მთავრობამ 242 პიკაპის შესაძენად ₾21.8-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
12 სახელმწიფო უწყებისთვის 242 ახალი პიკაპის შესაძენად 21.8 მილიონი ლარის კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა. ავტომობილების უმეტესობას თავდაცვის (113) და შინაგან საქმეთა (100) სამინისტროები მიიღებენ.

სახელმწიფო უწყებები 242 ახალი პიკაპის შესყიდვას გეგმავენ, რომლის სავარაუდო ღირებულება 21.8 მლნ ლარია. ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც 12 სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციისთვის განკუთვნილი ავტომობილების მიწოდებაა გათვალისწინებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მიხედვით, ერთი ავტომობილის საშუალო ფასი დაახლოებით 90,031 ლარია.
შესყიდვის ფარგლებში ყველაზე მეტი ავტომობილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის არის გათვალისწინებული. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 113 პიკაპს მიიღებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 100-ს. დარჩენილი 29 ავტომობილი შემდეგ ორგანიზაციებზე ნაწილდება: აჭარის სატყეო სააგენტო - 8, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია - 7, შპს „ემ თი ეი“ - 3, ხოლო თეთრიწყაროს, ასპინძის, ონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის თითოეულზე 2 ავტომობილია გათვალისწინებული. თითო პიკაპი ასევე გათვალისწინებულია მესტიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისთვის, ანასეულის დიაგნოსტიკური ცენტრისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.
სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი და მარცხენასაჭიანი. მათი ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გარდა შავისა. ტექნიკური მოთხოვნები ითვალისწინებს მინიმუმ 102 ცხენის ძალას, არანაკლებ ხუთსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს და ოთხივე წამყვანი თვლის ჩართვა-გამორთვის მექანიკურ ფუნქციას.
ავტომობილებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი უსაფრთხოების ბალიში, ABS სისტემა, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, საჭის გამაძლიერებელი და სათადარიგო საბურავი. ავტომობილის სიგრძე მინიმუმ 5 მეტრი, სიგანე 1.755 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1.76 მეტრი უნდა იყოს.
საგარანტიო პირობების მიხედვით, ძირითად აგრეგატებზე, მათ შორის ძრავაზე, ხიდსა და გადაცემათა კოლოფზე, გარანტია ხუთი წლით უნდა ვრცელდებოდეს. მთლიან ავტომობილზე გარანტიის ვადა კი სამი წელი ან 150,000 კილომეტრია, იმის მიხედვით, თუ რომელი პირობა შესრულდება უფრო ადრე. გარანტია არ მოიცავს სწრაფცვეთად ნაწილებსა და მასალებს.
დოკუმენტაცია მიმწოდებლებს ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც აძლევს. მაგალითად, შესაძლებელია უფრო მაღალი სიმძლავრის ძრავის, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ან ჰიბრიდული მოდელის შეთავაზება. თუმცა, ასეთი გაუმჯობესებები მონაწილეს დამატებით უპირატესობას არ ანიჭებს და გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის მქონე, სატენდერო მო
სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს, 12:30 საათზე დასრულდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…