ევროკავშირმა ზელენსკის მხარდაჭერა დაუდასტურა ტრამპთან მისი უთანხმოების ფონზე
ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს დონალდ ტრამპთან მისი დაპირისპირების ფონზე. ანტონიუ კოშტას თქმით, ახლა უკრაინის დახმარების გაზრდისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა.

ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 15 ოქტომბერს გაიხსნა, უკრაინის საკითხს პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით დღეს, 16 ოქტომბერს განიხილავენ.
უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა იმ დროს, როცა მკვეთრად დაიძაბა მისი და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობა.
ევროკავშირის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს მხარი დაუჭირეს, მაგრამ რუსეთს ეს ზავი ერთი წუთითაც არ დაუცვია და პირიქით, ესკალაციის გზას დაადგა. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ მათი გზავნილი ძალიან მარტივია - უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე.
კოშტას განცხადებით, ახლა უკრაინის დახმარების გაზრდის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა და არა უკრაინის დახმარების შეწყვეტისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესუსტების. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, ეს მნიშვნელოვანია რათა რუსეთი აიძულონ დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებებს.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა, რასაც ზელენსკიმ ომში ინვესტირება და სისუსტე უწოდა.
„დიზელის შეთანხმებაზე" ზელენსკის რეაქციის შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
11 ოქტომბერს ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის გამოაცხადა ენერგოზავი, რომლის მიუხედავად რუსეთმა განაგრძო უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-ის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განაახლებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.