გლუკოვანსი
Glucovance®
პრეპარატი გლუკოვანსი® წარმოადგენს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის ორი პერორალური შაქრის დამწევი (ჰიპოგლიკემიური) საშუალე ბის ფიქსირებულ კომბინაციას: მეტფორმინი (ჰიდროქლორიდის სახით) და გლიბენკლამიდი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიბენკლამიდი (glibenclamide) + მეტფორმინ (metformin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ+2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Merck Sante S.A.S., საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
- ATC კოდი
- A10BD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044476
- რეგისტრირებულია
- 16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Acino Pharma AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გლუკოვანსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი გლუკოვანსი® წარმოადგენს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის ორი პერორალური შაქრის დამწევი (ჰიპოგლიკემიური) საშუალე ბის ფიქსირებულ კომბინაციას: მეტფორმინი (ჰიდროქლორიდის სახით) და გლიბენკლამიდი.
მეტფორმინი მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს და ამცირებს სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ. მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს სისხლში გლუკოზის მნიშვნელოვან შემცირებას (ჰიპოგლიკემია). მას აქვს მოქმედების 3 მექანიზმი:
- ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავებას გლუკოზის გამომუშავების შემცირებით (გლუკონეოგენეზის ინჰიბირება) და გლიკოგენის მარაგების დაშლით (გლიკოგენოლიზი);
- ზრდის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, კუნთოვანი უჯრედების მიერ გლუკოზის მოხმარებას და გამოყენებას;
- აფერხებს გლუკოზის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
მეტფორმინს ასევე აქვს სასარგებლო გავლენა სისხლის ლიპიდურ შემადგენლობაზე, ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) და ტრიგლიცერიდების დონეს.
გლიბენკლამიდი მიეკუთვნება მეორე თაობის სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფს. გლიბენკლამიდის მიღებისას გლუკოზის შემცველობა მცირდება პანკრეასის β-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციის სტიმულირების შედეგად. მეტფორმინს და გლიბენკლამიდს აქვთ მოქმედების განსხვავებული მექანიზმები, მაგრამ ავსებენ ერთმანეთის ჰიპოგლიკემიურ აქტივობას. ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას აქვს ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტი გლუკოზის დონის შემცირებაში.
ჩვენებები
პრეპარატი გლუკოვანსი® ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრული პაციენტებისთვის:
- თუ დიეტოთერაპია, ვარჯიში და მეტფორმინის ან სულფონილშარდოვანას წარმოებულებით წინა მონოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა;
- წინა ორი პრეპარატით (მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას წარმოებულის) თერაპიის ჩასანაცვლებლად, სტაბილური და კარგად კონტროლირებადი გლიკემიური დონის მქონე პაციენტებში.
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება, ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ გლუკოვანსის® დოზას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს თქვენთვის, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მიხედვით (ტესტის შედეგების საფუძველზე).
თქვენი მდგომარეობის, მკურნალობის ეფექტურობისა და ტოლერანტობის მიხედვით, ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატ გლუკოვანსის® დოზა შაქრიანი დიაბეტის ეფექტური კონტროლის მისაღწევად.
საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის პრეპარატ გლუკოვანსის® 2.5 მგ + 500 მგ ან გლუკოვანსის® 5 მგ + 500 მგ 1 ტაბლეტი, დღეში ერთხელ. თუ ადრე იღებდით მეტფორმინს ან გლიბენკლამიდს, პრეპარატ გლუკოვანსზე® გადასვლისას საწყისი დოზა ექვივალენტური იქნება მეტფორმინისა და გლიბენკლამიდის დოზებისა, რომლებსაც ადრე იღებდით.
პრეპარატ გლუკოვანსის® მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი 5 მგ + 500 მგ ან 6 ტაბლეტი გლუკოვანსი® 2.5 მგ + 500 მგ.
თუ დასუსტებული ხართ და არ გაქვთ დაბალანსებული კვება, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ექიმი არ გაზრდის პრეპარატ გლუკოვანსის® დოზას მაქსიმუმამდე, რათა არ გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოგლიკემია).
პრეპარატ გლუკოვანსის® დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად ექიმის მიერ:
- 5 მგ + 500 მგ და 5 მგ + 500 მგ დოზებისთვის
- დღეში ერთხელ, დილით საუზმის დროს, დღეში 1 ტაბლეტის გამოყენებისას.
- დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, დღეში 2 ტაბლეტის გამოყენებისას.
- 5 მგ + 500 მგ დოზირებისთვის
- დღეში 3-ჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, დღეში 3 ან 6 ტაბლეტის გამოყენებისას.
5 მგ + 500 მგ დოზირებისთვის
- დღეში 3-ჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, დღეში 3 ტაბლეტის გამოყენებისას.
ხანდაზმული პაციენტები
თუ თქვენ 65 წლის ან მეტი ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატ გლუკოვანსის® უფრო დაბალი დოზა. თუ საჭიროა დოზის გაზრდა, ექიმი ამას სიფრთხილით გააკეთებს, თქვენი სისხლში გლუკოზის დონისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატ გლუკოვანსის® უფრო დაბალი დოზა. ექიმი ასევე გირჩევთ რეგულარულ ლაბორატორიულ ანალიზებს პრეპარატ გლუკოვანსით® მკურნალობის დროს თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად.
მიღების წესი და/ან გზა
პერორალურად.
ტაბლეტები მიიღეთ საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.
თითოეულ დოზას უნდა მოჰყვეს საკვები, რომელიც საკმარისად მაღალია ნახშირწყლების შემცველობით, ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად.
თუ იღებთ კოლესეველამის შემცველ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების შესახებ. პრეპარატი გლუკოვანსი® უნდა მიიღოთ კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოვანსის® საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოვანსის® საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია ან ლაქტოაციდოზი (სიმპტომებისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი - ქვეთავი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“). დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი მედიკამენტი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
- გაქვთ ალერგია მეტფორმინის, გლიბენკლამიდის, სხვა სულფონილშარდოვანას წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 ნაწილში;
- გაქვთ 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
- გაქვთ უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის გართულებები სისხლში გლუკოზისა და კეტონური სხეულების მაღალი კონცენტრაციით: დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა, კომა. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომლებსაც „კეტონური სხეულები“ ეწოდება. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა და კომა. კეტოაციდოზის სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა, პირიდან უჩვეულო ხილის სუნი;
- გაქვთ ან წარსულში გქონიათ ლაქტოაციდოზი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური მითითებები და უსაფრთხოების ზომები“);
- გაქვთ მწვავე ან ქრონიკული დაავადებების კლინიკურად გამოხატული გამოვლინებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტის (ქსოვილების ჰიპოქსიის) განვითარება, მათ შორის მწვავე გულის უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით ქრონიკული გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გაქვთ თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
- გაქვთ მწვავე მდგომარეობები, რომლებიც თირკმელების დისფუნქციის განვითარების რისკს მოიცავს: დეჰიდრატაცია მწვავე ან ქრონიკული დიარეის გამო, ღებინების განმეორებითი შეტევები, მძიმე ინფექციური დაავადებები, შოკი;
- გაქვთ ღვიძლის უკმარისობა;
- გაქვთ მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი (ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ყოველდღიურად ან დროდადრო);
- გაქვთ პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული ფერმენტების დეფიციტთან და ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან);
- ხართ ორსულად;
- კვებავთ ბავშვს ძუძუთი;
- ხართ 18 წლამდე ასაკის;
- იღებთ მიკონაზოლს;
- იღებთ ბოზენტანს;
- გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი;
- აპირებთ სერიოზული ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სერიოზული ტრავმა (როდესაც ნაჩვენებია ინსულინთერაპიის ჩატარება);
- დაგეგმილი გაქვთ რადიოიზოტოპური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანით. ამ შემთხვევაში, პრეპარატი გლუკოვანსი® არ უნდა მიიღოთ გამოკვლევამდე სულ მცირე 48 საათით ადრე და გამოკვლევიდან 48 საათის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და გლუკოვანსი®“.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, გლუკოვანსის® მიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
- თქვენ ხართ 60 წელზე მეტი ასაკის და ასრულებთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს;
- თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;
- გაქვთ თირკმელების საშუალო სიმძიმის უკმარისობა;
- გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი ეწოდება.
ლაქტოაციდოზი
გლუკოვანსმა® შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ლაქტოაციდოზი ეწოდება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ლაქტოაციდოზის მიმართ.
ლაქტოაციდოზის რისკი ასევე იზრდება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
- სისხლსა და შარდში კეტონური სხეულების მომატებული დონე (კეტოზი);
- ხანგრძლივი შიმშილი;
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
- დეჰიდრატაცია (იხილეთ ინფორმაცია ქვემოთ);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- მძიმე ინფექციური დაავადებები;
- ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი არ მარაგდება საკმარისი ჟანგბადით (მაგალითად, გულის მწვავე მძიმე დაავადება, გულის უკმარისობა);
- პრეპარატ გლუკოვანსის® გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, შარდმდენები და არტერიული წნევის დამწევი გარკვეული პრეპარატები).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს და დაიცავით მისი რეკომენდაციები.
დროებით შეწყვიტეთ გლუკოვანსის® მიღება, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (სხეულის სითხეების მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, გადახურება ან თუ ჩვეულებრივზე ნაკლებ სითხეს სვამთ. მედიკამენტის მიღების შესახებ დამატებითი ინსტრუქციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გინვითარდებათ ლაქტოაციდოზის ნიშნები, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- კუნთების სპაზმები;
- ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსიური დარღვევები);
- მუცლის ტკივილი;
- ძლიერი სისუსტე;
- სუნთქვის გაძნელება;
- სხეულის ტემპერატურის და გულისცემის შემცირება.
ლაქტოაციდოზი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში.
ჰიპოგლიკემია
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპოგლიკემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმაზე დაბალია) პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დროს.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ:
- ცუდად იკვებებით, გამოტოვებთ კვებას, შიმშილობთ ან ცვლით კვების რეჟიმს;
- თქვენი დიეტა არ შეიცავს საკმარის ნახშირწყლებს, ან მათი შემცველობა თქვენს რაციონში არაბალანსირებულია;
- იღებთ ალკოჰოლს;
- თქვენი ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივზე მეტია, ან არის დისბალანსი ფიზიკურ აქტივობასა და ნახშირწყლების მიღებას შორის;
- გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
- გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია;
- გაქვთ ენდოკრინული სისტემის დარღვევები: ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა;
- პრეპარატ გლუკოვანსის® დოზა ძალიან მაღალია;
- თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის პაციენტი;
- გიჭირთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვა პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების შესახებ;
- ერთდროულად იღებთ გარკვეული სახის მედიკამენტებს და პრეპარატ გლუკოვანსს® (მაგალითად, დიაბეტის სხვა მედიკამენტებს, მაღალი არტერიული წნევის ზოგიერთ მედიკამენტს, სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს).
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ხშირად მოულოდნელად ჩნდება, მაგრამ შეიძლება თანდათან განვითარდეს. ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: ოფლიანობა, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, შფოთვა, გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება, შიში, აგრესიული ქცევა, კანკალი, მხედველობის დროებითი დარღვევა, დაღლილობა, ძილიანობა, დეპრესია, კონცენტრაციისა და რეაქციის გაძნელება და მეტყველების დარღვევები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დაბნეულობა და თვითკონტროლის დაკარგვა, მოძრაობის უუნარობა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გლიბენკლამიდის მოქმედების მიმართ, რომელიც პრეპარატ გლუკოვანსის® ნაწილია და შესაბამისად, ჰიპოგლიკემიის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ხანდაზმულებში ჰიპოგლიკემიის ამოცნობა ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად, ექიმი დიდი სიფრთხილით შეარჩევს პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას.
თუ შეამჩნევთ ჰიპოგლიკემიის ნიშნებს:
- დაუყოვნებლივ მიიღეთ შაქარი ან გლუკოზის ტაბლეტები ან მიირთვით მაღალი შაქრის შემცველი საკვები (ტკბილეული, თაფლი, ტკბილი ხილის წვენი);
- დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუკავშირდით ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის განმეორებითი შეტევები, რომლებიც ან მძიმეა, ან ძნელად ამოსაცნობი.
თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების და/ან ღვიძლის დაავადება. პრეპარატის დანიშვნამდე ექიმი დანიშნავს ლაბორატორიულ ტესტებს თქვენი თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად და გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და რა დოზით.
თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი
პრეპარატ გლუკოვანსის® დანიშვნამდე და თერაპიის დროს, ექიმი დანიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს თქვენი თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად - ყოველწლიურად ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი ან გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.
