რა ხდება შავ ზღვაში, სადაც დრონები სატვირთო გემებს ესხმიან თავს – „რუსეთი ტესტავს ნატოს“
ბოლო 10 დღეში ნატოს წევრი ქვეყნების სანაპიროებთან სატვირთო გემებზე დრონების ხუთი თავდასხმა მოხდა, რის გამოც ორი გემი ჩაიძირა და 23 მეზღვაური დაიკარგა. ექსპერტ მეგი ბენიას განცხადებით, ეს რუსეთის მხრიდან წარმოებული საბოტაჟია, რომლითაც კრემლი ნატოს კოლექტიურ მზადყოფნას ტესტავს.

შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შემთხვევები გახშირდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან სატვირთო გემებზე დრონების თავდასხმის სულ მცირე ხუთი შემთხვევა იყო. ორი გემი ჩაიძირა, 23 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა. ბულგარეთი მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთი დგას.
„ჩვენ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში არის ომი“ – ამბობს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციალისტი მეგი ბენია. მას „ბათუმელებმა“ შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე ესაუბრა.
ქალბატონო მეგი შავ ზღვაზე არსებულ ვითარების შეფასება მინდა გთხოვოთ NATO-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმები გახშირდა. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმდინარე საბოტაჟის და დესტაბილიზაციის ოპერაციის ნაწილი. მათ შორის, ამას ჰიბრიდულ საფრთხეებსაც უწოდებენ, რომელიც გახშირებულია ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, ნატოს ევროპელ წევრებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.
შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი, თურქეთიც მათ შორის, არის ნატოს წევრი. რუსეთის აქტივობები, შავ ზღვაზე რომ ვკონცენტრირდეთ, უფრო მეტად დაკავშირებულია ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებთან და ეს არის უკრაინის წარმატებული ოპერაციები შავ ზღვაში.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელებმა შეიმუშავეს ინოვაციური წყალქვეშა დრონი, რომელიც აქტიურად გამოიყენება რუსული სამიზნეების წინააღმდეგ შავ ზღვაში და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, უკრაინელების საზღვაო ოპერაციები არის უპრეცედენტო.
მეგი ბენია, უსაფრთხოების ექსპერტი
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, იქნებოდა ეს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის თუ უკვე შემდგომში რუსეთის ფედერაციის დროს, იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დანაყოფი რუსეთის საზღვაო ძალებში, მისი ღირსების და სიამაყის გამოხატულება და უკრაინელებმა ეს შეარყიეს თავიანთი ოპერაციებით.
უკრაინელებმა რუსულ ფლოტს აიძულეს ცოტა უფრო აღმოსავლეთისკენ დაეხიათ, მაგალითად, სევასტოპოლში თუ იყო რუსული ფლოტის მთავარი ბაზა, მოუწიათ მისი გადატანა უფრო საკუთარი ტერიტორიებისკენ, აღმოსავლეთით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
2026 წლის ივლისში გახშირდა უკრაინული მხარის შეტევები რუსეთის გემებზე. ბოლო მონაცემები, რაც ვნახე, დაახლოებით 200 გემზე მოხდა შეტევა უკრაინელების მხრიდან, რამაც 75%-ით შეამცირა როგორიც კომერციული, ისე სამხედრო გემების გადაადგილება, განსაკუთრებით აზოვის ზღვაში.
აზოვის ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული არეალია შავი ზღვის აკვატორიაში. კომერციული, შეფარული, შენიღბული გემებით რუსეთი ამ გზით ცდილობდა, რომ გვერდი აევლო სანქციებისთვის და უზრუნველეყო საკუთარი ნავთობის ექსპორტი.
შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა მიმართულებით გადაინაცვლა შეტევებმა, თუმცა შავი ზღვის მიმართულებით ვითარება არის საკმაოდ დაძაბული.
ჩვენ საერთოდ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში აქტიური ომია, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით, უკრაინის სასარგებლოდ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ვხედავთ რუსეთის სხვადასხვა, პროვოკაციულ ქმედებებს.
ხდება თუ არა ამით კონფლიქტის გეოგრაფიული ესკალაცია და ნიშნავს თუ არა ეს, რომ შავ ზღვაში ომის ზონა უკვე ოფიციალურად გასცდა უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს და გადავიდა ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან?
ამის თქმა ძალიან რთულია.
ჯერჯერობით ნატო არ იმყოფება აქტიურ საომარ მოქმედებებში რუსეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავმიჯნოთ.
მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს ომის ზღვარს მიღმა მოქმედებები განახორციელოს ნატოს ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ფლანგზე – იგულისხმება ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ანუ ნატოს წევრ ქვეყნებთან ახლოს.
ამას ვერ დავარქმევთ ჯერჯერობით საომარ ან საომარი ტიპის მოქმედებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და ყურადღება უფრო მეტად გასამახვილებელია ნატოს, ბრიუსელის და ევროკავშირის წევრების მხრიდან.
რა მომენტში იქნება მზად რუსეთი იმისთვის, რომ ეს გადალახოს ეს ზღვარი – ეს არის ახლა მთავარი კითხვა და დილემა.
ამავე თემაზე: თურქეთი გამოსავალს ეძებს – გახშირებული თავდასხმები გემებზე შავ ზღვაში
ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენ ვნახეთ ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალ ალექსუს გრინკევიჩის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ნატო მზად არის გაუმკლავდეს [რუსეთს] და არა მხოლოდ გაუმკლავდეს სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, აჯობოს კიდეც.
ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის ანკარის სამიტზე, ნატოს ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა ის, თუ როგორ შეძლებს ნატო გაუმკლავდეს ან შეაკავოს რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც მაინც და მაინც საომარ მოქმედებებს ან საომარი ტიპის ქმედებებს არ წარმოადგენს, ეს ჯერ კიდევ ღია საკითხია, ჩემი აზრით.
რადგან გემებზე თავდასხმა შავ ზღვაში, ბულგარეთში, მოხდა ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ) და არა უშუალოდ ტერიტორიულ წყლებში, გავრცელდება თუ არა ამაზე ნატოს მე-4 [კონსულტაციები] ან მე-5 [კოლექტიური თავდაცვა] მუხლები?
თქვენ ალბათ ბულგარეთის მოსაზღვრედ რაც მოხდა, იმას გულისხმობთ, მაგრამ მანამდე იყო რუმინეთში საცხოვრებელ სახლზე დრონით შეტევაც. ეს რამდენად მიზანმიმართული იყო, თუ შეცდომა იყო – ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად დაფიქსირდა, რომ ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს წევრ სახელმწიფოში, რომელიც მათ შორის არის შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფო, შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფო, მოხდა შეტევა.
ამის საპასუხოდ, სამწუხაროდ, ნატოს არ ჰქონდა კოლექტიური პოზიცია და არა ცალკეული სახელმწიფოების.
ნატოს აქვს განსაზღვრული, რომ შეიძლება აამოქმედოს მეხუთე მუხლი ჰიბრიდული შეტევის შემთხვევაში, მაგრამ რა იქნება ის კონკრეტული მომენტი, როდესაც მოხდება ჯერ მეოთხე და შემდეგ კი მეხუთე მუხლის ამოქმედება და რაც ყველაზე მთავარია, რა ფორმით უნდა მოხდეს მეხუთე მუხლის ამოქმედება – აი, ეს ართულებს სწორედ პასუხს, ჩემი აზრით.
ერთადერთი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც მოხდა მეხუთე მუხლის ამოქმედება, იყო 9/11-ის საპასუხოდ [ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტი], მაგრამ მაშინაც კი ნატომ ძალიან დიდი დრო დახარჯა მსჯელობაში, ვგულისხმობ კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებას – რამდენად შეიძლებოდა ეს ტერორისტული შეტევა განსაზღვრულიყო და აღქმულიყო როგორც შეიარაღებული შეტევა, იმიტომ, რომ მეხუთე მუხლში საუბარი არის შეიარაღებულ შეტევაზე.
ამ შემთხვევაში ისეთი ბუნდოვანია ჩანაწერი, რა არის ჰიბრიდული შეტევა, როგორც ჩანს ამაზე კონსენსუსი, როგორც ჩანს, არ არსებობს ნატოში.
ასეთივე ჩანაწერი არის, მაგალითად, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, თუმცა ალბანეთის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში, რომელიც იყო ირანის მიერ განხორციელებული და დაადასტურეს ეს, მხოლოდ მეოთხე მუხლის ამოქმედება მოხდა, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი, არ არსებობს შეთანხმება იმაზე, ამ ტიპის შეტევების წინააღმდეგ როგორ შეიძლება მოხდეს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმების ამოქმედება.
ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ჩემი აზრით.
როგორ უნდა მოხდეს თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც გამოიყენება უპილოტო აპარატები და საზღვაო დრონები, რა სამხილებია საჭირო იმისათვის, რომ ოფიციალურ დონეზე დადგინდეს კონკრეტული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? მაგალითად, ბოლო შემთხვევების დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბულგარელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და დადგინდა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული თავდასხმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით.
