ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი წესი შეცვალეს – რა შეიცვალა საპენსიო შენატანების სისტემაში
საპენსიო შენატანების შეუსრულებლობაზე დამსაქმებლებისთვის 42.9 მლნ ლარის ჯარიმების დაკისრების შემდეგ პარლამენტმა წესები შეარბილა და სანქციების ამნისტია გამოაცხადა, თუმცა პირებს, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, თანხა აღარ დაუბრუნდებათ.

ავტორი: მანუჩარ ცეცხლაძე, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების კლინიკა
_____________________
2025 წლის 1 მაისიდან მოქმედი წესის საფუძველზე, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ათასობით დამსაქმებელს ჯარიმა და საურავი დაეკისრა.
ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ეს სანქციები დამსაქმებლებისთვის ფინანსურ ტვირთად იქცა, მაშინ როდესაც დაგროვებითი საპენსიო სქემა, პენსიის სოციალური დანიშნულებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დეკლარირებული მიზნის შესაბამისად, სქემის მონაწილეთათვის ფინანსურად უზრუნველყოფილი და ღირსეული სიბერის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული.
მოქმედი მოწესრიგების არსებით ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეფასდეს საპენსიო ფონდის დამოკიდებულება დამსაქმებლების მიმართ. სანქციების მაღალ და განმეორებით ხასიათთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა ის მინიმალური გარანტიები, რომლებსაც საპენსიო ფონდი დამსაქმებელს სთავაზობდა, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების დროულად გაცნობისა და დაცვის საშუალებათა რეალური გამოყენების კუთხით.
როგორ მუშაობდა სისტემა
2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო შენატანების განხორციელების მექანიზმი გამკაცრდა და დარღვევის გამოვლენა საშემოსავლო დეკლარაციის შევსებას დაუკავშირდა.
შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემებს შორის მონაცემთა ავტომატური მიმოცვლის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ავტომატურად იდენტიფიცირდებოდა, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნიდა. შესაბამისად, ავტომატური დაგენერირებით, ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე ხდებოდა ჯარიმების დაკისრებაც.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლის მიხედვით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა პირველად იწვევდა 500-ლარიან, განმეორებით კი 1 000-ლარიან ჯარიმას.
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის №03 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა განმეორებით სამართალდარღვევად ჩაითვლებოდა თუ ასეთი შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არ იყო გასული 12 თვე.
შესაბამისად, საპენსიო ფონდს ამ ვადის განმავლობაში ყოველთვიურად შეეძლო დამსაქმებლის განმეორებით დაჯარიმება. თუ დამსაქმებელი ფორმალურად „გაცნობილია“ პირველი სანქციის აქტს, თუმცა რეალურად არ ფლობს ინფორმაციას მის შესახებ, მას არ აქვს საკუთარი ქცევის შეცვლისა და შემდგომი დარღვევის თავიდან აცილების რეალური შესაძლებლობა. შედეგად, განმეორებითი პასუხისმგებლობა შეიძლებოდა წარმოშობილიყო ისე, რომ პირველ სანქციას თავისი პრევენციული ფუნქცია საერთოდ ვერ შეესრულებინა.
სწორედ ასეთი იყო გადაწყვეტილების გაცნობის წესი. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებელს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინებოდა, ხოლო ამავე წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა, რომ გადაწყვეტილება დამსაქმებლისთვის გაცნობილად ითვლებოდა მის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე.
გადაწყვეტილების „გაცნობა“ არ არის მხოლოდ ფორმალური საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ის „ადმინისტრაციული წარმოების ფინალი“ და „წარმოების დამაგვირგვინებელი სტადიაა“.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა ჩვეულებრივ საინფორმაციო შეტყობინებას, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, შესაძლო იძულებით აღსრულებასა და გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადას.
ძველი წესით, გადაწყვეტილების/საჯარიმო ქვითრის ელექტრონულ სისტემაში განთავსების/გაცნობის დღიდან იწყებოდა როგორც ნებაყოფლობით გადახდისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი, ისე სასამართლოში გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი შესაძლებელი ხდებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა და საქმის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემა.
თავისთავად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების კონტროლი და ელექტრონული ადმინისტრირება პრობლემას არ წარმოადგენს.
საპენსიო ფონდს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოს, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის სასარგებლოდ კანონით დადგენილი შენატანი დროულად განახორციელოს.
პრობლემა იქ ჩნდებოდა, სადაც ავტომატიზებული სისტემა არა მხოლოდ ავლენდა დარღვევას და ადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სახდელის დაკისრებას უკავშირებდა ისეთ ტექნიკურ მოქმედებას, რომელიც ჯერ კიდევ არ ადასტურებდა, რომ ადრესატი გადაწყვეტილებას რეალურად გაეცნო.
სამართლებრივი რეგულირება ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ იდენტიფიცირებას, სახდელის ავტომატურ გენერირებას, მის ელექტრონულ სისტემაში ასახვას და ამ ასახვისთვის პირის მიერ გაცნობის სამართლებრივი შედეგის ავტომატურ მინიჭებას.
მანუჩარ ცეცხლაძე
ავტომატიზაცია თავისთავად სამართლებრივ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა იგი არ უნდა იწვევდეს ადმინისტრაციული წარმოების სამართლიანობისა და გონივრულობის გარანტიების შემცირებას. პირიქით, რაც უფრო ნაკლებია ინდივიდუალური ადამიანური კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ადრესატს შორის, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავტომატიზებულ სისტემას გააჩნდეს ადრესატის ეფექტიანი გაცნობის/ინფორმირების შესაბამისი გარანტიები.
პრაქტიკაში ავტომატური გენერირების შედეგად სანქცია მეწარმეებს ხშირად ტექნიკური შეუსაბამობის გამო ეკისრებოდათ, მაგალითად, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციებს შორის ერთი ან ორი თეთრის სხვაობის გამოც. ამასთან, დაკისრებული ჯარიმა თავად ძირითად ვალდებულებაზე, საპენსიო შენატანზე გაცილებით და არაპროპორციულად მძიმე იყო.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იყო მცირე მეწარმეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი, რესურსების შეზღუდულობის გამო, ბუღალტრის მომსახურებას არ/ვერ იყენებს და ვერ ახერხებს ტექნიკური ხარვეზის დროულად გამოვლენას.
შედეგად, ისინი სანქციის შესახებ ინფორმაციას ხშირად მხოლოდ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ იგებდნენ, როდესაც საპენსიო ფონდს უკვე შედგენილი ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნულ ბიუროს კი – იძულებითი აღსრულება დაწყებული.
ამ პირობებში დამსაქმებელი სანქციას იხდიდა არა გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების საფუძველზე, არამედ საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე, რომ უკვე წართმეული ჰქონდა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, პრაქტიკაში პენსიის უფლების სოციალური დანიშნულება იძულებითი აღსრულების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ინსტრუმენტად გარდაიქმნა.
რა აჩვენა პრაქტიკამ
ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, ისევე, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში, არ აღნიშნულა, რომ მანამდე მოქმედი წესი უკანონო ან არაკონსტიტუციური იყო. მიუხედავად ამისა, თავად განმარტებით ბარათში აღწერილი პრობლემები მიუთითებს, რომ არსებული მოდელი პრაქტიკაში მნიშვნელოვან ხარვეზებს წარმოშობდა და მისი შეცვლის საჭიროება სწორედ ამ ათასობით „დაზარალებულის“ გამოვლენის შემდეგ დადგა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული დამსაქმებლები ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ. უფრო მეტიც, არსებული მონაცემებით,
„უმეტეს შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმათა მოცულობა აღემატება, ამ დამსაქმებელთა მიერ განსახორციელებელი საპენსიო შენატანების მოცულობას“.
დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების პროცესის კომპლექსურობის გამო დამსაქმებლებისთვის რთული აღმოჩნდა გადასახდელი შენატანისა და საურავის ზუსტი ოდენობის განსაზღვრაც.
