პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ალვოვიზანი

Alvovisan®

რეცეპტით2მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალვოვიზანი® გამოიყენება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ. თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიენოგესტი (dienogest)
ფორმა და შეფუთვა
2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Haupt Pharma Munster GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნადიენის წარმოებულები
ATC კოდი
G03DB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-043933
რეგისტრირებულია
27 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sopharma AD (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს სოფარმა-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალვოვიზანი და სხვა წამალი ერთად

ალვოვიზანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალვოვიზანი® გამოიყენება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ. თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ერთი ტაბლეტი დღეში, შესვენების გარეშე.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ უწყვეტად, ვაგინალური სისხლდენისგან დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ პირველი შეფუთვის დასრულების შემდეგ, შემდეგი უნდა დაიწყოთ შესვენების გარეშე.

მიღების წესი და/ან გზა

პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, სასურველია პრეპარატის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საჭიროებისამებრ წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი გაცნობებთ, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პრეპარატი ალვოვიზანი®.

თუ თქვენ მიიღეთ ალვოვიზანის® იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ

არ უნდა მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა.

არ შემოსულა რაიმე შეტყობინება სერიოზული დარღვევების შესახებ პრეპარატ ალვოვიზანის® ზედმეტად დიდი რაოდენობის ტაბლეტების ერთჯერადი მიღების გამო.

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბებისას: გულისრევა, ღებინება, მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა საშოდან.

მკურნალობა: უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვმა მიიღო პრეპარატი ალვოვიზანი®, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება

პრეპარატ ალვოვიზანის® ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს დოზის გამოტოვების, ღებინების და/ან დიარეის შემთხვევაში (თუ ეს მოხდა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში). თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი ან რამდენიმე დოზა, თქვენ უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო მეორე დღეს გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ჩვეულ დროს. თუ მორიგი დოზის მიღებიდან მალევე გქონდათ ღებინება ან დიარეა, ტაბლეტი ვერ მოასწრებს შეწოვას, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება, ენდომეტრიოზთან დაკავშირებული საწყისი სიმპტომები შეიძლება კვლავ გაჩნდეს. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

12-დან 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ იწყებენ მკურნალობას მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. არ მისცეთ პრეპარატი 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს არაეფექტიანობისა და სავარაუდო უსაფრთხოების ნაკლებობის გამო.

უკუჩვენებები

პრეპარატ ალვოვიზანის გამოყენება უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის/დაავადების/რისკ-ფაქტორის არსებობისას, რომელთა ნაწილი საერთოა ყველა პრეპარატისთვის, რომელიც შეიცავს გესტაგენურ კომპონენტს. თუ რომელიმე ამ მდგომარეობიდან განვითარდება პრეპარატ ალვოვიზანის მიღების ფონზე, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

მწვავე ვენური თრომბოფლებიტი, ვენური თრომბოემბოლიები (ვთე);

გულისა და არტერიების დაავადებები, რომლებსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებები (მათ შორის, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ტრანზიტორული იშემიური შეტევა) ამჟამად ან ანამნეზში;

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი დაზიანებებით;

ღვიძლის მძიმე დაავადებები ამჟამად ან ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზაციის არარსებობისას);

ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში;

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტირებული ან საეჭვო ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები;

გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშოდან;

ორსულთა ქოლესტაზური სიყვითლე ანამნეზში;

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. ნაწილი 4.6.);

ასაკი 12 წლამდე (მენარქეს დადგომამდე).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დაწყებამდე შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ:

გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 ნაწილში);

გაქვთ ღრმა ვენების თრომბოზი (თრომბის არსებობა ღრმა ვენაში) ან თრომბოფლებიტი (თრომბის არსებობა ზედაპირულ ვენაში). თრომბოზი – ეს არის სისხლძარღვის სანათურში თრომბის წარმოქმნა. თრომბები შეიძლება გაჩნდეს, მაგალითად, ფეხების სისხლძარღვებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში (ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია). ქვემოთ იხილეთ ასევე ქვენაწილი „პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი“;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) გულის და არტერიების დაავადებები, რომლებსაც საფუძველად უდევს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებები, მათ შორის გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ქვემოთ ასევე იხილეთ ქვენაწილი „პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი“;

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს კანის გაყვითლება და ქავილი, და ღვიძლი ჯერ კიდევ არ არის ნორმაში;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც დამოკიდებულია სასქესო ჰორმონებზე (მაგალითად, სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების კიბო);

გაქვთ ნებისმიერი, უცნობი წარმოშობის, სისხლდენა საშვილოსნოდან;

ორსულობის დროს გქონდათ ქოლესტაზური სიყვითლე (მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლიდან ნაწლავში ნაღვლის გამოყოფის დარღვევასთან, რის შედეგადაც ნაღველი გროვდება სისხლში, რასაც თან ახლავს კანის გაყვითლება);

ასაკი 12 წლამდე (ან არ დამდგარა პირველი მენსტრუაცია).

თუ ზეოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა პირველად გამოვლინდა პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატ ალვოვიზანის® მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

ზოგადი ინფორმაცია

ამ საინფორმაციო ფურცელში აღწერილია რამდენიმე სიტუაცია, რომელთა დროსაც უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება, ან რომელთა დროსაც პრეპარატ ალვოვიზანის® ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს.

ვინაიდან პრეპარატი ალვოვიზანი® არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს, პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. პრეპარატის მიღების დროს ორსულობის თავიდან ასაცილებლად, უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებები, როგორიცაა პრეზერვატივები ან სხვა ბარიერული მეთოდები. პრეპარატ ალვოვიზანის® მიღებისას არ უნდა გამოიყენოთ სასქესო ჰორმონების შემცველი კონტრაცეპტივები ნებისმიერი ფორმით (ტაბლეტები, პლასტირები, საშვილოსნოსშიდა სისტემა).

თუ გამონაკლის შემთხვევაში, თქვენ მაინც დაორსულდებით პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებისას, პროგესტაგენების შემცველი პრეპარატის მიღების გამო გაიზრდება გარე ორსულობის (ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ) ალბათობა. შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დაწყებამდე, თუ წარსულში გქონიათ გარე ორსულობა ან დარღვეული გაქვთ ფალოპის მილების ფუნქცია.

თუ ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რადგან აუცილებელია გარე ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა.

თუ პრეპარატი ალვოვიზანი® დაგენიშნათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას, შესაძლოა, დაგჭირდეთ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. თქვენი მკურნალი ექიმი ამის შესახებ გაგაფრთხილებთ.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ დაავადებებს შორის, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დაწყებამდე.

პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი

კვლევებში არ არის დადგენილი ან დამტკიცებული კავშირი პროგესტაგენების შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა ალვოვიზანი®, და ინფარქტის ან ინსულტის გაზრდილ რისკს შორის. ასეთი მოვლენების განვითარების რისკი უფრო მეტად უკავშირდება ასაკს, არტერიულ ჰიპერტენზიას (მაღალი არტერიული წნევა) და თამბაქოს მოხმარებას. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ინსულტის რისკი შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების, როგორიცაა ალვოვიზანი®, მიღებისას.

თრომბოზი წარმოადგენს სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნას, რომელსაც შეუძლია სისხლძარღვის დახშობა.

თრომბოზი ზოგჯერ წარმოიქმნება ქვედა კიდურების ღრმა ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი). თუ თრომბი მოსწყდება ვენას, სადაც ის წარმოიქმნა, მას შეუძლია მიაღწიოს და დაბლოკოს ფილტვის არტერიები, რასაც „ფილტვის ემბოლია“ ეწოდება. ღრმა ვენების თრომბოზი იშვიათი მოვლენაა. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს იმისდა მიუხედავად, იღებთ თუ არა პრეპარატ ალვოვიზანს®. ის ასევე შეიძლება განვითარდეს ორსულობის დადგომისას ან მშობიარობის შემდეგ. ვენური თრომბოემბოლიის (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) რისკი ოდნავ უფრო მაღალია მათში, ვინც იღებს ჰორმონალურ (პროგესტაგენის შემცველ) პრეპარატებს, როგორიცაა ალვოვიზანი®, ვიდრე მათში, ვინც არ იღებს, თუმცა არაა ისეთი მაღალი, როგორც ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ. მაგალითად, ვენური თრომბოემბოლიის რისკი იზრდება:

თუ თქვენი უახლოესი ნათესავებიდან რომელიმეს ჰქონდა თრომბოზი (ვენური თრომბოემბოლია ძმას, დას ან მშობელს შედარებით ადრეულ ასაკში);

ასაკთან ერთად;

თუ ჭარბი წონა გაქვთ;

ვრცელი ოპერაციის, იმობილიზაციის ან სერიოზული ტრავმის შედეგად (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირშია ან დადებული გაქვთ არტაშანი). ასეთ შემთხვევებში თრომბოზის რისკი დროებით იზრდება, ხოლო ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ალვოვიზანს®, რისკი შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს. წინასწარ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ალვოვიზანს® ნებისმიერი მოსალოდნელი ჰოსპიტალიზაციის ან ოპერაციის წინ. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ან იმობილიზაციის პერიოდში. თქვენი მკურნალი ექიმი ასევე გეტყვით, როდის შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება;

მშობიარობის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ თრომბოზის შესაძლო ნიშნებს, შეწყვიტეთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხილეთ ასევე ქვენაწილი „როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს“).

პრეპარატი ალვოვიზანი® და სიმსივნეები

ქვემოთ მოცემულია კვლევების შედეგები კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებისთვის, რომლებიც შეიძლება აქტუალური იყოს იმ ქალებისთვისაც, რომლებიც იყენებენ მხოლოდ პროგესტაგენების შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა ალვოვიზანი®. თუმცა, ეს მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიმართ, ვიდრე პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ალვოვიზანი®.

სარძევე ჯირკვლის კიბო ოდნავ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვიდრე ქალებში, რომლებიც მათ არ იყენებენ. სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირების შემთხვევების ეს მცირე ზრდა თანდათან ქრება ორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს განსხვავება პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას. შესაძლოა, ქალები, რომლებიც იღებდნენ ორალურ კონტრაცეპტივებს, უფრო ხშირად იტარებდნენ გამოკვლევებს, ვიდრე ქალები, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ორალური კონტრაცეპტივები, ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიებიც უფრო ხშირად ვლინდებოდა. იშვიათ შემთხვევებში, ჰორმონალური ნივთიერებების გამოყენების ფონზე, როგორიც პრეპარატ ალვოვიზანშია, აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში – ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები. ამ სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილება

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენება გავლენას ახდენს მენსტრუალური სისხლდენის ხასიათზე ქალების უმრავლესობაში (იხილეთ ასევე ნაწილი 4).

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების შედეგად შეიძლება გაძლიერდეს საშვილოსნოდან სისხლდენა, მაგალითად, ქალებში, რომლებსაც აქვთ დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი იზრდება მის კუნთოვან შრეში (ადენომიოზი) ან საშვილოსნოს მიომა. ჭარბმა და ხანგრძლივმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე). ასეთ შემთხვევებში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტა.

ცვლილებები ძვლის მინერალურ სიმკვრივეში

პრეპარატ ალვოვიზანის® ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე მოზარდებში (12-დან 18 წლამდე), ამიტომ თქვენი მკურნალი ექიმი გულდასმით შეაფასებს პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების უპირატესობებს ძვლის მასის დაკარგვის (ოსტეოპოროზი) პოტენციურ რისკებთან, როგორიცაა:

ძვლის მეტაბოლური დაავადება (დისმეტაბოლური ოსტეოპათია);

ძვლის მასის დაკარგვა (ოსტეოპოროზი), რომელიც ოდესმე გამოვლენილა თქვენი ახლო ნათესავებიდან რომელიმეში;

სხეულის მასის დაბალი ინდექსი ან კვებითი დარღვევები;

იმ სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ძვლის მასას, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ან გლუკოკორტიკოიდები;

ოდესმე მომხდარი ძვლის მოტეხილობა უმნიშვნელო ტრავმის შემდეგ, რომელიც არ იყო გამოწვეული დაცემით ან უბედური შემთხვევით;

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;

თამბაქოს მოხმარება.

თუ თქვენ იღებთ პრეპარატ ალვოვიზანს®, თქვენი ძვლებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი დიეტა, რომელიც მოიცავს კალციუმის (შედის, მაგალითად, რძის პროდუქტებში) და D ვიტამინის (შედის, მაგალითად, ცხიმიან თევზში, როგორიცაა ორაგული) ადეკვატურ მოხმარებას. მოზრდილ პაციენტებში ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება არ აღნიშნულა.

სხვა მდგომარეობები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა პირველად ჩნდება, მეორდება ან უარესდება პრეპარატ ალვოვიზანის® დანიშვნამდე ან პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების დროს, უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:

გქონდათ ან გაქვთ დეპრესია და/ან თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება;

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების ფონზე აღინიშნება არტერიული წნევის მომატება. ზოგადად, პრეპარატი ალვოვიზანი®, როგორც ჩანს, არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე ნორმალური არტერიული წნევის მქონე ქალებში;

ადრე ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა გამოყენების ფონზე გქონდათ ღვიძლის დაავადება კანის ან სკლერების გაყვითლებით, ან ქავილით, და ეს სიმპტომები კვლავ გამოჩნდა პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებისას;

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან წინა ორსულობის დროს დაგისვეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი;

ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს, უნდა მოერიდოთ მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტად ძლიერ ზემოქმედებას;

გაქვთ საკვერცხის ფოლიკულები (ხშირად უწოდებენ საკვერცხის ფუნქციურ კისტებს), რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების დროს. უმეტეს შემთხვევაში, ამ ფოლიკულების არსებობას არ ახლავს რაიმე სიმპტომი, თუმცა ზოგიერთს შეიძლება თან ახლდეს ტკივილი მენჯის არეში. უმეტეს შემთხვევაში, გადიდებული ფოლიკულები სპონტანურად ქრება. მენჯის არეში ტკივილის გაჩენის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს რეგულარული გასინჯვა

პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დროს თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ რეგულარულ გასინჯვებზე გამოცხადებას.

რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ:

შენიშნეთ რაიმე ცვლილება თქვენს ჯანმრთელობაში, განსაკუთრებით ამ ჩანართ ფურცელში ნახსენები ნებისმიერი პუნქტის მიმართ (იხილეთ ასევე ქვეთავები „არ მიიღოთ პრეპარატი ალვოვიზანი®“ და „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“; არ დაგავიწყდეთ თქვენს უახლოეს ნათესავებთან დაკავშირებული პუნქტები);

გაქვთ გამკვრივება სარძევე ჯირკვალში;

აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას (იხ. ასევე ქვენაწილი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი ალვოვიზანი®“);

მოსალოდნელია იმობილიზაცია (მოძრაობის შეზღუდვა) ან ოპერაცია (კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე);

გაქვთ უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;

ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ (არ დაიწყოთ ახალი შეფუთვა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე);

გაქვთ აუხსნელი ჩივილები მუცლის ღრუს მხრივ, განსაკუთრებით თუ ისინი განსხვავდება იმ სიმპტომებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ განიცდით ენდომეტრიოზის დროს, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან აუცილებელია მან განიხილოს გარე ორსულობის ან ღვიძლის სიმსივნესთან დაკავშირებული შინაგანი სისხლდენის შესაძლებლობა.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ შეამჩნევთ თრომბოზის შესაძლო ნიშნებს:

უჩვეულო ხველა;

უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა ხელში;

ქოშინი;

ნებისმიერი უჩვეულო, უეცარი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა;

მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ან დიპლოპია (თუ გაქვთ გაორებული მხედველობა);

გაუგებარი მეტყველება ან მეტყველების დარღვევა;

სმენის, ყნოსვის ან გემოს უეცარი ცვლილებები;

თავბრუსხვევა ან გულის წასვლა;

სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ნებისმიერ ნაწილში;

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;

ძლიერი ტკივილი ან შეშუპება ფეხებში. ზემოთ ნახსენები სიტუაციები და სიმპტომები უფრო დეტალურად არის აღწერილი და ახსნილი ამ ჩანართი ფურცლის სხვა ნაწილებში.

ბავშვები და მოზარდები პრეპარატი ალვოვიზანი® არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ალვოვიზანი® შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახან იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ პრეპარატ ალვოვიზანის® ეფექტი:

სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსიის (მაგ., პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი)

ტუბერკულოზის (მაგ., რიფამპიცინი)

სხვა ინფექციების (ანტიბიოტიკები, როგორიცაა გრიზეოფულვინი)

პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას ბალახს.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად იმოქმედონ პრეპარატ ალვოვიზანის® შემცველობაზე სისხლში:

პროტეაზას ინჰიბიტორები და არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები აივ/C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციებისთვის.

ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალების მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემდეგ ნივთიერებებს შეუძლიათ გაზარდონ პრეპარატ ალვოვიზანის® კონცენტრაცია სისხლში:

სამკურნალწამლო საშუალებები, როგორიცაა:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)

ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი)

ჰიპოტენზიური პრეპარატები (მაგ., დილთიაზემი, ვერაპამილი)

გრეიპფრუტის წვენი

პრეპარატი ალვოვიზანი® საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ გრეიპფრუტის წვენის მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პრეპარატ ალვოვიზანის® შემცველობა სისხლში. ამან შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკი.

ლაბორატორიული ანალიზები

გესტაგენების, როგორიცაა პრეპარატი ალვოვიზანი®, გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, ცილების (- მატარებლების) პლაზმურ კონცენტრაციებზე, მაგალითად, ლიპიდების/ლიპოპროტეიდების ფრაქციებზე, ნახშირწყლების ცვლის პარამეტრებსა და სისხლის შედედების პარამეტრებზე. თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ანალიზის გაკეთება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ პრეპარატ ალვოვიზანს®.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გავლენა პრეპარატ ალვოვიზანზე

გესტაგენები, მათ შორის დიენოგესტი, მეტაბოლიზდება უპირატესად ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) სისტემის იზოფერმენტების მონაწილეობით, რომლებიც განლაგებულია როგორც ნაწლავის ლორწოვან გარსში, ასევე ღვიძლში. შესაბამისად, CYP3A4-ის ინდუქტორებმა ან ინჰიბიტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ გესტაგენური პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

სასქესო ჰორმონების მომატებულმა კლირენსმა, რომელიც განპირობებულია ფერმენტების ინდუქციით, შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატ ალვოვიზანის თერაპიული ეფექტის შემცირება, ასევე გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგალითად, საშვილოსნოს სისხლდენის ხასიათის ცვლილება. სასქესო ჰორმონების კლირენსის შემცირებამ ფერმენტების ინჰიბირებასთან დაკავშირებით შეიძლება გაზარდოს დიენოგესტის ექსპოზიცია და გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები.

ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან სასქესო ჰორმონების კლირენსს (ეფექტიანობის შემცირება ფერმენტების ინდუქციის გზით)

ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ასევე, შესაძლოა, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი და კრაზანას ბალახის შემცველი პრეპარატები.

ფერმენტების ინდუქცია, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მაქსიმალური ინდუქცია აღინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ შეიძლება შენარჩუნდეს თერაპიის შეწყვეტიდან 4 კვირის განმავლობაში.

CYP3A4-ის ინდუქტორის, რიფამპიცინის, ეფექტი შესწავლილ იქნა ჯანმრთელ ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში. რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას ტაბლეტებთან, რომლებიც შეიცავდა ესტრადიოლის ვალერატს/დიენოგესტს, აღინიშნა დიენოგესტის წონასწორული კონცენტრაციისა და სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი შემცირება. დიენოგესტის სისტემური ექსპოზიცია წონასწორულ კონცენტრაციაზე, რომელიც განისაზღვრებოდა AUC (0-24 სთ) სიდიდით, შემცირდა 83%-ით.

ნივთიერებები ცვლადი გავლენით სასქესო ჰორმონების კლირენსზე

სასქესო ჰორმონებთან ერთობლივი გამოყენებისას, აივ-ისა და C ჰეპატიტის სამკურნალო მრავალმა პრეპარატმა და არანუკლეოზიდურმა უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ პროგესტინების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.

ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ სასქესო ჰორმონების კლირენსს (ფერმენტების ინჰიბიტორები)

დიენოგესტი არის ციტოქრომ P450 (CYP) 3A4-ის სუბსტრატი.

მაღალაქტიურმა ინჰიბიტორებმა და CYP3A4-ის ზომიერი აქტივობის ინჰიბიტორებმა, მაგალითად, აზოლურმა ფუნგიციდებმა (იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ვერაპამილმა, მაკროლიდებმა (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი), დილთიაზემმა და გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს გესტაგენის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში.

ერთ კვლევაში, რომლის პროცესშიც შესწავლილ იქნა CYP3A4-ის ინჰიბიტორების (კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი) ეფექტი, ესტრადიოლის ვალერატისა და დიენოგესტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციის პირობებში გაზრდილი იყო. ძლიერ ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში AUC (0-24 სთ) სიდიდე, წონასწორული კონცენტრაციის პირობებში, დიენოგესტისთვის გაიზარდა 2,86-ჯერ. CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორ ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას AUC (0-24 სთ) სიდიდე დიენოგესტისთვის, წონასწორული კონცენტრაციის პირობებში, გაიზარდა 1,62-ჯერ. ამ ურთიერთქმედებების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

დიენოგესტის გავლენა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებზე

in vitro ინჰიბირების კვლევების მონაცემებიდან გამომდინარე, პრეპარატ ალვოვიზანის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების მეშვეობით, ნაკლებად სავარაუდოა.

ურთიერთქმედება საკვებ პროდუქტებთან

ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღება არ ახდენდა გავლენას პრეპარატ ალვოვიზანის ბიოშეღწევადობაზე.

სხვა სახის ურთიერთქმედება

გესტაგენების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ პარამეტრებზე, ცილების (-მატარებლების) პლაზმურ კონცენტრაციებზე, მაგალითად, ლიპიდების/ლიპოპროტეიდების ფრაქციებზე, ნახშირწყლების ცვლის პარამეტრებსა და შედედების პარამეტრებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

ორსულობა შეზღუდული მონაცემები ქალებზე, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ალვოვიზანს® ორსულობის დროს, არ აჩვენებს განსაკუთრებულ რისკებს. თუმცა, პრეპარატი ალვოვიზანი® არ უნდა მიიღონ ორსულმა ქალებმა, რადგან ორსულობის დროს ენდომეტრიოზის მკურნალობის საჭიროება არ არსებობს. პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

ძუძუთი კვება

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ დიენოგესტი გადადის დედის რძეში.

აუცილებელია ან უარი თქვათ ძუძუთი კვებაზე, ან თავი შეიკავოთ პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებისგან იმის მიხედვით, თუ რა აღმოჩნდება უფრო მნიშვნელოვანი – ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის, თუ პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის სარგებელი დედისთვის.

ფერტილობა არსებული მონაცემების საფუძველზე, პაციენტების უმრავლესობაში პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის დროს ითრგუნება ოვულაცია. მიუხედავად ამისა, პრეპარატი ალვოვიზანი® არ არის კონტრაცეპტივი.

კონტრაცეპტული ეფექტიანობა არ არის შესწავლილი პრეპარატ ალვოვიზანთან® მიმართებაში, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, 20 ქალში 2 მგ დიენოგესტის დოზამ დათრგუნა ოვულაცია მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ.

თუ საჭიროა კონტრაცეფცია, უნდა გამოიყენოთ არაჰორმონული მეთოდი (ზემოთ იხილეთ ქვენაწილი „ზოგადი ინფორმაცია“).

არსებული მონაცემებით, მენსტრუალური ციკლი ნორმას უბრუნდება პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ ალვოვიზანის® უარყოფითი გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ აღნიშნულა. თუმცა, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, თუ ადაპტაციის პერიოდში (პრეპარატის მიღების პირველი სამი თვე) აღგენიშნებათ ყურადღების კონცენტრაციის დარღვევები.

პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. შემდეგი მითითებები ეხება პრეპარატ ალვოვიზანს®, თუ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული. გთხოვთ, დაიცვათ ეს ინსტრუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სრულად ვერ ისარგებლებთ პრეპარატ ალვოვიზანის® უპირატესობებით.

ტაბლეტების მიღება შეიძლება დაიწყოთ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალწამლო პრეპარატის მსგავსად, პრეპარატ ალვოვიზანსაც® შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. აღწერილი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეებში და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მენსტრუაცია შეიძლება უცვლელი დარჩეს, თქვენ ასევე შეიძლება განიცადოთ ცვლილებები მენსტრუაციის ხასიათში, როგორიცაა უფრო იშვიათი ან უფრო ხშირი მენსტრუაცია, არარეგულარული მენსტრუაცია, ხანგრძლივი მენსტრუაცია, ან ზოგჯერ მენსტრუაცია სრულად წყდება.

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია: სისხლდენა საშოდან (მათ შორის მცირე რაოდენობით გამონადენი, სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან მის არქონის პერიოდში, არარეგულარული სისხლდენა), თავის ტკივილი, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლების არეში, დაქვეითებული გუნება-განწყობა და აკნე.

დამატებით იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილია სხვა ნაწილებში (მაგალითად, „პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი“ და „პრეპარატი ალვოვიზანი® და სიმსივნეები“), ქვემოთ მოცემულია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი სიხშირის მიხედვით: ხშირი (აღენიშნება 10-დან 1 ადამიანს)

სხეულის მასის მომატება

დაქვეითებული გუნება-განწყობა, ძილის დარღვევა (უძილობის ჩათვლით), ნერვოზულობა, ლიბიდოს არქონა ან გუნება-განწყობის ცვლილება

თავის ტკივილი ან შაკიკი

გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში (მათ შორის ზედა და ქვედა ნაწილში), მეტეორიზმი, მუცლის შებერილობის შეგრძნება ან ღებინება

აკნე ან თმის ცვენა

ზურგის ტკივილი

დისკომფორტი სარძევე ჯირკვლების არეში (მათ შორის სარძევე ჯირკვლების გადიდება და ტკივილი), საკვერცხის კისტა (მათ შორის კისტაში სისხლჩაქცევა), ალები

საშვილოსნოს/ვაგინალური სისხლდენა (მათ შორის მცირე რაოდენობით გამონადენი, სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან მის არქონის პერიოდში, არარეგულარული სისხლდენა), მენსტრუაციის გაქრობა

დაღლილობა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა (ასთენიური მდგომარეობა) ან გაღიზიანებადობა

არახშირი (აღენიშნება 100-დან 1 ადამიანს)

ანემია

სხეულის მასის დაკლება ან მომატებული მადა

შფოთვა, დეპრესია ან გუნება-განწყობის ცვალებადობა

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევა (რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის არაცნობიერ ფუნქციებს, მაგალითად, ოფლიანობას) ან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

თვალების სიმშრალე

ყურებში შუილი

სისხლის მიმოქცევის სისტემის არასპეციფიკური დარღვევა ან გულისცემის ეპიზოდები

დაბალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპოტენზია)

ქოშინი

დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭისა და ნაწლავების ანთება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები), ღრძილების ანთება (გინგივიტი)

კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), კანის ქავილი, თმის ჭარბი ზრდა მამაკაცური ტიპით (ჰირსუტიზმი), ფრჩხილების მტვრევადობა (ონიქოკლაზია), ქერტლი, დერმატიტი, თმის ანომალური ზრდა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია სინათლეზე (ფოტომგრძნობელობა) ან კანის პიგმენტაციის პრობლემები

ტკივილი ძვლებში, კუნთების სპაზმი, ტკივილი და/ან სიმძიმის შეგრძნება ხელებსა და მტევნებში ან ფეხებსა და ტერფებში

საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტის ჩათვლით)

კანდიდოზი (რძიანა), სასქესო ორგანოების სიმშრალე, გამონადენი საშოდან, ტკივილი მენჯის არეში, სასქესო ორგანოების ატროფიული ანთება გამონადენით (საშოს და გარეთა სასქესო ორგანოების სიმშრალე), ან გამკვრივება სარძევე ჯირკვალში (სარძევე ჯირკვლის მოცულობითი წარმონაქმნი, სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-კისტოზური დაავადება (მასტოპათია), სარძევე ჯირკვლის გამკვრივება)

შეშუპება სითხის შეკავების გამო (სახის შეშუპების ჩათვლით)

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით სამკურნალწამლო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ), მისამართი: რფ, 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა-ნაგებობა 1, ტელ.: +7 (800) 550-99-03.

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru

  • პრეპარატ ალვოვიზანის® შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ბლისტერის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბებისას: გულისრევა, ღებინება, „მცირე“ სისხლიანი გამონადენი ან მეტრორაგია.

მკურნალობა სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული დიენოგესტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ მიკრონიზებულ დიენოგესტს. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ლაქტოზის მონოჰიდრატი სიმინდის სახამებელი პოვიდონი K30 ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი), ტიპი A მაგნიუმის სტეარატი აპკიანი გარსი აქვაპოლიშ თეთრი 014.17 MS ჰიპრომელოზა (E464) ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) (E463) ტალკი (E553b) ჰიდროგენიზებული ბამბის ზეთი ტიტანის დიოქსიდი (E171) პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს ლაქტოზას (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატ ალვოვიზანის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით «2» ერთ მხარეს. განაჭერზე – თეთრი ფერის ბირთვი და აპკიანი გარსი.

14 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2, 6 ან 12 ბლისტერი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი ბულგარეთი სოფარმა სს ილიენსკოე შოსე №16, სოფია 1220, ბულგარეთი 16 Iliensko Shosse Str., Sofia 1220, Bulgaria ტელ.: +359 02 81 34 200 ფაქსი: +359 02 936 02 86 ელ. ფოსტა: [email protected]

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

  • 5. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შიგთავსი 14 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2, 6 ან 12 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად. შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისთვის.
  • 6. გამოყენებული სამკურნალწამლო საშუალების ან ნარჩენების განადგურების განსაკუთრებული ზომები და პრეპარატთან სხვა მანიპულაციები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

მთელი დარჩენილი სამკურნალწამლო პრეპარატი და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები; გესტაგენები; პრეგნადიენის წარმოებულები

ათქ კოდი: G03DB08

მოქმედების მექანიზმი

დიენოგესტი მოქმედებს ენდომეტრიოზზე ესტროგენების ტროფიკული ეფექტების დათრგუნვის გზით ეუტოპიურ და ექტოპიურ ენდომეტრიუმთან მიმართებაში, საკვერცხეებში ესტროგენების პროდუქციის შემცირებისა და პლაზმაში მათი კონცენტრაციის შემცირების შედეგად.

ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს ენდომეტრიუმის ქსოვილის საწყის დეციდუალიზაციას, რასაც მოჰყვება ენდომეტრიოიდული კერების ატროფია.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დიენოგესტი არის ნორტესტოსტერონის წარმოებული, რომელიც ხასიათდება ანტიანდროგენული აქტივობით, რაც შეადგენს ციპროტერონის აცეტატის აქტივობის დაახლოებით ერთ მესამედს. დიენოგესტი უკავშირდება პროგესტერონის რეცეპტორებს ადამიანის საშვილოსნოში, და გააჩნია პროგესტერონის ფარდობითი მსგავსების მხოლოდ 10%. პროგესტერონის რეცეპტორებისადმი დაბალი აფინურობის მიუხედავად, დიენოგესტი ხასიათდება ძლიერი პროგესტაგენული ეფექტით in vivo. დიენოგესტს არ გააჩნია არსებითი ანდროგენული, მინერალოკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული აქტივობა in vivo.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

პრეპარატ ალვოვიზანის უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის მხრივ ნაჩვენები იქნა 3-თვიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 198 პაციენტი ქალი მონაწილეობდა. ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილი ფასდებოდა ვიზუალური ანალოგური სკალით (ვას, 0–100 მმ). პრეპარატ ალვოვიზანით მკურნალობის 3 თვის შემდეგ ნაჩვენები იყო სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება პლაცებოსთან შედარებით (∆ = 12,3 მმ; 95% ნდობის ინტერვალი: 6,4 – 18,1; p<0,0001), აგრეთვე ტკივილის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით (საშუალო = 27,4 მმ ± 22,9).

მკურნალობის 3 თვის შემდეგ, პაციენტების 37,3%-ს აღენიშნა ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის ინტენსივობის 50%-ით ან მეტით შემცირება მათ მიერ მიღებული დამატებითი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების დოზის გაზრდის გარეშე (პლაცებო: 19,9%-ს); პაციენტების 18,6%-ს აღენიშნა ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის ინტენსივობის 75%-ით ან მეტით შემცირება მათ მიერ მიღებული დამატებითი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების დოზის გაზრდის გარეშე (პლაცებო: 7,3%).

აღნიშნული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის გახანგრძლივებულ ღია ფაზაში აღინიშნებოდა ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილის მდგრადი შემცირება 15 თვემდე მკურნალობის ხანგრძლივობისას.

პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგები დადასტურდა მონაცემებით, რომლებიც მიღებულ იქნა 6-თვიანი კვლევისას გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) აგონისტთან შედარებით, რომელშიც მონაწილეობდა ენდომეტრიოზით დაავადებული 252 პაციენტი ქალი.

სამ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 252 პაციენტი ქალი, რომლებიც იღებდნენ დიენოგესტის დღიურ დოზას 2 მგ, ნაჩვენები იყო ენდომეტრიოიდული კერების არსებითი შემცირება მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ.

