ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა სასამართლოში – რა დაადგინა ექსპერტიზამ

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტროშინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული სამი ყოფილი პოლიციელის საქმეზე ექსპერტიზამ ვიდეოკადრების ნამდვილობა დაადასტურა, პროკურორ აკაკი მოქერიას განცხადებით კი ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამორიცხულია.

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა სასამართლოში – რა დაადგინა ექსპერტიზამ
ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა სასამართლოში – რა დაადგინა ექსპერტიზამბათუმელები

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების: მიხეილ ჯინჭარაძის, ირაკლი კაციტაძის და ბექა კუხალაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამ საქმეზე ექსპერტიზამ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობაზე დასკვნა მოამზადა.

საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“, – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.

32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ყოფილი პოლიციელები წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა სამიდან ერთ-ერთს, მიხეილ ჯინჭარაძეს ადვოკატი არ ჰყავს. მას ადვოკატი ირაკლი ფაღავა იცავდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ამ ბრალდებულს სასამართლო სხდომის გადადება რამდენიმე დღის წინ წერილობით მოუთხოვია, თუმცა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჯინჭარაძემ თქვა, რომ მას ადვოკატი არ სჭირდება, თვითონ დაიცავს საკუთარ თავს.

„ეს გარემოება არ იყო ცნობილი,“ – მოსამართლემ პროკურორს გადახედა, რომელმაც დღევანდელ პროცესზე მოწმეები სწორედ იმიტომ არ წარმოადგინა, რომ იგი გადაიდებოდა.

„შემდეგ პროცესზე წარმოვადგენთ მოწმეებს,“ – თქვა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

დღევანდელ პროცესზე განიხილეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი. პროკურორის თქმით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, ადვოკატ დავით ბრეგაძის მტკიცებით კი, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„ვეთანხმებით“ – ერთხმად მხოლოდ ეს თქვეს ბრალდებულებმა.

ამ საქმეში მტკიცებულებების დიდი ნაწილი დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მტკიცებულებებს სასამართლო სხდომაზე აღარ გამოიკვლევენ. პროცესზე დაიკითხება 3 ექსპერტი, რომლებსაც დასკვნა უკვე მოუმზადებიათ, ასევე შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ კონფიდენტმა მიაწოდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

რა დაადგინა ექსპერტიზამ? – პროცესის შემდეგ პროკურორმა აკაკი მოქერიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა კადრების ნამდვილობა, რომ კადრებში ის პირები ჩანან, რომლებსაც ბრალდებულების სტატუსი აქვთ.

„ჩვენ გვექნება კითხვები ექსპერტებთან, ასევე შსს-ს წარმომადგენელთან: რამდენად კანონიერად მოხდა ამ ჩანაწერების მოპოვება,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ბრეგაძემ.

ბრალდებულები ისევ დუმილის უფლებით სარგებლობენ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას – პროკურორმა ერთი სიტყვით გვიპასუხა შეკითხვაზე: „გამორიცხულია“.

პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.“

სამი პოლიციელიდან ორს პოლიცია გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია თავისივე სურვილით, ერთს კი – 2024 წელს.

____

ამ თემაზე:

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმე ბათუმის სასამართლოში – რეპორტაჟი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“
მაია მწარიაშვილი
„შემდეგ პროცესზე წარმოვადგენთ მოწმეებს,“
აკაკი მოქერია
„ჩვენ გვექნება კითხვები ექსპერტებთან, ასევე შსს-ს წარმომადგენელთან: რამდენად კანონიერად მოხდა ამ ჩანაწერების მოპოვება,“
დავით ბრეგაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბრიუსელი "ოცნებას" დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებსწაიკითხე

უახლესი ამბები