პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

რიგევიდონი

RIGEVIDON®

რეცეპტით0,03მგ + 0,15მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პერორალური კონტრაცეფცია. რიგევიდონის® დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, აგრეთვე უნდა მოხდეს რიგევიდონის® მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას არსებულ ვენური …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,03მგ + 0,15მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №21 (1X21)
მწარმოებელი
«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
ATC კოდი
G03AA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-041383
რეგისტრირებულია
20 ივნისი 2024, მოქმედებს 20 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Gedeon Richter» Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი"-ს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარიგევიდონი და სხვა წამალი ერთად

რიგევიდონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პერორალური კონტრაცეფცია.

რიგევიდონის® დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, აგრეთვე უნდა მოხდეს რიგევიდონის® მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას არსებულ ვენური თრომბოემბოლიის რისკთან (იხილეთ პუნქტები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები").

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, საჭიროების შემთხვევაში, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება იწყება 7 დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ვითარდება „მოხსნის“ სისხლდენა (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ დასრულდეს მანამ, სანამ არ დაიწყებთ ტაბლეტების მიღებას ახალი ბლისტერიდან.

რიგევიდონის® მიღების დაწყება

თუ წინა თვის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ჰორმონალური კონტრაცეპტივები

ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს ფიზიოლოგიური მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).

სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან გადასვლისას (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი („კოკ“), ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური პლასტირი)

რიგევიდონის® პირველი ტაბლეტი მიიღება ჰორმონების შემცველი წინა „კოკ“-ის ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა უგვიანეს ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი შესვენების შემდეგ მეორე დღისა.

პრეპარატის პირველი ტაბლეტი მიიღება ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის ამოღების დღეს, მაგრამ არა უგვიანეს იმ დღისა, როდესაც უნდა მოხდეს ახალი პლასტირის გამოყენება ან ახალი რგოლის ჩასმა.

გადასვლა მხოლოდ პროგესტოგენის შემცველი მედიკამენტებიდან (მხოლოდ პროგესტოგენის შემცველი ან „მინი-პილი“, საინექციო საშუალებები, იმპლანტები ან პროგესტაგენის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები).

„მინი-პილებიდან“ გადასვლა შეიძლება ციკლის ნებისმიერ დღეს; რიგევიდონის® მიღება უნდა დაიწყოს „მინი-პილების“ მიღების შეწყვეტიდან მეორე დღეს.

იმპლანტიდან ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობებიდან გადასვლა უნდა მოხდეს მათი ამოღების დღეს, ხოლო საინექციო ფორმიდან - იმ დღეს, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება პირველი 7 დღე.

პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

რიგევიდონის® მიღების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. თუ ეს პირობა დაკმაყოფილებულია, დამატებითი კონტრაცეპტული ზომები არ არის საჭირო.

მეორე ტრიმესტრში მშობიარობის ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან 21-28 დღის შემდეგ (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან ორსულობის შეწყვეტიდან მეორე ტრიმესტრში, ვინაიდან მშობიარობის შემდგომ პერიოდში იზრდება თრომბოემბოლიური გართულებების რისკი. თუ პრეპარატის მიღება მოგვიანებით დაიწყება, ქალს უნდა მიეცეს რჩევა, დამატებით გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი ტაბლეტების მიღებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა ტაბლეტების მიღებამდე ან დაცდა პირველ მენსტრუაციამდე.

ძუძუთი კვების დროს

იხილეთ პუნქტი "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს".

რეკომენდაციები დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ პრეპარატის მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია, პრეპარატის კონტრაცეპტული ეფექტი არ მცირდება. ქალმა უნდა მიიღოს ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, ხოლო დარჩენილი ტაბლეტები უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.

თუ პრეპარატის მიღების დაგვიანება 12 საათზე მეტია, კონტრაცეფციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი ორი ძირითადი წესით:

  • ტაბლეტების მიღების შესვენება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
  • ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის-საკვერცხეების სისტემის დათრგუნვის საკმარისი ხარისხის შენარჩუნებისთვის საჭიროა პრეპარატის უწყვეტი გამოყენება 7 დღის განმავლობაში.

ამრიგად, შემდეგი რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურ პრაქტიკაში:

კვირა 1

ქალმა უნდა მიიღოს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. ამის შემდეგ, უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით სკონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება. თუ ქალს ჰქონდა სქესობრივი კავშირი წინა 7 დღის განმავლობაში, უნდა განიხილებოდეს ორსულობის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტ ტაბლეტს გამოტოვებს ქალი და რაც უფრო ახლოსაა ეს ტაბლეტების მიღების ჩვეულ შესვენებასთან, მით უფრო მაღალია დაორსულების რისკი.

კვირა 2

ქალმა უნდა მიიღოს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. ამის შემდეგ, უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს. თუ ქალმა სწორად მიიღო პრეპარატი პირველი გამოტოვებული ტაბლეტის მიღებამდე 7 დღის განმავლობაში, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება არ იქნება საჭირო. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე, თუ გამოტოვებულია ორი ან მეტი ტაბლეტი, რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

კვირა 3

ამ შემთხვევაში, ტაბლეტების მიღების მოახლოებული შესვენების გამო, კონტრაცეპტივების არაეფექტურობის რისკი ძალიან მაღალია. თუმცა, ტაბლეტების მიღების გრაფიკის კორექტირებით, შესაძლებელია კონტრაცეფციის სანდოობის დაქვეითების თავიდან აცილება. თუ ქალმა მიიღო რიგევიდონი® სწორად პირველი გამოტოვებული ტაბლეტის წინა 7 დღის განმავლობაში და ირჩევს ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ ვარიანტს, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი არ არის საჭირო. სხვა შემთხვევაში, აუცილებელია ქალს მიეცეს რეკომენდაცია, რომ აირჩიოს ორი ვარიანტიდან პირველი. მომდევნო 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება.

  • ქალმა უნდა მიიღოს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს, სანამ ტაბლეტები არ დამთავრდება მიმდინარე ბლისტერული შეფუთვიდან. ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შემდეგი ბლისტერული შეფუთვიდან ჩვეულებრივი შესვენების გარეშე. მეორე ბლისტერული შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულებამდე „მოხსნის“ სისხლდენის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ქალს შეიძლება განუვითარდეს სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა იმ დღეებში, როდესაც ტაბლეტებს იღებს.
  • გარდა ამისა, ქალს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია, რომ შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება მიმდინარე ბლისტერული შეფუთვიდან. ამ შემთხვევაში, მას სჭირდება შესვენება არა უმეტეს 7 დღე, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღება ახალი ბლისტერიდან.

თუ ქალმა გამოტოვა ტაბლეტების მიღება და ტაბლეტების მიღების შემდეგი დაგეგმილი შესვენების დროს მას არ აღენიშნება „მოხსნის“ სისხლდენა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს

კუჭ-ნაწლავის მძიმე დარღვევების შემთხვევაში (მაგალითად, ღებინება ან დიარეა), აქტიური ნივთიერებების შეწოვა შესაძლოა არასრული იყოს, ამიტომ აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.

თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინება ან ძლიერი დიარეა განვითარდა, აუცილებელია ახალი ტაბლეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება. თუ შესაძლებელია, ახალი ტაბლეტი მიღებული უნდა იყოს პრეპარატის ჩვეულებრივი მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათისა.

თუ გასულია 12 საათზე მეტი, აუცილებელია იმ მითითებების დაცვა, რომლებიც დადგენილია ტაბლეტების მიღების გამოტოვებისას.

თუ ქალს არ სურს შეცვალოს პრეპარატის მიღების ჩვეული რეჟიმი, მან უნდა მიიღოს დამატებითი ტაბლეტ(ებ)ი სხვა ბლისტერული შეფუთვიდან.

„მოხსნის“ სისხლდენის დაწყების დღის გადადება ან შეცვლა

მოხსნის სისხლდენის დაწყების გადავადების მიზნით, ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება რიგევიდონის® ახალი ბლისტერული შეფუთვიდან ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების გარეშე. მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა ქალს აღენიშნოს სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა. როდესაც მეორე შეფუთვიდან ტაბლეტები ამოიწურება, რიგევიდონის® მიღება უნდა განახლდეს ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ.

„მოხსნის“ სისხლდენის დაწყების გადასადებად კვირის სხვა დღეს, რომელიც განსხვავდება დოზირების ამჟამინდელი რეჟიმისგან, ქალს ეძლევა რეკომენდაცია, რომ შეამციროს ტაბლეტების მიღებიის შემდეგი შესვენების ხანგრძლივობა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო ხანმოკლეა ეს შესვენება, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ქალს არ აღენიშნოს „მოხსნის“ სისხლდენა და შესაძლოა განვითარდეს სისხლიანი გამონადენი და სისხლდენა ტაბლეტების მიღების მეორე ბლისტერული შეფუთვიდან (ისევე როგორც „მოხსნის“ სისხლდენის გადავადებისას). მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ არ უნდა გაიზარდოს ტაბლეტების მიღების შესვენების ხანგრძლივობა.

ბავშვები

რიგევიდონი® განკუთვნილი არ არის გოგონებისთვის სქესობრივ მომწიფებამდე.

გამოყენების წესი

პერორალური მიღებისთვის.

უკუჩვენებები

„კოკ“-ების გამოყენება უკუნაჩვენებია რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობისას. თუ ასეთი მდგომარეობა პირველად ვლინდება „კოკ“-ების გამოყენების დროს, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.

ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ან განვითარების რისკი:

ვენური თრომბოემბოლია – მიმდინარე ვენური თრომბოემბოლია (ტარდება ანტიკოაგულანტური თერაპია) ან ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენის თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია).

დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, მაგალითად, რეზისტენტობა გააქტიურებული C ცილის მიმართ (მათ შორის ლეიდენის ფაქტორი V), ანტითრომბინი III დეფიციტი, C ცილის ან S ცილის დეფიციტი.

დიდი ოპერაცია ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).

ვენური თრომბოემბოლიის მრავლობითი მაღალი რისკის ფაქტორების არსებობა (იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).

არტერიული თრომბოემბოლიის არსებობა ან განვითარების რისკი:

არტერიული თრომბოემბოლია - არტერიული თრომბოზი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ თრომბოზის წინამორბედებს (მაგალითად, სტენოკარდია) ამჟამად ან ანამნეზში.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ინსულტი ან წინამორბედი მდგომარეობები (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევა ამჟამად ან ანამნეზში).

დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგალითად, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი).

ანამნეზში შაკიკი ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომებით.

არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობისას (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“) ან ერთი სერიოზული რისკის ფაქტორი, როგორიცაა:

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებებით;

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;

მძიმე დისლიპოპროტეინემია.

პანკრეატიტი მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის ფონზე, ამჟამად ან ანამნეზში.

ღვიძლის მძიმე დაავადება ამჟამად ან ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმალიზებამდე).

ღვიძლის სიმსივნე (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში.

სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი ნეოპლაზმები (ან მათზე ეჭვი).

უცნობი ეტიოლოგიის საშოდან სისხლდენა.

რიგევიდონის® მიღება კრაზანას პრეპარატებტან ერთად (Hypericum perforatum) უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან“).

რიგევიდონის® ერთდროული გამოყენება ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის, გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის და სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია (იხ. "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").

სიფრთხილის ზომები

თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა/რისკ-ფაქტორი, აუცილებელია „კოკ“-ების გამოყენების სარგებლის შედარება შესაძლო რისკებთან თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურად და აღნიშნულის განხილვა ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე. თუ მდგომარეობა გაუარესდება, დაავადება გამწვავდება ან რომელიმე ამ მდგომარეობის/დაავადების ან რისკ-ფაქტორების პირველი სიმპტომები განვითარდება, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ შეწყდეს „კოკ“-ების მიღება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევები

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი

ქალები, რომლებიც იყენებენ ნებისმიერ „კჰკ“-ს, იმყოფებიან ვენური თრომბოემბოლიის (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია) განვითარების რისკის ქვეშ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ „კჰკ“-ებს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი მედიკამენტების მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მინიმალურია. რიგევიდონის® დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება ქალთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, რათა მისთვის გასაგები იყოს რიგევიდონის მიღებასთან დაკავშირებული ვენური თრომბოემბოლიის პოტენციური რისკი, როგორ მოქმედებს მისი რისკფაქტორები ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკზე და რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკი ყველაზე მაღალია პრეპარატის მიღების პირველ წელს. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ რისკი იზრდება „კჰკ“-ს გამოყენების განახლებისას 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ.

ერთი წლის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლია ვითარდება 10000 არაორსული ქალიდან დაახლოებით 2-ში, რომლებიც არ იყენებენ „კჰკ“-ებს. თუმცა, ქალისთვის ინდივიდუალური რისკი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რაც დამოკიდებულია მის რისკ ფაქტორებზე (იხ. ქვემოთ).

დადგენილია, რომ 10000 ქალიდან 61-ს, რომლებიც იღებენ ლევონორგესტრელის შემცველ „კოკ“-ებს, ერთი წლის განმავლობაში განუვითარდებათ ვენური თრომბოემბოლია.

ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა წელიწადში უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელია ქალებში ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

შემთხვევების 1-2%-ში ვენური თრომბოემბოლია შეიძლება ფატალური იყოს.

დიაგრამა: ვენოზური ტრომბოემბოლიის (VTE) შემთხვევები 10 000 ქალი 1წ. გან-ში.

1 დიაპაზონის შუა წერტილი, 5-7 შემთხვევა 10000 ქალზე წელიწადში, ეფუძნება ლევონორგესტრელის შემცველი „კოკ“-ების გამოყენების შედარებითი რისკის სიდიდეს იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ „კოკ“-ს, დაახლოებით 2.3-3.6 შემთხვევა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ქალებს, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს, შეიძლება განუვითარდეთ სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, როგორიცაა ღვიძლის, მეზენტერიული, თირკმლის ვენები და არტერიები ან ბადურის სისხლძარღვები.

ვენური თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

ვენური თრომბოემბოლიის რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ „კჰკ“-ებს, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ არსებობს დამატებითი რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით რამდენიმე (იხ. ცხრილი).

პრეპარატი რიგევიდონი® უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკფაქტორი, რაც ქალს ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში აყენებს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკ-ფაქტორი, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ინდივიდუალური ფაქტორების უბრალოდ შეჯამებისას: ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საერთო რისკი. თუ შეფასების დროს „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, „კჰკ“-ები არ უნდა დაინიშნოს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ცხრილი: ვენური თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

კომენტარი

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი

30 კგ/მ2-ზე მაღალი).

რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად.

ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინება სხვა რისკფაქტორების არსებობისას.

ხანგრძლივი იმობილიზაცია, მსხვილი ოპერაცია, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ქვედა კიდურებზე ან მენჯის ძვლებზე, ნეიროქირურგიული ოპერაციები ან დიდი ტრავმები.

შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის საჰაერო მგზავრობის ჩათვლით, ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში. ოპერაციამდე).

ამ სიტუაციებში პლასტირის/ტაბლეტის/რგოლის გამოყენება უნდა შეწყდეს (გეგმიურ ოპერაციამდე არანაკლებ 4 კვირით ადრე) და გამოყენება უნდა გაგრძელდეს მოძრაობის სრულად აღდგენიდან არა ნაკლებ 2 კვირისა.

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.

თუ პრეპარატი რიგევიდონი® არ არის შეწყვეტილი წინასწარ, აუცილებელია ანტიკოაგულანტული თერაპიის მიზანშეწონილობის გათვალისწინება.

დატვირთული საოჯახო ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია ძმებში/დებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე ასაკში).

თუ არსებობს ეჭვი ვენური თრომბოემბოლიის მიმართ მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალმა უნდა მიმართოს სპეციალისტს კონსულტაციისთვის, სანამ გადაწყვეტს რაიმე „კჰკ“-ის გამოყენებას.

სხვა დაავადებები ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის თანხლებით.

ონკოლოგიური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

ასაკი

განსაკუთრებით 35 წელზე მეტი

არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი ვარიკოზული ვენების დაავადების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლზე ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში ან პროგრესირებაში.

თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში (ორსულობისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს").

ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)

სიმპტომების არსებობისას ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის იყენებს „კჰკ“-ს.

ღრმა ვენების თრომბოზის შესაძლო სიმპტომები:

  • მუხლის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ფეხის შეშუპება ვენის გასწვრივ;
  • ფეხის ტკივილი ან მგრძნობელობა დგომისას ან სიარულის დროს;
  • დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატება; კანის სიწითლე ან გაუფერულება ფეხზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შესაძლო სიმპტომები:

  • უეცარი, უმიზეზო ქოშინი ან გახშირებული სუნთქვა;
  • უეცრად განვითარებული ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს სისხლის მოახველება;
  • მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ძლიერი თავბრუსხვევა;
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

ზოგიერთი ეს სიმპტომი (როგორიცაა ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე დაავადებების ნიშნები (როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექციები).

სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა შესაძლო ნიშნებია უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურების მსუბუქი ციანოზი.

თვალის სისხლძარღვების ოკლუზიისას, სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის გარეშე) მხედველობის სრულ დაკარგვამდე (პროგრესირებისას). ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობის სრული დაკარგვა შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ განვითარდეს.

არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებით „კჰკ“-ების გამოყენება დაკავშირებულია არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევა, ინსულტი) განვითარების გაზრდილ რისკთან. არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება ფატალური იყოს.

არტერიული თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

არტერიული თრომბოემბოლიის ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის რისკი იზრდება ქალებში, რომლებიც იყენებენ „კჰკ“-ებს და აქვთ რისკის ფაქტორები (იხ. ცხრილი). რიგევიდონი® უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების ერთი სერიოზული რისკფაქტორი ან მრავალი რისკფაქტორი, რაც ქალს არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ცალკეული ფაქტორების ჯამი; ამ შემთხვევაში აუცილებელია არტერიული თრომბოემბოლიის ზოგადი რისკის გათვალისწინება. თუ შეფასების დროს სარგებელი-რისკის თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, „კჰკ“-ების დანიშვნა თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ცხრილი: არტერიული თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

რისკი ფაქტორი

შენიშვნა

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ

მოწევა

ქალებს, რომელთაც სურთ „კჰკ“-ს გამოყენება, ურჩევენ, თავი დაანებონ მოწევას. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, მკაცრად ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

არტერიული ჰიპერტენზია

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი)

რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის გაზრდისას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის სხვა ფაქტორების არსებობისას.

დატვირთული საოჯახო ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია ძმებში/დედებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ე.ი. 50 წლამდე ასაკში)

არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის შემთხვევაში, ქალმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს სპეციალისტს, ნებისმიერი „კჰკ“-ს დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

შაკიკი

შაკიკის შეტევების სიხშირის ან სიმძიმის მატება „კჰკ“-ების გამოყენებისას არის პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცებვის მწვავე დარღვევების წინამორბედები.

სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს სისხლძარღვოვანი გართულებების რისკი.

შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი დაავადება და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.

არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები

სიმპტომების არსებობისას ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის იყენებს „კჰკ“-ებს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შესაძლო სიმპტომები:

  • სახის, ხელების ან ფეხების უეცარი სისუსტე ან დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
  • სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
  • უეცრად განვითარებული გონების არევა, მეტყველების ან გაგების გაძნელება;
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში;
  • უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე;
  • გონების დაკარგვა ან სისუსტე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კრუნჩხვები.

სიმპტომების გარდამავალი ხასიათი მიუთითებს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე.

მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო სიმპტომები:

  • ტკივილი, დისკომფორტის, მოჭერის ან სიმძიმის შეგრძნება, შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება მკერდში, მხარში ან მკერდის უკან;
  • დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ზურგზე, ქვედა ყბაზე, ყელზე, მკლავზე, მუცლის ზედა ნაწილში;
  • სისავსის შეგრძნება მუცელში, საჭმლის მონელების დარღვევა ან დახრჩობა;
  • ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
  • ძალიან ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;
  • გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.

სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის კიბო

ზოგიერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა საშვილოსნოს ყელის კიბოს გაზრდილი რისკი „კჰკ“-ის ხანგრძლივი გამოყენებისას (>5 წელი), მაგრამ მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება ეს აღმოჩენა გამოწვეული იყოს ფაქტორებით, როგორიცაა ქალის სექსუალური ქცევა და ადამიანის პაპილომავირუსის ინფექცია.

სარძევე ჯირკვლის კიბო

54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა გამოავლინა ძუძუს კიბოს განვითარების ოდნავ გაზრდილი ფარდობითი რისკი (RR = 1.24) ქალებში, რომლებიც იღებდნენ „კოკ“-ებს. „კოკ“-ის გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში გაზრდილი რისკი თანდათან ქრება. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათია 40 წლამდე ახალგაზრდა ქალებში, ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ „კოკ“-ებს ან რომლებიც ადრე იღებდნენ ამ პრეპარატებს, მცირეა ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. ძუძუს კიბოს კავშირი „კოკ“-ის გამოყენებასთან არ არის დადასტურებული კვლევებით.

