ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კორეელმა ინვესტორმა K-Water-მა ნენსკრაჰესის განუხორციელებელ პროექტში ₾568 მლნ-ის ზარალი განიცადა

საქართველოს მთავრობა

ნენსკრაჰესის პროექტში კორეული K-Water-ის მიერ კონტროლირებადი „ნენსკრა ჰიდროს“ დაგროვილმა ზარალმა 568.1 მლნ ლარს მიაღწია. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, მშენებლობა წლებია ვერ იწყება, ტექნიკა გაყიდულია და პროექტის შესაძლო დასრულების ვადამ 2032 წლამდე გადაიწია.

კორეელმა ინვესტორმა K-Water-მა ნენსკრაჰესის განუხორციელებელ პროექტში ₾568 მლნ-ის ზარალი განიცადა
კორეელმა ინვესტორმა K-Water-მა ნენსკრაჰესის განუხორციელებელ პროექტში ₾568 მლნ-ის ზარალი განიცადაBM.GE

კორეული სახელმწიფო კომპანიის, K-water-ის მიერ კონტროლირებადმა „ნენსკრა ჰიდრომ“ 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის ჯამურმა დაგროვილმა ზარალმა 568.1 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო უშუალოდ გასულ წელს კომპანიამ 4.7 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. პროექტი ექსპლოატაციაში 6 წლის წინ უნდა შესულიყო და მისი სიმძლავრე 280 მეგავატი უნდა ყოფილიყო.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად 2015 წელს დაფუძნებული კომპანია უკვე წლებია მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს. 2025 წლის ანგარიშგების თანახმად, პროექტის შემდგომი განვითარება კვლავ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებების განახლებაზე, ახალი გენერალური კონტრაქტორის შერჩევასა და დაფინანსების დამტკიცებაზე, ამ ყველაფრის გარეშე კი K-Water-ი ნენსკრაჰესის პროექტს მხოლოდ ნომინალურად ფლობს.

აუდიტორული დასკვნაც კომპანიის საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებულ არსებით განუსაზღვრელობაზე მიუთითებს. აუდიტორის შეფასებით, „ნენსკრა ჰიდრომ“ ვერ შეძლო იმპლემენტაციის ხელშეკრულებისა და საინჟინრო მომსახურების, შესყიდვისა და მშენებლობის (EPC) ხელშეკრულების განახლება, ასევე ჰესის მშენებლობისთვის აუცილებელი დაფინანსების მოპოვება. კომპანიის სამომავლო საქმიანობა, აუდიტის მიხედვით, მთლიანად მის უმსხვილეს აქციონერზე, K-water-ზეა დამოკიდებული.

„ნენსკრა ჰიდროს“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს კომპანიის ზარალი წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. თუმცა, ეს პროექტის ამოქმედებას არ უკავშირდება. შედეგზე გავლენა იქონია საოპერაციო ხარჯების შემცირებამ და აქტივების, მათ შორის მძიმე ტექნიკის რეალიზაციამ.

2025 წელს კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა ზარალმა 4.5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა ზარალი კი 4.708 მილიონი ლარი იყო. 2024 წელს შესაბამისი მაჩვენებლები 49.3 მილიონი და 48.97 მილიონი ლარი იყო.

საოპერაციო ხარჯები შემცირდა 10.46 მილიონი ლარიდან 4.66 მილიონ ლარამდე. კერძოდ, პერსონალის ხარჯები 2.82 მილიონიდან 1.09 მილიონ ლარამდე შემცირდა, სხვა საოპერაციო ხარჯები კი 7.64 მილიონიდან 3.57 მილიონ ლარამდე. კომპანიას 2025 წელს მხოლოდ შვიდი თანამშრომელი ჰყავდა, 2024 წელს კი 16.

ხარჯების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სამშენებლო ტექნიკისა და ბანაკის ინფრასტრუქტურის რეალიზაცია იყო. ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში თითქმის ყველა ასეთი აქტივი გაიყიდა. გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან კომპანიამ 3.1 მილიონი ლარის ფულადი სახსრები მიიღო, ხოლო ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან აღრიცხული მოგება 449 ათასი ლარი იყო.

მიუხედავად ზარალის შემცირებისა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კვლავ რთულია. 2025 წლის ბოლოს საკუთარი კაპიტალი 10.9 მილიონ ლარს შეადგენდა, დაგროვილი ზარალი კი 568.1 მილიონ ლარს აღწევდა. აქტივების ძირითადი ნაწილი უკვე აღარ არის სამშენებლო ტექნიკა ან სხვა მატერიალური ქონება: ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულება მხოლოდ 12 ათასი ლარია.

რატომ ვერ იწყება ნენსკრაჰესის მშენებლობა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში უნდა განხორციელდეს. პროექტის დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ-ია, ხოლო დაგეგმილი წლიური გამომუშავება დაახლოებით 1.219 მილიარდი კვტ.სთ უნდა იყოს. თავდაპირველად პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებად 1.031 მილიარდი აშშ დოლარი სახელდებოდა.

ჰესის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო დაგეგმვისა და განვითარების ეტაპით, თუმცა პროექტი დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა. თავდაპირველი საინჟინრო და სამშენებლო კონტრაქტორის, იტალიური Salini Impregilo-ს, ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, პროექტის დასრულება თავდაპირველად 2020 წლისთვის იგეგმებოდა, შემდეგ ვადა 2025 წლამდე, მოგვიანებით კი 2029 წლამდე გადაიწია. ახლა კომპანიის შეფასებით, პროექტის დასრულების ვადა შესაძლოა 2032 წლამდე გადაიდოს, თუმცა აუდიტორის შეფასებით ესეც შეიძლება სათუო იყოს, თუკი არ მოხდა სახელმწიფოსთან ხელშეკრულების განახლება და შესაბამისი სამშენებლო გენერალური კონტრაქტორის წარმატებით შერჩევა.

2023 წელს ახალი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდა. კომპანიამ შერჩეულ პრეტენდენტთან მოლაპარაკებები ვერ დაასრულა და ტენდერი 2023 წლის 10 ნოემბერს გააუქმა.

მთავრობასთან შეთანხმება და დაფინანსების საკითხი

პროექტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული იმპლემენტაციის ხელშეკრულებაა. 2023 წლის 15 მაისს მხარეებმა დამატებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც განახლებულ ტარიფზე შეთანხმდნენ და ხელშეკრულების სხვა პირობების გადასინჯვის პროცესის დაწყება გადაწყვიტეს.

თუმცა, 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების გამოშვების მომენტისთვის იმპლემენტაციის ხელშეკრულება განახლებული არ იყო. კომპანია მთავრობასთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა, მათ შორის პროექტის რისკების განაწილების საკითხზე.

ამასთან, მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ახალი EPC ხელშეკრულებისა და იმპლემენტაციის შეთანხმების განახლებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღი მხოლოდ კონტრაქტორის მოძიებით არ განისაზღვრება.

კომპანიის უმსხვილესმა აქციონერმა, K-water-მა, ფინანსურ ანგარიშგებაში დაადასტურა განზრახვა, საჭიროების შემთხვევაში, „ნენსკრა ჰიდროს“ ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა გაუწიოს, რათა კომპანიამ პროექტის განხორციელება შეძლოს და ვალდებულებები შეასრულოს.

სამართლებრივი დავები ყოფილ გენერალურ კონტრაქტორებთან

პროექტის შეფერხებას თან ახლავს სამართლებრივი დავებიც. Salini Impregilo-სთან ხელშეკრულების შეწყვეტისას კომპანიამ 27.488 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეწყვეტის ხარჯების გადახდა იკისრა. თანხის ნაწილი ფულადი სახსრებით გადაიხადა, ნაწილი კი მანამდე გაცემული ავანსით დაიფარა.

2024 წლის ნოემბერში Salini Impregilo-სა და „ნენსკრა ჰიდროს“ შორის დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც იტალიურმა კომპანიამ ნენსკრა ჰიდროსთვის 800 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა გვირაბის საბურღი მანქანების შეძენასთან დაკავშირებული სადავო თანხის საკომპენსაციოდ. 2025 წლის ანგარიშგების თანახმად, ეს თანხა კომპანიამ 2025 წლის იანვარში სრულად მიიღო.

Salini Impregilo-ს შემდეგ პროექტის გენერალური კონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ გახდა. მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ „ნენსკრა ჰიდრომ“ 2022 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟს მიმართა. 2023 წლის 8 სექტემბერს არბიტრაჟმა კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო და დაადასტურა, რომ კონტრაქტორთან ხელშეკრულებები კანონიერად შეწყდა.

რა პერსპექტივა აქვს პროექტს

2025 წლის ანგარიშგება აჩვენებს, რომ ნენსკრაჰესის პროექტი კვლავ წინა სამშენებლო ეტაპზეა და კომპანია აქტივების რეალიზაციით, შემცირებული საოპერაციო ხარჯებითა და აქციონერის მხარდაჭერის მოლოდინით აგრძელებს საქმიანობას. პროექტის მომავალი, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა კომპანია საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებების განახლებას, ახალი სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევასა და საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვას. აუდიტორის გაფრთხილება კი მიუთითებს, რომ ამ პირობების შესრულების გარეშე კომპანიის საქმიანობის გაგრძელება არსებითი გაურკვევლობის წინაშე რჩება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები