ფორტიმილი
Fortimil
ეს პრეპარატი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს დიდროგესტერონს. დიდროგესტერონი ქალის პროგესტოგენური ჰორმონია. პროგესტოგენურ ჰორმონებს დაახლოებით იგივე ეფექტი აქვთ, რაც ბუნებრივ პროგესტერონს. ესტროგენულ ჰორმონებთან ერთად, ის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიდროგესტერონი (dydrogesterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Haupt Pharma Münster GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნადიენის წარმოებულები
- ATC კოდი
- G03DB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045177
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Aversi-Pharma“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფორტიმილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს დიდროგესტერონს.
დიდროგესტერონი ქალის პროგესტოგენური ჰორმონია. პროგესტოგენურ ჰორმონებს დაახლოებით იგივე ეფექტი აქვთ, რაც ბუნებრივ პროგესტერონს. ესტროგენულ ჰორმონებთან ერთად, ის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.
ფორტიმილი გამოიყენება:
ისეთი პრობლემების დროს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ თქვენი ორგანიზმი საკმარის პროგესტერონს არ გამოიმუშავებს
მენსტრუალური ციკლის რეგულირებისთვის;
საშვილოსნოს გარეთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის არსებობა (ენდომეტრიოზი);
მტკივნეული მენსტრუაცია;
მენსტრუაციის არარსებობა
უჩვეულოდ მძიმე და/ან არარეგულარული მენსტრუაცია
უნაყოფობა პროგესტერონის დაბალი დონის გამო;
ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ფარგლებში;
მუცლის მოშლის საფრთხის შემცირება;
თუ გქონიათ მრავალჯერადი მუცლის მოშლა (განმეორებითი მუცლის მოშლა).
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
ესტროგენთან ერთად, დიდროგესტერონის ტაბლეტები ასევე გამოიყენება:
მენოპაუზის შემდგომი სიმპტომების მკურნალობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დარღვევების თავიდან ასაცილებლად;
ორგანიზმი ჩვეულებრივ ეძებს ბალანსს ბუნებრივი ჰორმონების პროგესტერონისა და ესტროგენის (ქალის კიდევ ერთი ჰორმონი) რაოდენობას შორის. თუ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის პროგესტერონს, ეს პრეპარატი ახდენს ამის კომპენსირებას და აღადგენს ბალანსს.
ექიმმა შეიძლება ასევე გთხოვოთ ამ პრეპარატთან ერთად ესტროგენის გამოყენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ იყენებთ დიდროგესტერონის ტაბლეტებს.
ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ ზოგიერთ ქალში, მხოლოდ ესტროგენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათოლოგიური გასქელება. ეს შეიძლება ასევე ეხებოდეს იმ შემთხვევას, როდესაც არ გაქვთ საშვილოსნო და გქონიათ ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს გარეთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი). ამ პრეპარატის გამოყენება მენსტრუალური ციკლის დროს დაგეხმარებათ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედმეტად გასქელების თავიდან აცილებაში.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ ფორტიმილი
მიიღეთ თითოეული ტაბლეტი წყალთან ერთად.
შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტები საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ დღეში 1 ტაბლეტზე მეტს იყენებთ, მათი მიღება უნდა გადაანაწილოთ დღის განმავლობაში. მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
ეცადეთ, ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენს ორგანიზმში პრეპარატის მუდმივი რაოდენობა იქნება. ეს ასევე დაგეხმარებათ ტაბლეტების მიღების დამახსოვრებაში.
ტაბლეტებს აქვს ჭრილი, რათა უფრო ადვილი იყოს ტაბლეტების გატეხვა და გადაყლაპვა. ჭრილის ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გასაყოფად.
რამდენი ფორტიმილი უნდა მიიღოთ?
ტაბლეტების რაოდენობა და მათი მიღების დღეები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით მკურნალობთ. თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია, მენსტრუალური ციკლის პირველი დღე არის თქვენი მენსტრუაციის პირველი დღე. თუ მენსტრუაცია აღარ გაქვთ, ექიმი თქვენთან ერთად გადაწყვეტს, როდის იქნება მენსტრუალური ციკლის პირველი დღე და როდის დაიწყებთ ტაბლეტების მიღებას.
მენსტრუალური ციკლის რეგულირებისთვის:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ციკლის 11-დან 25-ე დღემდე.
ამ დოზირების სქემით შესაძლებელია 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის მიღწევა.
ენდომეტრიოზის დროს (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის არსებობა საშვილოსნოს გარეთ):
მიიღეთ 1-3 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი უნდა მიიღოთ შემდეგნაირად:
o მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
o ან მხოლოდ მენსტრუალური ციკლის 5-დან 25-ე დღემდე.
მტკივნეული მენსტრუაციის დროს:
მიიღეთ 1 ან 2 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ მხოლოდ მენსტრუალური ციკლის 5-დან 25-ე დღემდე.
უჩვეულოდ ჭარბი ან არარეგულარული მენსტრუაციის დროს:
მენსტრუაციის შეჩერებისთვის:
o მიიღეთ 2 ტაბლეტი დღეში.
o მიიღეთ 5-დან 7 დღემდე. ამის შემდეგ გექნებათ ძლიერი სისხლდენა.
უწყვეტი მკურნალობისთვის:
o მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
o მიიღეთ მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში.
ტაბლეტების მიღების დაწყების თარიღი და დღეების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე. მოხსნის სისხლდენა, როგორც წესი, ხდება დიდროგესტერონის ბოლო ტაბლეტის მიღებიდან რამდენიმე დღეში.
პროგესტერონის დაბალი დონის შედეგად გამოწვეული უნაყოფობის დროს:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ციკლის 14-დან 25-ე დღემდე.
გააგრძელეთ მკურნალობა მინიმუმ ზედიზედ 3 ციკლის განმავლობაში.
ლუთეინური ფაზის მხარდასაჭერად, როგორც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ნაწილი:
მიიღეთ 3 ტაბლეტი დღეში, დაწყებული კვერცხუჯრედების აღების დღიდან. ამ მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს 12 კვირის განმავლობაში, თუ ორსულობა დადასტურდა.
აბორტის საფრთხის შესამცირებლად:
დაიწყეთ 4 ტაბლეტით. შემდეგ, 1 ტაბლეტი ყოველ 8 საათში. თუ ნიშნები არ გაქრება ან არ დაბრუნდება, 2 ტაბლეტი ყოველ 8 საათში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, რაოდენობა შეიძლება თანდათან შემცირდეს.
თუ გქონდათ მრავლობითი აბორტი:
მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ ორსულობის მე-12 ან მე-20 კვირამდე ან ექიმის დანიშნულებისამებრ. ამ პერიოდის შემდეგ, ექიმმა შეიძლება თანდათან შეამციროს დოზა. მკურნალობა სასურველია დაიწყოს ჩასახვამდე.
მენოპაუზამდე მენსტრუაციის არარსებობის შემთხვევაში:
მიიღეთ 1 ან 2 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ციკლის 11-დან 25-ე დღემდე
მენოპაუზის შემდგომი სიმპტომების მკურნალობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანომალიების თავიდან ასაცილებლად;
ესტროგენით მკურნალობის 28-დღიანი ციკლის საფუძველზე: 1-დან 2 ტაბლეტამდე დღეში 14 დღის განმავლობაში თითო ციკლში. მოხსნის სისხლდენა, როგორც წესი, ბოლო ტაბლეტის მიღებიდან რამდენიმე დღეში მოხდება.
