ჩვენი ავიაკომპანია კვირაში 4 რეისს ასრულებს, ტვირთების დიდი წილი ელექტრონულ კომერციაზე მოდის - CAMEX Airlines
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ტვირთბრუნვა 30%-ით გაიზარდა, რაშიც გადამზიდველების თქმით, მთავარი წვლილი TEMU-ს მსგავს პლატფორმებს უკავშირდება; CAMEX Airlines-ის ცნობით, გადამუშავებული ტვირთების დაახლოებით ნახევარი ქართულ ავიაკომპანიებზე მოდის.

გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოს საავიაციო სექტორში ტვირთბრუნვის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ ელექტრონულ კომერციას უკავშირდება.
როგორც „საქმის კურსის“ ეთერში CAMEX Airlines-ის საოპერაციო დირექტორმა განაცხადა, მომხმარებლების მხრიდან კვლავ მაღალია მოთხოვნა ელექტრონული კომერციის სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის ჩინურ “ტემუზე”, რაც საავიაციო სექტორში ზრდას იწვევს.
როგორც შაკო სეთურიძე აღნიშნავს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადამუშავებული ტვირთების დაახლოებით ნახევარი ქართულ ავიაკომპანიებზე მოდის. მათი კომპანიის წილი კი წელს 9 თვეში დაფიქსირებულ დაახლოებით 34 ათასამდე ტონაში 5000 ტონაა.
“2024 წლის შემდეგ ძირითადად რაც დიდი ჩინური პლატფორმა TEMU ამუშავდა, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში ტვირთის ავიაგადაზიდვებით ტვირთის მიწოდებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შემდეგ 2024–2025 წელს იყო პირველი დიდი, დაახლოებით 50%-იანი ზრდა და ახლა კიდევ ფიქსირდება ზრდა. ასევე არის სხვა პლატფორმებიც, რომელზეც მოთხოვნაა და ელექტრონული შეკვეთები გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ჩამოსვლის პერიოდი შემცირდა 7 დღემდე. მოთხოვნა არა მარტო ჩინეთიდანაა, ასევე გაზრდილია მოთხოვნა როგორც არის აშშ-დან და ასევე ევროპიდან. ბაზარი არსებულ მოთხოვნას ერგება.
შარშან, მაგალითად, ჩვენ კვირაში 2-დან 3 რეისამდე ვასრულებდით, რაც დაახლოებით 150 ტონა იყო. დღეს მხოლოდ ჩვენ ვასრულებთ 4 რეისს. სხვა ქართული ავიაკომპანიები ასევე ასრულებენ დაახლოებით 7-დან 8 რეისამდე, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ჩვენი ავიაკომპანია მუშაობს ძირითადად ჩინურ ტვირთებზე და ასევე უკანა გზაზე. ჩავდივართ ევროპაში და უკანა გზაზე მოგვაქვს ასევე საქართველოს ტვირთები. ძირითადი მიმართულება არის ჩინეთი-ევროპა, ჩინეთი-საქართველო და საქართველოში რაც ჩამოდის ტვირთები, იქიდან ტრანზიტული გზით მანქანებით შემდეგ გადადის ერევანში. არსებული 34 000 ტონიდან „კამექსის“ წილი დაახლოებით 5 000 ტონაა. სხვა ქართული ავიაკომპანიების არის დაახლოებით იგივე, 4-დან 5 ათას ტონამდე. რომ დავთვალოთ, 50% უკავიათ დღესდღეობით საქართველოს ავიაკომპანიებს და დანარჩენი არის უცხოური ავიაკომპანიები, მაგალითად, „თურქიშ კარგო“, „სილქ ვეი“ და „კარგოლუქსი“, - განაცხადა შაკო სეთურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წელს 9 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 33.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.