2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF
MDF-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ტელევიზიებში საბიუჯეტო რეკლამის 97.81% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე განაწილდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო. ამასთან, „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ წელი ჯამში 75.97 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) დღეს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს სამაუწყებლო მედიის დეკლარირებული შემოსავლების და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიასაშუალებებთან გაფორმებული კონტრაქტების ანალიზს, და სარედაქციო პოლიტიკაზე დაფინანსების გავლენას მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ნაციონალურ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37.4%) მოსდევდა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საბიუჯეტო რეკლამის 97.81% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე – მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო.
ამასთან, კვლევის თანახმად, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ – 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია “იმედზე” მოდის (43.1 მილიონი).
მედიის განვითარების ფონდის მიერ 2025 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:
2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა. სატელევიზიო ბაზრის საერთო შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზიც არასამაუწყებლო შემოსავლების მკვეთრი კლება იყო.
კომერციული სარეკლამო შემოსავლების კონცენტრაცია სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე კიდევ უფრო გაიზარდა.
სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ.
უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა მაუწყებლების დაფინანსების გარემო შეცვალა, ფინანსური სირთულეების ფონზე მაუწყებლობა სამმა ტელეკომპანიამ (მთავარი არხი, რეგიონული მაუწყებლები “ბორჯომი” და “მე-9 არხი”) შეწყვიტა ან შეაჩერა.
უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ახალი წესების აღსრულებაში შერჩევითი მიდგომის ნიშნები გამოიკვეთა. დასავლური წყაროებიდან დაფინანსების გამო მარეგულირებელმა რამდენიმე მაუწყებლის მიმართ ზომები გაატარა, თუმცა ჩინეთის საელჩოს მიერ „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის დაფინანსებაზე იდენტური ზომებისთვის არ მიუმართავს.
არათანაბარი პირობები რეგიონული ტელევიზიების საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მხრივაც იკვეთება. კერძოდ, გამოვლინდა შეუსაბამობა საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებულ თანხასა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის, რაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ რეგიონულ მაუწყებელს “ფარვანას” უკავშირდება.
ბაზარზე რამდენიმე ტელევიზია კვლავ მფლობელის ან სხვა შემომწირველების დოტაციაზე იყო დამოკიდებული.
2025 წელს რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედია საშუალებებთან და შუამავალ კომპანიებთან გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 9.28 მლნ ლარი შეადგინა.
შეიცვალა საბიუჯეტო რესურსების განაწილების სტრუქტურა. 2023 წელთან შედარებით ონლაინ მედიასთან გაფორმებული კონტრაქტები თითქმის გაორმაგდა, ხოლო ნაციონალური ტელევიზიების კონტრაქტები თითქმის განახევრდა.
მკვეთრად გაიზარდა შუამავალი კომპანიების როლი და მათ გავლით განხორციელებული შესყიდვების კონცენტრაცია.
საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ნაციონალურ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია.
ონლაინ მედიაში არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, არამედ შეიცვალა მისი ძირითადი მიმღებებიც. თუ წინა წლებში საბიუჯეტო კონტრაქტების მიღებით „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შემავალი ონლაინ გამოცემები ლიდერობდნენ, 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები „იმედის“ ვებგვერდზე მოდიოდა, ხოლო „პალიტრა მედიის“ გამოცემების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად „იმედის“ ონლაინ პლატფორმაზე ადგილობრივი არჩევნების გაშუქების მკვეთრი ასიმეტრია გამოიკვეთა. ბოლნისის არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გამოცემამ სულ მცირე 25 პუბლიკაცია დაეთმო, ოპოზიციური „ლელო – ძლიერი საქართველოს“ კანდიდატის კომენტარი კი მხოლოდ ერთხელ გაშუქდა – მაშინ, როდესაც მან კანდიდატურა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოხსნა.
საბიუჯეტო კონტრაქტებში გამოიკვეთა სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სისტემური რისკები.
რეგიონულ მედიაში განაწილება შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა კონცენტრაციის ტენდენცია იქაც ნარჩუნდება.
დასავლური დაფინანსების საჯარო კრიტიკის მიუხედავად, 2025 წელს რეგიონული მედიის საბიუჯეტო კონტრაქტების ნაწილიც დასავლური საგრანტო რესურსით ფინანსდებოდა.
რბილი ცენზურის პრობლემა, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას ახდენს მედია შინაარსზე ხელისუფლების მხარდასაჭერად ან მისი ოპონენტების წინააღმდეგ, 2025 წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
კვლავ გამოვლინდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინფორმაციული სინქრონის ნიშნები.
საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიის ნაწილი კოორდინირებულად ავრცელებდა დეზინფორმაციულ და დისკრედიტაციულ შინაარსსაც.
გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების გზავნილების მეინსტრიმულ მედიაში სისტემატიური და კოორდინირებული გავრცელების პრაქტიკა. 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ნახევარში საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ მედიაში 2 ყალბი პროფილის ციტირების 351 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი და იგივე ანგარიშის სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით.
ყალბი ანგარიშების ციტირება გამოიყენებოდა როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციისთვის, ისე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად.
საჯარო დაფინანსების განკარგვისას არ ყოფილა გათვალისწინებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რაც წინა წლებშიც პრობლემური იყო.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.