„სახელმწიფო გადატრიალება“ – ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს „არალეგიტიმური უმცირესობის მიერ სახელმწიფო გადატრიალებას“ უწოდებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ანტიევროპულია და რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„დროას“ ლიდერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმიანება ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელს, რომელიც „ოცნებამ“ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებაა სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ.
ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ქონია.
ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფო 9 აპრილს, საქართველო აღარ იარსებებს, მსგავს სახელმწიფოებში ადამიანები არიან უბედურები და ამის ხმამაღლა თქმაც კი ეკრძალებათ“ – წერს ელენე ხოშტარია.
იგი მიიჩნევს, რომ ოცნების გადაწყვეტილება არის ხაზგასმით და დემონსტრაციულად ანტიევროპული:
„რა თქმა უნდა, მათ ეს პროცესი დაამთხვიეს ევროპაში მსჯელობას. რა თქმა უნდა, სარჩელის შინაარსში ჩაწერილია და ზოგადად სასამართლო პროცესებში ევროპა გამოცხადებულია მტრად. რა თქმა უნდა, ეს ხდება ევროპის ლანძღვის ფონზე და ევროპული წესების სრული განადგურებით. ეს უბრალოდ კი არ უგულებელყოფს, არამედ მიზნად ისახავს დასავლეთთან დაპირისპირებას, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროა.
ეს გადაწყვეტილება არის მცდელობა რუსეთის გეოპოლიტიკური გამარჯვების.
დღეს, რუსეთს, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი გავლენა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მარცხდება უკრაინაში, ჭირდება თვალსაჩინო წარმატების შემთხვევა და ამ პროცესის დაჩქარება ხდება მათ შორის რუსეთის ამგვარი დაკვეთით, რომ სწრაფად მომთავრდეს საქართველოს საკითხი და რუსეთმა გამოიყენოს, როგორც რეგიონში გამარჯვების შემთხვევა, ამას კი ჭირდება ხაზგასმით ყველაფერი ევროპულის განადგურება ქვეყანაში: კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, ოპოზიციის, ენჯეოების. აი ამ ამოცანას ემსახურება ეს გადაწყვეტილება.
ბიძინამ მომთავრება არაერთხელ ცადა.
ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა.
შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.
შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.
შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა.
ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება.
ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა. 25 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე თსუს პირველ კორპუსთან.
პ.ს პარტია „დროაც“, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და, რა თქმა უნდა, დროა კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ოცნების განადგურების სხდომებში“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ელენე ხოშტარიას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
რა ხდება?
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.