ჯერ ადიდებდნენ, ახლა აგინებენ - რას შეეწირა მდინარაძე
მედიის ცნობით, სუს-ის ყოფილმა შეფმა მამუკა მდინარაძემ სასწრაფო წესით საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მის წინააღმდეგ თავდასხმები და გავლენების გადანაწილების შესახებ კითხვები მოჰყვა.
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ვარკეთილის მესამე მასივში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში მამუკა მდინარაძის ნათლული ნუგზარ შოშიაშვილი და უახლოესი მეგობრის სიძე - ავთანდილ კუნჭულია მივიდნენ.
მათ სასწრაფო წესით მინდობილობის მომზადება მოითხოვეს. მდინარაძეს მისი თანაშემწისთვის მინდობილობების გაკეთება ახალი კომპანია დასაფუძნებლად სჭირდებოდა.
ნოტარიუსი ირმა გოგია მამუკა მდინარაძეს ვიდეო ზარით ურეკავს. გენერალ-მაიორი ეუბნება, რომ იმერეთშია და მინდობილობას მის თანაშემწეს, ნინო ჭანტურიას აძლევს. ჭანტურიას უფლებამოსილება ენიჭება, მდინარაძის სახელით იმოქმედოს საჯარო რეესტრში, შემოსავლების სამსახურსა და ბანკებში.
ირმა გოგია მდინარაძეს სიტყვაზე ენდო, რომ ის იმერეთიდან ერთვებოდა. ამავე დღეს, 9 ოქტომბერს, ნოტარიუსმა ფორმალურად დაადასტურა, რომ კაცი, რომელიც ვიდეო-ზარით ლაპარაკობდა, ნამდვილად მდინარაძე იყო და მინდობილობაც გაიცა.
9 ოქტომბერი პარასკევი იყო, შაბათ-კვირა დასვენების დღეა. ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დღის 1 საათზე, იუსტიციის სახლში უკვე მდინარაძის მინდობილობით მიდიან და კომპანიის დარეგისტრირებას ითხოვენ. 3 საათში რეესტრი წარმოებას ასრულებს და მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფს აფუძნებს. ოფიციალურ მისამართად კოსტავას 43ა ნომერია მითითებული.
ვერის ბაღში მდებარე თბილისის ელიტურ ბიზნესცენტრში, მამუკა მდინარაძის წარმომადგენელს 9 ოქტომბერს, 5 საათზე აძლევენ უფლებას, რომ კომპანიის ოფისი იურიდიულ მისამართად გამოიყენოს. აქ ადასტურებენ, რომ მდინარაძეს ოფისი ნაქირავები აქვს, თუმცა აქ არავინ გამოჩენილა.
ავთანდილ კუნჭულია, რომელიც მდინარაძის საქმეებს განაგებდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა იყო. მან პოსტი 21 სექტემბერს დატოვა. მანამდე იყო მდინარაძის ადმინისტრაციის უფროსი სუს-ში. ავთანდილ კუნჭულია მამუკა მდინარაძის უახლოესი მეგობრის ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის გიორგი გელაშვილის და "ქართული ოცნების“ დეპუტატის, სალომე ჯინჭარაძის სიძეა.
რატომ ჩქარობდა მამუკა მდინარაძე კომპანიის შექმნას თან ისე რომ თბილისში ჩამოსვლამდეც ვერ დაიცადა. სად გაქრა სასწრაფო წესით დაფუძნებული ბიზნესი, რომლის ოფისშიც ჯერ არავინ გამოჩენილა? და საერთოდ რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი იერიში მისივე გუნდმა კითხვები ბევრია, თუმცა კაცი, რომელსაც მდინარაძის მარჯვენა ხელს უწოდებენ, ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.
ვის უნდა გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება სუს-ის ყოფილმა შეფმა? კითხვები მისმა გააქტიურებამ და ბიზნესის მართვა-დალაგებაში ჩართვამ არაერთ ადამიანს გაუჩინა.
მდინარაძე წავიდა თუმცა საკვანძო თანამდებობებს ძალოვან უწყებებში ისევ მისი კადრები იკავებენ. მთავარი პროკურორი გიორგი გვარაკიძეა, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე მისი ახლო მეგობარი. შს მინისტრის მოადგილე როინ მესხიც მდინარაძის უახლოესი მეგობარია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა ინტერესთა კონფლიქტსა და გავლენების გამოყენებაზე.
მდინარაძის კომპანიის რეგისტრაციის ამბავი 12 ოქტომბერს გახმაურდა და საინტერესო მოვლენებიც ზუსტად ამის შემდეგ განვითარდა. შტურმი სავარაუდოდ მამუკა მდინარაძეზე მისმა თანაგუნდელმა და მაქებარმა, დიმიტრი სამხარაძემ მიიტანა.
მან მდინარაძის გვარი პირდაპირ არ ახსენა, მაგრამ ხსენების გარეშეც ნათელია ვის გულისხმობდა ფრაზის მიღმა „ყოფილები და გაგდებულები“, რომლებიც „რაღაცებს ქმნიან“.
სამხარაძის სკანდალური განცხადება დროში ზუსტად დაემთხვა მდინარაძის მიერ კომპანიის დაფუძნებას, სადაც ის "ვირთხებსა და ჭორიკნებზე"საუბრობს.
სწორედ ამ მიმართვის შემდეგ აჭრელდა სოციალური ქსელი სუს-ის ყოფილი უფროსის ლანძღვა- გინებით.
მდინარაძე მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და იდეოლოგი იყო. პოლიტიკური აქტივობა დაახლოებით ერთი წელი შეზღუდული ჰქონდა რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. როცა ამ თანამდებობაზე პარლამენტიდან გადაყვანილი კაცი დანიშნეს, მაშინ ამბობდნენ, რომ მდინარაძეს ივანიშვილის ჭარბი ნდობა ჰქონდა მდინარაძეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გენერალი მდინარაძე სუს-იდან საკუთარი სურვილით არ წასულა. ის ივანიშვილმა იმ დროს გაუშვა, როცა თავადაც კი ფიქრობდა, რომ უდიდესი გავლენების მქონე იყო. მის ხელში სპეცსამსახურების გარდა იყო საპარლამენტო ბერკეტები, საჯარო სამსახურები სავსე მისი კადრებით, მედიარესურსები. მისი კომპანიის დაფუძნებიდან მალევე 16 ოქტომბერს ცვლილებები მედიაშიც მოხდა. "იმედის" მეწილეებიდან ამოიღეს ნათია სონღულაშვილი, რომელიც მდინარძის უახლოესს გარემოცვად სახელდებოდა.და ილია მიქელაიშვილი რომელიც ტელე იმედის უმსხვილესი აქციონერი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც გეკა გელაძემ სუსის უფროსის პოსტი დატოვა სწორედ მდინარაძის მომავალს ეხებოდა . ამ ვერსიით, გელაძემ უარი თქვა მდიანარძისთვის ხელბორკილების დადებაზე.
ნატა ქაჯაია დეტალებით
ციტატები სტატიიდან
„ყოფილები და გაგდებულები“
„რაღაცებს ქმნიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.