ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანი CICA-ს სამიტს მასპინძლობს

ბაქოში CICA-ს სამიტი იმართება, სადაც რუსეთის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას. სამიტში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის დედაქალაქში ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგიც ჩავიდა.

აზერბაიჯანი CICA-ს სამიტს მასპინძლობს
აზერბაიჯანი CICA-ს სამიტს მასპინძლობსრადიო თავისუფლება

14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “აზიაში ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის ზომებზე კონფერენციის“ (CICA) სამიტში რუსეთის სახელით მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ამავე სამინისტროს X პლატფორმის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა სერგეი ლავროვისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ ის ბაქოში შეხვედრის ამსახველი ფოტო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე რუსეთი კურირებს ორ სფეროს - მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. CICA-ს ნდობის ხელშემწყობ ზომებს შორის საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის წინადადება რუსეთს წამოუყენებია. რუსეთის საგარეო უწყების საიტზე წერია:

„რეგულარულად ვატარებთ სემინარებს ინტერნეტის ქსელის მდგრად განვითარებაზე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათი დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებასთან გამკლავებაზე“.

CICA-ს წინა სამიტში, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ყაზახეთის დედაქალაქში გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა.

ირანი ბაქოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილით იქნება წარმოდგენილი, თურქეთი კი - საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. წინა სამიტზე ორივე ქვეყნიდან სამიტში პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

14 ოქტომბერს ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ბაქოში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. ის ოთხშაბათს ჩავიდა აზერბაიჯანის დედაქალაქში, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ისრაელის პრეზიდენტი ვიზიტს აზერბაიჯანის ებრაული თემის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს.

“აზიაში ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის ზომებზე კონფერენციის“ (CICA) მოწვევის იდეით 1992 წელს გამოვიდა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა და ინიციატივის საფუძვლად დასახელდა აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეფექტიანი სტრუქტურის შექმნა.

პლატფორმის წევრობისთვის სახელმწიფოს ნაწილი მაინც უნდა იყოს აზიის ტერიტორიაზე. დღეს ის 28 ქვეყანას აერთიანებს, აზიის ტერიტორიისა და მოსახლეობის თითქმის 90%-ით.

CICA ისწრაფვის სრულფასოვან საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბებისკენ, თუმცა დღემდე უპირატესად დიპლომატიური დიალოგისა და თანამშრომლობის ფორუმად რჩება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეგულარულად ვატარებთ სემინარებს ინტერნეტის ქსელის მდგრად განვითარებაზე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათი დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებასთან გამკლავებაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?