რომან გოცირიძე: ვნახოთ, რა განსხვავებაა პრობლემების მოგვარების სერბულ და ქართულ მიდგომებს შორის
როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტს აუქმებდნენ, ქართველმა პროფესორებმა ხელისუფლების არგაღიზიანების გზა აირჩიეს. მათ ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართეს. მიმართვა ისე შეადგინეს, თითქოს განათლების სისტემის დეგრადაციაში თავად ივანიშვილს ბრალი არ მიუძღოდა და ყველაფერი მის დაუკითხავად მოქმედი ხელქვეითების ბრალი იყო.
რომან გოცირიძე:
სერბეთში ფაქტობრივად ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ სტუდენტებმა ხელში აიღეს ძალაუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავად გახდებიან დეპუტატები და მინისტრები. მათ შეარჩიეს ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა უნდა მართონ.
სტუდენტების მიერ შედგენილ საპარლამენტო სიაში 250 ადამიანია. მათგან 170 მეცნიერებათა კანდიდატია. სია ძირითადად პროფესორ-მასწავლებლებისგან შედგება. ეს ადამიანები სტუდენტებს თანაუგრძნობდნენ და მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. პრემიერ-მინისტრი კი ექიმი კარდიოლოგი გახდება. ის აქციების დროს ცრემლსადენი გაზით მოწამლულებს ეხმარებოდა და თავადაც მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში.
ახლა ვნახოთ, რა განსხვავებაა პრობლემების მოგვარების სერბულ და ქართულ მიდგომებს შორის.
როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტს აუქმებდნენ, ქართველმა პროფესორებმა ხელისუფლების არგაღიზიანების გზა აირჩიეს. მათ ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართეს. მიმართვა ისე შეადგინეს, თითქოს განათლების სისტემის დეგრადაციაში თავად ივანიშვილს ბრალი არ მიუძღოდა და ყველაფერი მის დაუკითხავად მოქმედი ხელქვეითების ბრალი იყო.
ამ მიმართვამ შედეგი გამოიღო: ორი უნივერსიტეტი არ გაერთიანდა. სამაგიეროდ, ილიას უნივერსიტეტი გაანადგურეს. განათლების სისტემა კი კვლავ ისეთივე დეგრადირებული დარჩა, როგორიც მანამდე იყო.
სერბული მაგალითი ერთ რამეს გვასწავლის: შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებ და მოქმედებას დაიწყებ.
როდესაც მამებს აღარ შეუძლიათ, საქმეს შვილები აკეთებენ. ესეც სერბეთის გამოცდილებაა. ეს რა თქმა უნდა გარდამავალი მთავრობაა. მთავარი ისაა, რომ ვუჩიჩის 14 წლიანი პრორუსული მმართველობა მოიცილეს. რუსეთისადმი სიყვარული სერბებს სისხლში აქვთ და ეს ასე სწრაფად ვერ შეიცვლება, მაგრამ რაც მოხდა, ეს ბევრ რამეს შეცვლის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…