თუ მიიღეთ ფორტიმილის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ (ან სხვა ვინმემ) მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, ეს, როგორც წესი, არ გამოიწვევს რაიმე ზიანს. მკურნალობა არ არის საჭირო. თუ შეშფოთებული ხართ, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფორტიმილის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ ტაბლეტის მიღებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ გამოტოვებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მცირე სისხლდენა.
თუ დაგავიწყდათ ფორტიმილის მიღება, როდესაც ის გამოიყენება ლუტეინური ფაზის მხარდასაჭერად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ფარგლებში.
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ და მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ ფორტიმილის მიღებას.
არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმთან დაკავშირებამდე.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია დიდროგესტერონზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ გაქვთ ან გქონიათ სიმსივნეები, რომლებიც იზრდება სასქესო ჰორმონების გავლენით ან თუ ეჭვი გაქვთ სიმსივნეებზე, რომლებიც იზრდება სასქესო ჰორმონების გავლენით,
თუ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა, რომლის მიზეზიც დადგენილი არ არის,
თუ იყენებთ ამ პრეპარატს ლუთეინური ფაზის მხარდასაჭერად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ფარგლებში და თქვენი ექიმი დასვამს აბორტის ან მუცლის მოშლის დიაგნოზს, დიდროგესტერონით მკურნალობა უნდა შეწყდეს,
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ადრე გქონიათ ღვიძლის მძიმე დაავადება, როცდესაც ღვიძლის ფუნქციები ჯერ არ არის აღდგენილი.
თუ გაქვთ მენინგიომა ან ოდესმე დაგისვეს მენინგიომის დიაგნოზი (ზოგადად, კეთილთვისებიანი სიმსივნე ქსოვილოვან შრეზე ტვინსა და თავის ქალას შორის).
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დიდროგესტერონი მიიღება სხვა ჰორმონთან (ესტროგენთან) ერთად (მაგ., ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სახით მენოპაუზის სიმპტომებთან დაკავშირებით), ყურადღებით უნდა გაითვალისწინოთ ესტროგენის შემცველი პროდუქტის უკუჩვენებები, როგორც ეს მითითებული იქნება შესაბამისი პრეპარატის ინსტრუქციაში.
სიფრთხილის ზომები
თუ ამ პრეპარატს იღებთ მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამო, ექიმი ამ პრეპარატის მიღებამდე ჯერ გამოიკვლევს ასეთი სისხლდენის მიზეზს.
თუ განვითარდა მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა ან ციკლებს შორის სისხლდენა, ეს, როგორც წესი, არ არის სანერვიულო. ეს ხშირია, განსაკუთრებით ამ პრეპარატის გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. თუმცა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სისხლდენა ან ციკლებს შორის სისხლდენა:
გრძელდება რამდენიმე თვეზე მეტხანს,
იწყება მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ,
გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად.
ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელების ნიშანი. ექიმი გამოიკვლევს სისხლდენის ან ციკლებს შორის სისხლდენის მიზეზს და შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტი იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ენდომეტრიუმის კიბო.
მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში:
თუ დიდროგესტერონის გამოყენებისას გაწუხებთ შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი, რაც აქამდე არასდროს გქონიათ.
თუ გაწუხებთ ძლიერი თავის ტკივილი ან შაკიკი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად.
თუ არტერიული წნევა მოულოდნელად მნიშვნელოვნად მოიმატებს.
თუ გაქვთ ინსულტი.
თუ გაქვთ თრომბოზი.
თუ გაქვთ პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა.
თუ იყენებთ დიდროგესტერონს აბორტის რისკის გამო, მკურნალობის დროს უნდა აკონტროლოთ როგორც დედის, ასევე ნაყოფის მდგომარეობა.
თუ გაწუხებთ ნეგატიური განწყობა.
თუ გაქვთ იშვიათი მდგომარეობები, რომლებზეც ცნობილია, რომ გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები, როგორიცაა: ძლიერი ქავილი, სიყვითლე, რომელიც გამოწვეულია სანაღვლე გზების ბლოკირებით, ორსულობის ჰერპესი, გარკვეული მეტაბოლური დარღვევა (პორფირია) და ოტოსკლეროზი (როდესაც ხდება შუა ყურის გამაგრება, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას).
მენინგიომა
ამ პრეპარატის გამოყენება დაკავშირებულია ტვინსა და თავის ქალას შორის ქსოვილოვანი შრის ზოგადად კეთილთვისებიანი სიმსივნის (მენინგიომა) განვითარებასთან. თუ დაგისვეს მენინგიომის დიაგნოზი, ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას (იხილეთ პუნქტი „არ მიიღოთ…“). თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, როგორიცაა მხედველობის ცვლილებები (მაგ., გაორებული ან დაბინდული ხედვა), სმენის დაკარგვა ან ყურებში შუილი, ყნოსვის დაკარგვა, თავის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება, მეხსიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, სისუსტე ხელებსა და ფეხებში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ მათ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ოდესმე გაუარესდა ორსულობის ან წინა ჰორმონოთერაპიის დროს. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი უფრო მჭიდრო მონიტორინგი მკურნალობის დროს. თუ პრობლემები გაუარესდება ან კვლავ დაბრუნდება ამ მედიკამენტის გამოყენების დროს, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მისი შეწყვეტა.
ფორტიმილი და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
სარგებლის გარდა, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიას ასევე აქვს გარკვეული რისკები, რომლებიც თქვენ და თქვენმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გადაწყვეტთ ამ მედიკამენტების გამოყენებას. თუ თქვენ იღებთ დიდროგესტერონის ტაბლეტებს ესტროგენთან ერთად, როგორც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილს, თქვენთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაცია. გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ესტროგენული პროდუქტის ინსტრუქცია.
ადრეული მენოპაუზა
არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები ადრეული მენოპაუზის სამკურნალოდ ჰორმონოთერაპიის გამოყენების რისკების შესახებ. ახალგაზრდა ქალებში რისკი დაბალია. ეს ნიშნავს, რომ სარგებლისა და რისკის თანაფარდობა შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰორმონოთერაპიას ადრეული მენოპაუზის დროს, ვიდრე ხანდაზმული ქალებისთვის.
სამედიცინო გამოკვლევა
სანამ დაიწყებთ (ან განაახლებთ) ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, თქვენი ექიმი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თქვენი პირადი და თქვენი უახლოესი ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიის შესახებ. თქვენ ჩაგიტარდებათ ზოგად სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობის დროს ჩატარდება რეგულარული შემოწმებები, მათ შორის სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა.
ჰორმონოთერაპიის სარგებლისა და რისკების ფრთხილად შეფასება უნდა მოხდეს პერიოდულად - სულ მცირე წელიწადში ერთხელ - იმის დასადგენად, საჭიროა თუ არა მისი გაგრძელება. გამოყენების დროს შეიძლება დაგჭირდეთ ექიმის მიერ რეგულარული შემოწმებები.
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბო (ენდომეტრიუმის კიბო)
ესტროგენების ხანგრძლივი გამოყენება პროგესტოგენების დამატების გარეშე ზრდის კიბოს და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანომალიური ზრდის რისკს საშვილოსნოს მქონე ქალებში. ამ რისკის შესამცირებლად, ესტროგენები უნდა იქნას გამოყენებული პროგესტოგენის ტაბლეტებთან ერთად ყოველთვიურად სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და სარძევე ჯირკვლის კიბო
კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინაციით ან მხოლოდ ესტროგენით გამოყენება ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. დამატებითი რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იყენებთ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. დამატებითი რისკი ჩნდება 3 წლის გამოყენების შემდეგ. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, დამატებითი რისკი კვლავ შემცირდება, მაგრამ თუ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდით, დამატებითი რისკი შეიძლება კიდევ 10 წელი ან მეტი გაგრძელდეს.