მცირე კვლევაში (n = 8 თითოეულ დოზირების ჯგუფში) ნაჩვენები იყო, რომ 1 მგ დიენოგესტის დღიური დოზა იწვევს ოვულაციის დათრგუნვას მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ. პრეპარატ ალვოვიზანის კონტრაცეპტიული ეფექტიანობა არ შესწავლილა უფრო მასშტაბურ კვლევებში.

პრეპარატ ალვოვიზანით მკურნალობის დროს ენდოგენური ესტროგენების დონე ზომიერად ითრგუნება.

ძვლის მინერალური სიმკვრივე შეფასდა 21 ზრდასრულ პაციენტ ქალში მკურნალობის დაწყებამდე და პრეპარატის გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ, ძვლის მინერალური სიმკვრივის საშუალო მაჩვენებლის შემცირება არ აღნიშნულა.

29 პაციენტ ქალში, რომლებიც იღებდნენ ლეიპრორელინის აცეტატს (ლა), იმავე პერიოდში აღინიშნა საშუალოდ 4,04% + 4,84-იანი კლება (∆ ჯგუფებს შორის = 4,29 %; 95% ნდობის ინტერვალი: 1,93–6,66; p <0,0003).

ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების მონაცემები

კლინიკურად მნიშვნელოვანი დეპრესიის განვითარების ან გაუარესების და ანემიის განვითარების სიხშირის შესასწავლად ჩატარდა ხანგრძლივი, სადამკვირვებლო, პოსტმარკეტინგული კვლევა აქტიური კონტროლით. კვლევაში სულ ჩართული იყო 27 840 ქალი ენდომეტრიოზის გამო პირველად დანიშნული ჰორმონული თერაპიით, რომლებზეც დაკვირვება მიმდინარეობდა 7 წლის განმავლობაში.

სულ 3023-მა ქალმა დაიწყო დიენოგესტის 2 მგ დოზით მიღება, 3371-მა პაციენტმა ქალმა კი – ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დამტკიცებული სხვა პრეპარატების მიღება. ანემიის ახალი შემთხვევების საერთო კორექტირებული რისკების შეფარდება დიენოგესტის მიმღებ პაციენტებსა და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დამტკიცებული სხვა პრეპარატების მიმღებ პაციენტებს შორის შეადგენდა 1,1-ს (95% ნდობის ინტერვალი: 0,4–2,6). დეპრესიის განვითარების კორექტირებული რისკების შეფარდება დიენოგესტისა და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დამტკიცებული სხვა პრეპარატების შედარებისას შეადგენდა 1,8-ს (95% ნდობის ინტერვალი: 0,3–9,4). არ შეიძლება გამოირიცხოს დეპრესიის გაზრდილი რისკი დიენოგესტის მიმღებ პაციენტებში ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დამტკიცებული სხვა პრეპარატების მიმღებ პაციენტებთან შედარებით.

ბავშვები

პრეპარატ ალვოვიზანის უსაფრთხოება ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე ზემოქმედების თვალსაზრისით შესწავლილ იქნა 12-თვიან არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევაში კლინიკურად საეჭვო ან დადასტურებული ენდომეტრიოზის მქონე 111 მოზარდ პაციენტში (12–18 წლის, მენარქეს შემდეგ). წელის მიდამოში (L2-L4 მალები) ძვლის მინერალურ სიმკვრივის მაჩვენებლის საშუალო ფარდობითი ცვლილება 103 პაციენტში საწყის მაჩვენებელთან შედარებით შეადგენდა -1,2%-ს. იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებშიც აღინიშნა ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება, მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, გახანგრძლივებული დაკვირვების პერიოდის ფარგლებში, ეს პარამეტრი ხელახლა გაიზომა და ანალიზმა აჩვენა ძვლის მინერალური სიმკვრივის დონის ზრდა -0,6%-მდე.

პრეპარატ ალვოვიზანის 15 თვემდე ხანგრძლივობის გამოყენებისას არ აღინიშნებოდა პრეპარატის მნიშვნელოვანი ზეგავლენა სტანდარტულ ლაბორატორიულ პარამეტრებზე, მათ შორის ჰემატოლოგიაზე, სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე, ღვიძლის ფერმენტების, ლიპიდებისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებლებზე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები აბსორბცია

პერორალური გამოყენების შემდეგ დიენოგესტი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელიც შეადგენს 47 ნგ/მლ-ს, მიიღწევა დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ ერთჯერადი პერორალური მიღებიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 91%-ს. დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა, 1-დან 8 მგ-მდე დოზების დიაპაზონში, ხასიათდება დოზადამოკიდებულებით.

განაწილება

დიენოგესტი უკავშირდება პლაზმის ალბუმინს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს, ასევე კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელ გლობულინს. ნივთიერების საერთო კონცენტრაციის 10% სისხლის პლაზმაში იმყოფება თავისუფალი სტეროიდის სახით, ხოლო დაახლოებით 90% არასპეციფიკურად უკავშირდება ალბუმინს. დიენოგესტის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა (Vd/F) 40 ლ შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია

დიენოგესტი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება უპირატესად ჰიდროქსილირების გზით, რამდენიმე პრაქტიკულად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. in vitro და in vivo კვლევების შედეგების მიხედვით, დიენოგესტის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითადი ფერმენტია CYP3A4. მეტაბოლიტები ძალიან სწრაფად გამოიყოფა, ისე რომ პლაზმაში დომინანტურ ფრაქციას წარმოადგენს უცვლელი დიენოგესტი.

მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე (C1/F) სისხლის პლაზმიდან შეადგენს 64 მლ/წთ.

ელიმინაცია დიენოგესტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება ორფაზიანად. ნახევრად გამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს დაახლოებით 9–10 საათს. 0,1 მგ/კგ დოზით შიგნით მიღების შემდეგ დიენოგესტი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელებით და ნაწლავების მეშვეობით, დაახლოებით 3:1 თანაფარდობით. მეტაბოლიტების თირკმელებით ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 14 საათს. პერორალური გამოყენების შემდეგ მიღებული დოზის დაახლოებით 86% გამოიყოფა 6 დღის განმავლობაში, ძირითადი ნაწილი კი გამოიყოფა პირველი 24 საათის განმავლობაში, უპირატესად თირკმელებით.

ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება

დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის დონეზე. დიენოგესტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ყოველდღიური გამოყენების შემდეგ იზრდება დაახლოებით 1,24-ჯერ, და წონასწორულ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან 4 დღის შემდეგ. დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა პრეპარატ ალვოვიზანის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ შეიძლება პროგნოზირებულ იქნას ერთჯერადი გამოყენების ფარმაკოკინეტიკის საფუძველზე.

  • ფარმაცევტული თვისებები 6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ლაქტოზის მონოჰიდრატი სიმინდის სახამებელი პოვიდონი K30 ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი), ტიპი A მაგნიუმის სტეარატი

აპკისებრი გარსი აკვაპოლიში თეთრი 014.17 MS ჰიპრომელოზა (E464) ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) (E463) ტალკი (E553b) ჰიდროგენიზებული ბამბის ზეთი ტიტანის დიოქსიდი (E171)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი ფურცელი – ინფორმაცია პაციენტისათვის

ალვოვიზანი®, 2 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: მიკრონიზებული დიენოგესტი

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ჩანართი ფურცელი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლოა, მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი ფურცლის მე-4 ნაწილში.

ჩანართი ფურცლის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ალვოვიზანი® და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებამდე.

პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ ალვოვიზანის® შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს პრეპარატი ალვოვიზანი® და რისთვის გამოიყენება იგი პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერება დიენოგესტს, რომელიც გამოიყენება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ (დაავადება, როდესაც საშვილოსნოს შიდა გარსის (ენდომეტრიუმის) მსგავსი აგებულების ქსოვილი სხვა ადგილებში გვხვდება: ჩვეულებრივ, მენჯის არეში, საშვილოსნოს გარშემო, საკვერცხეებში). ენდომეტრიოზის ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ტკივილი მენჯის არეში, მტკივნეული, ზოგჯერ არარეგულარული ან ჭარბი მენსტრუაცია. შესაძლებელია ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს ან მის შემდეგ და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა. პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს ჰორმონ პროგესტაგენს – დიენოგესტს. ალვოვიზანის® ტაბლეტების ყოველდღიური მიღება იწვევს ტკივილის სინდრომის შემცირებას ან სრულ გაქრობას, დაავადების კერების და ენდომეტრიოზის სხვა სიმპტომების შემცირებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ალვოვიზანი® გამოიყენება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ. თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებამდე არ მიიღოთ პრეპარატი ალვოვიზანი®: პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დაწყებამდე შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ:

გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 ნაწილში);

გაქვთ ღრმა ვენების თრომბოზი (თრომბის არსებობა ღრმა ვენაში) ან თრომბოფლებიტი (თრომბის არსებობა ზედაპირულ ვენაში). თრომბოზი – ეს არის სისხლძარღვის სანათურში თრომბის წარმოქმნა. თრომბები შეიძლება გაჩნდეს, მაგალითად, ფეხების სისხლძარღვებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში (ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია). ქვემოთ იხილეთ ასევე ქვენაწილი „პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი“;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) გულის და არტერიების დაავადებები, რომლებსაც საფუძველად უდევს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებები, მათ შორის გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ქვემოთ ასევე იხილეთ ქვენაწილი „პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი“;

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს კანის გაყვითლება და ქავილი, და ღვიძლი ჯერ კიდევ არ არის ნორმაში;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე;

გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც დამოკიდებულია სასქესო ჰორმონებზე (მაგალითად, სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების კიბო);

გაქვთ ნებისმიერი, უცნობი წარმოშობის, სისხლდენა საშვილოსნოდან;

ორსულობის დროს გქონდათ ქოლესტაზური სიყვითლე (მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლიდან ნაწლავში ნაღვლის გამოყოფის დარღვევასთან, რის შედეგადაც ნაღველი გროვდება სისხლში, რასაც თან ახლავს კანის გაყვითლება);

ასაკი 12 წლამდე (ან არ დამდგარა პირველი მენსტრუაცია).

თუ ზეოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა პირველად გამოვლინდა პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატ ალვოვიზანის® მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

ზოგადი ინფორმაცია

ამ საინფორმაციო ფურცელში აღწერილია რამდენიმე სიტუაცია, რომელთა დროსაც უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება, ან რომელთა დროსაც პრეპარატ ალვოვიზანის® ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს.

ვინაიდან პრეპარატი ალვოვიზანი® არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს, პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. პრეპარატის მიღების დროს ორსულობის თავიდან ასაცილებლად, უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებები, როგორიცაა პრეზერვატივები ან სხვა ბარიერული მეთოდები. პრეპარატ ალვოვიზანის® მიღებისას არ უნდა გამოიყენოთ სასქესო ჰორმონების შემცველი კონტრაცეპტივები ნებისმიერი ფორმით (ტაბლეტები, პლასტირები, საშვილოსნოსშიდა სისტემა).

თუ გამონაკლის შემთხვევაში, თქვენ მაინც დაორსულდებით პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებისას, პროგესტაგენების შემცველი პრეპარატის მიღების გამო გაიზრდება გარე ორსულობის (ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ) ალბათობა. შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დაწყებამდე, თუ წარსულში გქონიათ გარე ორსულობა ან დარღვეული გაქვთ ფალოპის მილების ფუნქცია.

თუ ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რადგან აუცილებელია გარე ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა.

თუ პრეპარატი ალვოვიზანი® დაგენიშნათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას, შესაძლოა, დაგჭირდეთ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. თქვენი მკურნალი ექიმი ამის შესახებ გაგაფრთხილებთ.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ დაავადებებს შორის, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დაწყებამდე.

პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი

კვლევებში არ არის დადგენილი ან დამტკიცებული კავშირი პროგესტაგენების შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა ალვოვიზანი®, და ინფარქტის ან ინსულტის გაზრდილ რისკს შორის. ასეთი მოვლენების განვითარების რისკი უფრო მეტად უკავშირდება ასაკს, არტერიულ ჰიპერტენზიას (მაღალი არტერიული წნევა) და თამბაქოს მოხმარებას. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ინსულტის რისკი შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების, როგორიცაა ალვოვიზანი®, მიღებისას.

თრომბოზი წარმოადგენს სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნას, რომელსაც შეუძლია სისხლძარღვის დახშობა.

თრომბოზი ზოგჯერ წარმოიქმნება ქვედა კიდურების ღრმა ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი). თუ თრომბი მოსწყდება ვენას, სადაც ის წარმოიქმნა, მას შეუძლია მიაღწიოს და დაბლოკოს ფილტვის არტერიები, რასაც „ფილტვის ემბოლია“ ეწოდება. ღრმა ვენების თრომბოზი იშვიათი მოვლენაა. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს იმისდა მიუხედავად, იღებთ თუ არა პრეპარატ ალვოვიზანს®. ის ასევე შეიძლება განვითარდეს ორსულობის დადგომისას ან მშობიარობის შემდეგ. ვენური თრომბოემბოლიის (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) რისკი ოდნავ უფრო მაღალია მათში, ვინც იღებს ჰორმონალურ (პროგესტაგენის შემცველ) პრეპარატებს, როგორიცაა ალვოვიზანი®, ვიდრე მათში, ვინც არ იღებს, თუმცა არაა ისეთი მაღალი, როგორც ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ. მაგალითად, ვენური თრომბოემბოლიის რისკი იზრდება:

თუ თქვენი უახლოესი ნათესავებიდან რომელიმეს ჰქონდა თრომბოზი (ვენური თრომბოემბოლია ძმას, დას ან მშობელს შედარებით ადრეულ ასაკში);

ასაკთან ერთად;

თუ ჭარბი წონა გაქვთ;

ვრცელი ოპერაციის, იმობილიზაციის ან სერიოზული ტრავმის შედეგად (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირშია ან დადებული გაქვთ არტაშანი). ასეთ შემთხვევებში თრომბოზის რისკი დროებით იზრდება, ხოლო ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ალვოვიზანს®, რისკი შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს. წინასწარ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ალვოვიზანს® ნებისმიერი მოსალოდნელი ჰოსპიტალიზაციის ან ოპერაციის წინ. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ან იმობილიზაციის პერიოდში. თქვენი მკურნალი ექიმი ასევე გეტყვით, როდის შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება;

მშობიარობის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ თრომბოზის შესაძლო ნიშნებს, შეწყვიტეთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხილეთ ასევე ქვენაწილი „როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს“).

პრეპარატი ალვოვიზანი® და სიმსივნეები

ქვემოთ მოცემულია კვლევების შედეგები კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებისთვის, რომლებიც შეიძლება აქტუალური იყოს იმ ქალებისთვისაც, რომლებიც იყენებენ მხოლოდ პროგესტაგენების შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა ალვოვიზანი®. თუმცა, ეს მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიმართ, ვიდრე პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ალვოვიზანი®.

სარძევე ჯირკვლის კიბო ოდნავ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იყენებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვიდრე ქალებში, რომლებიც მათ არ იყენებენ. სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირების შემთხვევების ეს მცირე ზრდა თანდათან ქრება ორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს განსხვავება პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას. შესაძლოა, ქალები, რომლებიც იღებდნენ ორალურ კონტრაცეპტივებს, უფრო ხშირად იტარებდნენ გამოკვლევებს, ვიდრე ქალები, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ორალური კონტრაცეპტივები, ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიებიც უფრო ხშირად ვლინდებოდა. იშვიათ შემთხვევებში, ჰორმონალური ნივთიერებების გამოყენების ფონზე, როგორიც პრეპარატ ალვოვიზანშია, აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში – ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები. ამ სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში.

მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილება

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენება გავლენას ახდენს მენსტრუალური სისხლდენის ხასიათზე ქალების უმრავლესობაში (იხილეთ ასევე ნაწილი 4).

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების შედეგად შეიძლება გაძლიერდეს საშვილოსნოდან სისხლდენა, მაგალითად, ქალებში, რომლებსაც აქვთ დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი იზრდება მის კუნთოვან შრეში (ადენომიოზი) ან საშვილოსნოს მიომა. ჭარბმა და ხანგრძლივმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე). ასეთ შემთხვევებში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტა.

