პროტესტი ევროპაში - საფრანგეთში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით დაწყებული მასშტაბური აქციების ტალღა, ალბანეთსა და საბერძნეთზეც გავრცელდა
საფრანგეთში, ბელგიაში, საბერძნეთსა და ალბანეთში სტუდენტებისა და მოსწავლეების მასშტაბური პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირით, წყლის ჭავლითა და ასობით პირის დაკავებით უპასუხეს.

სპეცდანიშნულების რაზმები, პოლიცია და ჟანდარმერია - მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტს საფრანგეთის ხელისუფლებამ დღესაც სპეციალური საშუალებები: ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები დაუპირისპირა.
თითქმის 3 კვირაა, ქვეყნის 40-ზე მეტ ქალაქში პროტესტი არ წყდება. განათლების სისტემის რეფორმის და დაფინანსების ზრდის მოთხოვნით, ქუჩებში, სხვადასხვა მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის. აქციებზე ათასობით პირი დააკავეს, ნაწილს სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ბრალდებებს შორისაა ვანდალიზმი, ცეცხლის განზრახ წაკიდება, საჯარო წესრიგის დარღვევა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმა. დაკავებულების უმეტესობა არასრულწლოვანია.
შეზღუდვების ფონზე გრძელდება ახალგაზრდების პროტესტი მეზობელ ბელგიაშიც. სტუდენტები და მოსწავლეები ხელისუფლების რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც განათლების სექტორის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს. ქალაქ ლიეჟში, პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ, ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა და ქუჩებში სამ ადამიანზე მეტის ერთად გადაადგილება შეზღუდა. ბრიუსელში კი რეიდები ჩატარდა - სამართალდამცველებმა სხვადასხვა მისამართზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ამოიღეს. პოლიციამ არაერთი პირი დააკავა.
სტუდენტების პროტესტი დაიწყო საბერძნეთშიც. ახალგაზრდებმა კარვები ათენში, პარლამენტის შენობის წინ გაშალეს. სინტაგმის მოედანზე შეკრებილები საცხოვრებელი ქირის, კომუნალური გადასახადებისა და სასწავლო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ. სტუდენტური გაერთიანებების ცნობით, უნივერსიტეტებთან ახლოს ბინების დეფიციტისა და მაღალი ფასების გამო, ახალგაზრდების ნაწილი იძულებულია სწავლა შეწყვიტოს ან უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე უარი თქვას.
მსგავსი მოთხოვნებით სტუდენტური პროტესტი დაიწყო ალბანეთშიც. ტირანაში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა უწყების შენობას ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პოლიციამ 23 პირი დააკავა, 13 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.