ექიმი გეტყვით, თქვენს სარძევე ჯირკვლებში რომელი ცვლილებების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო იშვიათია, გაცილებით იშვიათი, ვიდრე სარძევე ჯირკვლის კიბო.
ესტროგენის თერაპიის ან ესტროგენ/პროგესტოგენის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის კომბინაციის გამოყენებისას საკვერცხის კიბოს რისკის უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა.
საკვერცხის კიბოს რისკი დამოკიდებულია ასაკზე. 50-დან 54 წლამდე ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, 2000-დან დაახლოებით 2 ქალს 5 წლის განმავლობაში საკვერცხის კიბოს დიაგნოზს დაუსმევენ. ქალებს შორის, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იყენებენ ჰორმონოთერაპიას, ყოველ 2000 მომხმარებელზე დაახლოებით 3 შემთხვევაა (ანუ დაახლოებით 1 დამატებითი შემთხვევა).
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და თრომბოზი
კვლევები აჩვენებს, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მომხმარებელ ქალებს დაახლოებით 1.3-3-ჯერ უფრო მეტად აქვთ ვენური თრომბოზის (სისხლის შენადედის წარმოქმნა ფეხების, ფილტვების ან სხეულის სხვა ნაწილებში) განვითარების რისკი, ვიდრე ქალებს, რომლებიც არ იყენებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ეს დამატებითი რისკი ყველაზე მაღალია ჰორმონოთერაპიის გამოყენების პირველი წლის განმავლობაში.
სისხლის შენადედის წარმოქმნა შეიძლება სერიოზული იყოს და თუ ის ფილტვებში მოხვდება, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი.
ვენური თრომბოზის რისკი უფრო მაღალია, თუ:
ხართ ხანდაზმული
გაქვთ კიბო
გაქვთ სერიოზული ჭარბწონიანობა
იყენებთ ესტროგენს
ხართ ორსულად ან ახლახან იმშობიარეთ
ოდესმე გქონიათ ვენური თრომბოზი, გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა ან გაქვთ ვენური თრომბოზის ისტორია თქვენს უახლოეს ოჯახის წევრებს შორის
დიდი ხნის განმავლობაში იყავით საწოლს მიჯაჭვული ოპერაციის, ტრავმის ან ავადმყოფობის გამო (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია პუნქტში „ქირურგიული ჩარევა“)
გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის გარკვეული დარღვევა)
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით ექიმს, რათა გაარკვიოთ, გჭირდებათ თუ არა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება.
თუ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების დროს განვითარდება ვენური თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპიის მიღება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სიმპტომის შესახებ, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ვენურ თრომბოზზე ან ფილტვის ემბოლიაზე, როგორიცაა ერთ-ერთი ფეხის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი.
თუ უკვე იყენებთ სისხლის გამათხელებელ საშუალებას, მაგალითად, ვარფარინს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ამ შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიის გამოყენების სარგებელი და რისკები ყურადღებით იქნება შეფასებული.
ქირურგიული ჩარევა
თუ გჭირდებათ ოპერაცია, ოპერაციამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ ჰორმონოთერაპიას. ეს გააკეთეთ ოპერაციამდე დროულად. ასეთ სიტუაციებში, შეიძლება დაგჭირდეთ ჰორმონოთერაპიის გამოყენების შეწყვეტა დაგეგმილ ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული მკურნალობა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის შეგიძლიათ ხელახლა დაიწყოთ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და კორონარული არტერიის დაავადება
ორმა ძირითადმა კვლევამ, რომელიც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ერთი კონკრეტული ტიპის (კონიუგირებული ესტროგენები მედროქსიპროგესტერონის აცეტატთან ერთად) კვლევას ეხებოდა, აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი შესაძლოა გაზრდილიყო ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვრცელდება თუ არა ეს ჰორმონოთერაპიის სხვა ტიპის პროდუქტებზეც.
თუ გულმკერდის არეში ტკივილი გაწუხებთ, რომელიც ხელზე ან კისერზე გადადის, თქვენ უნდა:
დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,
შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპიის გამოყენება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეგიძლიათ ხელახლა დაიწყოთ. ეს ტკივილი შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და ინსულტი
ინსულტის რისკი დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია ჰორმონოთერაპიის მომხმარებლებში, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ჰორმონოთერაპიას არ იყენებენ. ჰორმონოთერაპიის გამოყენების შედეგად ინსულტის დამატებითი შემთხვევების რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
შედარება
50 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც ჰორმონოთერაპიას არ იყენებენ, საშუალოდ 1000-დან 8-ს ინსულტი ემართება 5 წლის განმავლობაში. 50 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონოთერაპიის თერაპიას, 5 წლის განმავლობაში ყოველ 1000 მომხმარებელზე ინსულტის 11 შემთხვევა ფიქსირდება (ანუ ყოველ 1000 მომხმარებელზე 3 დამატებითი შემთხვევა).
თუ თქვენ გაქვთ ძლიერი, აუხსნელი თავის ტკივილი ან შაკიკი (მხედველობის პრობლემებით ან მათ გარეშე), თქვენ უნდა:
დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,
შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპიის გამოყენება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეგიძლიათ ხელახლა დაიწყოთ.
ეს შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს.
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე. უცნობია, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის 12-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ეს ასევე ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ რეცეპტს.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ ან იყენებდით შემდეგ მედიკამენტებს. ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ თქვენი მკურნალობის ეფექტურობა. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენა.
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტები,
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი),
ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი),
აივ ინფექციის (შიდსი) სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიტონავირი, ნევირაპინი, ეფავირენცი), C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო პრეპარატები
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, დიდროგესტერონის ტაბლეტების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფორტიმილი საკვებთან და სასმელთან ერთად
ეს პრეპარატი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
შესაძლოა გაიზარდოს თანდაყოლილი დეფექტის რისკი, რომელიც გავლენას ახდენს პენისის ურეთრაზე (ჰიპოსპადია) იმ ბავშვებში, რომელთა დედებმაც გამოიყენეს გარკვეული პროგესტოგენები. თუმცა, ეს გაზრდილი რისკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. 9 მილიონზე მეტმა ორსულმა ქალმა გამოიყენა დიდროგესტერონის ტაბლეტები. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი გამოყენება ორსულობის დროს საზიანოა.
ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ის დედის რძეში და მოქმედებს თუ არა ჩვილზე. სხვა პროგესტოგენებთან დაკავშირებული კვლევები აჩვენებს, რომ ისინი მცირე რაოდენობით გადადიან დედის რძეში.
ნაყოფიერება
რამდენადაც ცნობილია, ეს პრეპარატი არ მოქმედებს ნაყოფიერებაზე, როდესაც გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიდროგესტერონის ტაბლეტების გამოყენებისას შეიძლება იგრძნოთ მცირე ძილიანობა. ეს, სავარაუდოდ, მისი მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება. თუ ეს მოხდა, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები. ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმების გამოყენებამდე, დაელოდეთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.
ფორტიმილი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. ეს ასევე ეხება გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათ მემკვიდრეობით პრობლემებს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები ფორტიმილით მონოთერაპიის გამოყენებისას:
შეწყვიტეთ ფორტიმილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:
ღვიძლის პრობლემები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლებას (სიყვითლეს), სისუსტის შეგრძნებას, ზოგადად შეუძლოდ ყოფნას ან კუჭის ტკივილს (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას ან რეაქციებს. მთელ სხეულში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან დაბალი არტერიული წნევა (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
სახისა და ყელის ირგვლივ კანის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს.
ფორტიმილის მონოთერაპიის გამოყენების სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ვაგინალური სისხლდენა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
შაკიკი, თავის ტკივილი
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი
არარეგულარული, მძიმე ან მტკივნეული მენსტრუაცია
მენსტრუაციის არარსებობა ან მენსტრუაციის ნორმაზე ნაკლები რაოდენობა
მგრძნობელობა ან ტკივილი მკერდში
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
დეპრესიის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება
ღებინება
ღვიძლის პრობლემები (კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, სისუსტის შეგრძნება, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა ან კუჭის ტკივილი)
კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება
წონის მატება
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):
პროგესტოგენების ზემოქმედებით მზარდი სიმსივნეების გადიდება (მაგალითად, მენინგიომა)
ანემია სისხლის ჭარბი დაშლის გამო (ჰემოლიზური ანემია)
ჰიპერმგრძნობელობა
ძილიანობის შეგრძნება
სითხის უეცარი დაგროვება კანსა და ლორწოვან გარსებში (მაგ. ყელი ან ენა), სუნთქვის გაძნელება და/ან ქავილი და გამონაყარი, ხშირად ალერგიული რეაქციის სახით (ანგიონევროზული შეშუპება)
სარძევე ჯირკვლების შეშუპება
სითხის შეკავების გამო შეშუპება, ხშირად ქვედა კიდურებში ან კოჭებში.
გვერდითი მოვლენები, როდესაც ფორტიმილი გამოიყენება ესტროგენთან ერთად (ესტროგენ-პროგესტოგენის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია)
ასევე წაიკითხეთ ესტროგენის ინსტრუქცია, თუ ამ პრეპარატს იყენებთ ესტროგენთან ერთად. ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი „რა უნდა იცოდეთ ფორტიმილის გამოყენებამდე“.

ფეხის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს სისხლის შედედების ნიშნები.
ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გადადის ხელზე ან კისერზე. ეს შეიძლება იყოს გულის შეტევის ნიშანი.
ძლიერი, აუხსნელი თავის ტკივილი ან შაკიკი (მხედველობის პრობლემებით ან მათ გარეშე). ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება, თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგს:
მკერდის კანზე ჩაღრმავებები, ძუძუს თავების ცვლილებები ან თუ ხედავთ ან გრძნობთ კვანძებს. ეს შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს ნიშნები.
დიდროგესტერონის ესტროგენთან ერთად გამოყენების სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათოლოგიურ გასქელებას ან კიბოს და საკვერცხის კიბოს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დიდროგესტერონი არის ნივთიერება ძალიან დაბალი ტოქსიკურობით. გულისრევა, ღებინება, ძილიანობა და თავბრუსხვევა არის სიმპტომები, რომლებიც თეორიულად შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. არ არსებობს ცნობილი შემთხვევები, როდესაც დიდროგესტერონის დოზის გადაჭარბებას მავნე შედეგები ჰქონდა.
მკურნალობა
როგორც ჩანს, სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობის განხილვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა დიდროგესტერონი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დიდროგესტერონს.
ტაბლეტის ბირთვში შემავალი სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი, ჰიპრომელოზა 2910 E464, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი E572.
ტაბლეტის გარსში შემავალი სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა E464, ტიტანის დიოქსიდი E171, ტრიაცეტინი E1518.
ფორტიმილის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრიდან მოთეთრო ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (დიამეტრი დაახლოებით 7.1 მმ), ერთ მხარეს ამოტვიფრულია „711“, ხოლო მეორე მხარეს არის გლუვი. (იხილეთ აგრეთვე ამ ფურცლის მე-3 ნაწილი).
10 ტაბლეტი შეფუთულია PVC/PVDC-Al ბლისტერში.
ხელმისაწვდომია კოლოფებში, თითოეულში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე "ვარგისიანობის ვადა"-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
შარდსასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები, ათქ კოდი: G03DB01.
მოქმედების მექანიზმი
დიდროგესტერონი არის სინთეზური პროგესტოგენი პერორალური ბიოშეღწევადობით, რომელიც იწვევს ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზას ესტროგენით მომზადებულ საშვილოსნოში. ის უზრუნველყოფს დაცვას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და/ან ენდომეტრიუმის კარცინომის ესტროგენებით გამოწვეული გაზრდილი რისკისგან. დიდროგესტერონს არ გააჩნია ესტროგენული, ანდროგენული, ანაბოლური და კორტიკოიდური აქტივობა.
დიდროგესტერონი არ თრგუნავს ოვულაციას. შედეგად, ჩასახვა შესაძლებელია, როდესაც დიდროგესტერონი გამოიყენება რეპროდუქციული ასაკის ქალების მიერ.
პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აქვთ საშვილოსნო, ესტროგენის ჩანაცვლება იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და ენდომეტრიუმის კარცინომის რისკის ზრდას. პროგესტოგენის დამატება ხელს უშლის ამ დამატებით რისკს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით პროცედურის დროს:
ჩატარდა რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, მულტიცენტრული, შედარებითი კვლევა, რომელშიც შედარდა 30 მგ დღეში პერორალურად მისაღები დიდროგესტერონის ეფექტურობა, უსაფრთხოება და ტოლერანტობა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) მკურნალობის (LOTUS I) დროს ლუთეინური მხარდაჭერისთვის 600 მგ დღეში ინტრავაგინალურად მიღებულ მიკრონიზებულ პროგესტერონთან.
ჩატარდა რანდომიზებული, ღია, მულტიცენტრული, შედარებითი კვლევა, რომელშიც შედარდა 30 მგ დღეში პერორალურად მისაღები დიდროგესტერონის ეფექტურობა, უსაფრთხოება და ტოლერანტობა 90 მგ დღეში ინტრავაგინალურად მიღებულ პროგესტერონის გელ კრინონ 8%-თან ლუთეინური მხარდაჭერისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) მკურნალობისას (LOTUS II).
ამ კვლევებმა აჩვენა, რომ პერორალურად მიღებული დიდროგესტერონი არ ჩამოუვარდება ინტრავაგინალურად მიღებულ მიკრონიზებული პროგესტერონს, რაც განპირობებულია ორსულობის მე-12 კვირაზე (გესტაციის მე-10 კვირა) ნაყოფის გულისცემის არსებობით.
გამოკვლეულ პოპულაციაში, ორსულობის მე-12 კვირაზე (გესტაციის მე-10 კვირა) ორსულობის მაჩვენებლები იყო 37.6% და 33.1% (LOTUS I), 36.7% და 34.7%-თან (LOTUS II) შედარებით. ორსულობის მაჩვენებლის სხვაობა ორივე ჯგუფს შორის იყო 4.7 (95% CI, -1.2; 10.6) LOTUS I-ში და 2.0 (95% CI, -4.0; 8.0) LOTUS II-ში.
1029 ქალის (LOTUS I) და 1030 ქალის უსაფრთხოების ნიმუშში, რომლებსაც კვლევის მედიკამენტის სულ მცირე ერთი დოზა მიეცათ, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების (TEAEs) შემთხვევები ორივე სამკურნალო ჯგუფში მსგავსი იყო.
ჩვენების ხასიათისა და გამოკვლეული კვლევის პოპულაციის გამო, მოსალოდნელია ადრეული აბორტების და მუცლის მოშლის შემთხვევების რიცხვი. განსაკუთრებით 12 კვირამდე ორსულობამდე (გესტაციის მე-10 კვირა), მოსალოდნელი ორსულობის მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ია.
ორივე LOTUS კვლევაში დაფიქსირებული უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება დიდროგესტერონის პროფილს, რომელიც ცნობილია მკურნალობის სამიზნე ჯგუფისა და ჩვენებისთვის.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
დიდროგესტერონის 10 მგ ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ, დიდროგესტერონი სწრაფად შეიწოვება. პიკური პლაზმური კონცენტრაციები შეადგენს დაახლოებით 3.2 ნგ/მლ-ს და 57 ნგ/მლ-ს დიდროგესტერონისა და აქტიური მეტაბოლიტის 20α-დიჰიდროდიდროგესტერონისთვის (DHD), შესაბამისად; შესაბამისი საშუალო tmax მნიშვნელობებია შესაბამისად 0.75 და 1.75 საათი. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (AUC) დიდროგესტერონისა და DHD-სთვის დაახლოებით 9.1 და 220 ნგ.სთ/მლ-ია შესაბამისად.
დიდროგესტერონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (20 მგ პერორალური დოზა 7.8 მგ ინტრავენური ინფუზიის წინააღმდეგ) 28%-ია.
ერთჯერადი დოზის შემდეგ, საკვების მიღებამ შეიძლება შეაფერხოს დიდროგესტერონის პიკური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევა დაახლოებით 1 საათით, რაც იწვევს დიდროგესტერონის პიკური პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით შემცირებას, დიდროგესტერონისა და DHD-ის ზემოქმედების ხარისხზე გავლენის გარეშე.
საკვების ერთდროული მიღების ეფექტი პლაზმურ პიკურ კონცენტრაციაზე კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება. ამიტომ, დიდროგესტერონის 10 მგ ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად.
განაწილება
დიდროგესტერონის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, განაწილების წონასწორული მოცულობა დაახლოებით 1 400 ლიტრია. დიდროგესტერონი და DHD პლაზმის ცილებს 90%-ზე მეტით უკავშირდება.
ბიოტრანსფორმაცია
პერორალური მიღების შემდეგ, დიდროგესტერონი სწრაფად მეტაბოლიზდება DHD-მდე. ინ ვიტრო მონაცემები აჩვენებს, რომ DHD-ის წარმოქმნის ძირითადი მეტაბოლური გზა ადამიანის ციტოზოლში კატალიზდება ალდო-კეტო რედუქტაზა 1C-ით (AKR 1C). ამ ციტოზოლურ მეტაბოლიზმთან ერთად, მეტაბოლური გარდაქმნები ხდება ციტოქრომ P450 იზოენზიმებით (CYP), თითქმის ექსკლუზიურად CYP3A4-ის მეშვეობით, რაც წარმოქმნის რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვან მეტაბოლიტს. ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის DHD-ის დონე პიკს აღწევს დიდროგესტერონის დონესთან ერთად მიღების შემდეგ. DHD-ის პლაზმური დონე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე საწყისი პრეპარატის. DHD-ის და დიდროგესტერონის AUC და Cmax თანაფარდობები შესაბამისად 25 და 20-ია. როგორც დიდროგესტერონის, ასევე DHD-ის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 საათია. ყველა დახასიათებული მეტაბოლიტის საერთო მახასიათებელია საწყისი ნაერთის 4,6-დიენ-3-ონის კონფიგურაციის შენარჩუნება და 17α-ჰიდროქსილირების არარსებობა. ეს ხსნის დიდროგესტერონის ესტროგენული და ანდროგენული ეფექტების არარსებობას.
გამოყოფა
ნიშანდებული დიდროგესტერონის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის საშუალოდ 63% გამოიყოფა შარდში. პლაზმური კლირენსი შეადგენს 6.4 ლ/წუთს. გამოყოფა სრულია 72 საათის განმავლობაში. DHD ძირითადად შარდში არის კონიუგირებული გლუკურონის მჟავას სახით.
დოზა/დრო დამოკიდებულება
ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 2.5-დან 20 მგ-მდე პერორალური დოზის დიაპაზონში. ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის კინეტიკის შედარება აჩვენებს, რომ დიდროგესტერონის და DHD-ის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება განმეორებითი დოზირების შედეგად. სტაბილური მდგომარეობა, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფორტიმილი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დიდროგესტერონი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.
რა ინფორმაცია არის მოცემული ამ ინსტრუქციაში
- რა არის ფორტიმილი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ფორტიმილის მიღებამდე
- როგორ მიიღება ფორტიმილი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ფორტიმილი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფორტიმილი და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს დიდროგესტერონს.
დიდროგესტერონი ქალის პროგესტოგენური ჰორმონია. პროგესტოგენურ ჰორმონებს დაახლოებით იგივე ეფექტი აქვთ, რაც ბუნებრივ პროგესტერონს. ესტროგენულ ჰორმონებთან ერთად, ის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.
ფორტიმილი გამოიყენება:
ისეთი პრობლემების დროს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ თქვენი ორგანიზმი საკმარის პროგესტერონს არ გამოიმუშავებს
მენსტრუალური ციკლის რეგულირებისთვის;
საშვილოსნოს გარეთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის არსებობა (ენდომეტრიოზი);
მტკივნეული მენსტრუაცია;
მენსტრუაციის არარსებობა
უჩვეულოდ მძიმე და/ან არარეგულარული მენსტრუაცია
უნაყოფობა პროგესტერონის დაბალი დონის გამო;
ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ფარგლებში;
მუცლის მოშლის საფრთხის შემცირება;
თუ გქონიათ მრავალჯერადი მუცლის მოშლა (განმეორებითი მუცლის მოშლა).
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
ესტროგენთან ერთად, დიდროგესტერონის ტაბლეტები ასევე გამოიყენება:
მენოპაუზის შემდგომი სიმპტომების მკურნალობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დარღვევების თავიდან ასაცილებლად;
ორგანიზმი ჩვეულებრივ ეძებს ბალანსს ბუნებრივი ჰორმონების პროგესტერონისა და ესტროგენის (ქალის კიდევ ერთი ჰორმონი) რაოდენობას შორის. თუ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის პროგესტერონს, ეს პრეპარატი ახდენს ამის კომპენსირებას და აღადგენს ბალანსს.
ექიმმა შეიძლება ასევე გთხოვოთ ამ პრეპარატთან ერთად ესტროგენის გამოყენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ იყენებთ დიდროგესტერონის ტაბლეტებს.
ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ ზოგიერთ ქალში, მხოლოდ ესტროგენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათოლოგიური გასქელება. ეს შეიძლება ასევე ეხებოდეს იმ შემთხვევას, როდესაც არ გაქვთ საშვილოსნო და გქონიათ ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს გარეთ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი). ამ პრეპარატის გამოყენება მენსტრუალური ციკლის დროს დაგეხმარებათ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედმეტად გასქელების თავიდან აცილებაში.
- რა უნდა იცოდეთ ფორტიმილის მიღებამდე
არ მიიღოთ ფორტიმილი
თუ გაქვთ ალერგია დიდროგესტერონზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ გაქვთ ან გქონიათ სიმსივნეები, რომლებიც იზრდება სასქესო ჰორმონების გავლენით ან თუ ეჭვი გაქვთ სიმსივნეებზე, რომლებიც იზრდება სასქესო ჰორმონების გავლენით,
თუ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა, რომლის მიზეზიც დადგენილი არ არის,
თუ იყენებთ ამ პრეპარატს ლუთეინური ფაზის მხარდასაჭერად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ფარგლებში და თქვენი ექიმი დასვამს აბორტის ან მუცლის მოშლის დიაგნოზს, დიდროგესტერონით მკურნალობა უნდა შეწყდეს,
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ადრე გქონიათ ღვიძლის მძიმე დაავადება, როცდესაც ღვიძლის ფუნქციები ჯერ არ არის აღდგენილი.
თუ გაქვთ მენინგიომა ან ოდესმე დაგისვეს მენინგიომის დიაგნოზი (ზოგადად, კეთილთვისებიანი სიმსივნე ქსოვილოვან შრეზე ტვინსა და თავის ქალას შორის).
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დიდროგესტერონი მიიღება სხვა ჰორმონთან (ესტროგენთან) ერთად (მაგ., ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სახით მენოპაუზის სიმპტომებთან დაკავშირებით), ყურადღებით უნდა გაითვალისწინოთ ესტროგენის შემცველი პროდუქტის უკუჩვენებები, როგორც ეს მითითებული იქნება შესაბამისი პრეპარატის ინსტრუქციაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ ამ პრეპარატს იღებთ მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამო, ექიმი ამ პრეპარატის მიღებამდე ჯერ გამოიკვლევს ასეთი სისხლდენის მიზეზს.
თუ განვითარდა მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა ან ციკლებს შორის სისხლდენა, ეს, როგორც წესი, არ არის სანერვიულო. ეს ხშირია, განსაკუთრებით ამ პრეპარატის გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. თუმცა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სისხლდენა ან ციკლებს შორის სისხლდენა:
გრძელდება რამდენიმე თვეზე მეტხანს,
იწყება მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ,
გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად.
ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელების ნიშანი. ექიმი გამოიკვლევს სისხლდენის ან ციკლებს შორის სისხლდენის მიზეზს და შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტი იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ენდომეტრიუმის კიბო.
მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში:
თუ დიდროგესტერონის გამოყენებისას გაწუხებთ შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი, რაც აქამდე არასდროს გქონიათ.
თუ გაწუხებთ ძლიერი თავის ტკივილი ან შაკიკი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად.
თუ არტერიული წნევა მოულოდნელად მნიშვნელოვნად მოიმატებს.
თუ გაქვთ ინსულტი.
თუ გაქვთ თრომბოზი.
თუ გაქვთ პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა.
თუ იყენებთ დიდროგესტერონს აბორტის რისკის გამო, მკურნალობის დროს უნდა აკონტროლოთ როგორც დედის, ასევე ნაყოფის მდგომარეობა.
თუ გაწუხებთ ნეგატიური განწყობა.
თუ გაქვთ იშვიათი მდგომარეობები, რომლებზეც ცნობილია, რომ გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები, როგორიცაა: ძლიერი ქავილი, სიყვითლე, რომელიც გამოწვეულია სანაღვლე გზების ბლოკირებით, ორსულობის ჰერპესი, გარკვეული მეტაბოლური დარღვევა (პორფირია) და ოტოსკლეროზი (როდესაც ხდება შუა ყურის გამაგრება, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას).
მენინგიომა
ამ პრეპარატის გამოყენება დაკავშირებულია ტვინსა და თავის ქალას შორის ქსოვილოვანი შრის ზოგადად კეთილთვისებიანი სიმსივნის (მენინგიომა) განვითარებასთან. თუ დაგისვეს მენინგიომის დიაგნოზი, ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას (იხილეთ პუნქტი „არ მიიღოთ…“). თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, როგორიცაა მხედველობის ცვლილებები (მაგ., გაორებული ან დაბინდული ხედვა), სმენის დაკარგვა ან ყურებში შუილი, ყნოსვის დაკარგვა, თავის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება, მეხსიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, სისუსტე ხელებსა და ფეხებში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ მათ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ოდესმე გაუარესდა ორსულობის ან წინა ჰორმონოთერაპიის დროს. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი უფრო მჭიდრო მონიტორინგი მკურნალობის დროს. თუ პრობლემები გაუარესდება ან კვლავ დაბრუნდება ამ მედიკამენტის გამოყენების დროს, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მისი შეწყვეტა.
ფორტიმილი და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
სარგებლის გარდა, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიას ასევე აქვს გარკვეული რისკები, რომლებიც თქვენ და თქვენმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გადაწყვეტთ ამ მედიკამენტების გამოყენებას. თუ თქვენ იღებთ დიდროგესტერონის ტაბლეტებს ესტროგენთან ერთად, როგორც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილს, თქვენთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაცია. გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ესტროგენული პროდუქტის ინსტრუქცია.
ადრეული მენოპაუზა
არსებობს შეზღუდული მტკიცებულებები ადრეული მენოპაუზის სამკურნალოდ ჰორმონოთერაპიის გამოყენების რისკების შესახებ. ახალგაზრდა ქალებში რისკი დაბალია. ეს ნიშნავს, რომ სარგებლისა და რისკის თანაფარდობა შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰორმონოთერაპიას ადრეული მენოპაუზის დროს, ვიდრე ხანდაზმული ქალებისთვის.
სამედიცინო გამოკვლევა
სანამ დაიწყებთ (ან განაახლებთ) ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, თქვენი ექიმი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თქვენი პირადი და თქვენი უახლოესი ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიის შესახებ. თქვენ ჩაგიტარდებათ ზოგად სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობის დროს ჩატარდება რეგულარული შემოწმებები, მათ შორის სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა.
ჰორმონოთერაპიის სარგებლისა და რისკების ფრთხილად შეფასება უნდა მოხდეს პერიოდულად - სულ მცირე წელიწადში ერთხელ - იმის დასადგენად, საჭიროა თუ არა მისი გაგრძელება. გამოყენების დროს შეიძლება დაგჭირდეთ ექიმის მიერ რეგულარული შემოწმებები.
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბო (ენდომეტრიუმის კიბო)
ესტროგენების ხანგრძლივი გამოყენება პროგესტოგენების დამატების გარეშე ზრდის კიბოს და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანომალიური ზრდის რისკს საშვილოსნოს მქონე ქალებში. ამ რისკის შესამცირებლად, ესტროგენები უნდა იქნას გამოყენებული პროგესტოგენის ტაბლეტებთან ერთად ყოველთვიურად სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და სარძევე ჯირკვლის კიბო
კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინაციით ან მხოლოდ ესტროგენით გამოყენება ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. დამატებითი რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იყენებთ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. დამატებითი რისკი ჩნდება 3 წლის გამოყენების შემდეგ. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, დამატებითი რისკი კვლავ შემცირდება, მაგრამ თუ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდით, დამატებითი რისკი შეიძლება კიდევ 10 წელი ან მეტი გაგრძელდეს.
ექიმი გეტყვით, თქვენს სარძევე ჯირკვლებში რომელი ცვლილებების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო იშვიათია, გაცილებით იშვიათი, ვიდრე სარძევე ჯირკვლის კიბო.
ესტროგენის თერაპიის ან ესტროგენ/პროგესტოგენის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის კომბინაციის გამოყენებისას საკვერცხის კიბოს რისკის უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა.
საკვერცხის კიბოს რისკი დამოკიდებულია ასაკზე. 50-დან 54 წლამდე ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, 2000-დან დაახლოებით 2 ქალს 5 წლის განმავლობაში საკვერცხის კიბოს დიაგნოზს დაუსმევენ. ქალებს შორის, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იყენებენ ჰორმონოთერაპიას, ყოველ 2000 მომხმარებელზე დაახლოებით 3 შემთხვევაა (ანუ დაახლოებით 1 დამატებითი შემთხვევა).
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და თრომბოზი
კვლევები აჩვენებს, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მომხმარებელ ქალებს დაახლოებით 1.3-3-ჯერ უფრო მეტად აქვთ ვენური თრომბოზის (სისხლის შენადედის წარმოქმნა ფეხების, ფილტვების ან სხეულის სხვა ნაწილებში) განვითარების რისკი, ვიდრე ქალებს, რომლებიც არ იყენებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ეს დამატებითი რისკი ყველაზე მაღალია ჰორმონოთერაპიის გამოყენების პირველი წლის განმავლობაში.
სისხლის შენადედის წარმოქმნა შეიძლება სერიოზული იყოს და თუ ის ფილტვებში მოხვდება, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი.
ვენური თრომბოზის რისკი უფრო მაღალია, თუ:
ხართ ხანდაზმული
გაქვთ კიბო
გაქვთ სერიოზული ჭარბწონიანობა
იყენებთ ესტროგენს
ხართ ორსულად ან ახლახან იმშობიარეთ
ოდესმე გქონიათ ვენური თრომბოზი, გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა ან გაქვთ ვენური თრომბოზის ისტორია თქვენს უახლოეს ოჯახის წევრებს შორის
დიდი ხნის განმავლობაში იყავით საწოლს მიჯაჭვული ოპერაციის, ტრავმის ან ავადმყოფობის გამო (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია პუნქტში „ქირურგიული ჩარევა“)
გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის გარკვეული დარღვევა)
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით ექიმს, რათა გაარკვიოთ, გჭირდებათ თუ არა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება.
თუ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების დროს განვითარდება ვენური თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპიის მიღება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სიმპტომის შესახებ, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ვენურ თრომბოზზე ან ფილტვის ემბოლიაზე, როგორიცაა ერთ-ერთი ფეხის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი.
თუ უკვე იყენებთ სისხლის გამათხელებელ საშუალებას, მაგალითად, ვარფარინს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ამ შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიის გამოყენების სარგებელი და რისკები ყურადღებით იქნება შეფასებული.
ქირურგიული ჩარევა
თუ გჭირდებათ ოპერაცია, ოპერაციამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ ჰორმონოთერაპიას. ეს გააკეთეთ ოპერაციამდე დროულად. ასეთ სიტუაციებში, შეიძლება დაგჭირდეთ ჰორმონოთერაპიის გამოყენების შეწყვეტა დაგეგმილ ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული მკურნალობა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის შეგიძლიათ ხელახლა დაიწყოთ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და კორონარული არტერიის დაავადება
ორმა ძირითადმა კვლევამ, რომელიც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ერთი კონკრეტული ტიპის (კონიუგირებული ესტროგენები მედროქსიპროგესტერონის აცეტატთან ერთად) კვლევას ეხებოდა, აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი შესაძლოა გაზრდილიყო ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვრცელდება თუ არა ეს ჰორმონოთერაპიის სხვა ტიპის პროდუქტებზეც.
თუ გულმკერდის არეში ტკივილი გაწუხებთ, რომელიც ხელზე ან კისერზე გადადის, თქვენ უნდა:
დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,
შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპიის გამოყენება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეგიძლიათ ხელახლა დაიწყოთ. ეს ტკივილი შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და ინსულტი
ინსულტის რისკი დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია ჰორმონოთერაპიის მომხმარებლებში, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ჰორმონოთერაპიას არ იყენებენ. ჰორმონოთერაპიის გამოყენების შედეგად ინსულტის დამატებითი შემთხვევების რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
შედარება
50 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც ჰორმონოთერაპიას არ იყენებენ, საშუალოდ 1000-დან 8-ს ინსულტი ემართება 5 წლის განმავლობაში. 50 წელს გადაცილებულ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონოთერაპიის თერაპიას, 5 წლის განმავლობაში ყოველ 1000 მომხმარებელზე ინსულტის 11 შემთხვევა ფიქსირდება (ანუ ყოველ 1000 მომხმარებელზე 3 დამატებითი შემთხვევა).
თუ თქვენ გაქვთ ძლიერი, აუხსნელი თავის ტკივილი ან შაკიკი (მხედველობის პრობლემებით ან მათ გარეშე), თქვენ უნდა:
დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,
შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპიის გამოყენება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეგიძლიათ ხელახლა დაიწყოთ.
ეს შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს.
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე. უცნობია, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის 12-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში.
სხვა მედიკამენტები და ფორტიმილი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ეს ასევე ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ რეცეპტს.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ ან იყენებდით შემდეგ მედიკამენტებს. ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ თქვენი მკურნალობის ეფექტურობა. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული სისხლდენა.
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტები,
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი),
ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიფამპიცინი),
აივ ინფექციის (შიდსი) სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა რიტონავირი, ნევირაპინი, ეფავირენცი), C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო პრეპარატები
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, დიდროგესტერონის ტაბლეტების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფორტიმილი საკვებთან და სასმელთან ერთად
ეს პრეპარატი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
შესაძლოა გაიზარდოს თანდაყოლილი დეფექტის რისკი, რომელიც გავლენას ახდენს პენისის ურეთრაზე (ჰიპოსპადია) იმ ბავშვებში, რომელთა დედებმაც გამოიყენეს გარკვეული პროგესტოგენები. თუმცა, ეს გაზრდილი რისკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. 9 მილიონზე მეტმა ორსულმა ქალმა გამოიყენა დიდროგესტერონის ტაბლეტები. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი გამოყენება ორსულობის დროს საზიანოა.
ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ის დედის რძეში და მოქმედებს თუ არა ჩვილზე. სხვა პროგესტოგენებთან დაკავშირებული კვლევები აჩვენებს, რომ ისინი მცირე რაოდენობით გადადიან დედის რძეში.
ნაყოფიერება
რამდენადაც ცნობილია, ეს პრეპარატი არ მოქმედებს ნაყოფიერებაზე, როდესაც გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
დიდროგესტერონის ტაბლეტების გამოყენებისას შეიძლება იგრძნოთ მცირე ძილიანობა. ეს, სავარაუდოდ, მისი მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება. თუ ეს მოხდა, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები. ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმების გამოყენებამდე, დაელოდეთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.
ფორტიმილი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. ეს ასევე ეხება გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათ მემკვიდრეობით პრობლემებს.
- როგორ მიიღება ფორტიმილი
ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ ფორტიმილი
მიიღეთ თითოეული ტაბლეტი წყალთან ერთად.
შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტები საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ დღეში 1 ტაბლეტზე მეტს იყენებთ, მათი მიღება უნდა გადაანაწილოთ დღის განმავლობაში. მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
ეცადეთ, ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენს ორგანიზმში პრეპარატის მუდმივი რაოდენობა იქნება. ეს ასევე დაგეხმარებათ ტაბლეტების მიღების დამახსოვრებაში.
ტაბლეტებს აქვს ჭრილი, რათა უფრო ადვილი იყოს ტაბლეტების გატეხვა და გადაყლაპვა. ჭრილის ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გასაყოფად.
რამდენი ფორტიმილი უნდა მიიღოთ?
ტაბლეტების რაოდენობა და მათი მიღების დღეები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით მკურნალობთ. თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია, მენსტრუალური ციკლის პირველი დღე არის თქვენი მენსტრუაციის პირველი დღე. თუ მენსტრუაცია აღარ გაქვთ, ექიმი თქვენთან ერთად გადაწყვეტს, როდის იქნება მენსტრუალური ციკლის პირველი დღე და როდის დაიწყებთ ტაბლეტების მიღებას.
მენსტრუალური ციკლის რეგულირებისთვის:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ციკლის 11-დან 25-ე დღემდე.
ამ დოზირების სქემით შესაძლებელია 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის მიღწევა.
ენდომეტრიოზის დროს (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის არსებობა საშვილოსნოს გარეთ):
მიიღეთ 1-3 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი უნდა მიიღოთ შემდეგნაირად:
o მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
o ან მხოლოდ მენსტრუალური ციკლის 5-დან 25-ე დღემდე.
მტკივნეული მენსტრუაციის დროს:
მიიღეთ 1 ან 2 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ მხოლოდ მენსტრუალური ციკლის 5-დან 25-ე დღემდე.
უჩვეულოდ ჭარბი ან არარეგულარული მენსტრუაციის დროს:
მენსტრუაციის შეჩერებისთვის:
o მიიღეთ 2 ტაბლეტი დღეში.
o მიიღეთ 5-დან 7 დღემდე. ამის შემდეგ გექნებათ ძლიერი სისხლდენა.
უწყვეტი მკურნალობისთვის:
o მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
o მიიღეთ მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში.
ტაბლეტების მიღების დაწყების თარიღი და დღეების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე. მოხსნის სისხლდენა, როგორც წესი, ხდება დიდროგესტერონის ბოლო ტაბლეტის მიღებიდან რამდენიმე დღეში.
პროგესტერონის დაბალი დონის შედეგად გამოწვეული უნაყოფობის დროს:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ციკლის 14-დან 25-ე დღემდე.
გააგრძელეთ მკურნალობა მინიმუმ ზედიზედ 3 ციკლის განმავლობაში.
ლუთეინური ფაზის მხარდასაჭერად, როგორც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ნაწილი:
მიიღეთ 3 ტაბლეტი დღეში, დაწყებული კვერცხუჯრედების აღების დღიდან. ამ მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს 12 კვირის განმავლობაში, თუ ორსულობა დადასტურდა.
აბორტის საფრთხის შესამცირებლად:
დაიწყეთ 4 ტაბლეტით. შემდეგ, 1 ტაბლეტი ყოველ 8 საათში. თუ ნიშნები არ გაქრება ან არ დაბრუნდება, 2 ტაბლეტი ყოველ 8 საათში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, რაოდენობა შეიძლება თანდათან შემცირდეს.
თუ გქონდათ მრავლობითი აბორტი:
მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ ორსულობის მე-12 ან მე-20 კვირამდე ან ექიმის დანიშნულებისამებრ. ამ პერიოდის შემდეგ, ექიმმა შეიძლება თანდათან შეამციროს დოზა. მკურნალობა სასურველია დაიწყოს ჩასახვამდე.
მენოპაუზამდე მენსტრუაციის არარსებობის შემთხვევაში:
მიიღეთ 1 ან 2 ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ციკლის 11-დან 25-ე დღემდე
მენოპაუზის შემდგომი სიმპტომების მკურნალობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანომალიების თავიდან ასაცილებლად;
ესტროგენით მკურნალობის 28-დღიანი ციკლის საფუძველზე: 1-დან 2 ტაბლეტამდე დღეში 14 დღის განმავლობაში თითო ციკლში. მოხსნის სისხლდენა, როგორც წესი, ბოლო ტაბლეტის მიღებიდან რამდენიმე დღეში მოხდება.
თუ მიიღეთ ფორტიმილის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ (ან სხვა ვინმემ) მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, ეს, როგორც წესი, არ გამოიწვევს რაიმე ზიანს. მკურნალობა არ არის საჭირო. თუ შეშფოთებული ხართ, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფორტიმილის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ ტაბლეტის მიღებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ გამოტოვებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მცირე სისხლდენა.
თუ დაგავიწყდათ ფორტიმილის მიღება, როდესაც ის გამოიყენება ლუტეინური ფაზის მხარდასაჭერად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ფარგლებში.
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ და მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ ფორტიმილის მიღებას.
არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმთან დაკავშირებამდე.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები ფორტიმილით მონოთერაპიის გამოყენებისას:
შეწყვიტეთ ფორტიმილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:
ღვიძლის პრობლემები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლებას (სიყვითლეს), სისუსტის შეგრძნებას, ზოგადად შეუძლოდ ყოფნას ან კუჭის ტკივილს (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას ან რეაქციებს. მთელ სხეულში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან დაბალი არტერიული წნევა (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
სახისა და ყელის ირგვლივ კანის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს.
ფორტიმილის მონოთერაპიის გამოყენების სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ვაგინალური სისხლდენა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
შაკიკი, თავის ტკივილი
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი
არარეგულარული, მძიმე ან მტკივნეული მენსტრუაცია
მენსტრუაციის არარსებობა ან მენსტრუაციის ნორმაზე ნაკლები რაოდენობა
მგრძნობელობა ან ტკივილი მკერდში
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
დეპრესიის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება
ღებინება
ღვიძლის პრობლემები (კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, სისუსტის შეგრძნება, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა ან კუჭის ტკივილი)
კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება
წონის მატება
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):
პროგესტოგენების ზემოქმედებით მზარდი სიმსივნეების გადიდება (მაგალითად, მენინგიომა)
ანემია სისხლის ჭარბი დაშლის გამო (ჰემოლიზური ანემია)
ჰიპერმგრძნობელობა
ძილიანობის შეგრძნება
სითხის უეცარი დაგროვება კანსა და ლორწოვან გარსებში (მაგ. ყელი ან ენა), სუნთქვის გაძნელება და/ან ქავილი და გამონაყარი, ხშირად ალერგიული რეაქციის სახით (ანგიონევროზული შეშუპება)
სარძევე ჯირკვლების შეშუპება
სითხის შეკავების გამო შეშუპება, ხშირად ქვედა კიდურებში ან კოჭებში.
გვერდითი მოვლენები, როდესაც ფორტიმილი გამოიყენება ესტროგენთან ერთად (ესტროგენ-პროგესტოგენის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია)
ასევე წაიკითხეთ ესტროგენის ინსტრუქცია, თუ ამ პრეპარატს იყენებთ ესტროგენთან ერთად. ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი „რა უნდა იცოდეთ ფორტიმილის გამოყენებამდე“.
შეწყვიტეთ ფორტიმილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:
ფეხის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს სისხლის შედედების ნიშნები.
ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გადადის ხელზე ან კისერზე. ეს შეიძლება იყოს გულის შეტევის ნიშანი.
ძლიერი, აუხსნელი თავის ტკივილი ან შაკიკი (მხედველობის პრობლემებით ან მათ გარეშე). ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება, თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგს:
მკერდის კანზე ჩაღრმავებები, ძუძუს თავების ცვლილებები ან თუ ხედავთ ან გრძნობთ კვანძებს. ეს შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს ნიშნები.
დიდროგესტერონის ესტროგენთან ერთად გამოყენების სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათოლოგიურ გასქელებას ან კიბოს და საკვერცხის კიბოს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ფორტიმილი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე "ვარგისიანობის ვადა"-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფორტიმილი
აქტიური ნივთიერებაა დიდროგესტერონი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დიდროგესტერონს.
ტაბლეტის ბირთვში შემავალი სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი, ჰიპრომელოზა 2910 E464, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი E572.
ტაბლეტის გარსში შემავალი სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა E464, ტიტანის დიოქსიდი E171, ტრიაცეტინი E1518.
ფორტიმილის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრიდან მოთეთრო ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (დიამეტრი დაახლოებით 7.1 მმ), ერთ მხარეს ამოტვიფრულია „711“, ხოლო მეორე მხარეს არის გლუვი. (იხილეთ აგრეთვე ამ ფურცლის მე-3 ნაწილი).
10 ტაბლეტი შეფუთულია PVC/PVDC-Al ბლისტერში.
ხელმისაწვდომია კოლოფებში, თითოეულში მოთავსებულია 20 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148, თბილისი, საქართველო
ს/კ 211386695
ტელ.:+995 (32) 2 506 506
http://www.aversi.ge
მწარმოებელი
Haupt Pharma Münster GmbH
Schleebrüggenkamp 15
48159 Münster
Germany
ეს ფურცელი ბოლოს გადაიხედა 2025 წლის ნოემბერში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.