ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარელი ოქროს მაძიებლები "კურიერი P.S."-ის ობიექტივში

ქობულეთში მცხოვრები სამსონ ნერსესიანი 25 წელზე მეტია მეტალოდეტექტორით ზღვის სანაპიროზე დედის დანატოვარ ბეჭედსა და ნივთებს ეძებს. აჭარის სანაპიროებზე მეტალოდეტექტორებით ძველი მონეტებისა და განძის ძიება ადგილობრივებისთვის ჰობიდ და ყოველდღიურ საქმიანობად იქცა.

დედა დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მისგან დარჩენილ ყველაზე ძვირფას ნივთს კი დღემდე ეძებს. ზღვის ნაპირზე ყოველდღე მიდის. თითქოს ამ ტალღებს შორის ჯერ კიდევ ცოცხლობს იმედის პატარა ნაპერწკალი, რომ ერთ დღესაც ზღვა იმას დაუბრუნებს, რაც მისთვის ოქროზე ძვირფასია. ნატვრის ხის ცნობილი პერსონაჟივით ისიც ყოველდღე სასწაულს ელის – იანვრის ყინვაში აყვავებული ნატვრის ხის მსგავსად.

დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, ზღვის ნაპირზე დგას და ეძებს. იქნებ ტალღამ ოდესმე ნაპირზე გამორიყოს ის, რასაც ამდენი ხანია ელის. იქნებ, სულ ერთი წამით მაინც იგრძნოს, რომ დედისგან კიდევ რაღაც დარჩა, რასაც ხელით შეეხება და გულში ჩაიკრავს.

სამსონ ნერსესიანი ქობულეთში ცხოვრობს, ეს მისი ყოველდღიურობაა – ხელში მეტალო დეტექტორს აიღებს, ზღვისპირას მიდის და ქობულეთის დასაწყისიდან ბოლომდე ნაპირს მიუყვება. ზოგჯერ ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერაც კი, ასე გადის დრო. დაკარგული ბეჭდის ძიებაში წლებიც გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მიწაში დაფარული იმდენი საინტერესო რამ ნახა, 25 წელზე მეტია საყვარელ საქმედაც აქცია.

სანამ მეტალო დეტექტორს შეიძენდა, მაშინაც ბევრს დადიოდა და დაკარგულ ნივთებს თვალით ეძებდა. ნაპოვნს ხშირად პატრონსაც უბრუნებს და დაკარგული ნივთების პოვნაშიც ბევრს ეხმარება.

ნათქვამია, ვინც ეძებს, პოულობსო. მიწის ქვეშ დამალული საიდუმლოებები, ძველი მონეტები, დაკარგული სამკაულები და შესაძლოა, ოქროც - სწორედ ამას ეძებენ ადამიანები მეტალოდეტექტორებით. ერთი სიგნალი, რომელსაც გულისფანცქალით ელოდებიან, ერთი პატარა ორმო და მოლოდინი, რომ მიწა თავის საიდუმლოს გაამხელს.

ოქროს ძიებაში ყველაზე რთული, შესაძლოა, მისი პოვნა კი არა, იმის ცოდნა იყოს, სად უნდა ეძებო. ზოგისთვის ეს ჰობია, ზოგისთვის - ისტორიის კვლევის განსაკუთრებული გზა, ზოგისთვის კი ოცნება, იპოვოს ნივთი, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის.

მეტალოდეტექტორი ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით აღმოაჩენს მიწაში არსებულ ლითონის შემცველ საგნებს. ის დამალული ობიექტის არსებობაზე მიანიშნებს, თუმცა წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რას იპოვით - ოქროს მონეტას, ძველ რკინის ნივთს თუ სხვა ლითონის საგანს.უფრო ხშირად სამკაულებსა და ოქროს მონეტებს პოულობენ.

მონეტა არაბული წარწერებით, რამდენიმე წლის წინ მდინარე ნატანების სანაპიროზე იპოვნა. მიწისქვეშა განძის მოსაძებნად სანაპიროზე ისიც ყოველდღე დადის. ავთანდილ მადოიანისთვის ეს გართობაცაა და სპორტული ინტერესიც, იმედი აქვს, ერთ დღესაც განძს იპოვნის. დროდადრო შვილთან ერთად თევზაობს, თევზსაჭერ ბადეს სახლში ამზადებენ.

ზოგჯერ საათობით სიარულის შემდეგ მაძიებელი მხოლოდ უმნიშვნელო ნივთს პოულობს, ზოგჯერ კი შემთხვევით აღმოჩენას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საჭიროა გამოცდილება, დაკვირვება და მოთმინება.

ყველა სიგნალის უკან განძი არ იმალება, მაგრამ ყოველი აღმოჩენა ახალ კითხვას აჩენს: ვის ეკუთვნოდა ეს ნივთი? რამდენი ხანია მიწაში ინახება და რა ისტორიის მატარებელია.

ზღვის ნაპირი ისტორიული მეხსიერების საცავიცაა - ზოგჯერ ლითონის პატარა ნივთიც დიდი ისტორიის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

იქნებ მიწის ქვეშ მხოლოდ ძველი მონეტაა. იქნებ - ვიღაცის დაკარგული სამკაული. ან იქნებ, ეს უბრალოდ ლითონის პატარა ნატეხია, რომელსაც არანაირი ფასეულობა არ აქვს.

მაგრამ მაძიებელი მაინც აგრძელებს გზას: ყოველი ახალი სიგნალი მისთვის ახალი გამოცანაა, ყოველი აღმოჩენა პატარა თავგადასავალი.

აჭარელი ოქროსმაძიებლები ხვალ ხელში ისევ აიღებენ მეტალოდეტექტორებს და სანაპიროზე გავლენ, დიდი იმედით და მოლოდინით, რომ განძს მიაგნებენ. და როცა მზე ნელ–ნელა ჰორიზონტს ამოეფარება, ისევ სანაპიროს გაუყვებიან, იმის საპოვნელად, რასაც არაერთი დღე, თვე თუ წელი ელოდებიან. იქნებ ოქროს პოვნა არც არასდროს ყოფილა მათი მთავარი მიზანი, იქნებს უბრალოდ რაღაც მნიშვნელოვანის პოვნა უნდოდათ... იმ დაკარგულის, რასაც წლებია ეძებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამოწაიკითხე

უახლესი ამბები