ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სამომავლოდ, უნდა ისწავლოს ჭკუა ეროვნულმა ბანკმა” – რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ჭკუა უნდა ისწავლოს და ხალხს დროულად აუხსნას, რა ციფრულ ფულზე მუშაობს, რათა შეთქმულების თეორიებს საფუძველი გამოეცალოს. სებ-ის განმარტებით კი, ციფრული ლარი საპილოტე ხასიათისაა და მისი სრულმასშტაბიანი გამოშვება უახლოეს წლებში არ იგეგმება.

“სამომავლოდ, უნდა ისწავლოს ჭკუა ეროვნულმა ბანკმა” – რომან გოცირიძე
“სამომავლოდ, უნდა ისწავლოს ჭკუა ეროვნულმა ბანკმა” – რომან გოცირიძეალია

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ეროვნულმა ბანკმა როგორც იქნა გაავრცელა განცხადება, რომ უახლოეს წლებში სახელმწიფო(ცენტრალიზებული) ციფრული ლარის შემოღება არ იგეგმება და რომც შემოიღონ, ეს არ ნიშნავს ჩვეულებრივი ფულის( ნაღდი თუ უნაღდო) გამოყენების აკრძალვას.

სამომავლოდ, უნდა ისწავლოს ჭკუა ეროვნულმა ბანკმა და დროულად და გასაგებად აუხსნას ხალხს, თუ რა სახის ციფრულ ფულზე მუშაობენ, რათა გამოჩნდეს, აქვს თუ არა საფუძველი იმ შიშებს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა.

ციფრული ფული უკვე გახდა ახალი შეთქმულების თეორიების საფუძველი. ამის მიზეზი “ოცნების” ხელისუფლებისადმი უნდობლობაცაა. ამ შიშებს კიდევ უფრო აღვივების “ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებული ბრიყვული განცხადებებიც, რომ თურმე ასეთი სახის ფული საჭიროა სანქციების დაწესებისა და “სვიფტიდან” გათიშვის შემთხვევაში ალტერნატიული ანგარიშსწორების დასანერგად.

საქართველოში შეთქმულების თეორიებს მრავალფეროვანი თემატიკა აქვს და ციფრული ლარიც ნოყიერ ნიადაგს ქმნის კიდევ ერთი კონსპირაციის აღმოსაცენებლად.

წლების განმავლობაში საზოგადოებაში ფეხს იკიდებდა სხვადასხვა სახის შიში და ეჭვი, რომელთა ნაწილი რელიგიურ რწმენას, ნაწილი კი პოლიტიკურ მოვლენებს, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ჯანმრთელობას უკავშირდებოდა.

-ანტივაქსერული შეხედულებები-აცრები უშვილობას იწვევს, იმუნიტეტს აზიანებს ან ორგანიზმში ჩიპების შესაყვანად გამოიყენება.

-666 და ანტიქრისტე-ბიომეტრიული პირადობის მოწმობები, ახალი ტექნოლოგიები და იდენტიფიკაციის სისტემები მხეცის ნიშანსა და აპოკალიფსს უკავშირდება.

-ჩიპები და ადამიანების კონტროლი -თითქოს ადამიანებს სხეულში ჩიპებს ჩაუდგამენ, რათა მათი გადაადგილება, ქცევა და აზრებიც კი აკონტროლონ.

-მასონები და საიდუმლო მმართველები-რწმენა, რომ მსოფლიო მოვლენების უკან ერთი ფარული ორგანიზაცია დგას და მნიშვნელოვანი პროცესები კულისებიდან იმართება.

– „დიპ სტეიტი“, “ქართული ოცნების” საყვარელი მონაჩმახი- წარმოდგენა უხილავ ძალაზე, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ეკონომიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ფარულად მართავს.

-5G-მტკიცებები, თითქოს მობილური კავშირის ტექნოლოგიებით ადამიანებზე ზემოქმედებენ.

– მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ჩვილი ბავშვებისგან იღებენ ნივთიერებას, რომელსაც ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყენებენ ( გავიხსენოთ ორი ოდიოზური პირის, რობერტ სტურუასა და ე.წ. უცნობის ბჟუტური ამ საკითხზე).

ამ განსხვავებულ თეორიებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: რთული მოვლენები აიხსნება ფარული ძალის არსებობით, ხოლო დაუდასტურებელი ეჭვი ხშირად უტყუარ ფაქტად წარმოჩნდება.

ციფრული ფული გახდება შეთქმულების თეორიების შემდეგი დიდი თემა.

ფული განსაკუთრებული რამაა. მასთან პრაქტიკულად ყველა ადამიანს ყოველდღიური შეხება აქვს. ის უკავშირდება პირად ინტერესებს, საკუთრებას, ფინანსურ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობის განცდას. სწორედ ამიტომ, ფულთან დაკავშირებული შიში და უნდობლობა შესაძლოა გაცილებით სწრაფად გავრცელდეს და საზოგადოების უფრო ფართო ჯგუფები მოიცვას, ვიდრე აქამდე არსებულმა შეთქმულების თეორიებმა ცალ-ცალკე.

თუ ანტივაქსერული შეხედულებები ადამიანების ჯანმრთელობის შიშებს ეყრდნობა, ხოლო 666-ისა და ჩიპების შესახებ რწმენები — რელიგიურ განცდებსა და პირადი კონტროლის შიშს, ციფრული ფულის შესახებ შეთქმულების თეორიები უშუალოდ შეიძლება შეეხოს ადამიანების ყოველდღიურ ფინანსურ ინტერესებს. სწორედ ეს ქმნის მათი ფართომასშტაბიანი გავრცელების განსაკუთრებულ პოტენციალს.

ეს არ ნიშნავს, რომ ციფრული ფული თავისთავად უსაფრთხოა და მასთან დაკავშირებული ყველა კრიტიკული კითხვა უსაფუძვლოა. პირიქით, ტექნოლოგიური ცვლილებები მოითხოვს კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების, მოქალაქეთა უფლებებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკების სათანადო შეფასებას.

ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ციფრულ განათლებას, ფინანსურ ცნობიერებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. საზოგადოებას უნდა შეეძლოს ერთმანეთისგან განასხვავოს რეალური რისკი, ტექნოლოგიური შესაძლებლობა, დასაბუთებული კრიტიკა და შეთქმულების თეორია.

ინფორმაციის ნაკლებობა და ხელისუფლებისადმი დაბალი ნდობა ქმნის ნიადაგს, რომელზეც დაუდასტურებელი მოსაზრებები სწრაფად ვრცელდება. შედეგად, შეიძლება მივიღოთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეებისადმი უნდობლობა, არამედ გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანების ფინანსურ ქცევასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რეალურ გავლენას მოახდენს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს. მათ არ უნდა გამოიყენონ მოქალაქეთა ირაციონალური შიშები პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელი არ უნდა შეუწყონ მითებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას. პოლიტიკური კონკურენცია ვერ გაამართლებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, შიშებით მანიპულირებასა და იმ უნდობლობის გაღრმავებას, რომელმაც საბოლოოდ თავად მოქალაქეების ინტერესებს შეიძლება მიაყენოს ზიანი.

ციფრული მომავლისთვის მზადება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ ნიშნავს-ის საზოგადოების ინფორმირებას და ციფრულ განათლებასაც მოითხოვს.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა დღეს განაცხადა:

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარის პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ საპილოტე ხასიათისაა და მისი სრულმასშტაბიანი გამოშვება უახლოეს წლებში არ იგეგმება. ამასთან, კანონმდებლობით შენარჩუნებულია ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.

ეროვნული ბანკის განმარტებით, პარლამენტის მიერ გასულ კვირას დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ფორმის ფულის საყოველთაო გამოყენება დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები