ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია მე დავწერე გუშინ. მაქვს ჩემი არგუმენტები, როგორც მოქალაქეს და როგორც „ექსპო ჯორჯიის“ ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის გამართლებული. რა თქმა უნდა, ყველას შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება“
„ასეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ქალაქის ისტორიულ გარემოს, არ უნდა იყოს მხოლოდ დეველოპერის გადასაწყვეტი. მერია ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი! აუცილებელია პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით. საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…