შედეგად, მცირე შეუსაბამობაც კი შეიძლებოდა ვალდებულების შეუსრულებლობად ჩათვლილიყო და ჯარიმის დაკისრება გამოეწვია.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა დამსაქმებლებსა და საპენსიო ფონდს შორის სასამართლო დავების რაოდენობა. ამ დავების აბსოლუტური უმრავლესობა კი ჯარიმების გაუქმებას შეეხებოდა.
ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებდა როგორც პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, საზოგადოების მხრიდან ხშირად გაჟღერებული კრიტიკა მოდელის არაეფექტიანობის, უსამართლობისა და მის მიმართ არსებული უკმაყოფილების შესახებ, ასევე ცვლილებებისკენ მიმართული მოწოდებები.
შედეგად, 2026 წლის 9 სექტემბერს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის მარეგულირებელ წესებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს წარედგინა, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული და 16 სექტემბერს მესამე მოსმენით მიღებული.
ცვლილებებს თან ახლდა სპეციალური კანონი, რომლის საფუძველზეც კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისას დამსაქმებლები უკვე დაკისრებული, თუმცა აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდებიან.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელსა და შესაბამისად, ჯამში 42 903 000 ლარის მოცულობის ჯარიმას ეხება.
რა შეიცვალა, მოკლედ – მილიონობით ლარის ჯარიმა და პირობითი „ამნისტია“
2026 წლის 16 სექტემბერს პარლამენტმა საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო.
ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
პირობითი „ამნისტია“: დამსაქმებლები ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან, თუ საპენსიო შენატანსა და დარიცხულ საურავს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავენ.
მცირდება ჯარიმის ოდენობა: 500 ლარისა და 1 000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი იქნება. ვალდებულების ათ (10) სამუშაო დღეში შესრულების შემთხვევაში ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
იცვლება გადაწყვეტილების გაცნობის წესი: დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ავტომატურად აღარ ნიშნავს მის ჩაბარებას. დამატებით გამოიყენება შეტყობინების სხვა მექანიზმებიც.
იქმნება დავების განხილვის სამსახური: საჩივრის წარდგენა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას შეაჩერებს.
შემოდის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობა: შესაბამისი მექანიზმის ამოქმედება 2027 წლის 1 ივნისიდან არის გათვალისწინებული.
ამ შედეგების ფონზე, მიღებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 2026 წლის 16 სექტემბერს მიიღო და 17 სექტემბერს, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
კანონი ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ შესაბამის ადმინისტრაციულ დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების აღუსრულებელი ნაწილის გადახდისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულება უკვე სრულად შეასრულა ან მას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა შეასრულებს.
ამასთან, კანონი მკაფიო განსხვავებას ადგენს იმ პირებს შორის, ვისაც ჯარიმა უკვე გადახდილი ჰქონდა, და მათ შორის, ვისაც არ ჰქონდა.
კანონის ამოქმედების მომენტისთვის უკვე გადახდილი ჯარიმები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ეს დამატებით უსამართლობას წარმოქმნის თანაბარი მოპყრობისა და საკანონმდებლო პოლიტიკის თვალსაზრისით, ამასთან აზიანებს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მიერ წესებისა და რეგულაციებისადმი პატივისცემას.
ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იმავე სისტემის საფუძველზე დაჯარიმებული პირებიდან ნაწილი ფინანსურ ტვირთს საბოლოოდ ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარიმა დროულად გადაიხადა, ხოლო ჯარიმების აღუსრულებელი ნაწილის მქონე პირი, შესაბამისი პირობების შესრულებისას, მისგან თავისუფლდება.
ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი განსხვავება სამართლებრივად დაუშვებელია, რადგანაც ჯარიმის გადამხდელმა საკუთარი ვალდებულება აღასრულა, თუმცა მდგომარეობა განსხვავებულია მაშინ, როდესაც თავად კანონმდებელი ცვლილების საჭიროებას წინა მოდელის პრაქტიკაში გამოვლენილ და მის მიერვე აღიარებულ პრობლემებს უკავშირებს.
