სანდრო ელოშვილი: ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ღამის 11 საათზე, სამ გრადუსში, რომ იგრძნობა როგორც ნული… ეს გოგონა ზურგზე ჩანთით, ყველაზე ლამაზი იყო… ლამაზი, როგორც თვითონ
სანდრო ელოშვილი: ღამის 11 საათია, ქუჩაში სამი გრადუსია, მაგრამ ტელეფონი მეუბნება, რომ იგრძნობა როგორც ნული… ფეხით მოვუყვები ჭავჭავაძის გამზირს, ვგრძნობ როგორ მეყინება ცხვირი, ხელებს ქურთუკის ჯიბეებში ვმალავ… არ ვიცი რას გრძნობს ტელეფონი, მაგრამ ვგრძნობ რომ ყინავს… გადაკეცილ საყელოს ვასწორებ და ბოლო ღილს ყელთან ვიკრავ. ქარი, ხმაურით დაათრევს ტოტებს, ქუჩაში ხალხი კი არა, მანქანებიც აღარ დადიან…

რეჟისორი სანდრო ელოშვილი:
ღამის 11 საათია, ქუჩაში სამი გრადუსია, მაგრამ ტელეფონი მეუბნება, რომ იგრძნობა როგორც ნული… ფეხით მოვუყვები ჭავჭავაძის გამზირს, ვგრძნობ როგორ მეყინება ცხვირი, ხელებს ქურთუკის ჯიბეებში ვმალავ… არ ვიცი რას გრძნობს ტელეფონი, მაგრამ ვგრძნობ რომ ყინავს… გადაკეცილ საყელოს ვასწორებ და ბოლო ღილს ყელთან ვიკრავ. ქარი, ხმაურით დაათრევს ტოტებს, ქუჩაში ხალხი კი არა, მანქანებიც აღარ დადიან…
ამინდი არის სახლის, სითბოსი და ცხელი ჩაის…
ამინდი არის თბილი წინდების და თბილი პლედის…
ამინდი ბუხრის, ამინდის საბნის…
ამინდი წიგნის, კინოს ამინდი…
მეგობრების, საყვარელი ადამიანების, ერთმანეთის… ოღონდ სახლში.
მეც სახლში მივდივარ, გონებაში მანძილი დროში გადამყავს და ჩემს თავზე ვბრაზობ, ტაქსი რომ არ გამოვიძახე… დედაჩემმა მომწერა, პლედის დრო აღარ არის და საბანი გამოგიღეო…
- რომ იცოდე დედი როგორ მცივა, საბანს კი არა, “გრელკას” ჩამიგდებდი ლოგინში!
მხოლოდ გავიფიქრე, არ ვუთხარი… ვუთხარი მხოლოდ ის, რომ ტაქსში ვზივარ და მალე მოვალ მეთქი.
ნაბიჯს ავუჩქარე, ასე სახლშიც უფრო მალე მივალ და გავთბები კიდეც. მას შემდეგ რაც სათვალის ტარება მეზარება, 20-25 მეტრის მოშორებით ყველაფერს ისე ვხედავ, როგორც აკვარელით დახატულ ნახატს, შემდეგ კი ნელნელა იწყებს ფოკუსი გასწორებას და ასე შევამჩნიე ჩემს წინ მომავალი გოგონა… არც მანქანა, არც მოტოციკლი, არც სკუტერი და არც ველოსიპედი… ფეხით მიდის, ზურგზე ჩანთით…
გურამ დოჩანაშვილი ამბობს, ღვთისმშობელი ლამაზი იყო როგორც თვითონო… და ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ღამის 11 საათზე, სამ გრადუსში, რომ იგრძნობა როგორც ნული… ეს გოგონა ზურგზე ჩანთით, ყველაზე ლამაზი იყო… ლამაზი, როგორც თვითონ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…