რა უნდა იცოდე, თუ სადარბაზოში კამერები დაგიყენეს – იურისტის განმარტება
იურისტ ია თოდუას განმარტებით, სადარბაზოში ვიდეოკამერის დასაყენებლად მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობაა საჭირო, ხოლო ჩანაწერის საერთო ჩატში გაზიარება ან პოლიციისთვის სასამართლო განჩინების გარეშე გადაცემა კანონდარღვევაა.

სადარბაზოებში ვიდეოკამერების დამონტაჟება-მართვის საკითხი ბათუმში ხშირად იმდენად პრობლემურია, რომ დავა სამეზობლო ჩატების ფარგლებს სცდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, კერძო და საჯარო სექტორში ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევა საჩივრებისა და ინსპექტირებების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. საჩივრები შეეხება ვიდეოკამერების თვითნებურ დამონტაჟებას [სადარბაზო, ლიფტი, ეზო] და ჩანაწერის წესების დარღვევით გაზიარებას.
რა უფლებები და მოვალეობები აქვთ ბინათმესაკუთრეებსა და ამხანაგობის თავმჯდომარეებს, რას ითვალისწინებს კანონი და როდის ირღვევა კორპუსებში მცხოვრებთა უფლებები? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს იურისტი ია თოდუა პასუხობს.
ქალბატონო ია, დავიწყოთ იმით, თუ როგორ არეგულირებს კანონი ამ საკითხს, რა სახის შეთანხმებაა საჭირო იმისათვის, რომ სადარბაზოში ვიდეოკამერები დაამონტაჟონ?
ეს ვიდეომონიტორინგის საკითხია და პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს – კონკრეტულად პერსონალური მონაცემების მოპოვებას, დამუშავებას და გავრცელების წესს. კონკრეტული მუხლიც კი არის ამ კანონში, ეს არის მე-10 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საერთო საკუთრებაში, ანუ მაგალითად სადარბაზოში, ეზოში ან ლიფტში უნდა მოხდეს ვიდეომონიტორინგი, ამისთვის აუცილებელია ამ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა.
ეს თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პერსონალური მესაკუთრის ვინაობის დადგენა, კანონი გამონაკლისსაც უშვებს და ამბობს, რომ მფლობელის თანხმობა საკმარისია.
ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა მოიწვიო კრება, სადაც დღის წესრიგში ვიდეომონიტორინგის, მონტაჟის საკითხს შეიტან და ხელმოწერებით დაფიქსირდება, ვინ და რამდენი მესაკუთრეა თანახმა, რომ მოხდეს ვიდეომონიტორინგი საერთო საცხოვრებელ სივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიდეომონიტორინგი საერთო საკუთრებაში.
არეგულირებს თუ არა კანონმდებლობა ვიდეომონიტორინგის ტექნიკურ დეტალებს. მაგალითად, კამერის ტიპს, ხედვის კუთხეს და იმას, თუ ზუსტად რა სივრცის გადაღებაა დაშვებული ან აკრძალული?
კანონი ამბობს, რომ ვიდეოგადაღება მესამე პირის უფლებებს არ უნდა ლახავდეს. მაგალითად, თუ ამ საერთო სივრცეში განთავსებული კამერა ვინმეს საკუთრებას უყურებს, ანუ ვინმეს საკუთრებაში შესვლის ან გამოსვლის დაფიქსირება შეუძლია, მაშინ აუცილებელია, რომ იმ მესაკუთრის თანხმობაც იყოს. მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კი აუცილებელია, რომ არსებობდეს მისი თანხმობა.
შესაბამისად, საერთო სივრცის მიღმა, თუკი რაიმე შეიძლება ამ ვიდეომონიტორინგში მოხვდეს, ანუ სხვის პერსონალურ მონაცემები, ასეთ შემთხვევაში მისი თანხმობაც საჭიროა.
მინდა გკითხოთ ასევე ხმის ჩაწერაზე, ალბათ ცალკე შეთანხმების საგანია ჩაიწეროს თუ არა სადარბაზოს კამერებმა ხმა. ასეა?
აუდიომონიტორინგი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. თუ სადარბაზოში მინიშნება არ არის, რომ აუდიომონიტორინგი მიმდინარეობს, ეს ცალსახა დარღვევაა. როგორც ვიდეომონიტორინგის შემთხვევაშია აუცილებელი, ასევე აუცილებელია აბრაზე დატანილი იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს აუდიომონიტორინგი.
აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია იმ პირის, ვინც არის ამ ვიდეო/აუდიო მონიტორინგზე პასუხისმგებელი – საგამოძიებო ორგანოს ან სხვა პირს საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავება თუ დასჭირდება, ეს ჩანაწერი რომ ამოიღოს. ეს კანონის მკაცრი მოთხოვნაა. თუ ასეთი აბრა არ არის სადარბაზოში, ეს დარღვევაა. დიახ, ეს იცავს სტუმარსაც.
მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის კერძო საკუთრებაშიც – ეს ცალკე რეგულირდება. ამ შემთხვევაშიც, ხშირად არის ხოლმე, მაგალითად, ძიძა სადაც ჰყავთ იქ ამონტაჟებენ კამერას, აქაც კანონის მკაცრი მოთხოვნაა, უნდა იყოს მისთვის ცნობილი, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი.
ანუ, ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს მე უნდა ვიცოდე ამის შესახებ. საერთო სივრცეში წინასწარი თანხმობა ამისთვის არ არის საჭირო, თუმცა ჩანაწერის გაზიარების დროს, მაგალითად, ჩემი პერსონალური მონაცემები არის ვიდეოჩანაწერში და ეს თუ ვინმესთან უნდა გაზიარდეს, ამისთვის ჩემი თანხმობა საჭიროა. იმ შემთხვევაში, თუკი მე არ ვარ თანახმა, რომ გაზიარდეს ეს ჩანაწერი, უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, სასამართლოს განჩინება.
თუ სასამართლოს განჩინება არ არის, არ შეიძლება ასეთი ჩანაწერის გაზიარება. შეგვიძლია ჩავთვალოთ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევად და ამისთვის არსებობს შესაბამისი სანქციები. ეს აუდიტის სამსახურის პრივილეგიაა და არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოვლინდა დარღვევა და დაჯარიმდა კიდეც ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
ია თოდუა – იურისტი
როდესაც მაგალითად კონკრეტული საკითხი დგას დღის წესრიგში, ვთქვათ სადარბაზოში რაღაც დაზიანებულია, ამის დასადასტურებლად კადრის გაზიარება, მაგალითად საერთო ჩატში შეიძლება?
არ შეიძლება. თუ დანაშაული მოხდა, პირობითად, რაღაც ნივთი დაზიანდა, კონკრეტულ თანხას თუ აღემატება, სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ამ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არის, მაშინ პერსონალური მონაცემების გაზიარება კი არ უნდა მოხდეს, თავმჯდომარემ [როგორც წესი, თავმჯდომარე აზიარებს მსგავს ჩანაწერებს, რადგან ხელმისაწვდომი თავმჯდომარისთვის არის ძირითადად] საგამოძიებო ორგანოს უნდა მიმართოს და კანონის დაცვით ამოიღოს ეს მტკიცებულება.
იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დაზინებისთვის თითოეული მეზობელი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ მივცეთ, უფრო მარტივი გზაც არსებობს – უშუალოდ ვინც არის დამაზიანებელი, პირველი კომუნიკაცია მასთან უნდა მოხდეს: თავისი პერსონალური მონაცემები გაუზიარონ მასვე, მისგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და არა ის, რომ ჩატში გააზიარონ პერსონალური ინფორმაცია.
ხმის ჩაწერას რომ დავუბრუნდეთ, ვთქვათ იწერება ხმა თანხმობის გარეშე, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ასეთ შემთხვევაში, თუ ვინმე იჩივლებს?
თუ ვიდეომონიტორინგთან ერთად აუდიომონიტორინგიც მიმდინარეობს და არ არის შესაბამისი აბრა გაკეთებული, რომ მიმდინარეობს აუდიომონიტორინგი, იგივე სანქციები მოიაზრება. პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი როცა ირღვევა, ჯარიმებია განსაზღვრული – მოიკვლევს აუდიტის სამსახური, იყო თუ არა რეალურად დარღვევა, ანუ იყო თუ არა შესაბამისი გაფრთხილების ნიშანი გაკეთებული და თუ არ იყო, შემდეგ უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობს, ანუ დააჯარიმებს კიდეც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.
არასრულწლოვნის გადაღებისა და მშობლის გარეშე მისი კადრების გაზიარების შემთხვევაში რა ხდება?
ზუსტად იგივე წესები მოქმედებს არასრულწლოვანთან მიმართებაში. ოღონდ მეტი სიფრთხილეა საჭირო არასრულწლოვანთან მიმართებაში, რადგან ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისგან უნდა ემსახურებოდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.
შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, თუ არასრულწლოვანი რაღაც მნიშვნელოვანს დააზიანებს სადარბაზოში, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: მისი პერსონალური მონაცემების ასე გაზიარება არ არის გამართლებული, რადგან შესაძლოა ისეთი მორალური ზიანი მიადგეს არასრულწლოვანს, რომ იმ მატერიალური ზიანის თანასწორიც კი არ იყოს.
ყველაზე ადეკვატური, რაც შეიძლება გააკეთოს თავმჯდომარემ, არის ის, რომ გააცნოს ეს ჩანაწერი არასრულწლოვნის მშობლებს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენლებს – აუხსნას, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და უკიდურეს შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს მიმართოს. შეიძლება საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვამ იმხელა ზიანი არ მიაყენოს არასრულწლოვანს, როგორც საერთო ჩატში ამის გაზიარებამ, რადგან სრულიად უკონტროლოა იმ ჩატიდან, როგორ გადაზიარდება ეს ჩანაწერი.
ვის შეუძლია კადრების დათვალიერება და ვის შეუძლია მათი ამოღება?
კრებაზე უნდა განისაზღვროს პირები, ვისაც ექნება წვდომა, ვთქვათ, გადახვევაზე ან ვიდეოჩანაწერის ნახვაზე, ანუ პასუხისმგებელი პირი ვინც არის, ვინც უნდა დაამუშაოს პერსონალური მონაცემები. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირი, მას არ აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ამ ჩანაწერზე. გარკვეული საჭიროების გამო, რამდენჯერაც მოუწევს ან შესვლა, ან გადახვევა, ან სხვაგვარად დამუშავება ამ მონაცემების, ეს უნდა აღრიცხოს.
რაც შეეხება სხვაზე გადაცემას, ეს მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზეა შესაძლებელი. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს წერილობითი მიმართვაც საკმარისია სასამართლო განჩინების გარეშე.
მაგალითად, პირი ცხოვრობს მეცხრე სართულზე, მიიჩნევს, რომ სადღაც მეშვიდე-მერვე სართულზე რაღაც დაკარგა და ითხოვს კადრების დათვალიერებას. მაგრამ ხომ შეიძლება სხვა განზრახვა ჰქონდეს? რა შემთხვევაში აქვს უფლება ნებისმიერ პირს მივიდეს თავმჯდომარესთან და მოითხოვოს კადრების დათვალიერება?
ვიდეომონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი ვინც არის, ამ ადამიანმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს ამ ვიდეოჩანაწერში ვისი პერსონალური მონაცემი ფიქსირდება, ანუ ეს, ეს კონკრეტული ადამიანი ჩანს, ვინც მიმართა, თუ ამ ადამიანთან ერთად ჩანან სხვებიც? ეს უნდა ნახოს მანამ, სანამ უშუალოდ ამ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს, მას აჩვენებს. მან უნდა განსაზღვროს, რამდენი ადამიანის პერსონალური მონაცემი ჩანს იმ მონაკვეთში, რა მონაკვეთიც საინტერესოა ამ ადამიანისთვის და თუ მხოლოდ ერთი ადამიანი ჩანს, ანუ ვინც ამბობს, რომ რაღაც დავკარგე, ეს მისი პერსონალური მონაცემია და შეუძლია აჩვენოს.
თუ ჩანს, პირობითად, სხვა ადამიანის პერსონალური მონაცემები, აქ უკვე ორი ვარიანტია:
ერთი ის, რომ იმ ადამიანების თანხმობა აიღოს, ვინც იდენტიფიცირებადია და იმავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ, ან იმგვარად გააკეთოს ჩანაწერი, რომ იმ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდებოდეს, [დაბლაროს ჩანაწერი].
რა ხდება, თუ პოლიციას უნდა, რომ ამოიღოს კადრები, მაგალითად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კონკრეტულ პირთან, კონკრეტულ სართულზე ან კონკრეტულ კარებში, ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა. აქვს თუ არა თავმჯდომარეს უფლება, რომ ეს კადრები გადასცეს?
არც ერთ შემთხვევაში. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც პოლიცია ჯერ იღებს ჩანაწერებს, მერე კი სასამართლო განჩინებით ხელმეორედ იღებენ იგივე ჩანაწერს და ამაგრებს საქმეზე.
ცალსახად და კონკრეტულად რომ გიპასუხოთ, არ შეიძლება ვიდეოჩანაწერი თუნდაც საგამოძიებო ორგანოს გავუზიაროთ სასამართლო განჩინების გარეშე. სასამართლო განჩინება არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის ჩანაწერის გაზიარება.
თუკი საგამოძიებო ორგანო წერილობით მიმართავს და დაასაბუთებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი და ამ მიზნით ხდება ვიდეოჩანაწერის მოპოვება, გამონაკლისის სახით [საგამოძიებო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე და არა სასამართლო განჩინებით] სავალდებულოა ამ ვიდეოჩანაწერის გაზიარება.
თუ, მაგალითად, კონკრეტულმა პირმა აღმოაჩინა, რომ გაიცა ინფორმაცია მის სახლში შემსვლელ-გამომსვლელზე, რამაც მას ზიანი მიაყენა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
შეფასებითია, რა ზიანი მიადგა, აუდიტის სამსახური ამის მიხედვით ჯერ მოიკვლევს, სხდომას ჩანიშნავს, შეუძლია მოიწვიოს და მოისმინოს მხარეთა არგუმენტები ან წერილობითი დასაბუთება მოითხოვოს. მიზანს გააჩნია.
თუ ვიდეომონიტორინგი ვიღაცის ცხოვრებისთვის მიყურადების მიზნით დაიწყო, მაშინ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ თუ კამერა განთავსებულია სადარბაზოში ისე, რომ ამაზე ინფორმირებულები არიან, თუმცა ჩანაწერი გავრცელდა კანონის დარღვევით, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მიყურადებად. ეს არის პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევა და აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა სანქციის გამოყენება.
თუ გამოვლინდა, რომ მიზანია სხვისი პირადი ცხოვრების შესწავლა, ანუ ვიდეომონიტორინგს იყენებს პირად ცხოვრების კონტროლისთვის – ვიღაცასთან ვინ დადის სახლში, ვინ მიდის და ვინ მოდის, მაშინ შეიძლება გადაიზარდოს სისხლის სამართლის დანაშაულშიც.
მნიშვნელოვანია თავმჯდომარეებს ესმოდეთ, რომ თვითნებურად ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების, მით უფრო აუდიოჩამწერის სისტემის მონტაჟი დაუშვებელია და არღვევს როგორც პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს, ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებებს.
ასევე რადგან არის წერილობით თანხმობასთან დაკავშირებით ჩანაწერი, ვურჩევ თავმჯდომარეებს აუცილებლად მოიპოვონ მესაკუთრეთა ან ბინათმფლობელთა წერილობითი თანხმობები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.