ახალი წესი: ელექტრონულ სისტემაში განთავსება აღარ უდრის გაცნობას
განსაკუთრებით საყურადღებოა ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობის მექანიზმის ცვლილება. პრაქტიკაში სწორედ საჯარიმო ქვითრის შესახებ სათანადო შეტყობინების არარსებობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ დამსაქმებლები ჯარიმას დროულად ვერ იხდიდნენ, რასაც უმეტეს შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმების დაკისრებაც მოჰყვებოდა.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2026 წლის 16 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა, ადგენს, რომ საპენსიო ფონდის მიერ მიღებული/გამოცემული ნებისმიერი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს უნდა გაეგზავნოს როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
გარდა ამისა, გადაწყვეტილების შესახებ დამსაქმებელს დამატებით უნდა ეცნობოს მოკლე ტექსტური ან/და სხვა ელექტრონული შეტყობინებით, თუ შესაბამის სისტემებში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არსებობს. თუ საპენსიო ფონდს ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია, კანონი მას საკონტაქტო მონაცემების სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას ავალდებულებს.
არსებითი ცვლილება დოკუმენტის გაცნობად მიჩნევის მომენტს უკავშირდება.
ახალი წესის მიხედვით, ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც ადრესატი მას რეალურად გაეცნობა, ანუ ელექტრონულ სისტემაში გახსნის და ნახავს.
თუ დამსაქმებელი დოკუმენტს 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, საპენსიო ფონდი მას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნებს. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად მხოლოდ გამოქვეყნებიდან მე-10 კალენდარულ დღეს ჩაითვლება.
ცვლილებებით ასევე შეიქმნა საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური. შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი 30-დღიანი ვადა მისი ჩაბარებიდან აითვლება, ამ სამსახურში საჩივრის წარდგენა კი სადავო აქტის აღსრულებას აჩერებს.
ამასთან, ძველი 500-ლარიანი და 1 000-ლარიანი სანქციების ნაცვლად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება. თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან ათ (10) სამუშაო დღეში სრულად გადაიხდის განუხორციელებელ საპენსიო შენატანსა და კანონით გათვალისწინებულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
ეს ცვლილებებიც 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
განხორციელებული ცვლილებები, როგორც სისტემური ხარვეზის მაჩვენებელი
არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ სისტემური ხარვეზების უგულებელყოფა განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება ავტომატიზებულია და მისი შედეგი დამსაქმებლისთვის ფინანსურ პასუხისმგებლობას წარმოშობს.
ეს ცვლილებები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს თუ რამდენად მანკიერი იყო მანამდე მოქმედი სისტემა. ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობა და სამართლიანობა არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ დარღვევისა და ჯარიმის სწრაფი გენერირებით. როდესაც გადაწყვეტილება ფინანსურ პასუხისმგებლობას წარმოშობს, ხოლო მისი ჩაბარება გასაჩივრებისა და აღსრულების ვადებს უკავშირდება, სახელმწიფოს ვალდებულება არ უნდა ამოიწურებოდეს დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში განთავსებით. აუცილებელია რეალური და გონივრული გარანტიები იმისა, რომ ადრესატს ჰქონდეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად შეტყობისა და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა.
გამოვლენილი ხარვეზების დროულად და საფუძველშივე აღმოსაფხვრელად სათანადო ნაბიჯების გადაუდგმელობამ, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ფორმალურმა მიდგომამ, განაპირობა ის, რომ სისტემის დანერგვიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ სახელმწიფო იძულებული გახდა, მოქმედი წესები შეეცვალა.
მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც პირი, რომელიც მოქმედ წესს კეთილსინდისიერად დაემორჩილა და დაკისრებული ჯარიმა დროულად გადაიხადა, უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ის პირი, რომელმაც ჯარიმა არ გადაიხადა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.