ცვლილებები ძვლის მინერალურ სიმკვრივეში

პრეპარატ ალვოვიზანის® ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე მოზარდებში (12-დან 18 წლამდე), ამიტომ თქვენი მკურნალი ექიმი გულდასმით შეაფასებს პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების უპირატესობებს ძვლის მასის დაკარგვის (ოსტეოპოროზი) პოტენციურ რისკებთან, როგორიცაა:

ძვლის მეტაბოლური დაავადება (დისმეტაბოლური ოსტეოპათია);

ძვლის მასის დაკარგვა (ოსტეოპოროზი), რომელიც ოდესმე გამოვლენილა თქვენი ახლო ნათესავებიდან რომელიმეში;

სხეულის მასის დაბალი ინდექსი ან კვებითი დარღვევები;

იმ სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ძვლის მასას, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ან გლუკოკორტიკოიდები;

ოდესმე მომხდარი ძვლის მოტეხილობა უმნიშვნელო ტრავმის შემდეგ, რომელიც არ იყო გამოწვეული დაცემით ან უბედური შემთხვევით;

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;

თამბაქოს მოხმარება.

თუ თქვენ იღებთ პრეპარატ ალვოვიზანს®, თქვენი ძვლებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი დიეტა, რომელიც მოიცავს კალციუმის (შედის, მაგალითად, რძის პროდუქტებში) და D ვიტამინის (შედის, მაგალითად, ცხიმიან თევზში, როგორიცაა ორაგული) ადეკვატურ მოხმარებას. მოზრდილ პაციენტებში ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება არ აღნიშნულა.

სხვა მდგომარეობები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა პირველად ჩნდება, მეორდება ან უარესდება პრეპარატ ალვოვიზანის® დანიშვნამდე ან პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების დროს, უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:

გქონდათ ან გაქვთ დეპრესია და/ან თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება;

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების ფონზე აღინიშნება არტერიული წნევის მომატება. ზოგადად, პრეპარატი ალვოვიზანი®, როგორც ჩანს, არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე ნორმალური არტერიული წნევის მქონე ქალებში;

ადრე ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა გამოყენების ფონზე გქონდათ ღვიძლის დაავადება კანის ან სკლერების გაყვითლებით, ან ქავილით, და ეს სიმპტომები კვლავ გამოჩნდა პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებისას;

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან წინა ორსულობის დროს დაგისვეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი;

ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს, უნდა მოერიდოთ მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტად ძლიერ ზემოქმედებას;

გაქვთ საკვერცხის ფოლიკულები (ხშირად უწოდებენ საკვერცხის ფუნქციურ კისტებს), რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების დროს. უმეტეს შემთხვევაში, ამ ფოლიკულების არსებობას არ ახლავს რაიმე სიმპტომი, თუმცა ზოგიერთს შეიძლება თან ახლდეს ტკივილი მენჯის არეში. უმეტეს შემთხვევაში, გადიდებული ფოლიკულები სპონტანურად ქრება. მენჯის არეში ტკივილის გაჩენის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს რეგულარული გასინჯვა

პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების დროს თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ რეგულარულ გასინჯვებზე გამოცხადებას.

რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ:

შენიშნეთ რაიმე ცვლილება თქვენს ჯანმრთელობაში, განსაკუთრებით ამ ჩანართ ფურცელში ნახსენები ნებისმიერი პუნქტის მიმართ (იხილეთ ასევე ქვეთავები „არ მიიღოთ პრეპარატი ალვოვიზანი®“ და „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“; არ დაგავიწყდეთ თქვენს უახლოეს ნათესავებთან დაკავშირებული პუნქტები);

გაქვთ გამკვრივება სარძევე ჯირკვალში;

აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას (იხ. ასევე ქვენაწილი „სხვა პრეპარატები და პრეპარატი ალვოვიზანი®“);

მოსალოდნელია იმობილიზაცია (მოძრაობის შეზღუდვა) ან ოპერაცია (კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე);

გაქვთ უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა საშოდან;

ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ (არ დაიწყოთ ახალი შეფუთვა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე);

გაქვთ აუხსნელი ჩივილები მუცლის ღრუს მხრივ, განსაკუთრებით თუ ისინი განსხვავდება იმ სიმპტომებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ განიცდით ენდომეტრიოზის დროს, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან აუცილებელია მან განიხილოს გარე ორსულობის ან ღვიძლის სიმსივნესთან დაკავშირებული შინაგანი სისხლდენის შესაძლებლობა.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ შეამჩნევთ თრომბოზის შესაძლო ნიშნებს:

უჩვეულო ხველა;

უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა ხელში;

ქოშინი;

ნებისმიერი უჩვეულო, უეცარი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა;

მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ან დიპლოპია (თუ გაქვთ გაორებული მხედველობა);

გაუგებარი მეტყველება ან მეტყველების დარღვევა;

სმენის, ყნოსვის ან გემოს უეცარი ცვლილებები;

თავბრუსხვევა ან გულის წასვლა;

სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ნებისმიერ ნაწილში;

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;

ძლიერი ტკივილი ან შეშუპება ფეხებში. ზემოთ ნახსენები სიტუაციები და სიმპტომები უფრო დეტალურად არის აღწერილი და ახსნილი ამ ჩანართი ფურცლის სხვა ნაწილებში.

ბავშვები და მოზარდები პრეპარატი ალვოვიზანი® არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ალვოვიზანი® შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახან იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ პრეპარატ ალვოვიზანის® ეფექტი:

სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსიის (მაგ., პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი)

ტუბერკულოზის (მაგ., რიფამპიცინი)

სხვა ინფექციების (ანტიბიოტიკები, როგორიცაა გრიზეოფულვინი)

პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას ბალახს.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად იმოქმედონ პრეპარატ ალვოვიზანის® შემცველობაზე სისხლში:

პროტეაზას ინჰიბიტორები და არანუკლეოზიდური უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები აივ/C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციებისთვის.

ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალების მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემდეგ ნივთიერებებს შეუძლიათ გაზარდონ პრეპარატ ალვოვიზანის® კონცენტრაცია სისხლში:

სამკურნალწამლო საშუალებები, როგორიცაა:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)

ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი)

ჰიპოტენზიური პრეპარატები (მაგ., დილთიაზემი, ვერაპამილი)

გრეიპფრუტის წვენი

პრეპარატი ალვოვიზანი® საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ გრეიპფრუტის წვენის მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს პრეპარატ ალვოვიზანის® შემცველობა სისხლში. ამან შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკი.

ლაბორატორიული ანალიზები

გესტაგენების, როგორიცაა პრეპარატი ალვოვიზანი®, გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, ცილების (- მატარებლების) პლაზმურ კონცენტრაციებზე, მაგალითად, ლიპიდების/ლიპოპროტეიდების ფრაქციებზე, ნახშირწყლების ცვლის პარამეტრებსა და სისხლის შედედების პარამეტრებზე. თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ანალიზის გაკეთება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ პრეპარატ ალვოვიზანს®.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

ორსულობა შეზღუდული მონაცემები ქალებზე, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ალვოვიზანს® ორსულობის დროს, არ აჩვენებს განსაკუთრებულ რისკებს. თუმცა, პრეპარატი ალვოვიზანი® არ უნდა მიიღონ ორსულმა ქალებმა, რადგან ორსულობის დროს ენდომეტრიოზის მკურნალობის საჭიროება არ არსებობს. პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

ძუძუთი კვება

პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ დიენოგესტი გადადის დედის რძეში.

აუცილებელია ან უარი თქვათ ძუძუთი კვებაზე, ან თავი შეიკავოთ პრეპარატ ალვოვიზანის® გამოყენებისგან იმის მიხედვით, თუ რა აღმოჩნდება უფრო მნიშვნელოვანი – ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის, თუ პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის სარგებელი დედისთვის.

ფერტილობა არსებული მონაცემების საფუძველზე, პაციენტების უმრავლესობაში პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის დროს ითრგუნება ოვულაცია. მიუხედავად ამისა, პრეპარატი ალვოვიზანი® არ არის კონტრაცეპტივი.

კონტრაცეპტული ეფექტიანობა არ არის შესწავლილი პრეპარატ ალვოვიზანთან® მიმართებაში, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, 20 ქალში 2 მგ დიენოგესტის დოზამ დათრგუნა ოვულაცია მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ.

თუ საჭიროა კონტრაცეფცია, უნდა გამოიყენოთ არაჰორმონული მეთოდი (ზემოთ იხილეთ ქვენაწილი „ზოგადი ინფორმაცია“).

არსებული მონაცემებით, მენსტრუალური ციკლი ნორმას უბრუნდება პრეპარატ ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატ ალვოვიზანის® უარყოფითი გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ აღნიშნულა. თუმცა, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, თუ ადაპტაციის პერიოდში (პრეპარატის მიღების პირველი სამი თვე) აღგენიშნებათ ყურადღების კონცენტრაციის დარღვევები.

პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. შემდეგი მითითებები ეხება პრეპარატ ალვოვიზანს®, თუ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული. გთხოვთ, დაიცვათ ეს ინსტრუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სრულად ვერ ისარგებლებთ პრეპარატ ალვოვიზანის® უპირატესობებით.

ტაბლეტების მიღება შეიძლება დაიწყოთ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

რეკომენდებული დოზა: ერთი ტაბლეტი დღეში, შესვენების გარეშე.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ უწყვეტად, ვაგინალური სისხლდენისგან დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ პირველი შეფუთვის დასრულების შემდეგ, შემდეგი უნდა დაიწყოთ შესვენების გარეშე.

მიღების წესი და/ან გზა

პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, სასურველია პრეპარატის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საჭიროებისამებრ წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი გაცნობებთ, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პრეპარატი ალვოვიზანი®.

თუ თქვენ მიიღეთ ალვოვიზანის® იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ

არ უნდა მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა.

არ შემოსულა რაიმე შეტყობინება სერიოზული დარღვევების შესახებ პრეპარატ ალვოვიზანის® ზედმეტად დიდი რაოდენობის ტაბლეტების ერთჯერადი მიღების გამო.

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბებისას: გულისრევა, ღებინება, მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა საშოდან.

მკურნალობა: უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვმა მიიღო პრეპარატი ალვოვიზანი®, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება

პრეპარატ ალვოვიზანის® ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს დოზის გამოტოვების, ღებინების და/ან დიარეის შემთხვევაში (თუ ეს მოხდა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში). თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი ან რამდენიმე დოზა, თქვენ უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო მეორე დღეს გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ჩვეულ დროს. თუ მორიგი დოზის მიღებიდან მალევე გქონდათ ღებინება ან დიარეა, ტაბლეტი ვერ მოასწრებს შეწოვას, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ალვოვიზანის® მიღება, ენდომეტრიოზთან დაკავშირებული საწყისი სიმპტომები შეიძლება კვლავ გაჩნდეს. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

12-დან 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ იწყებენ მკურნალობას მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. არ მისცეთ პრეპარატი 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს არაეფექტიანობისა და სავარაუდო უსაფრთხოების ნაკლებობის გამო.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალწამლო პრეპარატის მსგავსად, პრეპარატ ალვოვიზანსაც® შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. აღწერილი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება პრეპარატ ალვოვიზანით® მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეებში და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მენსტრუაცია შეიძლება უცვლელი დარჩეს, თქვენ ასევე შეიძლება განიცადოთ ცვლილებები მენსტრუაციის ხასიათში, როგორიცაა უფრო იშვიათი ან უფრო ხშირი მენსტრუაცია, არარეგულარული მენსტრუაცია, ხანგრძლივი მენსტრუაცია, ან ზოგჯერ მენსტრუაცია სრულად წყდება.

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია: სისხლდენა საშოდან (მათ შორის მცირე რაოდენობით გამონადენი, სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან მის არქონის პერიოდში, არარეგულარული სისხლდენა), თავის ტკივილი, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლების არეში, დაქვეითებული გუნება-განწყობა და აკნე.

დამატებით იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილია სხვა ნაწილებში (მაგალითად, „პრეპარატი ალვოვიზანი® და თრომბოზი“ და „პრეპარატი ალვოვიზანი® და სიმსივნეები“), ქვემოთ მოცემულია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი სიხშირის მიხედვით: ხშირი (აღენიშნება 10-დან 1 ადამიანს)

სხეულის მასის მომატება

დაქვეითებული გუნება-განწყობა, ძილის დარღვევა (უძილობის ჩათვლით), ნერვოზულობა, ლიბიდოს არქონა ან გუნება-განწყობის ცვლილება

თავის ტკივილი ან შაკიკი

გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში (მათ შორის ზედა და ქვედა ნაწილში), მეტეორიზმი, მუცლის შებერილობის შეგრძნება ან ღებინება

აკნე ან თმის ცვენა

ზურგის ტკივილი

დისკომფორტი სარძევე ჯირკვლების არეში (მათ შორის სარძევე ჯირკვლების გადიდება და ტკივილი), საკვერცხის კისტა (მათ შორის კისტაში სისხლჩაქცევა), ალები

საშვილოსნოს/ვაგინალური სისხლდენა (მათ შორის მცირე რაოდენობით გამონადენი, სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან მის არქონის პერიოდში, არარეგულარული სისხლდენა), მენსტრუაციის გაქრობა

დაღლილობა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა (ასთენიური მდგომარეობა) ან გაღიზიანებადობა

არახშირი (აღენიშნება 100-დან 1 ადამიანს)

ანემია

სხეულის მასის დაკლება ან მომატებული მადა

შფოთვა, დეპრესია ან გუნება-განწყობის ცვალებადობა

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევა (რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის არაცნობიერ ფუნქციებს, მაგალითად, ოფლიანობას) ან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

თვალების სიმშრალე

ყურებში შუილი

სისხლის მიმოქცევის სისტემის არასპეციფიკური დარღვევა ან გულისცემის ეპიზოდები

დაბალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპოტენზია)

ქოშინი

დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭისა და ნაწლავების ანთება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები), ღრძილების ანთება (გინგივიტი)

კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), კანის ქავილი, თმის ჭარბი ზრდა მამაკაცური ტიპით (ჰირსუტიზმი), ფრჩხილების მტვრევადობა (ონიქოკლაზია), ქერტლი, დერმატიტი, თმის ანომალური ზრდა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია სინათლეზე (ფოტომგრძნობელობა) ან კანის პიგმენტაციის პრობლემები

ტკივილი ძვლებში, კუნთების სპაზმი, ტკივილი და/ან სიმძიმის შეგრძნება ხელებსა და მტევნებში ან ფეხებსა და ტერფებში

საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტის ჩათვლით)

კანდიდოზი (რძიანა), სასქესო ორგანოების სიმშრალე, გამონადენი საშოდან, ტკივილი მენჯის არეში, სასქესო ორგანოების ატროფიული ანთება გამონადენით (საშოს და გარეთა სასქესო ორგანოების სიმშრალე), ან გამკვრივება სარძევე ჯირკვალში (სარძევე ჯირკვლის მოცულობითი წარმონაქმნი, სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-კისტოზური დაავადება (მასტოპათია), სარძევე ჯირკვლის გამკვრივება)

შეშუპება სითხის შეკავების გამო (სახის შეშუპების ჩათვლით)

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით სამკურნალწამლო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ), მისამართი: რფ, 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა-ნაგებობა 1, ტელ.: +7 (800) 550-99-03.

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru

  • პრეპარატ ალვოვიზანის® შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ბლისტერის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს: აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული დიენოგესტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ მიკრონიზებულ დიენოგესტს. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ლაქტოზის მონოჰიდრატი სიმინდის სახამებელი პოვიდონი K30 ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი), ტიპი A მაგნიუმის სტეარატი აპკიანი გარსი აქვაპოლიშ თეთრი 014.17 MS ჰიპრომელოზა (E464) ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) (E463) ტალკი (E553b) ჰიდროგენიზებული ბამბის ზეთი ტიტანის დიოქსიდი (E171) პრეპარატი ალვოვიზანი® შეიცავს ლაქტოზას (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატ ალვოვიზანის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით «2» ერთ მხარეს. განაჭერზე – თეთრი ფერის ბირთვი და აპკიანი გარსი.

14 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2, 6 ან 12 ბლისტერი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი ბულგარეთი სოფარმა სს ილიენსკოე შოსე №16, სოფია 1220, ბულგარეთი 16 Iliensko Shosse Str., Sofia 1220, Bulgaria ტელ.: +359 02 81 34 200 ფაქსი: +359 02 936 02 86 ელ. ფოსტა: [email protected]

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი ჰაუპტ ფარმა მიუნსტერ გმბჰ, შლეებრიუგგენკამპ 15, 48159 მიუნსტერი, გერმანია

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს „სოფარმა რუს“

127030, ქ. მოსკოვი, შიდასაქალაქ. ტერ. მუნიციპალური ოლქი ტვერსკოი, ნოვოსლობოდსკაიას ქ., სახლი 31, შენობა-ნაგებობა 4

ტელ.: +7 (495) 127 1011

email: [email protected]

ჩანართი ფურცელი გადაიხედა

სა

ინფორმაციის სხვა წყაროები ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებ-გვერდზე https://eec.eaeunion.org/.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა