რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებს
რუსეთის ცენტრალური ბანკის სპეციალისტები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკის მუშაობაში ერთვებიან. მხარეები 2012 წლის საბანკო შეთანხმების განახლებას, რუსულ საგადახდო სისტემა „მირთან“ ინტეგრაციასა და რუსული ბანკების მომსახურების გაფართოებას გეგმავენ.

ცხინვალის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის სპეციალისტები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკის მუშაობაში მონაწილეობენ, ადგილობრივ ფინანსურ სექტორს რუსულ სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარებიან, ხოლო მხარეები საბანკო თანამშრომლობის 2012 წლის შეთანხმების განახლებას გეგმავენ. პარალელურად, ცხინვალი რუსულ საგადახდო სისტემასთან „მირ“ ინტეგრაციისა და რუსეთის ბანკების მომსახურების გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს.
13 ოქტომბერს ცხინვალში რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის, სერგეი ბელოვის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსლან ხაბალოვს შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის განვითარებისას რუსეთის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. რუსი სპეციალისტები ადგილობრივ ბანკებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, კიბერსაფრთხეებთან ბრძოლასა და IT-ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარებიან.
რუსი სპეციალისტები ადგილობრივი ბანკის მუშაობაში მონაწილეობენ
რუსეთის ჩართულობა საბანკო სექტორში მხოლოდ ოქტომბრის შეხვედრით არ დაწყებულა. 2025 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა სოსლან ბეკოევმა განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან წლის განმავლობაში სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და სამხრეთ ოსეთის ეროვნულ ბანკში უკვე მუშაობდნენ რუსი სპეციალისტები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს რუსეთის ცენტრალური ბანკის სამხრეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები სამხრეთ ოსეთში ყოველკვარტალურად, ათი სამუშაო დღით ჩავიდოდნენ, შემდეგ კი ადგილობრივ კოლეგებს დისტანციურად გაუწევდნენ მხარდაჭერას. ამავე დროს, განიხილებოდა ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის სამხრეთ ოსეთში მუდმივად დასაქმება, რადგან, ბეკოევის განცხადებით, ადგილობრივად შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები არ ჰყავდათ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ეროვნული ბანკისა და შემნახველი ბანკის თანამშრომლებისთვის რუსეთის ცენტრალურ ბანკში სტაჟირებებიც დაიგეგმა.
2025 წლის 8 დეკემბერს მხარეებმა 2026 წელს რუსი სპეციალისტების ხანგრძლივი მივლინებებისა და საბანკო სექტორის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ შეთანხმებაც გაასაჯაროეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგადახდო სისტემა რუსულ „მირს“ უნდა დაუკავშირდეს
2026 წლის თებერვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემის ხელმძღვანელ დიმიტრი დუბინინთან სამხრეთ ოსეთის ეროვნული საგადახდო სისტემის შექმნა განიხილა. ადგილობრივი ბანკის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რუსულ „მირთან“ ინტეგრაციაც იგეგმება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ადგილობრივ კომერციულ ბანკებს „მირის“ საგადახდო სისტემის მოქმედების არეალში ოპერირების შესაძლებლობა ექნებათ.
თებერვლის დასაწყისში ბეკოევმა და ბელოვმა მოსკოვში ასევე განიხილეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეროვნული საგადახდო სისტემის შექმნის პერსპექტივა და რუსულ სისტემასთან ინტეგრაციის მექანიზმები.
სანქციების შემდეგ საერთაშორისო გადახდები პრობლემად იქცა
2025 წლის დეკემბერში ბეკოევმა განაცხადა, რომ “რუსეთის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემდეგ სამხრეთ ოსეთს ბანკ VTB-ის მეშვეობით ანგარიშსწორებისას სირთულეები შეექმნა”. მისივე თქმით, განიხილებოდა ჩინურ იუანში ანგარიშის გახსნა, რაც საერთაშორისო გადახდების აღდგენას, სულ მცირე, დასავლეთ ევროპის მიმართულების მიღმა უნდა დახმარებოდა.
ამავე ანგარიშში ბეკოევმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსული ბანკის, პრომსვიაზბანკის (PSB), წარმომადგენლობა იმ დროისთვის ბარათებს მხოლოდ პენსიონერებზე გასცემდა. განიხილებოდა ამ მომსახურების გაფართოება, რათა რუსეთის საბანკო ბარათების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას ვლადიკავკაზში გამგზავრების გარეშე შეძლებოდა.
2012 წლის შეთანხმების გადახედვა რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების ფონზე
13 ოქტომბრის შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ 2012 წლის შეთანხმების გადახედვა გახდა საჭირო. მისი თქმით, დოკუმენტს მხარეები 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი მოკავშირეული ურთიერთქმედების გაღრმავების შეთანხმების გათვალისწინებით გააანალიზებენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემდეგ სამხრეთ ოსეთს ბანკ VTB-ის მეშვეობით ანგარიშსწორებისას სირთულეები შეექმნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.