როგორც ვიცით, კომერციულ გემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ გემებზეა საუბარი, რომლებიც გადიან უკრაინის ტერიტორიიდან, განსაზღვრულია კონკრეტული მარშრუტი, ამაში ჩართული თურქული მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ბოსფორის სრუტეში, ან ე.წ. თურქეთის სრუტეებში ამ გემების გასვლას და გადაადგილებას, მაგრამ ასეთი ინციდენტებიც ხდება.
დაცულობის თემა ძალიან რთულია, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა და ვფიქრობ, ნატოშიც ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს არის ახალი მოცემულობა ალიანსისთვის და არა მხოლოდ ალიანსისთვის, როგორც კოლექტიური ორგანიზაციისთვის, არამედ ალიანსის ცალკეული ქვეყნებისთვისაც.
მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალიანსშიც ეს მზადყოფნა, მაგალითად იგივე მედეგობის უზრუნველყოფა სახელმწიფოში, სამხედრო მზადყოფნა და ასე შემდეგ, სხვადასხვა დონეზეა, ყველას ერთნაირად არ აქვს.
მაგალითად, ჩვენ გვახსოვს ბალტიის ზღვაში მომხდარი საბოტაჟი კაბელებთან დაკავშირებით. იქ სწრაფად მოხდა საბოტაჟის აღკვეთა, ამას არ დასჭირდა კოლექტიური პასუხი, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მომზადება ასეთ საკითხებზე ძალიან მაღალ დონეზეა. რაც შეეხება ბულგარეთს და რუმინეთს, რომლებიც შავ ზღვას ესაზღვრებიან, ამ ქვეყნებში ეს მომზადება ასე ძლიერი არ არის და ეს კიდევ ართულებს საკითხს.
მეორეს მხრივ, მინახავს ეს მოსაზრებებიც – რატომ არ ხდება იგივე ტიპის პოლიტიკის ან მიდგომის გატარება შავ ზღვაზე ნატოს მხრიდან, როგორიც, მაგალითად, ბალტიის ზღვაზეა.
ამას ისევ და ისევ ართულებს ის საკითხი, რომ შავ ზღვაში მოცემულობა სხვაგვარია.
ბალტიის ზღვას ვეძახით უკვე ნატოს ტბას, იმიტომ, რომ ამ ზღვისპირა ყველა ქვეყანა უკვე ნატოშია, შავ ზღვაში კი ეს მოცემულობა არ გვაქვს. პლუს ამას, აქ გვაქვს აქტიური საომარი მოქმედებები, ახლა დაემატა უკვე ასეთი ქმედებები, რომლებიც რჩება ომის ზღვარს მიღმა, ჯერჯერობით.
ასეთი რთული სიტუაციაა და ამას საკმაოდ კომპლექსური პასუხი სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს პასუხი დასავლეთის მხრიდან არ ჩანს.
როგორ იმოქმედებს ეს ბაზარზე და დაზღვევაზე, საზღვაო დაზღვევის ტარიფების ზრდა ხომ არ გახდის შავ ზღვაში სამოქალაქო ნაოსნობას ეკონომიკურად არარენტაბელურს?
მე არ ვარ ეკონომიკის და ფინანსური საკითხების სპეციალისტი და გამიჭირდება შეფასება, მაგრამ სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების თემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
ფაქტია, რომ ის მოვლენები, რაც ახლა მსოფლიოში ვითარდება საომარი მოქმედებების თვალსაზრისით, გავლენას ფასებზეც ახდენს, მათ შორის.
ხომ არ არის საფრთხე, რომ შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი გადაიქცევა ნაოსნობისთვის ჩაკეტილ ზონად, რადგან უკვე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი თავდასხმები, მათ შორის რუმინეთის წყლებში დაფიქსირებული ინციდენტი, საფრთხეს უქმნის სავაჭრო ტვირთების დერეფანს?
ძალიან რთულია ამის შეფასება, ფაქტობრივად, ნაწილობრივ უკვე დახურულია შავი ზღვა.
2022 წლიდან [მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს] მოქმედებს მონტროს კონვენცია, რომელიც თურქეთმა აამოქმედა, მას შემდეგ, რაც დაიწყო საომარი მოქმედებები შავ ზღვაში. თურქეთს ამის უფლებას ჰქონდა. ასე რომ, ნაწილობრივ ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხება სამხედრო გემებს.
რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, გახსოვთ, რომ კრიზისი იყო უკრაინის მარცვლეულთან დაკავშირებით, რაღაცნაირად შეეცადნენ, რომ ეს კრიზისი მოეგვარებინათ, არსებობს შეთანხმება, არსებობს მარშრუტი, რომელზეც თურქეთმა თქვა, რომ ის უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. არსებობს ოპერაციული ცენტრი, რომელიც არის თურქეთში.
მეორე საკითხია, რომ კერძო კომპანია მაინც ყოველთვის აფასებს თავის რისკფაქტორებს, რამდენად დააყენებს საკუთარ გემებსა და საკუთარ პროდუქციას რისკის წინაშე, როცა, შესაძლოა, გემს დრონი მოხვდეს ან წყალქვეშა დრონმა გაიაროს შემთხვევით. კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით ოპერირებენ, ალბათ უფრო მეტ რისკს დაინახავენ.
მხოლოდ რისკ-ფაქტორების თვალსაზრისით შემიძლია შევაფასო ახლა ეს სიტუაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი აქტორი, რომელიც ახორციელებს ამ მავნე ქმედებებს, არის რუსეთი და არ მგონია თავად რუსეთის ინტერესებში იყოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც სრულად ჩაკეტავს შავ ზღვას.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, ასეთი აქტივობები ალბათ გახშირდება. შეიძლება დინამიკა იყოს განსხვავებული, რაღაც ეტაპზე შენელდეს, რაღაც ეტაპზე – გაიზარდოს.
საპასუხო ზომების თვალსაზრისით კი ალბათ უნდა ველოდოთ ცალკეულ ინიციატივებს. მაგალითად, ჩვენ ვიცით მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის [Black Sea Mine Countermeasures Task Group (MCM Black Sea)] და ახლა მოხდა მისი კიდევ უფრო გაძლიერება ანკარის სამიტის ფარგლებში.
აი, ესეთი ინიციატივები ალბათ იქნება, თუმცა ნატოს ან თუნდაც ევროკავშირის მხრიდან [რომელსაც საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს, მის სტრატეგიას თუ შევხედავთ, შავ ზღვასთან მიმართულებით], არა მგონია კოლექტიური პასუხი ვიხილოთ უახლოეს მომავალში მაინც შავი ზღვის მიმართულებით.
რუსეთმა ხომ კარგად იცის, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსა და პორტების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. რა სურს პუტინს ამ ეტაპზე?
მე ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც საბოტაჟის და დესტაბილიზაციის ოპერაციების ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს ზოგადად რუსეთის მხრიდან ნატოს და მისი ევროპელი წევრების წინააღმდეგ.
ამ ოპერაციების მიზანია გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ევროპის სახელმწიფოებში, მოსახლეობაში დათესოს შიში.
ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოებზე და როცა დემოკრატიულ ქვეყნებში დათესავ შიშს მოსახლეობაში, შეძლებ შენი ქმედებებით გავლენა მოახდინო მოსახლეობაზე, ესე იგი გავლენას ახდენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი ემსახურება უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირებას, რომ დასავლეთის მხარდაჭერა და განსაკუთრებით ევროპელი სახელმწიფოების, აღარ იყოს უკრაინის მიმართ.
მაგალითად, არჩევნების წინ შეიძლება გაიზადოს ასეთი ქმედებები.
ასევე მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – იმ გამოწვევების და პრობლემების ფონზე, რაც არსებობს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთი ტესტავს, როგორია რეალურად ნატოს კოლექტიური მზადყოფნა.
ასეთი შემთხვევები რუსეთისთვის არის, ასე ვთქვათ, შემოწმების საშუალება, რამდენად არის მზად ნატო გაუძლოს ასეთ შეტევებს, რამდენად არის მზად, რომ უპასუხოს, როგორც კოლექტიურმა ორგანიზაციამ. ეს რუსეთს აძლევს გარკვეულ წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს.
აი, ეს არის ორი მთავარი მიზეზი ამ ეტაპზე, ჩემი აზრით.
და შეიძლება იყოს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, უფრო „მსუბუქი“ – ეს არის ყურადღების გადატანის გზა და რუსეთისთვის ტრადიციული ხერხია, მაგრამ ერთჯერადი, ამიტომ მგონია, მთავარი მიზეზი არის ეს ორი: შემცირდეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და დაიტესტოს ერთობა [ნატო], რომელსაც ისედაც აქვს პრობლემები.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში არის ომი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.