ლინატინ მეტი 2.5 მგ/1000მგ
Linatin Met 2.5 mg/1000mg
თქვენი პრეპარატის სახელია ლინატინ მეტი. ის შეიცავს ორ სხვადასხვა მოქმედ ნივთიერებას: ლინაგლიპტინს და მეტფორმინს. ლინაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელწოდებით DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები). მეტფორმინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელწოდებით ბიგუანიდები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტფორმინ (metformin) + ლინაგლიპტინი (linagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ+1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
- მწარმოებელი
- NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
- ATC კოდი
- A10BD11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043641
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლინატინ მეტი 2.5 მგ/1000მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თქვენი პრეპარატის სახელია ლინატინ მეტი. ის შეიცავს ორ სხვადასხვა მოქმედ ნივთიერებას: ლინაგლიპტინს და მეტფორმინს.
ლინაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელწოდებით DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები).
მეტფორმინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელწოდებით ბიგუანიდები.
როგორ მოქმედებს ლინატინ მეტი
ორი მოქმედი ნივთიერება ერთად მოქმედებს სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მოზრდილ პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის ფორმით, რომელსაც ეწოდება „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი“. დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, მოცემული პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის დონის გაუმჯობესებას და მის ეფექტს საკვების მიღების შემდეგ და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული შაქრის რაოდენობას.
მოცემული პრეპარატის გამოყენება შეიძლება ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთ სხვა პრეპარატთან, როგორიცაა ინსულინი, კომბინაციაში.
რა არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი?
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს და თქვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ მოქმედებს სათანადოდ. თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება ასევე, გამოიმუშავოს ძალიან ბევრი შაქარი. ამ შემთხვევაში, შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს შეიძლება იწვევდეს ისეთ მძიმე სამედიცინო დარღვევებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე, ასევე ამპუტაციას.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
ლინატინ მეტის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე და მეტფორმინის დოზაზე, რომელსაც ამჟამად იღებთ, ასევე ლინაგლიპტინისა და მეტფორმინის ცალკეული ტაბლეტების დოზაზე. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ამ პრეპარატის მისაღებ ზუსტ დოზას.
როგორ მიიღება მოცემული პრეპარატი
ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში პერორალურად თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზით.
პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად საჭმლის მონელების დარღვევის რისკის თავიდან ასაცილებლად.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, რომელიც შეადგენს 5 მგ ლინაგლიპტინს და 2000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტი მიიღება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით, ამიტომ შეძლებთ სისხლში შაქრის დონის კონტროლის გაგრძელებას. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატთან ან ინსულინთან კომბინაციაში. თქვენი მდგომარეობისთვის საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის დანიშნულებით.
ლინატინ მეტით მკურნალობის პერიოდში უნდა გააგრძელოთ დიეტის დაცვა და აკონტროლოთ, რომ თქვენ მიერ მიღებული ნახშირწყლები თანაბრად იყოს განაწილებული დღის განმავლობაში. ჭარბი წონის შემთხვევაში, გააგრძელეთ დაბალკალორიული დიეტის დაცვა დანიშნულების მიხედვით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცალკე მოცემულმა პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაწევა (ჰიპოგლიკემია). ლინატინ მეტის გამოყენებისას ინსულინთან ერთად, შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დაბალი დონე და თქვენი ექიმი შეგიმცირებთ ინსულინის დანიშნულ დოზას.
თუ მიიღეთ ლინატინ მეტის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ლინატინ მეტის საჭიროზე მეტი ტაბლეტი, შეიძლება განგივითარდეთ ლაქტატაციდოზი. ლაქტატაციდოზის სიმპტომები არ არის სპეციფიკური და მათ მიეკუთვნება შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, გაძნელებული სუნთქვა. სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაწევა და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა სტაციონარში, რადგან ლაქტატაციდოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს კომამდე. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს (იხ. პარაგრაფი 2). თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ლინატინ მეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოვდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დაუშვებელია ერთდროულად ორი დოზის მიღება (დილით ან საღამოს).
თუ შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება
გააგრძელეთ ლინატინ მეტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული დროით. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ლინაგლიპტინის, მეტფორმინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაქვეითება.
თუ გაქვთ არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევის, ღებინების, დიარეის, წონის სწრაფად კლების, ლაქტატაციდოზის (იხ. ქვემოთ „ლაქტატაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზის თანხლებით. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, როდესაც ნივთიერებები, სახელწოდებით „კეტონური სხეულები“, გროვდება სისხლში, და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს ტკივილის კუჭის არეში, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან ხილის უჩვეულო სუნს პირში.
თუ გქონდათ დიაბეტური პრეკომა.
თუ გაქვთ მძიმე ინფექცია, როგორიცაა ფილტვების, ბრონქული სისტემის ან თირკმელების დაზიანებით მიმდინარე ინფექცია. მძიმე ინფექციები შეიძლება იწვევდეს თირკმელების დარღვევებს, რომლებმაც შეიძლება შეგიქმნათ ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ აღგენიშნებათ ორგანიზმიდან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა (გაუწყლოება), მაგალითად ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის, ან მრავალჯერადი ღებინების შედეგად. გაუწყლოება შეიძლება იწვევდეს თირკმელების დარღვევებს, რომლებმაც შეიძლება შეგიქმნათ ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ გიტარდებათ მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის ან ახლახანს გქონდათ ინსულტი, გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (როგორიცაა შოკი) ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იწვევდეს ქსოვილებში მიწოდებული ჟანგბადის უკმარისობას, რამაც შეიძლება შეგიქმნათ ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევები.
თუ ჭარბი რაოდენობით, ყოველდღე ან პერიოდულად მოიხმართ ალკოჰოლს (იხ. პარაგრაფი „ლინატინ მეტის მიღება ალკოჰოლთან ერთად“).
არ მიიღოთ ლინატინ მეტი, თუ ზემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ლინატინ მეტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას
თუ გაქვთ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს). ლინატინ მეტი არ გამოიყენება ამ დაავადების სამკურნალოდ.
თუ იღებთ ინსულინს, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს ინსულინის დოზა, რომელსაც იღებთ ლინატინ მეტთან ერთად იმისათვის, რომ აიცილოთ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია).
თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება.
თუ გაქვთ მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები, როგორიცაა ხანგრძლივი, მძიმე ტკივილი მუცლის არეში, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
თუ აღგენიშნებათ კანზე ბუშტუკების განვითარება, ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბულოზური პემფიგოიდი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ლინატინ მეტით მკურნალობა.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა, ლინატინ მეტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
კანის მხრივ დიაბეტური ხასიათის დარღვევები ხშირი გართულებაა დიაბეტის მქონე პირებში. საჭიროა კანისა და ფეხის მოვლასთან დაკავშირებით თქვენი ექიმისგან ან ექთნისგან მიღებული რეკომენდაციების დაცვა.
ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი
მეტფორმინის შემცველობის გამო ლინატინ მეტს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან მძიმე გართულება, სახელწოდებით ლაქტატაციდოზი, განსაკუთრებით თირკმელების არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში.
ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი, ასევე, გაზრდილია არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, გაუწყლოების შემთხვევაში (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ), დარღვევები ღვიძლის მხრივ და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის ნაწილში შემცირებულია ჟანგბადის მიწოდება (მაგალითად, გულის მძიმედ მიმდინარე მწვავე დაავადება). თუ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ხანმოკლე დროით შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება, თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გაუწყლოებით (ორგანიზმის მიერ სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა მძიმე ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვიის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ აღგენიშნებათ ლაქტატაციდოზის განვითარების რომელიმე სიმპტომი, რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება იწვევდეს კომას. ლაქტატაციდოზის სიმპტომებია:
ღებინება
ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში
კუნთების სპაზმი
ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება მძიმე დაღლილობის თანხლებით
სუნთქვის გაძნელება
სხეულის ტემპერატურის დაწევა და შემცირებული გულისცემა
ლაქტატაციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და მისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში.
თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, ლინატინ მეტით მკურნალობა უნდა შეწყდეს პროცედურის პერიოდში და მისი დასრულებიდან გარკვეული დროის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და გააგრძელოთ ლინატინ მეტით მკურნალობა.
ლინატინ მეტით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი წელიწადში სულ მცირე ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული პირი ან/და აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის გაუარესება, დაგინიშნავთ თირკმელების ფუნქციის განმსაზღვრელ ანალიზებს.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ დაგჭირდათ სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების შეყვანა, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს, უნდა შეწყვიტოთ ლინატინ მეტის მიღება ინექციის ჩატარებამდე და არ მიიღოთ პრეპარატი ინექციის ჩატარების დროს. თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ლინატინ მეტის მიღება და როდის გააგრძელოთ ლინატინ მეტით მკურნალობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლი და თირკმელების ფუნქციის შემოწმება, ან ლინატინ მეტის დოზის კორექცია თქვენი ექიმის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
პრეპარატები, რომლებიც აძლიერებს შარდის წარმოქმნას (დიურეზულები)
ტკივილის და ანთების სამკურნალო პრეპარატები (აასს და ცოგ-2-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტები)
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს სისხლში მეტფორმინის კონცენტრაცია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას (ასეთი პრეპარატებია: ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი).
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება კრუნჩხვების (შეტევის) სამკურნალოდ ან ქრონიკული ტკივილის მოსახსნელად.
რიფამპიცინი. ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი.
ანთებით მიმდინარე დაავადებების, მაგალითად ასთმის და ართრიტის, სამკურნალო საშუალებები (კორტიკოსტეროიდები).
ბრონქოდილატატორები (ბეტა-სიმპათომიმეტური საშუალებები) ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
სპირტის შემცველი პრეპარატები.
ლინატინ მეტის მიღება ალკოჰოლთან ერთად
ლინატინ მეტით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლინატინ მეტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს. უცნობია, აქვს თუ არა ამ პრეპარატს მავნე ზემოქმედება ნაყოფზე.
მეტფორმინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძეში ლინაგლიპტინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის. აცნობეთ ტქვენს ექიმს, თუ მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლინატინ მეტს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ლინატინ მეტის მიღება ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალ დონეს (ჰიპოგლიკემიას), რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან საიმედო საყრდენის გარეშე სამუშაობის შესრულების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ყურადღებას
შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) შემდეგი სიმპტომები: კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, არამკვეთრი მხედველობა, ჩხვლეტა ტუჩებში, ფერმკრთალობა, განწყობის ცვლილება ან დაბნეულობა.
ჰიპოგლიკემია (ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)) არის ლინაგლიპტინი+მეტფორმინს დამატებული ინსულინის კომბინაციის დადგენილი გვერდითი მოქმედება. ლინაგლიპტინი+მეტფორმინის კომბინაცია შეიძლება იწვევდეს ძალიან იშვიათ (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს), მაგრამ ძალიან მძიმე გვერდით მოქმედებას, სახელწოდებით ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). მისი განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს კომამდე.
ზოგ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი; იშვიათი გვერდითი მოქმედება, შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).
შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ მძიმე გვერდით მოქმედებას:
მძიმე და ხანგრძლივი ტკივილი მუცლის არეში (კუჭის არეში) გადაცემით ზურგში, ასევე გულისრევა და ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების ნიშანი (პანკრეატიტი).
ლინატინ მეტის სხვა გვერდითი მოქმედებაა:
ზოგ პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქციები (იშვიათი გვერდითი მოქმედება), რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე, მათ შორის ხიხინი და ქოშინი (ბრონქული ჰიპერრეაქციულობა; არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)). ზოგ პაციენტს აღენიშნება გამონაყარი (არახშირი გვერდითი მოქმედება), თივის ცხელება (ჭინჭრის ციება; იშვიათი გვერდითი მოქმედება) და სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, შესაძლოა სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება; იშვიათი გვერდითი მოქმედება). თუ აღგენიშნებათ ზემოთ მითითებული დაავადების ნებისმიერი ნიშანი, შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატი.
ლინაგლიპტინი + მეტფორმინის კომბინაციის მიღებისას ზოგ პაციენტს ჰქონდა შემდეგი გვერდითი მოქმედება:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): დიარეა, სისხლში ფერმენტის დონის მომატება (ლიპაზას დონის მომატება), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
არახშირი: ანთება ცხვირის ან ყელის არეში (ნაზოფარინგიტი), ხველა, უმადობა (მადის დაქვეითება), შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), სისხლში ფერმენტის დონის მომატება (ამილაზას დონის მომატება), ქავილი
იშვიათი: კანზე ბუშტუკების განვითარება (ბულოზური პემფიგოიდი)
ლინატინ მეტის ინსულინთან ერთად მიღების შემთხვევაში ზოგ პაციენტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოქმედება
არახშირი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, შეკრულობა
გვერდითი მოქმედება მეტფორმინის ცალკე მიღებისას, რომლებიც არ იყო აღწერილი ლინატინ მეტთან დაკავშირებით:
ძალიან ხშირი: ტკივილი მუცლის არეში.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): რკინის გემო პირში (გემოს დარღვევა), სისხლში ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება ან დაბალი დონე (სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს ძლიერ დაღლილობას (გადაღლა), ყელის ანთებას და ენის გაწითლებას (გლოსიტი), კანზე ჩხვლეტის შეგრძნებას (პარესთეზია), ფერმკრთალ ან ყვითელ კანს). თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ გარკვეული ანალიზები თქვენი სიმპტომების მიზეზის დასადგენად, რადგან ზოგიერთი მათანი შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან ჯანმრთელობის სხვა დარღვევით, რომელიც არ არის გამოწვეული ამ დაავადებით.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): ჰეპატიტი (თქვენს ღვიძლთან დაკავშირებული დარღვევა), კანის რეაქცია, მაგალითად კანის სიწითლე (ერითემა).
ჭარბი დოზა
ლინაგლიპტინი
ჯანმრთელი პირების მონაწილეობით ჩატარებული კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს ლინაგლიპტინის 600 მგ-მდე ერთჯერადი დოზები (რეკომენდებულზე 120-ჯერ მაღალი) არ იყო დაკავშირებული არასასურველი მოვლენების სიხშირის დოზადამოკიდებულ გაზრდასთან. ადამიანებში 600 მგ-ზე მაღალი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არის.
მეტფორმინი
85 გ-მდე დოზით მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას ჰიპოგლიკემია არ აღინიშნებოდა, მაგრამ განვითარდა ლაქტატაციდოზი. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ან თანმხლები რისკ-ფაქტორები შეიძლება იწვევდეს ლაქტატაციდოზს. ლაქტატაციდოზი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოს პირობებში. ორგანიზმიდან ლაქტატისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის ჰემოდიალიზი.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების მიღება, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა, კლინიკური კონტროლი, მკურნალობის ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური მკურნალობა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია ლინაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
ლინატინ მეტის 2.5 მგ/500 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლინაგლიპტინს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტის 2.5 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლინაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტის 2.5 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლინაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ლინატინ მეტი 2.5 მგ/500 მგ არის ღია-ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ალუმინის ფორმატურა/ალუმინის ფოლგის ბლისტერები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 60 ტაბლეტს.
ლინატინ მეტი 2.5 მგ/850 მგ არის ღია-ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ლინატინ მეტი 2.5 მგ/1000 მგ არის ღია-ვარდისფერი, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე, ბოთლზე და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება არასანქცირებული გახსნის ნიშნები.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს, სისხლში გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები, ათქ-კოდი: A10BD11.
ლინატინ მეტი აერთიანებს ორ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატს გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებელი მოქმედების დამატებითი მექანიზმებით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: ლინაგლიპტინი, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ინჰიბიტორი, და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, რომელიც შედის ბიგუანიდების ჯგუფში.
ლინაგლიპტინი
მოქმედების მექანიზმი
ლინაგლიპტინი წარმოადგენს ფერმენტ DPP-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის) ინჰიბიტორს, რომელიც მონაწილეობს ინკრეტინების ჰორმონების - GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) ინაქტივაციაში. ეს ჰორმონები სწრაფად იშლება ფერმენტ DPP-4-ის მიერ. ორივე ჰორმონი მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში. დღე-ღამის განმავლობაში ინკრეტინების სეკრეციის ბაზალური დონე დაბალია, ის სწრაფად იზრდება საკვების მიღების შემდეგ. GLP-1 და GIP აძლიერებს ინსულინის ბიოსინთეზს და მის სეკრეციას პანკრეასული ბეტა-უჯრედების მიერ სისხლის გლუკოზის ნორმალური და მომატებული დონეების დროს. გარდა ამისა, GLP-1 აქვეითებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასული ალფა-უჯრედების მიერ, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის პროდუქციის შემცირებას. ლინაგლიპტინი ძალიან ეფექტიანად და შექცევადად უკავშირდება DPP-4-ს, რაც იწვევს ინკრეტინების დონეების ხანგრძლივ მომატებას და მისი აქტივობის შენარჩუნებას. ლინაგლიპტინი გლუკოზადამოკიდებულად ზრდის ინსულინის სეკრეციას და ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას, შედეგად კი იწვევს გლუკოზის ჰომეოსტაზის გაუმჯობესებას. ლინაგლიპტინი სელექციურად უკავშირდება DPP-4-ს, in vitro მისი სელექციურობა 10000-ზე მეტჯერ აღემატება სელექციურობას DPP-8-ის მიმართ ან აქტივობას DPP-9-ის მიმართ.
მეტფორმინი
მოქმედების მექანიზმი
მეტფორმინი წარმოადგენს ჰიპოგლიკემიური მოქმედების მქონე ბიგუანიდს როგორც ბაზალური, ასევე პოსტპრანდიალური ჰიპერგლიკემიის მიმართ. პრეპარატი არ ახდენს ინსულინის გამომუშავების სტიმულირებას, ამიტომ არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი შეიძლება მოქმედებდეს სამი მექანიზმის საშუალებით:
(1) ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნის შემცირებით გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით,
(2) კუნთებში ინსულინის მიმართ მგრძნობელობის ზომიერი გაზრდით, გლუკოზის პერიფერიული შთანთქმის და უტილიზაციის გაუმჯობესებით,
(3) ნაწლავებში გლუკოზის შეწოვის შეფერხებით.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ახდენს გლიკოგენის უჯრედშიდა სინთეზის სტიმულაციას გლიკოგენსინტაზაზე ზემოქმედებით.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ზრდის დღეისათვის ცნობილი ყველა ტიპის გლუკოზის მემბრანული გადამტანის (GLUT) გადატანის უნარს.
ადამიანებში, მისი გლიკემიური მოქმედების მიხედვით, მეტფორმინის ჰიდროქლორიდს აქვს დადებითი ეფექტი ლიპიდების მეტაბოლიზმზე. ეს ნაჩვენებია თერაპიული დოზის გამოყენებისას საშუალო ხანგრძლივობის ან ხანგრძლივად მიმდინარე კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეებს.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჯანმრთელ პირებში ჩატარებული ბიოეკვივალენტობის კვლევებში ნაჩვენებია, რომ ლინაგლიპტინი+მეტფორმინის კომბინაცია ტაბლეტების სახით ბიოეკვივალენტურია ლინაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ცალკე ტაბლეტების სახით ერთდროულად გამოყენებისა.
ლინგლიპტინი+მეტფორმინის 2.5/1000 მგ კომბინაციის მიღება საკვებთან ერთად არ იწვევდა ლინაგლიპტინის საერთო ზემოქმედების ცვლილებას. მეტფორმინის მიღებისას არ აღინიშნა AUC ცვლილება, თუმცა შრატში მეტფორმინის საშუალო კონცენტრაციის პიკი შემცირდა 18%-ით საკვებთან ერთად მისი მიღების შემთხვევაში.
საკვების მიღების ფონზე მეტფორმინთან დაკავშირებით შრატში კონცენტრაციის პიკის გახანგრძლივება 2 საათით. სავარაუდოდ, ამ ცვლილებებს არ აქვთ კლინუკური მნიშვნელობა.
ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია ლინატინ მეტის ცალკეული მოქმედი ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკურ თვისებებთან დაკავშირებით.
ლინაგლიპტინი
ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა დეტალურად შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას. ჯანმრთელი მოხალისეების ან პაციენტების მიერ 5 მგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ ლინაგლიპტინი სწრაფად შეიწოვებოდა, სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო Tmax) მიიღწეოდა დოზის მიღებიდან 1.5 საათის შემდეგ.
შეწოვა
ლინაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ს შეადგენს. დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველ საკვებთან ერთად ლინაგლიპტინის მიღება იწვევდა Cmax მიღწევის დროის გაზრდას 2 საათით და Cmax შემცირებას 15%-ით, მაგრამ არ ახდენდა გავლენას AUC0-72სთ-ზე. Cmax და Tmax ცვლილებების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის; ამიტომ, ლინაგლიპტინის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე საკვების მიღების გარეშე.
განაწილება
ქსოვილებთან შეკავშირების შედეგად განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ლინაგლიპტინის 5 მგ ერთჯერადი დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ პირებში შეადგენს დაახლოებით 1110 ლიტრს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ლინაგლიპტინის ფართო განაწილებაზე. სისხლის პლაზმის ცილებთან ლინაგლიპტინის შეკავშირება დამოკიდებულია კონცენტრაციაზე, მცირდება დაახლოებით 99%-დან 1 ნმოლი/ლ-ის შემთხვევაში 75-89%-მდე >30ნმოლი/ლ-ის შემთხვევაში, რაც ასახავს DPP-4-თან კავშირის გაჯერებას ლინაგლიპტინის კოცენტრაციის გაზრდასთან ერთად. მაღალი კონცენტრაციებისას, როდესაც DPP-4-თან კავშირი სრულად გაჯერებულია, ლინაგლიპტინის 70-80% უკავშირდებოდა პლაზმის სხვა ცილებს, ხოლო პრეპარატის 20-30% იყო სისხლის პლაზმაში შეუკავშირებელ მდგომარეობაში.
ბიოტრანსფორმაცია
[14C]-ლინაგლიპტინის პერორალურად 10 მგ დოზით მიღების შემდეგ შარდში გამოიყო რადიოაქტივობის დაახლოებით 5%. ლინაგლიპტინის ელიმინაციაში მეტაბოლიზმი ასრულებს მეორეხარისხოვან როლს. გამოვლენილია ერთი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლის რაოდენობაც წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს შეყვანილი ლინაგლიპტინის რაოდენობის 13.3% და რომელიც არ არის ფარმაკოლოგიურად აქტიური, და შესაბამისად, არ ახდენს გავლენას ლინაგლიპტინის მაინჰიბირებელ აქტივობაზე სისხლის პლაზმაში DPP-4-ის მიმართ.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში 4 დღის განმავლობაში [14C]-ლინაგლიპტინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ შეყვანილი რადიოაქტივობის დაახლოებით 85% გამოიყო ნაწლავში (80%) ან შარდში (5%). წონასწორულ მდგომარეობაში თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 70 მლ/წთ.
თირკმელების უკმარისობა
წონასწორული მდგომარეობის პირობებში, ლინაგლიპტინის ექსპოზიცია პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით შედარებული იყო ჯანმრთელ სუბიექტებთან. თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, კონტროლთან შედარებით, დაფიქსირდა ექსპოზიციის ზომიერი ზრდა დაახლოებით 1.7-ჯერ. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე T2DM პაციენტებში ექსპოზიცია გაიზარდა დაახლოებით 1.4-ჯერ, ვიდრე T2DM პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. წონასწორული მდგომარეობის პროგნოზები ლინაგლიპტინის AUC-ის შესახებ ESRD-ის მქონე პაციენტებში მიუთითებდა შედარებად ექსპოზიციაზე თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან. გარდა ამისა, მოსალოდნელი არ არის, რომ ლინაგლიპტინი გამოიყოფა თერაპიულად მნიშვნელოვანი ხარისხით ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. ლინაგლიპტინის დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით; ამიტომ, ლინაგლიპტინის მიღების გაგრძელება შეიძლება მონოკომპონენტიანი ტაბლეტის სახით იმავე საერთო სადღეღამისო დოზით 5 მგ, თუ ლინატინ მეტის მიღება შეწყდა თირკმელების უკმარისობის ნიშნების გამო.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ზომიერი და მძიმე უკმარისობით (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით), ლინაგლიპტინის საშუალო AUC და Cmax მსგავსი იყო ჯანსაღი შესატყვისი საკონტროლო ჯგუფებისთვის ლინაგლიპტინის მრავალჯერადი 5 მგ დოზების მიღების შემდეგ.
სხეულის მასის ინდექსი (BMI)
სხეულის მასის ინდექსს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე I ფაზის და II ფაზის მონაცემების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. კლინიკური კვლევები რეგისტრაციამდე ჩატარებული იყო სხეულის მასის ინდექსამდე, რომელიც უდრის 40 კგ/მ2-ს.
სქესი
სქესს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე I და II ფაზის მონაცემების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე.
ხანდაზმული პირები
ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე I და II ფაზის მონაცემების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. ხანდაზმულ სუბიექტებს (65-დან 80 წლამდე, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი იყო 78 წლის) ჰქონდათ ლინაგლიპტინის შედარებადი პლაზმური კონცენტრაცია ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. ლინაგლიპტინის მინიმალური კონცენტრაციები ასევე გაზომილი იყო ხანდაზმულებში (ასაკი >70 წელი) ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით 24 კვირის ხანგრძლივობის III ფაზის კვლევაში. ამ კვლევაში ლინაგლიპტინის კონცენტრაციები იყო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში მანამდე აღნიშნული მნიშვნელობების ფარგლებში.
პედიატრული პოპულაცია
პედიატრიულ მე-2 ფაზის კვლევამ შეისწავლა 1 მგ და 5 მგ ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა ≥10-დან <18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით. დაკვირვებული ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პასუხები შეესაბამებოდა ზრდასრულ სუბიექტებში განსაზღვრულ პასუხებს. 5 მგ ლინაგლიპტინმა აჩვენა უპირატესობა 1 მგ-ზე DPP-4 მინიმალური ინჰიბიციის მიმართ (72% vs 32%, p=0.0050) და საბაზისო HbA1c-ის რიცხობრივად უფრო დიდი შემცირება რეგულირებულ საშუალო ცვლილებასთან მიმართებაში (-0.63% vs -0.48%, n.s.). მონაცემთა მოცულობის შეზღუდული ბუნების გამო შედეგების ინტერპრეტაცია ფრთხილად უნდა მოხდეს.
რასა
ხელმისაწვდომი ფარმაკოკინეტიკური მონაცემების კომპოზიტური ანალიზის საფუძველზე, მათ შორის კავკასიური, ესპანური, აფრიკული და აზიური წარმოშობის პაციენტებში, რასას არ ჰქონდა აშკარა გავლენა ლინაგლიპტინის პლაზმურ კონცენტრაციაზე. გარდა ამისა, ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მსგავსი იყო I ფაზის გამოკვლევებში იაპონელ, ჩინელ და კავკასიელ ჯანმრთელ მოხალისეებში და აფიკელ ამერიკელ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მეტფორმინი
შეწოვა
მეტფორმინის დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Tmax მიიღწევა 2.5 საათში. ჯანმრთელ პირებში 500 მგ ან 850 მგ ტაბლეტების სახით მეტფორმინის ჰიდროქლორიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს. პერორალური მიღების შემდეგ განავალში აღმოჩენილი არაშეწოვილი ნივთიერების წილი შეადგენდა 20-30%-ს.
პერორალური მიღების შემდეგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შეწოვა არ არის სრული და ატარებს გაჯერების ხასიათს. ვარაუდობენ, რომ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შეწოვის ფარმაკოკინეტიკას აქვს არახაზოვანი ხასიათი.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი განაწილებისას ხვდება ერითროციტებში. სისხლში ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე უფრო დაბალია და მიიღწევა დაახლოებით იმავე დროს. სავარაუდოდ, ერითროციტები წარმოადგენს განაწილების მეორეულ კამერას. განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) არის 63-276 ლ-ის ფარგლებში.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში. ადამიანის ორგანიზმში მისი მეტაბოლიტები გამოვლენილი არ არის.
გამოყოფა
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს >400 მლ/წთ, რაც მოწმობს მის გამოყოფაზე გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და პლაზმაში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დონის მომატებას.
პედიატრიული პროფილის პაციენტები
ერთჯერადი მიღების კვლევა: პედიატრიული პროფილის პაციენტებში 500 მგ დოზით მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადად მიღების შემდეგ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იყო ჯანმრთელ მოზრდილებში აღნიშნულის მსგავსი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლინატინ მეტი 2.5 მგ / 500 მგ
ლინატინ მეტი 2.5 მგ / 850 მგ
ლინატინ მეტი 2.5 მგ / 1000 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ლინაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთან. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს ლინატინ მეტი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლინატინ მეტის მიღებამდე
- როგორ მიიღება ლინატინ მეტი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- ლინატინ მეტის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ლინატინ მეტი და რისთვის გამოიყენება
თქვენი პრეპარატის სახელია ლინატინ მეტი. ის შეიცავს ორ სხვადასხვა მოქმედ ნივთიერებას: ლინაგლიპტინს და მეტფორმინს.
ლინაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელწოდებით DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები).
მეტფორმინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელწოდებით ბიგუანიდები.
როგორ მოქმედებს ლინატინ მეტი
ორი მოქმედი ნივთიერება ერთად მოქმედებს სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მოზრდილ პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის ფორმით, რომელსაც ეწოდება „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი“. დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, მოცემული პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის დონის გაუმჯობესებას და მის ეფექტს საკვების მიღების შემდეგ და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული შაქრის რაოდენობას.
მოცემული პრეპარატის გამოყენება შეიძლება ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთ სხვა პრეპარატთან, როგორიცაა ინსულინი, კომბინაციაში.
რა არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი?
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს და თქვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ მოქმედებს სათანადოდ. თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება ასევე, გამოიმუშავოს ძალიან ბევრი შაქარი. ამ შემთხვევაში, შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს შეიძლება იწვევდეს ისეთ მძიმე სამედიცინო დარღვევებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე, ასევე ამპუტაციას.
- რა უნდა იცოდეთ ლინატინ მეტის მიღებამდე
არ მიიღოთ ლინატინ მეტი
თუ ხართ ალერგიული ლინაგლიპტინის, მეტფორმინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაქვეითება.
თუ გაქვთ არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევის, ღებინების, დიარეის, წონის სწრაფად კლების, ლაქტატაციდოზის (იხ. ქვემოთ „ლაქტატაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზის თანხლებით. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, როდესაც ნივთიერებები, სახელწოდებით „კეტონური სხეულები“, გროვდება სისხლში, და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს ტკივილის კუჭის არეში, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან ხილის უჩვეულო სუნს პირში.
თუ გქონდათ დიაბეტური პრეკომა.
თუ გაქვთ მძიმე ინფექცია, როგორიცაა ფილტვების, ბრონქული სისტემის ან თირკმელების დაზიანებით მიმდინარე ინფექცია. მძიმე ინფექციები შეიძლება იწვევდეს თირკმელების დარღვევებს, რომლებმაც შეიძლება შეგიქმნათ ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ აღგენიშნებათ ორგანიზმიდან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა (გაუწყლოება), მაგალითად ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის, ან მრავალჯერადი ღებინების შედეგად. გაუწყლოება შეიძლება იწვევდეს თირკმელების დარღვევებს, რომლებმაც შეიძლება შეგიქმნათ ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ გიტარდებათ მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის ან ახლახანს გქონდათ ინსულტი, გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (როგორიცაა შოკი) ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იწვევდეს ქსოვილებში მიწოდებული ჟანგბადის უკმარისობას, რამაც შეიძლება შეგიქმნათ ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევები.
თუ ჭარბი რაოდენობით, ყოველდღე ან პერიოდულად მოიხმართ ალკოჰოლს (იხ. პარაგრაფი „ლინატინ მეტის მიღება ალკოჰოლთან ერთად“).
არ მიიღოთ ლინატინ მეტი, თუ ზემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ლინატინ მეტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას
თუ გაქვთ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს). ლინატინ მეტი არ გამოიყენება ამ დაავადების სამკურნალოდ.
თუ იღებთ ინსულინს, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს ინსულინის დოზა, რომელსაც იღებთ ლინატინ მეტთან ერთად იმისათვის, რომ აიცილოთ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია).
თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება.
თუ გაქვთ მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები, როგორიცაა ხანგრძლივი, მძიმე ტკივილი მუცლის არეში, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
თუ აღგენიშნებათ კანზე ბუშტუკების განვითარება, ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბულოზური პემფიგოიდი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ლინატინ მეტით მკურნალობა.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა, ლინატინ მეტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
კანის მხრივ დიაბეტური ხასიათის დარღვევები ხშირი გართულებაა დიაბეტის მქონე პირებში. საჭიროა კანისა და ფეხის მოვლასთან დაკავშირებით თქვენი ექიმისგან ან ექთნისგან მიღებული რეკომენდაციების დაცვა.
ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი
მეტფორმინის შემცველობის გამო ლინატინ მეტს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან მძიმე გართულება, სახელწოდებით ლაქტატაციდოზი, განსაკუთრებით თირკმელების არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში.
ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი, ასევე, გაზრდილია არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, გაუწყლოების შემთხვევაში (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ), დარღვევები ღვიძლის მხრივ და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის ნაწილში შემცირებულია ჟანგბადის მიწოდება (მაგალითად, გულის მძიმედ მიმდინარე მწვავე დაავადება). თუ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ხანმოკლე დროით შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება, თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გაუწყლოებით (ორგანიზმის მიერ სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა მძიმე ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვიის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ აღგენიშნებათ ლაქტატაციდოზის განვითარების რომელიმე სიმპტომი, რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება იწვევდეს კომას. ლაქტატაციდოზის სიმპტომებია:
ღებინება
ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში
კუნთების სპაზმი
ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება მძიმე დაღლილობის თანხლებით
სუნთქვის გაძნელება
სხეულის ტემპერატურის დაწევა და შემცირებული გულისცემა
ლაქტატაციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და მისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში.
თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, ლინატინ მეტით მკურნალობა უნდა შეწყდეს პროცედურის პერიოდში და მისი დასრულებიდან გარკვეული დროის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და გააგრძელოთ ლინატინ მეტით მკურნალობა.
ლინატინ მეტით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი წელიწადში სულ მცირე ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული პირი ან/და აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის გაუარესება, დაგინიშნავთ თირკმელების ფუნქციის განმსაზღვრელ ანალიზებს.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ლინატინ მეტი
თუ დაგჭირდათ სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების შეყვანა, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს, უნდა შეწყვიტოთ ლინატინ მეტის მიღება ინექციის ჩატარებამდე და არ მიიღოთ პრეპარატი ინექციის ჩატარების დროს. თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ლინატინ მეტის მიღება და როდის გააგრძელოთ ლინატინ მეტით მკურნალობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლი და თირკმელების ფუნქციის შემოწმება, ან ლინატინ მეტის დოზის კორექცია თქვენი ექიმის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
პრეპარატები, რომლებიც აძლიერებს შარდის წარმოქმნას (დიურეზულები)
ტკივილის და ანთების სამკურნალო პრეპარატები (აასს და ცოგ-2-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტები)
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს სისხლში მეტფორმინის კონცენტრაცია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას (ასეთი პრეპარატებია: ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი).
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება კრუნჩხვების (შეტევის) სამკურნალოდ ან ქრონიკული ტკივილის მოსახსნელად.
რიფამპიცინი. ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი.
ანთებით მიმდინარე დაავადებების, მაგალითად ასთმის და ართრიტის, სამკურნალო საშუალებები (კორტიკოსტეროიდები).
ბრონქოდილატატორები (ბეტა-სიმპათომიმეტური საშუალებები) ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
სპირტის შემცველი პრეპარატები.
ლინატინ მეტის მიღება ალკოჰოლთან ერთად
ლინატინ მეტით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლინატინ მეტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს. უცნობია, აქვს თუ არა ამ პრეპარატს მავნე ზემოქმედება ნაყოფზე.
მეტფორმინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძეში ლინაგლიპტინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის. აცნობეთ ტქვენს ექიმს, თუ მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლინატინ მეტს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ლინატინ მეტის მიღება ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალ დონეს (ჰიპოგლიკემიას), რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან საიმედო საყრდენის გარეშე სამუშაობის შესრულების უნარზე.
- როგორ მიიღება ლინატინ მეტი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
ლინატინ მეტის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე და მეტფორმინის დოზაზე, რომელსაც ამჟამად იღებთ, ასევე ლინაგლიპტინისა და მეტფორმინის ცალკეული ტაბლეტების დოზაზე. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ამ პრეპარატის მისაღებ ზუსტ დოზას.
როგორ მიიღება მოცემული პრეპარატი
ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში პერორალურად თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზით.
პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად საჭმლის მონელების დარღვევის რისკის თავიდან ასაცილებლად.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, რომელიც შეადგენს 5 მგ ლინაგლიპტინს და 2000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტი მიიღება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით, ამიტომ შეძლებთ სისხლში შაქრის დონის კონტროლის გაგრძელებას. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატთან ან ინსულინთან კომბინაციაში. თქვენი მდგომარეობისთვის საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის დანიშნულებით.
ლინატინ მეტით მკურნალობის პერიოდში უნდა გააგრძელოთ დიეტის დაცვა და აკონტროლოთ, რომ თქვენ მიერ მიღებული ნახშირწყლები თანაბრად იყოს განაწილებული დღის განმავლობაში. ჭარბი წონის შემთხვევაში, გააგრძელეთ დაბალკალორიული დიეტის დაცვა დანიშნულების მიხედვით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცალკე მოცემულმა პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაწევა (ჰიპოგლიკემია). ლინატინ მეტის გამოყენებისას ინსულინთან ერთად, შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დაბალი დონე და თქვენი ექიმი შეგიმცირებთ ინსულინის დანიშნულ დოზას.
თუ მიიღეთ ლინატინ მეტის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ლინატინ მეტის საჭიროზე მეტი ტაბლეტი, შეიძლება განგივითარდეთ ლაქტატაციდოზი. ლაქტატაციდოზის სიმპტომები არ არის სპეციფიკური და მათ მიეკუთვნება შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, გაძნელებული სუნთქვა. სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაწევა და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა სტაციონარში, რადგან ლაქტატაციდოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს კომამდე. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს (იხ. პარაგრაფი 2). თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ლინატინ მეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოვდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დაუშვებელია ერთდროულად ორი დოზის მიღება (დილით ან საღამოს).
თუ შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება
გააგრძელეთ ლინატინ მეტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული დროით. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ყურადღებას
შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) შემდეგი სიმპტომები: კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, არამკვეთრი მხედველობა, ჩხვლეტა ტუჩებში, ფერმკრთალობა, განწყობის ცვლილება ან დაბნეულობა.
ჰიპოგლიკემია (ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)) არის ლინაგლიპტინი+მეტფორმინს დამატებული ინსულინის კომბინაციის დადგენილი გვერდითი მოქმედება. ლინაგლიპტინი+მეტფორმინის კომბინაცია შეიძლება იწვევდეს ძალიან იშვიათ (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს), მაგრამ ძალიან მძიმე გვერდით მოქმედებას, სახელწოდებით ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). მისი განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს კომამდე.
ზოგ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი; იშვიათი გვერდითი მოქმედება, შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).
შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ მძიმე გვერდით მოქმედებას:
მძიმე და ხანგრძლივი ტკივილი მუცლის არეში (კუჭის არეში) გადაცემით ზურგში, ასევე გულისრევა და ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების ნიშანი (პანკრეატიტი).
ლინატინ მეტის სხვა გვერდითი მოქმედებაა:
ზოგ პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქციები (იშვიათი გვერდითი მოქმედება), რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე, მათ შორის ხიხინი და ქოშინი (ბრონქული ჰიპერრეაქციულობა; არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)). ზოგ პაციენტს აღენიშნება გამონაყარი (არახშირი გვერდითი მოქმედება), თივის ცხელება (ჭინჭრის ციება; იშვიათი გვერდითი მოქმედება) და სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, შესაძლოა სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება; იშვიათი გვერდითი მოქმედება). თუ აღგენიშნებათ ზემოთ მითითებული დაავადების ნებისმიერი ნიშანი, შეწყვიტეთ ლინატინ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატი.
ლინაგლიპტინი + მეტფორმინის კომბინაციის მიღებისას ზოგ პაციენტს ჰქონდა შემდეგი გვერდითი მოქმედება:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): დიარეა, სისხლში ფერმენტის დონის მომატება (ლიპაზას დონის მომატება), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
არახშირი: ანთება ცხვირის ან ყელის არეში (ნაზოფარინგიტი), ხველა, უმადობა (მადის დაქვეითება), შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), სისხლში ფერმენტის დონის მომატება (ამილაზას დონის მომატება), ქავილი
იშვიათი: კანზე ბუშტუკების განვითარება (ბულოზური პემფიგოიდი)
ლინატინ მეტის ინსულინთან ერთად მიღების შემთხვევაში ზოგ პაციენტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოქმედება
არახშირი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, შეკრულობა
გვერდითი მოქმედება მეტფორმინის ცალკე მიღებისას, რომლებიც არ იყო აღწერილი ლინატინ მეტთან დაკავშირებით:
ძალიან ხშირი: ტკივილი მუცლის არეში.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): რკინის გემო პირში (გემოს დარღვევა), სისხლში ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება ან დაბალი დონე (სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს ძლიერ დაღლილობას (გადაღლა), ყელის ანთებას და ენის გაწითლებას (გლოსიტი), კანზე ჩხვლეტის შეგრძნებას (პარესთეზია), ფერმკრთალ ან ყვითელ კანს). თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ გარკვეული ანალიზები თქვენი სიმპტომების მიზეზის დასადგენად, რადგან ზოგიერთი მათანი შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან ჯანმრთელობის სხვა დარღვევით, რომელიც არ არის გამოწვეული ამ დაავადებით.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): ჰეპატიტი (თქვენს ღვიძლთან დაკავშირებული დარღვევა), კანის რეაქცია, მაგალითად კანის სიწითლე (ერითემა).
- ლინატინ მეტის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე, ბოთლზე და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება არასანქცირებული გახსნის ნიშნები.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლინატინ მეტი
რას შეიცავს ლინატინ მეტი
მოქმედი ნივთიერებებია ლინაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
ლინატინ მეტის 2.5 მგ/500 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლინაგლიპტინს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტის 2.5 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლინაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტის 2.5 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ლინაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ლინატინ მეტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ლინატინ მეტი 2.5 მგ/500 მგ არის ღია-ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ალუმინის ფორმატურა/ალუმინის ფოლგის ბლისტერები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 60 ტაბლეტს.
ლინატინ მეტი 2.5 მგ/850 მგ არის ღია-ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ალუმინის ფორმატურა/ალუმინის ფოლგის ბლისტერები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 60 ტაბლეტს.
ლინატინ მეტი 2.5 მგ/1000 მგ არის ღია-ვარდისფერი, ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ალუმინის ფორმატურა/ალუმინის ფოლგის ბლისტერები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 60 ტაბლეტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz No: 14
34768 უმრანიე / სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
მწარმოებელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.
Sancaklar Mah. Eski Akçakoca Cad. No:299
81100 დუზჯე/თურქეთი
ტელეფონი: +90 380 526 30 60
ფაქსი: +90 380 526 30 43
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 27.03.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.