Meta-მ სრულად დაბლოკა კრემლის ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები

ამერიკულმა კომპანია Meta-მ თავის პლატფორმებზე სრულად დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“, ტელეარხი RT და მათთან კავშირის მქონე სხვა ორგანიზაციები.
Meta-მ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ზომები გააფართოვა უცხოეთში მათი ჩარევის მცდელობების გამო.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით 2013 წელს შექმნილი მედიაჯგუფი აერთიანებს სააგენტო „რია ნოვოსტის“, სააგენტო და რადიო „სპუტნიკს" და სხვა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს და საინფორმაციო პორტალებს ათეულობით ენაზე.
მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვია, ხოლო მთავარი რედაქტორი - მარგარიტა სიმონიანი. კრემლის მიერ შექმნილი მედიაჯგუფი და მისი ხელმძღვანელები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისთვის სანქცირებული არიან აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანადის მიერ.
ორი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კომპანია Meta-მ, რომელიც Facebook-ის, Instagram-ის, Threads-ის და WhatsApp-ის მფლობელია, რუსეთის ამ სახელმწიფო პროპაგანდისტული საშუალებების წინააღმდეგ ნაკლებად მკაცრი ზომები მიიღო, აუდიტორია შეუზღუდა და თავის პლატფორმებზე მათი რეკლამა აკრძალა.
რუსეთის ხელისუფლებას Meta „ექსტრემისტულ ორგანიზაციად" ჰყავს გამოცხადებული.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.