რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში?
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოში თითქმის ყოველი მეათე ბავშვი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. საქსტატის მონაცემების გადამოწმებით, 0-17 წლის ჯგუფში სიღარიბის მაჩვენებელი მართლაც 9.2%-ია და ასაკობრივ ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი რჩება.

"ოფიციალური მონაცემებითაც კი, თითქმის ყოველი მეათე ბავშვი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (9.2%). ეს იცით რას ნიშნავს? ამ ბავშვის ოჯახი მისი კვების, ჩაცმის, გათბობის , განათლებისა და ჯანდაცვისთვის დღეში 10 ლარსაც კი ვერ ხარჯავს... დაახლოებით 85 ათასი ბავშვია ასეთი’’- განაცხადა პარტია „ფედერალისტების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები, რომელზედაც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს, BMG-მ გადაამოწმა.
აბსოლუტური სიღარიბის დონე
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის დადგენილ ზღვარს მიღმა და ვერ აკმაყოფილებს საბაზისო საჭიროებებს. საქართველოში ამ მაჩვენებელს საქსტატი ითვლის, სიღარიბის ზღვარი ხარჯების მიხედვით განისაზღვრება. 2025 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი ერთ ადამიანზე თვეში დაახლოებით 300 ლარი იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აბსოლუტური სიღარიბე ასახავს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.
ასაკობრივ ჭრილში მონაცემების განხილვა აჩვენებს, რომ სიღარიბის დონე ყველაზე მაღალი ბავშვებშია. 2025 წელს 0-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.2% იყო, რაც ქვეყნის საერთო მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, ბავშვთა სიღარიბე 18-64 წლის მოსახლეობის სიღარიბის დონეზე 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის პირების მაჩვენებელზე 4 პროცენტული პუნქტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფში მცირდება. 2022 წლის შემდეგ ბავშვთა სიღარიბის დონე 20.4%-დან 9.2%-მდე დაეცა. კლების მიუხედავად, ბავშვთა სიღარიბე კვლავ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება ასაკობრივ ჯგუფებს შორის.
გრაფიკი 1: აბსოლუტური სიღარიბე, ასაკობრივ ჭრილში, 2022-2025 წლებში
წყარო: საქსტატი
სოციალურად დაუცველი ბავშვები - აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკის მიღმა
საყურადღებოა, რომ ბავშვთა სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება იმ პირობებშიც, როდესაც სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უმეტესწილად უშუალოდ ბავშვებზეა ორიენტირებული. ამასთან, სავარაუდოა, რომ ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოებამ და დახმარების ოდენობის ზრდამ ბავშვთა აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
2021 წელს გაფართოვდა როგორც ბავშვთა ფულადი დახმარების მიმღებთა კატეგორია, ისე გაიზარდა დახმარების ოდენობა, რამაც პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი. ფულად დანამატს იღებენ 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. 2021 წლის 1 ივლისამდე დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები იყო.
ამასთან, დახმარების ოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა: 2020 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ ბავშვზე თვეში 50 ლარს იღებდა, 2021 წლის 1 ივლისიდან ბავშვთა დახმარება 100 ლარამდე გაორმაგდა, 2022 წელს 150 ლარი გახდა, ხოლო 2023 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიური დახმარება 200 ლარს შეადგენს.
ამ ცვლილებების ფონზე, 16 წლამდე იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებდნენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს 216 004-ს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს კი 250 753-მდე გაიზარდა. ზრდა 34 749 პირს, ანუ 16.1%-ს შეადგენს.
ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოება და ფულადი დახმარების ზრდა, სავარაუდოდ, ბავშვთა აბსოლუტური სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო. თუმცა, პროგრამის გავლენის ზუსტად განსაზღვრისთვის საჭიროა დამატებითი ანალიზი.
საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვები სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათი ნაწილი შესაძლოა სახელმწიფო ფულადი დახმარებისა და სხვა სოციალური ბენეფიტების გათვალისწინებით აბსოლუტური სიღარიბის ოფიციალურ სტატისტიკაში არ ხვდებოდეს, თუმცა სოციალურად დაუცველ ოჯახში ცხოვრება მათ სიღარიბის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.
რას უდრის 9.2 პროცენტი? - მეთოდოლოგიური დაზუსტება
თამარ ჩერგოლეიშვილი თავის განცხადებაში ამბობს, რომ საქართველოში 922 ათასი ბავშვი ცხოვრობს, სწორედ ამ მონაცემს ეყრდნობა ის ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლების გამოსათვლელად.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 18 წლამდე ასაკის 922 159 პირი ცხოვრობს. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის (9.2%) ამ რაოდენობაზე გადაანგარიშებით გამოდის, რომ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა დაახლოებით 85 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს, ანუ ყოველი მე-11 ბავშვი.
თუმცა, ამ გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. საქსტატმა BMG-ს განუმარტა, რომ 2024 წლის აღწერის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა 2025 წლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ამ განახლებულ მონაცემს ჯერ არ ეფუძნება. მაჩვენებელი კვლავ აღწერამდელი მოსახლეობის რაოდენობითაა გამოთვლილი, რათა წინა წლებთან შესადარისი დარჩეს. მათივე ცნობით, მომავალში სიღარიბის მაჩვენებელი მოსახლეობის განახლებულ მონაცემებს დაეყრდნობა, რაც წინა წლების მონაცემების გადაანგარიშებასაც მოითხოვს.
შესაბამისად, ბავშვთა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის გამოსათვლელად საჭიროა იმ პერიოდის მოსახლეობის მონაცემების გამოყენება, რომელსაც საქსტატის არსებული გაანგარიშება ეფუძნება. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 18 წლამდე ასაკის 841 727 პირი ცხოვრობდა. ამ რაოდენობის 9.2% დაახლოებით 77.4 ათასი ბავშვია, თუმცა მათი წილი უცვლელი რჩება, დაახლოებით ყოველი მე-11 ბავშვი [ზუსტი შეფარდება 10,9] აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.
დასკვნა
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს 0-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მართლაც 9.2% იყო. ამასთან, ბავშვები კვლავ ის ასაკობრივი ჯგუფია, სადაც სიღარიბე ყველაზე მაღალია და ქვეყნის საერთო მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.
განცხადებაში არის მცირე მეთოდოლოგიური უზუსტობა. პოლიტიკოსი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ 85 ათასამდე ბავშვს 2026 წლის 1 იანვრის მონაცემით (922 159) ითვლის, რომელიც აღწერის შედეგად განახლებულ მოსახლეობას ეფუძნება. 9.2%-იანი მაჩვენებელი კი საქსტატმა აღწერამდელი მოსახლეობის ბაზით გამოითვალა, რათა წინა წლებთან შესადარისი დარჩენილიყო. ამ ბაზით (841 727) აბსოლუტურ სიღარიბეში დაახლოებით 77.4 ათასი ბავშვი ცხოვრობს. ეს განსხვავება განცხადების არსს არ ცვლის. რიცხვი, რომელსაც პოლიტიკოსი ასახელებს, ოფიციალურ მაჩვენებელზეა დაფუძნებული, ხოლო სხვაობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ბაზაა გამოყენებული.
ორივე გაანგარიშებით, აბსოლუტურ სიღარიბეში დაახლოებით ყოველი მე-11 ბავშვი ცხოვრობს (ზუსტი შეფარდება 10.9), ამიტომ ,,ყოველი მეათე’’ მცირედით დამრგვალებული ფორმულირებაა.
,,დღეში 10 ლარზე ნაკლები’’ შეესაბამება აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს, რომელიც ერთ ადამიანზე თვეში 300 ლარია, ამიტომ პოლიტიკოსის ეს განმარტებაც არსებითად სწორია.
ამრიგად, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება ბავშვთა სიღარიბეზე სიმართლეა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.