"ჰეკატეს ბაღის შეგირდები" - Starring Georgia-ს ახალი პროექტი, რომლის მიზანია მე-6, მე-8 კლასის მოსწავლეებს მცენარეების მოვლა, გამრავლება და სასათბურე პირობებში გაზრდა ასწავლონ
Starring Georgia-ს პროექტ „ჰეკატეს ბაღის“ ფარგლებში მოსწავლეებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა, სადაც ბავშვები მცენარეების მოვლას, გამრავლებასა და სასათბურე მეურნეობას პრაქტიკულად ეცნობიან.
პატარა ფესვების მოვლის გზებს პატარა შეგირდები გამოცდილი მებაღეებისგან სწავლობენ. ისინი ახალი საპილოტე პროგრამის "ჰეკატეს ბაღის შეგირდის" მონაწილეები გახდნენ. იდეა მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია - ბავშვებმა სკოლაში, წიგნებიდან მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ გამოცდილებად აქციონ და მცენარეების მოვლა ისწავლონ.
მცენარის მოვლა, გადარგვა, დაკალმება, მიწასთან ხელით შეხება - "ჰეკატეს ბაღის" სათბურში ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მებაღეებთან ერთად ნამდვილ სამუშაო პროცესში ჩაერთნენ. მათ ყველა ის საქმიანობა შეისწავლეს, რაც სათბურის ცხოვრებას განსაზღვრავს. პროექტის მთავარი მიზანიც ესაა - ბავშვებს მცენარეთა სამყაროსთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა მისცეს. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა კი სრულიად უფასოა.
ჰეკატეს ბაღი" Starring Georgia-ს ახალი პროექტია, რომელმაც ფუნქციონირება წელს, ზაფხულიდან დაიწყო. დამფუძნებლების მთავარი სურვილი იყო, შეექმნათ სივრცე, რომელიც ჩვენს ფესვებთან დაგვაბრუნებდა და საქართველოს ისტორიასა და ბუნებაზე სრულიად განსხვავებული, თანამედროვე ენით მოგვიყვებოდა.
"ჰეკატეს ბაღის შეგირდის" ჩანაფიქრმა გაამართლა - თუ თავიდან ეგონათ, რომ პროექტით მხოლოდ გურიის რეგიონი დაინტერესდებოდა, აღმოჩნდა, რომ შეგირდობის მსურველები მთელს საქართველოში იყვნენ.
დღის ბოლოს კი, "ჰეკატეს ბაღის შეგირდის" სახელობით სიგელებთან ერთად, ბავშვებმა თან საკუთარი ხელით დარგული მცენარეებიც წაიღეს, რომელთა მოვლას და გაზრდასაც უკვე სკოლაში, კლასელებთან ერთად გააგრძელებენ. "ჰეკატეს ბაღი" კი ახალ შეგირდებს ელოდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…