რისკის დაფიქსირებული ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოზით ქალებში, რომლებიც იყენებენ „კოკ“-ებს, „კოკ“-ების ბიოლოგიური მოქმედებით ან ორივე ფაქტორის კომბინაციით. სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში, რომლებმაც ოდესმე გამოიყენეს „კჰკ“-ები, ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ „კჰკ“.

ღვიძლი სიმსივნეები

იშვიათ შემთხვევებში, „კჰკ“-ს გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის კეთილთვისებიანი (მაგალითად, ადენომები, ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზიები), ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ავთვისებიანი სიმსივნეები.

ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთმა სიმსივნეებმა გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში ინტრააბდომინალური სისხლდენები. მუცლის ზედა არეში ძლიერი ტკივილის, გადიდებული ღვიძლის ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების დროს ქალებში, რომლებიც იყენებენ „კჰკ“-ებს, დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ღვიძლის სიმსივნე.

მაღალი დოზით „კჰკ“-ს გამოყენება (შეიცავს 50 მკგ ეთინილესტრადიოლს) ამცირებს ენდომეტრიუმის და საკვერცხის კიბოს რისკს. ეს ფაქტი არ არის დადასტურებული „კჰკ“-ების დაბალი დოზების გამოყენებისას.

სხვა დაავადებები და მდგომარეობები

დეპრესია

დეპრესიული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები"). დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევა და არის აღიარებული რისკის ფაქტორი სუიციდური ქცევისა და თვითმკვლელობისთვის. თუ გუნება-განწყობის ცვალებადობა და დეპრესიის სიმპტომები განვითარდება, მათ შორის „კოკ“-ების მიღების დაწყებიდან მალევე, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალებში ან ამ მდგომარეობით საოჯახო ანამნეზში, პანკრეატიტის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს „კოკ“-ების გამოყენებისას.

არტერიული ჰიპერტენზია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი, რომელიც იყენებს „კჰკ“-ს, განიცდის არტერიული წნევის უმნიშვნელო მატებას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერტენზია იშვიათია. „კჰკ“-ს გამოყენების დაუყოვნებელი შეწყვეტა გამართლებულია მხოლოდ ასეთ იშვიათ შემთხვევებში. თუ დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში „კჰკ“-ების გამოყენებისას არტერიული წნევა მუდმივად მატულობს ან არ მცირდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიის საპასუხოდ, „კჰკ“-ების გამოყენება უნდა შეწყდეს. საჭიროების შემთხვევაში, „კჰკ“-ების გამოყენება შეიძლება განახლდეს, თუ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ფონზე მიიღწევა არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები.

ღვიძლის დაავადება

ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს შეიძლება საჭირო გახდეს „კჰკ“-ების შეწყვეტა, სანამ ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმის ფარგლებში არ დაბრუნდება.

ანგიონევროზული შეშუპება

ეგზოგენურ ესტროგენებს შეუძლიათ მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების პროვოცირება ან გამწვავება.

გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება/შაქრიანი დიაბეტი

მიუხედავად იმისა, რომ „კჰკ“-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზის ტოლერანტობაზე, შაქრის დამწევი მედიკამენტების დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებში, რომლებიც იღებენ დაბალი დოზით „კჰკ“-ებს (შეიცავს0,05 მგ-ზე ნაკლებ ეთინილესტრადიოლს). თუმცა, შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით „კჰკ“-ების გამოყენების პირველ თვეებში.

სხვა მდგომარეობები

წინა ორსულობისას ან სტეროიდული ჰორმონების მიღების დროს განვითარებულ ქოლესტაზთან დაკავშირებული ქოლესტაზური სიყვითლის ან ქავილის რეციდივისას „კჰკ“-ის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ორსულობის დროს ან „კჰკ“-ების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის განვითარება ან გამწვავება, თუმცა მათი კავშირი „კჰკ“-ების გამოყენებასთან დადასტურებული არ არის: სიყვითლე და (ან) ქავილი, ასოცირებული ქოლესტაზთან, კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სიდენჰამის ქორეა, გესტაციური ჰერპესი, ოტოსკლეროზთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება.

„კჰკ“-ს გამოყენების ფონზე დაფიქსირდა ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის გამწვავების შემთხვევები.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს სახის კანის პიგმენტაცია (ქლოაზმა), განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ქლოაზმა ორსულობის დროს. ქლოაზმისადმი მიდრეკილი ქალები უნდა მოერიდონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას „კჰკ“-ების გამოყენებისას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიპერპროლაქტინემიის მქონე ქალებს.

სამედიცინო გამოკვლევები/კონსულტაციები

რიგევიდონის® მიღების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება (მათ შორის საოჯახო ანამნეზის) და გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს ზოგადი გამოკვლევა, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“) და განსაკუთრებული მითითებების (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“) გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ქალმა ყურადღება მიაქციოს ვენური და არტერიული თრომბოზის განვითარების რისკს, მათ შორის რისკს რიგევიდონის გამოყენებისას სხვა „კჰკ“-ებთან შედარებით, ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომებს, აგრეთვე ცნობილ რისკ ფაქტორებს და აუცილებელ მოქმედებებს თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში.

აუცილებელია რომ ქალმა ყურადღებით წაიკითხოს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი და დაიცვას მასში მოცემული რეკომენდაციები. გამოკვლევების სიხშირე და ტიპი უნდა ეფუძნებოდეს მიმდინარე პრაქტიკულ რეკომენდაციებს და შეირჩეს ინდივიდუალურად თითოეული ქალისთვის.

ქალს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ პერორალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან (სგგდ).

ეფექტურობის შემცირება

„კოკ“-ების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში (იხ. პუნქტი "დოზირება და მიღების წესი"), ღებინების ან დიარეის დროს (იხ. პუნქტი "დოზირება და მიღების წესი") ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").

მენსტრუალური ციკლის არასაკმარისი კონტროლი

„კოკ“-ების მიღებისას შეიძლება განვითარდეს არარეგულარული სისხლდენა (სისხლიანი გამონადენი ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენა უნდა შეფასდეს მხოლოდ პრეპარატის მიღების დაახლოებით სამი ციკლის ადაპტაციის პერიოდის შემდეგ.

თუ არარეგულარული სისხლდენა განმეორდება ან განვითარდება წინა რეგულარული ციკლის შემდეგ, უნდა განიხილებოდეს არაჰორმონალური მიზეზები და შესაბამისი დიაგნოსტიკური ზომები უნდა იქნას მიღებული ავთვისებიანი წარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად. შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკური კიურეტაჟი.

ზოგიერთ ქალს შეიძლება არ ჰქონდეს „მოხსნის“ სისხლდენა ტაბლეტების მიღების შესვენების დროს. თუ ქალი იღებდა „კოკ“-ებს პუნქტში „დოზირება და მიღების წესი“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ორსულობა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, თუ „კოკ“-ს მიღების რეჟიმი დაირღვა ან თუ არ აღინიშნება ზედიზედ ორი მოხსნის სისხლდენა, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.

ALT-ს აქტივობის მომატება

კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ პრეპარატებს რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალოდ, ტრანსამინაზების (ALT) დონე გაიზარდა და 5-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს, რაც უფრო ხშირი იყო ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები („კჰკ“). ALT-ს აქტივობის ზრდა ასევე დაფიქსირდა C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს და სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს) (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").

ლაბორატორიული ანალიზები

ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე; სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში, როგორიცაა მაგალითად, კორტიკოსტეროიდულ დამაკავშირებელი გლობულინი, და ლიპიდური/ლიპოპროტეინების ფრაქციები; ნახშირწყლების მეტაბოლიზმის, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებლებზე. როგორც წესი, ცვლილებები რჩება ნორმალური ლაბორატორიული მნიშვნელობების ფარგლებში.

დამხმარე ნივთიერებები

რიგევიდონი® შეიცავს ლაქტოზას.

იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ქალებმა, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი რიგევიდონი® შეიცავს საქაროზას.

იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ქალებმა, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი ან საქარაზა/იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შენიშვნა: სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის შესაძლო ურთიერთქმედების დასადგენად, უნდა წაიკითხოთ ამ პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს რიგევიდონის® გამოყენება უკუნაჩვენებია.

თუ ქალი დაორსულდება რიგევიდონის® მიღებისას, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მრავალრიცხოვანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა არც მალფორმაციების გაზრდილი რისკი ქალებში, რომლებიც იღებდნენ ორსულობამდე „კოკ“-ებს და არც ტერატოგენული ეფექტი ორსულობის ადრეულ პერიოდში „კოკ“-ების შემთხვევითი გამოყენებისგან. პრეპარატ რიგევიდონის® მიღების განახლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და „სიფრთხილის ზომები“).

ძუძუთი კვების პერიოდი

„კოკ“-ების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა. ამიტომ, „კოკ“-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტამდე. მცირე რაოდენობით ჰორმონები, რომლებსაც შეიცავს „კოკ“-ები, და(ან) მათი მეტაბოლიტები, შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და მოახდინოს გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე. თუ ქალს სურს ძუძუთი კვება, აუცილებელია მისთვის კონტრაცეფციის სხვა საშუალებების შეთავაზება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. არ აღინიშნა რაიმე ზემოქმედება ქალების უნარზე, რომლებიც იყენებდნენ კომბინირებულ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას.

შეფუთვა

21 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერში.

1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. მუყაოს კოლოფში არის ბრტყელი მუყაოს ყუთი ბლისტერის შესანახად.

გვერდითი მოვლენები

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა „კოკ“-ების მიღებისას.

ინფორმაცია სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა ვენური თრომბოემბოლია და არტერიული თრომბოემბოლია, საშვილოსნოს ყელის კიბო, ძუძუს კიბო და ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები, წარმოდგენილია პუნქტში "სიფრთხილის ზომები".

ქალები, რომლებიც იყენებენ „კოკ“-ებს, იმყოფებიან ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“.

სისტემის ორგანოთა კლასი

ხშირად

(>1/100-დან <1/10-მდე

არახშირად

(>1/1000-დან <1/100-მდე

იშვიათად

(>1/10000-დან <1/1000-მდე

ძალიან იშვიათად

(<1/10000)

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ინფექციები და ინვაზიები

ვაგინიტი, მათ შორის ვაგინალური

კანდიდოზი

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი

და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

ჰეპატოცელულარული კარცინომა, ღვიძლის კეთილთვისებიანი

სიმსივნეები (მაგ., კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზია,

ღვიძლის ადენომა)

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ანაფილაქსური რეაქციები, რასაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში თან ახლავს ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის მძიმე დარღვევები

სისტემური წითელი მგლურას გამწვავება.

მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაძლიერება

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის ცვლილება (მომატება

ან დაქვეითება)

გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა

პორფირიის გამწვავება

ფსიქიკური დარღვევები

განწყობის ცვლილებები,

მათ შორის დეპრესია ლიბიდოს ცვლილებები

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი გაზრდილი აგზნებადო

ბა თავბრუსხვევა

შაკიკი

ქორეას გამწვავება

მხედველობის ორგანოს დარღვევები

კონტაქტური ლინზების აუტანლობა

ოპტიკური ნევრიტი

ბადურის სისხლძარღვთა თრომბოზი

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

არტერიული წნევის მატება

ვენური თრომბოემბოლია არტერიული თრომბოემბოლია

ვენების ვარიკოზული დაავადების გაუარესება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

გულისრევა

ღებინება

მუცლის ტკივილი

დიარეა

სპაზმები მუცელში

მუცლის შებერილობა

იშემიური კოლიტი

ნაწლავების ანთებითი დაავადებები

(კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი)

ღვიძლის

და სანაღვლე გზების დარღვევები

ქოლესტაზური სიყვითლე

პანკრეატიტი

ნაღვლკენჭოვანი დაავადება,ქოლესტაზი

ღვიძლის უჯრედების დაზიანება

(მაგალითად, ჰეპატიტი,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

აკნე

გამონაყარი ჭინჭრის ციება ქლოაზმა (მელანოდერმია) პერსისტენტობის რისკით

ჰირსუტიზმი თმის ცვენა

კვანძოვანი ერითემა

მრავალფორმიანი ერითემა

თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლები დარღვევები

სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დაჭიმულობა, შეშუპება და გამონადენი

დისმენორეა მენსტრუალური ციკლის დარღვევები

საშვილოსნოს ყელის ექტოპია და ვაგინალური გამონადენი

ამენორეა

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

სითხის შეკავება/შეშუპება და

სხეულის წონის ცვლილება (მატება ან შემცირება)

სისხლის შრატში ფოლატების შემცველობის შემცირება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის ცვლილებები

ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით

შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი პუნქტში „სიფრთხილის ზომები“, დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ „კოკ“-ებს:

ვენური თრომბოემბოლია;

არტერიული თრომბოემბოლია;

არტერიული ჰიპერტენზია;

ღვიძლის სიმსივნეები;

კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ორსულობის ჰერპესი, სიდენჰამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე.

ძუძუს კიბოს გამოვლენის სიხშირე ქალებში, რომლებიც იღებენ „კოკ“-ებს, ოდნავ გაზრდილია. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათია 40 წლამდე ასაკის ქალებში, ეს ზრდა მცირეა ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. გამოვლენილი არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „კოკ“-ების გამოყენებასთან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“.

ურთიერთქმედებები

მენსტრუაციებს შორის სისხლდენა და/ან კონტრაცეპტივების არაეფექტურობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორალური კონტრაცეპტივების სხვა პრეპარატებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) ურთიერთქმედებით (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").

არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს პრეპარატის „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობაზე მონიტორინგის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: „კოკ“-ის დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღინიშნა მოზრდილებში, მოზარდებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. დოზის გადაჭარბება შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, სარძევე ჯირკვლების ტკივილს, თავბრუსხვევას, მუცლის ტკივილს, ძილიანობას/დაღლილობას და ვაგინალური სისხლდენას მცირეწლოვან გოგონებში.

მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: ლევონორგესტრელი 0,15 მგ, ეთინილესტრადიოლი 0,03 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი K-30, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა.

აღწერა

თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით ტაბლეტები.

შენახვის პირობები

ინახება +25°C-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა.

2 წელი 6 თვე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის, დასაბუვირის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებამ კომბინაციაში რიბავირინთან ან მის გარეშე, გლეკაპრევირინტან/პიბრენტასვირთან ან სოფოსბუვირთან/ველპატასვირთან/ვოქსილაპრევთან შეიძლება გაზარდოს ALT აქტივობის მომატების რისკი (იხ. პუნქტები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები"). ამიტომ, ქალები, რომლებიც იყენებენ რიგევიდონს®, უნდა გადავიდნენ კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდზე (მაგალითად, მხოლოდ პროგესტაგენის შემცველ პრეპარატებზე ან არაჰორმონალურ მეთოდებზე) ამ კომბინირებული მკურნალობის სქემების დაწყებამდე. რიგევიდონი® შეიძლება განახლდეს ამ კომბინირებული სქემების გამოყენებით თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატების ზემოქმედება პრეპარატ რიგევიდონზე

შეიძლება არსებობდეს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონების კლირენსის გაზრდა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციებს შორის სისხლდენა და (ან) კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითება.

აუცილებელი ზომები

ფერმენტების ინდუქცია შეიძლება აღინიშნოს მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ფერმენტეის ინდუქცია შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირამდე.

მოკლევადიანი თერაპია

ქალებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების გამომწვევი მედიკამენტებით, რეკომენდებულია დროებით ბარიერული ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოიყენება „კოკ“-ების მიღებაზე დამატებით. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს თანმხლები მედიკამენტების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში და მათი მოხსნიდან 28 დღე.

თუ ინდუქტორი-პრეპარატის გამოყენება გაგრძელდა მიმდინარე 21-დღიანი შეფუთვიდან ბოლო „კოკ“-ის ტაბლეტის მიღების შემდეგ, ტაბლეტების მიღება „კოკ“-ის ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი შესვენების გარეშე.

გრძელვადიანი თერაპია

ქალებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.

ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი ურთიერთქმედებები

ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან „კოკ“-ების კლირენსს (ამცირებენ „კოკ“-ების ეფექტურობას ფერმენტის ინდუქციის გზით), მაგალითად:

ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი და აივ-ის სამკურნალო საშუალებები რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი, შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები.

ნივთიერებები სხვადასხვა ზემოქმედებით „კოკ“-ის კლირენსზე

„კოკ“-ებთან ერთად გამოყენებისას აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორების მრავალმა კომბინაციამ, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციებმა, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ესტროგენების ან პროგესტაგენების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ცვლილებების კუმულაციური ეფექტი შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.

პრეპარატებთან შესაძლო ურთიერთქმედების და შესაბამისი რეკომენდაციების დასადგენად, აუცილებელია აივ/C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაციის გაცნობა. ქალებმა, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს ან არანუკლეოზიდურ უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებს, რაიმე ეჭვის არსებობისას, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.

რიგევიდონის® ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე

პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ გარკვეული აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, მათი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში შეიძლება გაიზარდოს (მაგ. ციკლოსპორინის) ან შემცირდეს (მაგ. ლამოტრიჯინის).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ტროლეანდომიცინი

ტროლეანდომიცინმა შეიძლება გაზარდოს ინტრაჰეპატური ქოლესტაზის განვითარების რისკი „კოკ“-ებთან ერთად გამოყენებისას.

მოდაფინილი

არსებობს კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირების რისკი მოდაფინილის გამოყენებისას და მომდევნო ციკლში მოდაფინილის შეწყვეტის შემდეგ, რადგან ის წარმოადგენს მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორს.

მოდაფინილთან ერთდროული თერაპიის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს არადაბალდოზირებული პერორალური კონტრაცეპტივები ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

ვემურაფენიბი

არსებობს ესტროგენის ან პროგესტოგენის პლაზმური კონცენტრაციის შემცირების რისკი შემდგომი არაეფექტურობის რისკით.

პერამპანელი

პერამპანელის გამოყენებისას დღეში 12 მგ ან მეტი დოზით, არსებობს კონტრაცეფციის ეფექტურობის შემცირების რისკი.

სასურველია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება, პირველ რიგში, ბარიერული მეთოდის გამოყენება.

ულიპრისტალი

არსებობს პროგესტაგენის მოქმედების ანტაგონიზმის რისკი. „კოკ“-ების მიღება არ უნდა განახლდეს ულიპრისტალის შეწყვეტიდან სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.

რუფინამიდი

იწვევს სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის ზომიერ შემცირებას. სასურველია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება, პირველ რიგში, ბარიერული მეთოდის გამოყენება.

ეტორიკოქსიბი

ეტორიკოქსიბთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რიგევიდონი® (RIGEVIDON®)

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: ლევონორგესტრელი/ეთინილესტრადიოლი

გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: ლევონორგესტრელი 0,15 მგ, ეთინილესტრადიოლი 0,03 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი K-30, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი 6000, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), კალციუმის კარბონატი, ტალკი, საქაროზა.

აღწერა

თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ჰორმონალური კონტრაცეპტივები, პროგესტაგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები.

ათქ კოდი: G03AA07

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დაბალი დოზის მონოფაზური კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს ესტროგენს და პროგესტაგენს.

პერლის ინდექსი: 0,1 100 ქალზე წელიწადში.

რიგევიდონი® არის კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი („კოკ“), რომელიც შეიცავს ეთინილესტრადიოლს და ლევონორგესტრელს.

„კოკ“-ები ამცირებენ გონადოტროპინების სეკრეციას და თრგუნავენ საკვერცხის აქტივობას. „კოკ“-ების კონტრაცეპტული მოქმედება ხორციელდება სხვადასხვა მექანიზმით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა.

ფარმაკოკინეტიკა

ლევონორგესტრელი

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ ლევონორგესტრელი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ლევონორგესტრელის ბიოშეღწევადობა 100%-ს აღწევს. ლევონორგესტრელის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 30-120 წუთის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 24–55 საათი.

განაწილება

ლევონორგესტრელი უერთდება სასქესო ჰორმონის დამაკავშირებელ გლობულინს და სისხლის პლაზმის ალბუმინს.

მეტაბოლიზმი

ძირითადი მეტაბოლური გზა არის A ციკლის აღდგენა, რასაც მოჰყვება გლუკურონიდაცია. მეტაბოლური კლირენსი ხასიათდება მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობით; ეს შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას ლევონორგესტრელის კონცენტრაციის ფართო განაწილებით ქალებში, რომლებიც იღებენ ლევონორგესტრელის შემცველ პრეპარატებს.

გამოყოფა

ლევონორგესტრელის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 36 საათს. ლევონორგესტრელის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით, 40% - განავლით.

ეთინილსტრადიოლი

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, ეთინილესტრადიოლი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 60-180 წუთის შემდეგ. საშუალო ბიოშეღწევადობა პრესისტემური კონიუგაციის და პრესისტემური მეტაბოლიზმის შედეგად არის 40-45%. ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) და Cmax შეიძლება ოდნავ გაიზარდოს დროთა განმავლობაში.

განაწილება

ეთინილესტრადიოლი 98,8%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, თითქმის მთლიანად ალბუმინს.

მეტაბოლიზმი

ეთინილესტრადიოლი განიცდის პრესისტემურ კონიუგაციას წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსსა და ღვიძლში. როდესაც ეთინილესტრადიოლის პირდაპირი კონიუგატები ჰიდროლიზდება ნაწლავური ფლორის გავლენით, ხელახლა წარმოიქმნება ეთინილესტრადიოლი, რომელიც განმეორებით შეიწოვება, რითაც იხურება ენტეროჰეპატური მიმოქცევის წრე. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის ჰიდროქსილაცია ციტოქრომ P450-ის შუამავლობით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითადი მეტაბოლიტები: 2-ჰიდროქსიეთინილესტრადიოლი და 2-მეთოქსიეთინილესტრადიოლი. 2-ჰიდროქსიეთინილესტრადიოლი შემდგომში მეტაბოლიზდება ქიმიურად აქტიურ მეტაბოლიტებად.

ელიმინაცია

სისხლის პლაზმიდან ეთინილესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) არის დაახლოებით 29 საათი (26-33 საათი); პლაზმური კლირენსი მერყეობს 10-30 ლ/სთ შორის. ეთინილესტრადიოლის კონიუგატები და მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით (40%) და განავლით (60%).

გამოყენების ჩვენებები

პერორალური კონტრაცეფცია.

რიგევიდონის® დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, აგრეთვე უნდა მოხდეს რიგევიდონის® მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის რისკის შედარება სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას არსებულ ვენური თრომბოემბოლიის რისკთან (იხილეთ პუნქტები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები").

უკუჩვენებები

„კოკ“-ების გამოყენება უკუნაჩვენებია რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობისას. თუ ასეთი მდგომარეობა პირველად ვლინდება „კოკ“-ების გამოყენების დროს, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.

ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ან განვითარების რისკი:

ვენური თრომბოემბოლია – მიმდინარე ვენური თრომბოემბოლია (ტარდება ანტიკოაგულანტური თერაპია) ან ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენის თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია).

დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, მაგალითად, რეზისტენტობა გააქტიურებული C ცილის მიმართ (მათ შორის ლეიდენის ფაქტორი V), ანტითრომბინი III დეფიციტი, C ცილის ან S ცილის დეფიციტი.

დიდი ოპერაცია ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).

ვენური თრომბოემბოლიის მრავლობითი მაღალი რისკის ფაქტორების არსებობა (იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).

არტერიული თრომბოემბოლიის არსებობა ან განვითარების რისკი:

არტერიული თრომბოემბოლია - არტერიული თრომბოზი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ თრომბოზის წინამორბედებს (მაგალითად, სტენოკარდია) ამჟამად ან ანამნეზში.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ინსულტი ან წინამორბედი მდგომარეობები (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევა ამჟამად ან ანამნეზში).

დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგალითად, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი).

ანამნეზში შაკიკი ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომებით.

არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობისას (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“) ან ერთი სერიოზული რისკის ფაქტორი, როგორიცაა:

შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებებით;

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;

მძიმე დისლიპოპროტეინემია.

პანკრეატიტი მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის ფონზე, ამჟამად ან ანამნეზში.

ღვიძლის მძიმე დაავადება ამჟამად ან ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმალიზებამდე).

ღვიძლის სიმსივნე (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში.

სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი ნეოპლაზმები (ან მათზე ეჭვი).

უცნობი ეტიოლოგიის საშოდან სისხლდენა.

რიგევიდონის® მიღება კრაზანას პრეპარატებტან ერთად (Hypericum perforatum) უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან“).

რიგევიდონის® ერთდროული გამოყენება ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის, გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის და სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია (იხ. "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობა

ორსულობის დროს რიგევიდონის® გამოყენება უკუნაჩვენებია.

თუ ქალი დაორსულდება რიგევიდონის® მიღებისას, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მრავალრიცხოვანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა არც მალფორმაციების გაზრდილი რისკი ქალებში, რომლებიც იღებდნენ ორსულობამდე „კოკ“-ებს და არც ტერატოგენული ეფექტი ორსულობის ადრეულ პერიოდში „კოკ“-ების შემთხვევითი გამოყენებისგან. პრეპარატ რიგევიდონის® მიღების განახლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და „სიფრთხილის ზომები“).

ძუძუთი კვების პერიოდი

„კოკ“-ების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა. ამიტომ, „კოკ“-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტამდე. მცირე რაოდენობით ჰორმონები, რომლებსაც შეიცავს „კოკ“-ები, და(ან) მათი მეტაბოლიტები, შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და მოახდინოს გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე. თუ ქალს სურს ძუძუთი კვება, აუცილებელია მისთვის კონტრაცეფციის სხვა საშუალებების შეთავაზება.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

როგორ მიიღება რიგევიდონი®

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ბლისტერზე მითითებული თანმიმდევრობით, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, საჭიროების შემთხვევაში, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება იწყება 7 დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ვითარდება „მოხსნის“ სისხლდენა (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა). როგორც წესი, ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ დასრულდეს მანამ, სანამ არ დაიწყებთ ტაბლეტების მიღებას ახალი ბლისტერიდან.

რიგევიდონის® მიღების დაწყება

თუ წინა თვის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ჰორმონალური კონტრაცეპტივები

ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს ფიზიოლოგიური მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).

სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან გადასვლისას (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი („კოკ“), ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური პლასტირი)

რიგევიდონის® პირველი ტაბლეტი მიიღება ჰორმონების შემცველი წინა „კოკ“-ის ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა უგვიანეს ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი შესვენების შემდეგ მეორე დღისა.

პრეპარატის პირველი ტაბლეტი მიიღება ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის ამოღების დღეს, მაგრამ არა უგვიანეს იმ დღისა, როდესაც უნდა მოხდეს ახალი პლასტირის გამოყენება ან ახალი რგოლის ჩასმა.

გადასვლა მხოლოდ პროგესტოგენის შემცველი მედიკამენტებიდან (მხოლოდ პროგესტოგენის შემცველი ან „მინი-პილი“, საინექციო საშუალებები, იმპლანტები ან პროგესტაგენის გამომყოფი საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები).

„მინი-პილებიდან“ გადასვლა შეიძლება ციკლის ნებისმიერ დღეს; რიგევიდონის® მიღება უნდა დაიწყოს „მინი-პილების“ მიღების შეწყვეტიდან მეორე დღეს.

იმპლანტიდან ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობებიდან გადასვლა უნდა მოხდეს მათი ამოღების დღეს, ხოლო საინექციო ფორმიდან - იმ დღეს, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება პირველი 7 დღე.

პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

რიგევიდონის® მიღების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. თუ ეს პირობა დაკმაყოფილებულია, დამატებითი კონტრაცეპტული ზომები არ არის საჭირო.

მეორე ტრიმესტრში მშობიარობის ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან 21-28 დღის შემდეგ (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან ორსულობის შეწყვეტიდან მეორე ტრიმესტრში, ვინაიდან მშობიარობის შემდგომ პერიოდში იზრდება თრომბოემბოლიური გართულებების რისკი. თუ პრეპარატის მიღება მოგვიანებით დაიწყება, ქალს უნდა მიეცეს რჩევა, დამატებით გამოიყენოს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი ტაბლეტების მიღებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა ტაბლეტების მიღებამდე ან დაცდა პირველ მენსტრუაციამდე.

ძუძუთი კვების დროს

იხილეთ პუნქტი "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს".

რეკომენდაციები დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ პრეპარატის მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია, პრეპარატის კონტრაცეპტული ეფექტი არ მცირდება. ქალმა უნდა მიიღოს ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, ხოლო დარჩენილი ტაბლეტები უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.

თუ პრეპარატის მიღების დაგვიანება 12 საათზე მეტია, კონტრაცეფციის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი ორი ძირითადი წესით:

  • ტაბლეტების მიღების შესვენება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
  • ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის-საკვერცხეების სისტემის დათრგუნვის საკმარისი ხარისხის შენარჩუნებისთვის საჭიროა პრეპარატის უწყვეტი გამოყენება 7 დღის განმავლობაში.

ამრიგად, შემდეგი რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურ პრაქტიკაში:

კვირა 1

ქალმა უნდა მიიღოს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. ამის შემდეგ, უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით სკონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება. თუ ქალს ჰქონდა სქესობრივი კავშირი წინა 7 დღის განმავლობაში, უნდა განიხილებოდეს ორსულობის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტ ტაბლეტს გამოტოვებს ქალი და რაც უფრო ახლოსაა ეს ტაბლეტების მიღების ჩვეულ შესვენებასთან, მით უფრო მაღალია დაორსულების რისკი.

კვირა 2

ქალმა უნდა მიიღოს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. ამის შემდეგ, უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს. თუ ქალმა სწორად მიიღო პრეპარატი პირველი გამოტოვებული ტაბლეტის მიღებამდე 7 დღის განმავლობაში, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება არ იქნება საჭირო. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე, თუ გამოტოვებულია ორი ან მეტი ტაბლეტი, რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.

კვირა 3

ამ შემთხვევაში, ტაბლეტების მიღების მოახლოებული შესვენების გამო, კონტრაცეპტივების არაეფექტურობის რისკი ძალიან მაღალია. თუმცა, ტაბლეტების მიღების გრაფიკის კორექტირებით, შესაძლებელია კონტრაცეფციის სანდოობის დაქვეითების თავიდან აცილება. თუ ქალმა მიიღო რიგევიდონი® სწორად პირველი გამოტოვებული ტაბლეტის წინა 7 დღის განმავლობაში და ირჩევს ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ ვარიანტს, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი არ არის საჭირო. სხვა შემთხვევაში, აუცილებელია ქალს მიეცეს რეკომენდაცია, რომ აირჩიოს ორი ვარიანტიდან პირველი. მომდევნო 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება.

  • ქალმა უნდა მიიღოს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაახსენდება, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს 2 ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ დროს, სანამ ტაბლეტები არ დამთავრდება მიმდინარე ბლისტერული შეფუთვიდან. ტაბლეტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შემდეგი ბლისტერული შეფუთვიდან ჩვეულებრივი შესვენების გარეშე. მეორე ბლისტერული შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულებამდე „მოხსნის“ სისხლდენის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ქალს შეიძლება განუვითარდეს სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა იმ დღეებში, როდესაც ტაბლეტებს იღებს.
  • გარდა ამისა, ქალს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია, რომ შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება მიმდინარე ბლისტერული შეფუთვიდან. ამ შემთხვევაში, მას სჭირდება შესვენება არა უმეტეს 7 დღე, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღება ახალი ბლისტერიდან.

თუ ქალმა გამოტოვა ტაბლეტების მიღება და ტაბლეტების მიღების შემდეგი დაგეგმილი შესვენების დროს მას არ აღენიშნება „მოხსნის“ სისხლდენა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს

კუჭ-ნაწლავის მძიმე დარღვევების შემთხვევაში (მაგალითად, ღებინება ან დიარეა), აქტიური ნივთიერებების შეწოვა შესაძლოა არასრული იყოს, ამიტომ აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.

თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინება ან ძლიერი დიარეა განვითარდა, აუცილებელია ახალი ტაბლეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება. თუ შესაძლებელია, ახალი ტაბლეტი მიღებული უნდა იყოს პრეპარატის ჩვეულებრივი მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათისა.

თუ გასულია 12 საათზე მეტი, აუცილებელია იმ მითითებების დაცვა, რომლებიც დადგენილია ტაბლეტების მიღების გამოტოვებისას.

თუ ქალს არ სურს შეცვალოს პრეპარატის მიღების ჩვეული რეჟიმი, მან უნდა მიიღოს დამატებითი ტაბლეტ(ებ)ი სხვა ბლისტერული შეფუთვიდან.

„მოხსნის“ სისხლდენის დაწყების დღის გადადება ან შეცვლა

მოხსნის სისხლდენის დაწყების გადავადების მიზნით, ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება რიგევიდონის® ახალი ბლისტერული შეფუთვიდან ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების გარეშე. მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა ქალს აღენიშნოს სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა. როდესაც მეორე შეფუთვიდან ტაბლეტები ამოიწურება, რიგევიდონის® მიღება უნდა განახლდეს ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ.

„მოხსნის“ სისხლდენის დაწყების გადასადებად კვირის სხვა დღეს, რომელიც განსხვავდება დოზირების ამჟამინდელი რეჟიმისგან, ქალს ეძლევა რეკომენდაცია, რომ შეამციროს ტაბლეტების მიღებიის შემდეგი შესვენების ხანგრძლივობა დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო ხანმოკლეა ეს შესვენება, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ქალს არ აღენიშნოს „მოხსნის“ სისხლდენა და შესაძლოა განვითარდეს სისხლიანი გამონადენი და სისხლდენა ტაბლეტების მიღების მეორე ბლისტერული შეფუთვიდან (ისევე როგორც „მოხსნის“ სისხლდენის გადავადებისას). მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ არ უნდა გაიზარდოს ტაბლეტების მიღების შესვენების ხანგრძლივობა.

ბავშვები

რიგევიდონი® განკუთვნილი არ არის გოგონებისთვის სქესობრივ მომწიფებამდე.

გამოყენების წესი

პერორალური მიღებისთვის.

გვერდითი მოვლენები

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა „კოკ“-ების მიღებისას.

ინფორმაცია სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა ვენური თრომბოემბოლია და არტერიული თრომბოემბოლია, საშვილოსნოს ყელის კიბო, ძუძუს კიბო და ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები, წარმოდგენილია პუნქტში "სიფრთხილის ზომები".

ქალები, რომლებიც იყენებენ „კოკ“-ებს, იმყოფებიან ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“.

სისტემის ორგანოთა კლასი

ხშირად

(>1/100-დან <1/10-მდე

არახშირად

(>1/1000-დან <1/100-მდე

იშვიათად

(>1/10000-დან <1/1000-მდე

ძალიან იშვიათად

(<1/10000)

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ინფექციები და ინვაზიები

ვაგინიტი, მათ შორის ვაგინალური

კანდიდოზი

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი

და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)

ჰეპატოცელულარული კარცინომა, ღვიძლის კეთილთვისებიანი

სიმსივნეები (მაგ., კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზია,

ღვიძლის ადენომა)

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ანაფილაქსური რეაქციები, რასაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში თან ახლავს ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის მძიმე დარღვევები

სისტემური წითელი მგლურას გამწვავება.

მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაძლიერება

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის ცვლილება (მომატება

ან დაქვეითება)

გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა

პორფირიის გამწვავება

ფსიქიკური დარღვევები

განწყობის ცვლილებები,

მათ შორის დეპრესია ლიბიდოს ცვლილებები

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი გაზრდილი აგზნებადო

ბა თავბრუსხვევა

შაკიკი

ქორეას გამწვავება

მხედველობის ორგანოს დარღვევები

კონტაქტური ლინზების აუტანლობა

ოპტიკური ნევრიტი

ბადურის სისხლძარღვთა თრომბოზი

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

არტერიული წნევის მატება

ვენური თრომბოემბოლია არტერიული თრომბოემბოლია

ვენების ვარიკოზული დაავადების გაუარესება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

გულისრევა

ღებინება

მუცლის ტკივილი

დიარეა

სპაზმები მუცელში

მუცლის შებერილობა

იშემიური კოლიტი

ნაწლავების ანთებითი დაავადებები

(კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი)

ღვიძლის

და სანაღვლე გზების დარღვევები

ქოლესტაზური სიყვითლე

პანკრეატიტი

ნაღვლკენჭოვანი დაავადება,ქოლესტაზი

ღვიძლის უჯრედების დაზიანება

(მაგალითად, ჰეპატიტი,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

აკნე

გამონაყარი ჭინჭრის ციება ქლოაზმა (მელანოდერმია) პერსისტენტობის რისკით

ჰირსუტიზმი თმის ცვენა

კვანძოვანი ერითემა

მრავალფორმიანი ერითემა

თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლები დარღვევები

სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დაჭიმულობა, შეშუპება და გამონადენი

დისმენორეა მენსტრუალური ციკლის დარღვევები

საშვილოსნოს ყელის ექტოპია და ვაგინალური გამონადენი

ამენორეა

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

სითხის შეკავება/შეშუპება და

სხეულის წონის ცვლილება (მატება ან შემცირება)

სისხლის შრატში ფოლატების შემცველობის შემცირება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის ცვლილებები

ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით

შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი პუნქტში „სიფრთხილის ზომები“, დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ „კოკ“-ებს:

ვენური თრომბოემბოლია;

არტერიული თრომბოემბოლია;

არტერიული ჰიპერტენზია;

ღვიძლის სიმსივნეები;

კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ორსულობის ჰერპესი, სიდენჰამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე.

ძუძუს კიბოს გამოვლენის სიხშირე ქალებში, რომლებიც იღებენ „კოკ“-ებს, ოდნავ გაზრდილია. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათია 40 წლამდე ასაკის ქალებში, ეს ზრდა მცირეა ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. გამოვლენილი არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „კოკ“-ების გამოყენებასთან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“.

ურთიერთქმედებები

მენსტრუაციებს შორის სისხლდენა და/ან კონტრაცეპტივების არაეფექტურობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორალური კონტრაცეპტივების სხვა პრეპარატებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) ურთიერთქმედებით (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").

არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს პრეპარატის „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობაზე მონიტორინგის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: „კოკ“-ის დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღინიშნა მოზრდილებში, მოზარდებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. დოზის გადაჭარბება შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, სარძევე ჯირკვლების ტკივილს, თავბრუსხვევას, მუცლის ტკივილს, ძილიანობას/დაღლილობას და ვაგინალური სისხლდენას მცირეწლოვან გოგონებში.

მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

შენიშვნა: სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის შესაძლო ურთიერთქმედების დასადგენად, უნდა წაიკითხოთ ამ პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაცია.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის, დასაბუვირის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებამ კომბინაციაში რიბავირინთან ან მის გარეშე, გლეკაპრევირინტან/პიბრენტასვირთან ან სოფოსბუვირთან/ველპატასვირთან/ვოქსილაპრევთან შეიძლება გაზარდოს ALT აქტივობის მომატების რისკი (იხ. პუნქტები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები"). ამიტომ, ქალები, რომლებიც იყენებენ რიგევიდონს®, უნდა გადავიდნენ კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდზე (მაგალითად, მხოლოდ პროგესტაგენის შემცველ პრეპარატებზე ან არაჰორმონალურ მეთოდებზე) ამ კომბინირებული მკურნალობის სქემების დაწყებამდე. რიგევიდონი® შეიძლება განახლდეს ამ კომბინირებული სქემების გამოყენებით თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატების ზემოქმედება პრეპარატ რიგევიდონზე

შეიძლება არსებობდეს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონების კლირენსის გაზრდა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციებს შორის სისხლდენა და (ან) კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითება.

აუცილებელი ზომები

ფერმენტების ინდუქცია შეიძლება აღინიშნოს მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ფერმენტეის ინდუქცია შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირამდე.

მოკლევადიანი თერაპია

ქალებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების გამომწვევი მედიკამენტებით, რეკომენდებულია დროებით ბარიერული ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოიყენება „კოკ“-ების მიღებაზე დამატებით. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს თანმხლები მედიკამენტების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში და მათი მოხსნიდან 28 დღე.

თუ ინდუქტორი-პრეპარატის გამოყენება გაგრძელდა მიმდინარე 21-დღიანი შეფუთვიდან ბოლო „კოკ“-ის ტაბლეტის მიღების შემდეგ, ტაბლეტების მიღება „კოკ“-ის ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი შესვენების გარეშე.

გრძელვადიანი თერაპია

ქალებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.

ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი ურთიერთქმედებები

ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან „კოკ“-ების კლირენსს (ამცირებენ „კოკ“-ების ეფექტურობას ფერმენტის ინდუქციის გზით), მაგალითად:

ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი და აივ-ის სამკურნალო საშუალებები რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი, შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული პრეპარატები.

ნივთიერებები სხვადასხვა ზემოქმედებით „კოკ“-ის კლირენსზე

„კოკ“-ებთან ერთად გამოყენებისას აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორების მრავალმა კომბინაციამ, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციებმა, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ესტროგენების ან პროგესტაგენების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ცვლილებების კუმულაციური ეფექტი შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.

პრეპარატებთან შესაძლო ურთიერთქმედების და შესაბამისი რეკომენდაციების დასადგენად, აუცილებელია აივ/C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაციის გაცნობა. ქალებმა, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს ან არანუკლეოზიდურ უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებს, რაიმე ეჭვის არსებობისას, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.

