ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მსოფლიო ახალი სოციალური პრობლემის წინაშე - ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი მარტოობას განიცდის

ჯანმოს შეფასებით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი მარტოობას განიცდის, მოზარდებში კი მაჩვენებელი 21%-ს აღწევს. ამასთან, კვლევის თანახმად, მარტოსულ პირებში სიკვდილიანობის რისკი 14%-ით მაღალია.

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანების კავშირი არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, თუმცა მარტოობა კვლავ მილიონობით ადამიანის პრობლემად რჩება. ეს გრძნობა იმაზე უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი მარტოობას განიცდის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 21% მოზარდებში ფიქსირდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის 21 ქვეყანაში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდების წილი, რომლებიც მეგობრებს ყოველდღე ფიზიკურად ხვდებოდნენ, 2006 წელს 53% იყო, 2022 წლისთვის კი მაჩვენებელი 36%-მდე შემცირდა.

მარტოობა პრობლემაა აზიაშიც - იაპონიაში ამ მოვლენას ჰიკიკომორის სახელით იცნობენ. ტერმინი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროით თავს არიდებს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას: სწავლას, სამსახურს, მეგობრებთან ურთიერთობას და უმეტესად სახლში რჩება. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ასეთ მდგომარეობს საფრთხის შემცველად მაშინ მიიჩნევენ, როდესაც საზოგადოებისგან განცალკევება მინიმუმ ექვს თვეს გრძელდება. ეს უბრალოდ მარტო ყოფნა ან ხასიათის თვისება არ არის. შესაძლოა ადამიანმა ზოგჯერ საცხოვრებელიც დატოვოს, თუმცა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ყოველდღიურ აქტივობებში აღარ მონაწილეობდეს. ამ მდგომარეობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ხშირად ის ცხოვრებისეულ გარემოებებსა და პირად გამოცდილებას უკავშირდება.

იაპონიაში 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 15-დან 64 წლამდე ასაკის დაახლოებით 1 მილიონ 460 ათასი ადამიანი ჰიკიკომორის მდგომარეობაში იყო. ანუ ყოველი 50 ადამიანიდან ერთი მაინც, ნებაყოფლობით, სრულად მოწყვეტილი იყო სოციუმს. პრობლემა მხოლოდ მოზარდებს არ ეხება. მნიშვნელოვანი წილი 40 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდის, მათგან ნახევარი ქალია.

საქართველოში განსხვავებული სურათია - Gallup-ისა და Meta-ს მიერ 142 ქვეყანაში ჩატარებული გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 72% თავს სხვებთან ძალიან ან საკმაოდ დაკავშირებულად გრძნობს, გამოკითხულთა 69% ამბობს, რომ საერთოდ არ გრძნობს თავს მარტოსულად. მხოლოდ 9% აცხადებს, რომ საკმაოდ ხშირად განიცდის მარტოობას. 23% სხვებთან კავშირს მხოლოდ გარკვეულწილად გრძნობს, 5% კი აცხადებს, რომ საერთოდ არ აქვს სხვებთან სოციალური კავშირის განცდა. კვლევა 2022 წელს ჩატარდა და 15 წელს გადაცილებული რესპონდენტების პასუხებს ეყრდნობა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში მარტოობის განცდის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. მარტოობა ყოველთვის არ უკავშირდება ადამიანის სოციალურ იზოლაციას - ის შეიძლება განიცადოს ადამიანმა, რომელსაც ოჯახი, მეგობრები და აქტიური სოციალური ცხოვრებაც აქვს.

ხანგრძლივ სოციალურ განრიდებას ევროპაშიც სწავლობენ. 29 ევროპული ქვეყნის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2018–2020 წლებში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1.8 პროცენტს მძიმე სოციალური იზოლაციის ნიშნები ჰქონდა. სოციალური ქსელები ხშირად ურთიერთობების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება, თუმცა კვლევები ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, რომ ისინი მარტოობას იწვევს. ონლაინ კომუნიკაცია ადამიანებს ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება, მაგრამ ყოველთვის ვერ ანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობასა და ემოციურ მხარდაჭერას.

ჟურნალ Nature Human Behaviour-ში 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტოსულობის განცდის მქონე პირებში სიკვდილიანობის რისკი 14%-ით მაღალია. 2 მილიონ ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგი სტატისტიკური კავშირია და არა მტკიცებულება, რომ მარტოობა უშუალოდ იწვევს ნაადრევ სიკვდილს, თუმცა აჩვენებს ტენდენციას, რომ სოციალური კავშირები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

იაპონიაში იქმნება უსაფრთხო საზოგადოებრივი სივრცეები, სადაც ადამიანს შეუძლია ნელ-ნელა აღიდგინოს სოციალური უნარები და კავშირები. მიდგომის მიზანი არა ადამიანისთვის კონკრეტული შედეგის თავს მოხვევა, არამედ მისთვის საზოგადოებაში დაბრუნების რეალური შესაძლებლობის შექმნაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც სოციალური კავშირების გაძლიერებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.

ტექნოლოგიებმა ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირება გაუმარტივა, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ სიახლოვეს - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენ ადამიანთან გვაქვს კონტაქტი, არამედ ისიც, რამდენად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერასა და თანადგომას.

ავტორი: სანდრო სანაია

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს. როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველოწაიკითხე

უახლესი ამბები