NCDC: ინტოქსიკაციის შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბაღებში გამოვლენილ ინტოქსიკაციის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო… ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.
ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა – ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება”, – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. მათივე განმარტებით, კვლევები ისევ გრძელდება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა ”კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს”.
ცნობისთვის, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღმოუჩინეს.  ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.