რიგევიდონის® ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე

პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ გარკვეული აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, მათი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში შეიძლება გაიზარდოს (მაგ. ციკლოსპორინის) ან შემცირდეს (მაგ. ლამოტრიჯინის).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ტროლეანდომიცინი

ტროლეანდომიცინმა შეიძლება გაზარდოს ინტრაჰეპატური ქოლესტაზის განვითარების რისკი „კოკ“-ებთან ერთად გამოყენებისას.

მოდაფინილი

არსებობს კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირების რისკი მოდაფინილის გამოყენებისას და მომდევნო ციკლში მოდაფინილის შეწყვეტის შემდეგ, რადგან ის წარმოადგენს მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორს.

მოდაფინილთან ერთდროული თერაპიის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს არადაბალდოზირებული პერორალური კონტრაცეპტივები ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

ვემურაფენიბი

არსებობს ესტროგენის ან პროგესტოგენის პლაზმური კონცენტრაციის შემცირების რისკი შემდგომი არაეფექტურობის რისკით.

პერამპანელი

პერამპანელის გამოყენებისას დღეში 12 მგ ან მეტი დოზით, არსებობს კონტრაცეფციის ეფექტურობის შემცირების რისკი.

სასურველია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება, პირველ რიგში, ბარიერული მეთოდის გამოყენება.

ულიპრისტალი

არსებობს პროგესტაგენის მოქმედების ანტაგონიზმის რისკი. „კოკ“-ების მიღება არ უნდა განახლდეს ულიპრისტალის შეწყვეტიდან სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.

რუფინამიდი

იწვევს სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის ზომიერ შემცირებას. სასურველია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება, პირველ რიგში, ბარიერული მეთოდის გამოყენება.

ეტორიკოქსიბი

ეტორიკოქსიბთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

სიფრთხილის ზომები

თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა/რისკ-ფაქტორი, აუცილებელია „კოკ“-ების გამოყენების სარგებლის შედარება შესაძლო რისკებთან თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურად და აღნიშნულის განხილვა ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე. თუ მდგომარეობა გაუარესდება, დაავადება გამწვავდება ან რომელიმე ამ მდგომარეობის/დაავადების ან რისკ-ფაქტორების პირველი სიმპტომები განვითარდება, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ შეწყდეს „კოკ“-ების მიღება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევები

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი

ქალები, რომლებიც იყენებენ ნებისმიერ „კჰკ“-ს, იმყოფებიან ვენური თრომბოემბოლიის (მაგ. ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია) განვითარების რისკის ქვეშ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ „კჰკ“-ებს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი მედიკამენტების მიღებისას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მინიმალურია. რიგევიდონის® დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება ქალთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, რათა მისთვის გასაგები იყოს რიგევიდონის მიღებასთან დაკავშირებული ვენური თრომბოემბოლიის პოტენციური რისკი, როგორ მოქმედებს მისი რისკფაქტორები ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკზე და რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკი ყველაზე მაღალია პრეპარატის მიღების პირველ წელს. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ რისკი იზრდება „კჰკ“-ს გამოყენების განახლებისას 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ.

ერთი წლის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლია ვითარდება 10000 არაორსული ქალიდან დაახლოებით 2-ში, რომლებიც არ იყენებენ „კჰკ“-ებს. თუმცა, ქალისთვის ინდივიდუალური რისკი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რაც დამოკიდებულია მის რისკ ფაქტორებზე (იხ. ქვემოთ).

დადგენილია, რომ 10000 ქალიდან 61-ს, რომლებიც იღებენ ლევონორგესტრელის შემცველ „კოკ“-ებს, ერთი წლის განმავლობაში განუვითარდებათ ვენური თრომბოემბოლია.

ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა წელიწადში უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელია ქალებში ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

შემთხვევების 1-2%-ში ვენური თრომბოემბოლია შეიძლება ფატალური იყოს.

დიაგრამა: ვენოზური ტრომბოემბოლიის (VTE) შემთხვევები 10 000 ქალი 1წ. გან-ში.

1 დიაპაზონის შუა წერტილი, 5-7 შემთხვევა 10000 ქალზე წელიწადში, ეფუძნება ლევონორგესტრელის შემცველი „კოკ“-ების გამოყენების შედარებითი რისკის სიდიდეს იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ „კოკ“-ს, დაახლოებით 2.3-3.6 შემთხვევა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ქალებს, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს, შეიძლება განუვითარდეთ სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, როგორიცაა ღვიძლის, მეზენტერიული, თირკმლის ვენები და არტერიები ან ბადურის სისხლძარღვები.

ვენური თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

ვენური თრომბოემბოლიის რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ „კჰკ“-ებს, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ არსებობს დამატებითი რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით რამდენიმე (იხ. ცხრილი).

პრეპარატი რიგევიდონი® უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკფაქტორი, რაც ქალს ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში აყენებს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკ-ფაქტორი, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ინდივიდუალური ფაქტორების უბრალოდ შეჯამებისას: ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საერთო რისკი. თუ შეფასების დროს „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, „კჰკ“-ები არ უნდა დაინიშნოს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ცხრილი: ვენური თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორი

კომენტარი

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი

30 კგ/მ2-ზე მაღალი).

რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად.

ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინება სხვა რისკფაქტორების არსებობისას.

ხანგრძლივი იმობილიზაცია, მსხვილი ოპერაცია, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ქვედა კიდურებზე ან მენჯის ძვლებზე, ნეიროქირურგიული ოპერაციები ან დიდი ტრავმები.

შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის საჰაერო მგზავრობის ჩათვლით, ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ქალებში. ოპერაციამდე).

ამ სიტუაციებში პლასტირის/ტაბლეტის/რგოლის გამოყენება უნდა შეწყდეს (გეგმიურ ოპერაციამდე არანაკლებ 4 კვირით ადრე) და გამოყენება უნდა გაგრძელდეს მოძრაობის სრულად აღდგენიდან არა ნაკლებ 2 კვირისა.

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.

თუ პრეპარატი რიგევიდონი® არ არის შეწყვეტილი წინასწარ, აუცილებელია ანტიკოაგულანტული თერაპიის მიზანშეწონილობის გათვალისწინება.

დატვირთული საოჯახო ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია ძმებში/დებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე ასაკში).

თუ არსებობს ეჭვი ვენური თრომბოემბოლიის მიმართ მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალმა უნდა მიმართოს სპეციალისტს კონსულტაციისთვის, სანამ გადაწყვეტს რაიმე „კჰკ“-ის გამოყენებას.

სხვა დაავადებები ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის თანხლებით.

ონკოლოგიური დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

ასაკი

განსაკუთრებით 35 წელზე მეტი

არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი ვარიკოზული ვენების დაავადების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლზე ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში ან პროგრესირებაში.

თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში (ორსულობისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს").

ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)

სიმპტომების არსებობისას ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის იყენებს „კჰკ“-ს.

ღრმა ვენების თრომბოზის შესაძლო სიმპტომები:

  • მუხლის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ფეხის შეშუპება ვენის გასწვრივ;
  • ფეხის ტკივილი ან მგრძნობელობა დგომისას ან სიარულის დროს;
  • დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატება; კანის სიწითლე ან გაუფერულება ფეხზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შესაძლო სიმპტომები:

  • უეცარი, უმიზეზო ქოშინი ან გახშირებული სუნთქვა;
  • უეცრად განვითარებული ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს სისხლის მოახველება;
  • მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ძლიერი თავბრუსხვევა;
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

ზოგიერთი ეს სიმპტომი (როგორიცაა ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება არასწორად იქნას განმარტებული, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე დაავადებების ნიშნები (როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექციები).

სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა შესაძლო ნიშნებია უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურების მსუბუქი ციანოზი.

თვალის სისხლძარღვების ოკლუზიისას, სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის გარეშე) მხედველობის სრულ დაკარგვამდე (პროგრესირებისას). ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობის სრული დაკარგვა შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ განვითარდეს.

არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებით „კჰკ“-ების გამოყენება დაკავშირებულია არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევა, ინსულტი) განვითარების გაზრდილ რისკთან. არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება ფატალური იყოს.

არტერიული თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

არტერიული თრომბოემბოლიის ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის რისკი იზრდება ქალებში, რომლებიც იყენებენ „კჰკ“-ებს და აქვთ რისკის ფაქტორები (იხ. ცხრილი). რიგევიდონი® უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების ერთი სერიოზული რისკფაქტორი ან მრავალი რისკფაქტორი, რაც ქალს არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ცალკეული ფაქტორების ჯამი; ამ შემთხვევაში აუცილებელია არტერიული თრომბოემბოლიის ზოგადი რისკის გათვალისწინება. თუ შეფასების დროს სარგებელი-რისკის თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, „კჰკ“-ების დანიშვნა თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ცხრილი: არტერიული თრომბოემბოლიის რისკის ფაქტორები

რისკი ფაქტორი

შენიშვნა

ასაკი

განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ

მოწევა

ქალებს, რომელთაც სურთ „კჰკ“-ს გამოყენება, ურჩევენ, თავი დაანებონ მოწევას. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, მკაცრად ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

არტერიული ჰიპერტენზია

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი)

რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის გაზრდისას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის სხვა ფაქტორების არსებობისას.

დატვირთული საოჯახო ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია ძმებში/დედებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ე.ი. 50 წლამდე ასაკში)

არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის შემთხვევაში, ქალმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს სპეციალისტს, ნებისმიერი „კჰკ“-ს დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

შაკიკი

შაკიკის შეტევების სიხშირის ან სიმძიმის მატება „კჰკ“-ების გამოყენებისას არის პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცებვის მწვავე დარღვევების წინამორბედები.

სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს სისხლძარღვოვანი გართულებების რისკი.

შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი დაავადება და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.

არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები

სიმპტომების არსებობისას ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და აცნობოს ექიმს, რომ ის იყენებს „კჰკ“-ებს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შესაძლო სიმპტომები:

  • სახის, ხელების ან ფეხების უეცარი სისუსტე ან დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
  • სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
  • უეცრად განვითარებული გონების არევა, მეტყველების ან გაგების გაძნელება;
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში;
  • უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე;
  • გონების დაკარგვა ან სისუსტე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კრუნჩხვები.

სიმპტომების გარდამავალი ხასიათი მიუთითებს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე.

მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო სიმპტომები:

  • ტკივილი, დისკომფორტის, მოჭერის ან სიმძიმის შეგრძნება, შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება მკერდში, მხარში ან მკერდის უკან;
  • დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ზურგზე, ქვედა ყბაზე, ყელზე, მკლავზე, მუცლის ზედა ნაწილში;
  • სისავსის შეგრძნება მუცელში, საჭმლის მონელების დარღვევა ან დახრჩობა;
  • ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
  • ძალიან ძლიერი სისუსტე, შფოთვა ან ქოშინი;
  • გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.

სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის კიბო

ზოგიერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა საშვილოსნოს ყელის კიბოს გაზრდილი რისკი „კჰკ“-ის ხანგრძლივი გამოყენებისას (>5 წელი), მაგრამ მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება ეს აღმოჩენა გამოწვეული იყოს ფაქტორებით, როგორიცაა ქალის სექსუალური ქცევა და ადამიანის პაპილომავირუსის ინფექცია.

სარძევე ჯირკვლის კიბო

54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა გამოავლინა ძუძუს კიბოს განვითარების ოდნავ გაზრდილი ფარდობითი რისკი (RR = 1.24) ქალებში, რომლებიც იღებდნენ „კოკ“-ებს. „კოკ“-ის გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში გაზრდილი რისკი თანდათან ქრება. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათია 40 წლამდე ახალგაზრდა ქალებში, ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი ქალებში, რომლებიც ამჟამად იღებენ „კოკ“-ებს ან რომლებიც ადრე იღებდნენ ამ პრეპარატებს, მცირეა ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. ძუძუს კიბოს კავშირი „კოკ“-ის გამოყენებასთან არ არის დადასტურებული კვლევებით.

რისკის დაფიქსირებული ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოზით ქალებში, რომლებიც იყენებენ „კოკ“-ებს, „კოკ“-ების ბიოლოგიური მოქმედებით ან ორივე ფაქტორის კომბინაციით. სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში, რომლებმაც ოდესმე გამოიყენეს „კჰკ“-ები, ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ „კჰკ“.

ღვიძლი სიმსივნეები

იშვიათ შემთხვევებში, „კჰკ“-ს გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის კეთილთვისებიანი (მაგალითად, ადენომები, ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზიები), ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ავთვისებიანი სიმსივნეები.

ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთმა სიმსივნეებმა გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში ინტრააბდომინალური სისხლდენები. მუცლის ზედა არეში ძლიერი ტკივილის, გადიდებული ღვიძლის ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების დროს ქალებში, რომლებიც იყენებენ „კჰკ“-ებს, დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ღვიძლის სიმსივნე.

მაღალი დოზით „კჰკ“-ს გამოყენება (შეიცავს 50 მკგ ეთინილესტრადიოლს) ამცირებს ენდომეტრიუმის და საკვერცხის კიბოს რისკს. ეს ფაქტი არ არის დადასტურებული „კჰკ“-ების დაბალი დოზების გამოყენებისას.

სხვა დაავადებები და მდგომარეობები

დეპრესია

დეპრესიული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები"). დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული დარღვევა და არის აღიარებული რისკის ფაქტორი სუიციდური ქცევისა და თვითმკვლელობისთვის. თუ გუნება-განწყობის ცვალებადობა და დეპრესიის სიმპტომები განვითარდება, მათ შორის „კოკ“-ების მიღების დაწყებიდან მალევე, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.

ჰიპერტრიგლიცერიდემია

ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალებში ან ამ მდგომარეობით საოჯახო ანამნეზში, პანკრეატიტის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს „კოკ“-ების გამოყენებისას.

არტერიული ჰიპერტენზია

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი, რომელიც იყენებს „კჰკ“-ს, განიცდის არტერიული წნევის უმნიშვნელო მატებას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერტენზია იშვიათია. „კჰკ“-ს გამოყენების დაუყოვნებელი შეწყვეტა გამართლებულია მხოლოდ ასეთ იშვიათ შემთხვევებში. თუ დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში „კჰკ“-ების გამოყენებისას არტერიული წნევა მუდმივად მატულობს ან არ მცირდება ანტიჰიპერტენზიული თერაპიის საპასუხოდ, „კჰკ“-ების გამოყენება უნდა შეწყდეს. საჭიროების შემთხვევაში, „კჰკ“-ების გამოყენება შეიძლება განახლდეს, თუ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ფონზე მიიღწევა არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები.

ღვიძლის დაავადება

ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს შეიძლება საჭირო გახდეს „კჰკ“-ების შეწყვეტა, სანამ ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმის ფარგლებში არ დაბრუნდება.

ანგიონევროზული შეშუპება

ეგზოგენურ ესტროგენებს შეუძლიათ მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების პროვოცირება ან გამწვავება.

გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება/შაქრიანი დიაბეტი

მიუხედავად იმისა, რომ „კჰკ“-ებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზის ტოლერანტობაზე, შაქრის დამწევი მედიკამენტების დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებში, რომლებიც იღებენ დაბალი დოზით „კჰკ“-ებს (შეიცავს0,05 მგ-ზე ნაკლებ ეთინილესტრადიოლს). თუმცა, შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით „კჰკ“-ების გამოყენების პირველ თვეებში.

სხვა მდგომარეობები

წინა ორსულობისას ან სტეროიდული ჰორმონების მიღების დროს განვითარებულ ქოლესტაზთან დაკავშირებული ქოლესტაზური სიყვითლის ან ქავილის რეციდივისას „კჰკ“-ის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ორსულობის დროს ან „კჰკ“-ების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის განვითარება ან გამწვავება, თუმცა მათი კავშირი „კჰკ“-ების გამოყენებასთან დადასტურებული არ არის: სიყვითლე და (ან) ქავილი, ასოცირებული ქოლესტაზთან, კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სიდენჰამის ქორეა, გესტაციური ჰერპესი, ოტოსკლეროზთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება.

„კჰკ“-ს გამოყენების ფონზე დაფიქსირდა ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის გამწვავების შემთხვევები.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს სახის კანის პიგმენტაცია (ქლოაზმა), განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ქლოაზმა ორსულობის დროს. ქლოაზმისადმი მიდრეკილი ქალები უნდა მოერიდონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას „კჰკ“-ების გამოყენებისას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიპერპროლაქტინემიის მქონე ქალებს.

სამედიცინო გამოკვლევები/კონსულტაციები

რიგევიდონის® მიღების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება (მათ შორის საოჯახო ანამნეზის) და გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს ზოგადი გამოკვლევა, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“) და განსაკუთრებული მითითებების (იხ. პუნქტები „სიფრთხილის ზომები“) გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ქალმა ყურადღება მიაქციოს ვენური და არტერიული თრომბოზის განვითარების რისკს, მათ შორის რისკს რიგევიდონის გამოყენებისას სხვა „კჰკ“-ებთან შედარებით, ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომებს, აგრეთვე ცნობილ რისკ ფაქტორებს და აუცილებელ მოქმედებებს თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში.

აუცილებელია რომ ქალმა ყურადღებით წაიკითხოს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი და დაიცვას მასში მოცემული რეკომენდაციები. გამოკვლევების სიხშირე და ტიპი უნდა ეფუძნებოდეს მიმდინარე პრაქტიკულ რეკომენდაციებს და შეირჩეს ინდივიდუალურად თითოეული ქალისთვის.

ქალს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ პერორალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან (სგგდ).

ეფექტურობის შემცირება

„კოკ“-ების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტების გამოტოვების შემთხვევაში (იხ. პუნქტი "დოზირება და მიღების წესი"), ღებინების ან დიარეის დროს (იხ. პუნქტი "დოზირება და მიღების წესი") ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").

მენსტრუალური ციკლის არასაკმარისი კონტროლი

„კოკ“-ების მიღებისას შეიძლება განვითარდეს არარეგულარული სისხლდენა (სისხლიანი გამონადენი ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენა უნდა შეფასდეს მხოლოდ პრეპარატის მიღების დაახლოებით სამი ციკლის ადაპტაციის პერიოდის შემდეგ.

თუ არარეგულარული სისხლდენა განმეორდება ან განვითარდება წინა რეგულარული ციკლის შემდეგ, უნდა განიხილებოდეს არაჰორმონალური მიზეზები და შესაბამისი დიაგნოსტიკური ზომები უნდა იქნას მიღებული ავთვისებიანი წარმონაქმნების ან ორსულობის გამოსარიცხად. შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკური კიურეტაჟი.

ზოგიერთ ქალს შეიძლება არ ჰქონდეს „მოხსნის“ სისხლდენა ტაბლეტების მიღების შესვენების დროს. თუ ქალი იღებდა „კოკ“-ებს პუნქტში „დოზირება და მიღების წესი“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ორსულობა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, თუ „კოკ“-ს მიღების რეჟიმი დაირღვა ან თუ არ აღინიშნება ზედიზედ ორი მოხსნის სისხლდენა, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.

ALT-ს აქტივობის მომატება

კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ პრეპარატებს რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალოდ, ტრანსამინაზების (ALT) დონე გაიზარდა და 5-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს, რაც უფრო ხშირი იყო ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები („კჰკ“). ALT-ს აქტივობის ზრდა ასევე დაფიქსირდა C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს და სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს) (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").

ლაბორატორიული ანალიზები

ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე; სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში, როგორიცაა მაგალითად, კორტიკოსტეროიდულ დამაკავშირებელი გლობულინი, და ლიპიდური/ლიპოპროტეინების ფრაქციები; ნახშირწყლების მეტაბოლიზმის, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებლებზე. როგორც წესი, ცვლილებები რჩება ნორმალური ლაბორატორიული მნიშვნელობების ფარგლებში.

დამხმარე ნივთიერებები

რიგევიდონი® შეიცავს ლაქტოზას.

იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ქალებმა, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი რიგევიდონი® შეიცავს საქაროზას.

იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ქალებმა, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი ან საქარაზა/იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. არ აღინიშნა რაიმე ზემოქმედება ქალების უნარზე, რომლებიც იყენებდნენ კომბინირებულ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას.

შეფუთვა

21 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერში.

1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. მუყაოს კოლოფში არის ბრტყელი მუყაოს ყუთი ბლისტერის შესანახად.

შენახვის პირობები

ინახება +25°C-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა.

2 წელი 6 თვე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

ღსს "გედეონ რიხტერი"

1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, დიომროის ქ. 19-21

მწარმოებელი

ღსს "გედეონ რიხტერი"

1103 ბუდაპეშტი, დიომროის ქ. 19-21, უნგრეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160 ქ. თბილისი, ს.კანდელაკის ქ. No8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 7340025 ქ. დუშანბე, ბუხოროს ქ. 34, ბლოკი “B”, 87-88

ტელეფონი: +992-37-221-74-43; +992-37-221-81-84

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ათათურქის ქ. 82, ბერკარარის ბიზნეს-ცენტრი, E-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა