2002 წლის 23 ოქტომბერს, რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციისას გამოიყენეს დღემდე უცნობი გაზი, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია
რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციისას გამოიყენეს დღემდე უცნობი გაზი, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. მხუთავი გაზის ზემოქმედების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. არ დადგენილა, რამდენი ექიმი იყო შტურმის დღეს იმ საავადმყოფოებში, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას.
24 წლის წინ, 2002 წლის 23 ოქტომბერს, 40-მა ჩეჩენმა ბოევიკმა მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით მძევლად აიყვანეს მიუზიკლ „ნორდ ოსტის“ მაყურებლები დუბროვკის თეატრალური ცენტრის შენობაში. სულ შენობაში იმყოფებოდა 912 ადამიანი. მათ შორის, ქალები და ბავშვები.
ჩეჩნები მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ რუსი სამხედროების ჩეჩნეთიდან გაყვანას მოითხოვდნენ.
სამი დღე-ღამის განმავლობაში, ეს ადამიანები ტერორისტთა ტყვეები იყვნენ. სამი დღის შემდეგ კი რუსეთის ხელისუფლებამ შენობაზე შტურმის გადაწყვეტილება მიიღო, შტურმმა ტერორისტებთან ერთად მძევლების სიცოცხლეც იმსხვერპლა - 139 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.
რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციისას გამოიყენეს დღემდე უცნობი გაზი, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. მხუთავი გაზის ზემოქმედების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. არ დადგენილა, რამდენი ექიმი იყო შტურმის დღეს იმ საავადმყოფოებში, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას.
გამოძიებას არ დაუდგენია იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ კოორდინაციას ექიმების, მაშველებისა და სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებებს შემთხვევის ადგილზე. ასევე არ დადგენილა, რატომ დაიწყო მძევლების ევაკუაცია შტურმის დაწყებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ. ეს ის საკითხებია, რაც დღემდე საიდუმლოდ რჩება ევროპელი უფლებადამცველებისთვის და რომლის გარკვევის სურვილიც არაერთხელ გამოთქვა სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სადაც თავის დროზე 64-მა ადამიანმა შეიტანა სარჩელი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ.
სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ:
„ტრაგედიის მსხვერპლთ არ გაუწიეს ადექვატური სამედიცინო დახმარება „ფსბ“-ს მიერ უცნობი გაზის გამოყენების შემდეგ, რის გამოც დაიღუპნენ არა მარტო ტერორისტები, არამედ მძევალთა დიდი რაოდენობა, გარდა ამისა, არ ჩატარებულა მომხდარის ეფექტური გამოძიება, რითად რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუძემდებლური პრინციპები“.
ტრაგედიის შედეგად დაზარალებულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია ”ნორდ-ოსტი”, ეს ორგანიზაცია ხელისუფლებისგან განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა, რადგანაც ტრაგედიის დროს უამრავმა ადამიანმა ქრონიკული დაავადება შეიძინა, ხოლო სამკურნალო სახსრები მათ არ გააჩნდათ. რუსეთის ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ნორდ-ოსტის ტრაგედია არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება იმისა თუ რა ფასი აქვს რუსეთის მთავრობისთვის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…