ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი $1 ტრილიონს უახლოვდება
ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში $938.1 მილიარდს მიაღწია და შესაძლოა $1-ტრილიონიან ნიშნულს მოსალოდნელზე ადრე გადააჭარბოს. სექტემბერში ექსპორტი 36.3%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად მაღალტექნოლოგიური პროდუქციისა და ავტომობილების გაყიდვები განაპირობებს.

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა გასულ თვეს მოლოდინს გადააჭარბა, რამაც ქვეყანას გასული წლის სარეკორდო მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.
ჩინეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტი წლიურად 36.3%-ით გაიზარდა, რაც აგვისტოს 25%-იან მაჩვენებელსა და ანალიტიკოსების 25.5%-იან პროგნოზს საგრძნობლად აღემატება. პარალელურად, იმპორტი 31%-ით გაიზარდა და პროგნოზირებულ 24.5%-ს გადააჭარბა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში სავაჭრო პროფიციტმა $938.1 მილიარდს მიაღწია. თუ ექსპორტის ტემპი მკვეთრად არ შემცირდება, მაშინ ქვეყანა $1-ტრილიონიან ნიშნულს მოსალოდნელზე ადრე გადალახავს.
სექტემბერში სავაჭრო პროფიციტმა $133.53 მილიარდი შეადგინა. ამ შედეგის მიღწევა შეერთებულ შტატებთან არსებულმა $34-მილიარდიანმა და ევროკავშირთან დაფიქსირებულმა $34.8-მილიარდიანმა პროფიციტმა განაპირობა.
ექსპორტის ზრდას კვლავ მაღალტექნოლოგიური პროდუქცია და ავტომობილები განაპირობებს – პირველ ცხრა თვეში ნახევარგამტარების ექსპორტი 108%-ით გაიზარდა, ხოლო ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელმა 50%-ს გადააჭარბა.
პროფიციტის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანას ექსპორტზე უფრო მეტი საქონელი გააქვს, ვიდრე იმპორტით შემოაქვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.