ალბერტას პროვინცია კანადის შემადგენლობაში უნდა დარჩეს - რეფერენდუმის წინასწარი შედეგები
ალბერტაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მონაწილეთა დაახლოებით 76%-მა კანადის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ პროვინციის მოსახლეობამ მკაფიო არჩევანი გააკეთა.

ალბერტაში 19 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მონაწილეთა დაახლოებით 76% მიემხრო კანადის პროვინციად დარჩენას.
ნავთობითა და გაზით მდიდარი ალბერტა, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კანადის დასავლეთში მდებარეობს, ქვეყნის დედაქალაქ ოტავიდან დაახლოებით 2,9 კილომეტრში. ალბერტა კანადის მთავარი ეკონომიკური დონორია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, რომელიც ალბერტაში გაიზარდა, რეფერენდუმის შედეგს უწოდა პროვინციის მცხოვრებთა მკაფიო არჩევანი და განაცხადა, რომ მათ უპირველეს ყოვლისა, კანადა აირჩიეს.
რეფერენდუმის საბოლოო ოფიციალური შედეგები 29 ოქტომბერს გამოცხადდება. კანადის შემადგენლობაში დარჩენის გარდა, სარეფერენდუმო შეკითხვები ეხებოდა სხვა საკითხებსაც, მათ შორის მიგრაციაზე კონტროლის გაძლიერებას და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს.
ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა კანადის შემადგენლობაში პროვინციის დარჩენა-გასვლის საკითხი რეფერენდუმის შეკითხვებს შორის შეიტანა 2026 წლის მაისში, რასაც წინ უძღოდა ალბერტას დამოუკიდებლობის მომხრეთა პეტიცია. მას ხელი 300 ათასამდე ადამიანმა მოაწერა. თავად სმიტი მოწინააღმდეგეთა შორისაა.
ალბერტას დამოუკიდებლობის მომხრეები აცხადებენ, რომ პროვინცია საკმაოდ დიდ ფულს აძლევს კანადის ცენტრალურ მთავრობას და სანაცვლოდ ბევრს არაფერს იღებს.
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ალბერტას მცხოვრებთ მოუწოდებდა, უარი ეთქვათ კანადისგან გამოყოფის მხარდაჭერაზე და აცხადებდა, რომ მზად არის საკონსტიტციო ცვლილებებისთვის, რათა პროვინციას მეტი უფლებამოსილება მისცენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…