სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმად, კომისიამ 162 საკითხი შეისწავლა და სახელდების შესახებ 74 განკარგულება მიიღო.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ლევან აბაშიძემ საზოგადოებას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
„ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ის არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი რგოლი, რომლის უპირველესი ვალდებულებაა ყოველდღიური და პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან, მათი მოსმენა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა. განსაკუთრებული პატივია იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ქალაქის, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და რომლის სამსახურშიც ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანები იდგნენ. მე 2021 წლიდან მაქვს პატივი თბილისის საკრებულოს წევრის რანგში ვემსახურო ჩვენს დედაქალაქს და მივიღო მონაწილეობა ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებსაც თბილისის საკრებულო იღებს“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
ლევან აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას მიმოიხილა როგორც თბილისის საკრებულოს, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობა.
„საანგარიშო წლის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს 18 სხდომა. საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 99 დადგენილება და 713 განკარგულება, აქედან 74 განკარგულება სახელდებასთან დაკავშირებით. ჩემ მიერ საკრებულოს სხდომებზე მხარდაჭერილია ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომლებიც წლის განმავლობაში დაინიცირდა და რომელთა განხორციელების პროცესი და პოზიტიური შედეგები ხელშესახებია დედაქალაქის თითოეული მცხოვრებლისთვის“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
ლევან აბაშიძემ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობის შესახებ. როგორც მან განაცხადა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის 13 სხდომა ჩატარდა. კომისიამ სულ 162 საკითხი შეისწავლა. 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე პერიოდში თბილისის საკრებულოს მიერ სახელდების თაობაზე, როგორც აღინიშნა, 74 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-განკარგულება იქნა გამოცემული, რაც საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებების დაახლოებით 9 პროცენტია და მცირედით ჩამორჩება გასული წლის საანგარიშო პერიოდის სტატისტიკას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ საქმისწარმოების პროცესი დაიწყო ოთხასამდე განცხადებაზე. დაინტერესებულ პირთა მომართვიანობა ძირითადად უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, ობიექტებისთვის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭებას შეეხებოდა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ იმუშავა თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის ისეთი ისტორიული ფიგურების, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების სახელების მინიჭებაზე, როგორებიც არიან: მეფე ერეკლე II, ნოე რამიშვილი, გურამ გაბესკირია, ვიქტორ სანეევი, სერგო კოტრიკაძე, რობერ შუმანი.
ლევან აბაშიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის სახელდებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის: თბილისის 49-ე საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა; განხორციელდა თბილისის ახალი ზოოლოგიური პარკის დამისამართება; დიდუბის რაიონში, დინამოს საწვრთნელ ბაზასთან, მდებარე სკვერს 13 მაისის სახელი მიენიჭა; თბილისში ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის, სახელობის სკვერი გაიხსნა.
როგორც ლევან აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირთან.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG) მსოფლიო კონგრესსა და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტში; ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წლიური მუშაობის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ ჭუჭულაშვილმა წარადგინა. მან სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიასა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში თავისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ნიკოლოზ ჭუჭულაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სახელების უკვდავყოფის საკითხები გამოყო.
2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…