დეპუტატმა ჯაფარიძემ სანქცირებული POSTV-ის საკონტროლო პაკეტი 1000 ლარად გაყიდა
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი საკონტროლო პაკეტი, რომელიც 2022 წელს 520 000 ლარად შეიძინა, გიორგი შენგელიას 1000 ლარად მიჰყიდა.

ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც ამ დრომდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო.
წილების გადანაწილების შემდეგ POSTV-ის მეწილეები იქნებიან:
გიორგი შენგელია, 52%;
თემურ ჭარელაშვილი, 24%;
შალვა რამიშვილი, 24%.
გიორგი შენგელია ტელეკომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებში 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ჯაფარიძის წილის მმართველად დარეგისტრირდა.
შენგელია ასევე შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან ეს კომპანია POSTV-ის სანქცირებიდან მეორე დღეს, 2026 წლის 25 თებერვალს, დაარეგისტრირა.
ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის 3 ოქტომბერს 520 000 ლარად შეიძინა. ოთხი წლის შემდეგ კი იმავე წილს 1000 ლარად ყიდის.
ჩვენ ჯაფარიძესთან დაკავშირება ვცადეთ, რათა გვეკითხა, რატომ გადაწყვიტა POSTV-ის წილის გაყიდვა, თუმცა მან ჩვენს ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.
დიდმა ბრიტანეთმა POSTV-ს, „იმედთან“ ერთად, სანქციები 2026 წლის 24 თებერვალს დაუწესა. ბრიტანეთის ხელისუფლების განმარტებით, ტელეკომპანიები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებდნენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, ჯაფარიძე აცხადებდა, რომ POSTV-ის წილი არ დაუთმია და ამის გაკეთებას არც აპირებდა.
ვიქტორ ჯაფარიძე 59 წლისაა. ის პირველად დეპუტატი 2004 წელს გახდა, როდესაც მესტიის ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად აირჩიეს. 2012 წლიდან პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით ხვდებოდა. 2022 წელს მმართველი პარტია დატოვა და „ხალხის ძალას“ შეუერთდა, თუმცა 2024 წლის არჩევნებში კვლავ „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მონაწილეობდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.