კონფლიქტი, რომელიც ორი ქვეყნის დაპირისპირებას გასცდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევად იქცა - მოსკოვის იერიშების პარალელურად, კიევს ვაშინგტონის ზეწოლის დაძლევა უწევს
კიევს Starlink-ის ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება და ვეღარ იღებს ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებს, რამაც დრონების მართვა და სამხედრო ოპერაციები შეაფერხა. პარალელურად, ლუქსემბურგში ევროპელმა დიპლომატებმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებასა და უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე იმსჯელეს.
ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო - კონფლიქტი, რომელიც უკვე დიდი ხანია გასცდა ორი სახელმწიფოს დაპირისპირების ფარგლებს და საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
ევროპელმა დიპლომატებმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებასა და კიევის მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმსჯელეს, თუმცა ოკეანის მეორე მხარეს განსხვავებული რიტორიკა ისმის. ომის დასრულების პირობებთან ერთად, დღის წესრიგში დგება დასავლეთის ერთიანობის, რუსეთთან მომავალი ურთიერთობებისა და გლობალური ძალთა ბალანსის საკითხი.
მოსკოვის სამხედრო იერიშების პარალელურად, კიევისთვის ახალ გამოწვევად იქცა ვაშინგტონთან ურთიერთობა, სადაც პოლიტიკური უთანხმოება უკვე სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსაც ეხება. ბოლო დღეებში უკრაინას Starlink-ის ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება, რამაც დრონების მართვა და სამხედრო ოპერაციები შეაფერხა. კიევი ვეღარ იღებს ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებსაც, რაც უკრაინის თავდაცვით და შეტევით შესაძლებლობებს ამცირებს.
უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული მხარდაჭერის გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ახალ კითხვებს აჩენს - ვინ და რა პირობებით განსაზღვრავს ომის დასრულებას, რამდენად დამოუკიდებელია კიევი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და რა გავლენას მოახდენს ვაშინგტონის პოლიტიკა ევროპის უსაფრთხოების მომავალზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.