გულის უკმარისობა
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ქრონიკული გულის უკმარისობა (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის სისხლსა და ჟანგბადს; სიმპტომებია ქოშინი, დაღლილობა, ფეხებში შეშუპება). ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება.
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებისას, რეგულარულად ჩაგიტარდებათ შემოწმებები გულისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის მიზნით.
ქირურგიული ოპერაციები
თუ აპირებთ ქირურგიულ ოპერაციას ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება შეგიძლიათ განაახლოთ ოპერაციიდან ან საკვების მიღების განახლებიდან არა უადრეს 48 საათისა, იმ პირობით, რომ თქვენი თირკმლის ფუნქცია შემოწმებულია და სტაბილურია.
აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისვის მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და როდის შეგიძლიათ მისი განახლება. თქვენ ზუსტად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.
სხვა სიფრთხილის ზომები
- თქვენთვის რეკომენდებულია ექიმის მიერ დანიშნული დიეტის დაცვა და რეგულარული ვარჯიში;
- თქვენთვის რეკომენდებულია რეგულარულად მიმართოთ ექიმს ლაბორატორიული ანალიზების ჩასატარებლად დიაბეტისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგისთვის;
- რეკომენდებულია ყოველწლიური ლაბორატორიული ანალიზების ჩაბარება სისხლში B12 ვიტამინის დონის მონიტორინგისთვის;
- თუ დაგიდგინდათ მემკვიდრეობითი დაავადების - გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დიაგნოზი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ამ შემთხვევაში, პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემიის (დაავადება, რომლის დროსაც ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები) განვითარება. ექიმი განიხილავს დიაბეტის სამკურნალოდ სხვა პრეპარატების დანიშვნას.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი გლუკოვანსი® უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და გლუკოვანსი®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დროს, არ უნდა მიიღოთ შემდეგი მედიკამენტები (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“):
- მიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- ბოზენტანი (გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);
- იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერება (გამოიყენება რადიოიზოტოპურ ან რენტგენოლოგიურ კვლევებში). თუ გჭირდებათ კვლევა, რომელიც მოითხოვს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანას, დროებით უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება. ექიმი განსაზღვრავს, როდის უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და როდის შეგიძლიათ მისი განახლება.
აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო პრეპარატებს.
შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო ხშირი ლაბორატორიული ანალიზები, სისხლში გლუკოზის დონისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგისთვის. მკურნალ ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატ გლუკოვანსის® დოზის კორექტირება:
- შარდმდენი პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაზე მუშაობენ (მაგ., ფუროსემიდი);
- ანთების და ტკივილის შესამსუბუქებლად გამოყენებული პრეპარატები (სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა II ინჰიბიტორები, ფენილბუტაზონი), ასევე ჰორმონალური პრეპარატები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით - გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგ., პრედნიზოლონი);
- მაღალი არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატები (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები);
- ბეტა-ადრენობლოკატორები (გამოიყენება გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად, კაპტოპრილი, ენალაპრილი);
- სიმპათომიმეტიკები (გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (მაგ., სალბუტამოლი), ასევე მეანობაში - საინექციო ბეტა2-ადრენომიმეტიკები);
- დანაზოლი (ანტიგონადოტროპული საშუალება, გამოიყენება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ);
- ქლორპრომაზინი (ანტიფსიქოზური საშუალება, გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, აკარბოზა, გლუკაგონი);
- ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- დესმოპრესინი (შარდის გამოყოფის შემამცირებელი პრეპარატი);
- კოლეზეველამი (ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტი, გამოიყენება სისხლში მაღალი ქოლესტერინის შესამცირებლად);
- ეთილის სპირტის შემცველი მედიკამენტები;
- სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა, განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი, დაკლატასვირი, ვანდეტანიბი), ან გამოიწვიონ სისხლში მეტფორმინის კონცენტრაციის მომატება (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ვანკომიცინი);
- სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ადეკვატური კონტროლის თავიდან აცილება (მაგალითად, ფენოთიაზიდები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, იზონიაზიდი, კალციუმის არხის ბლოკატორები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენები), პერორალური კონტრაცეპტივები).
პრეპარატი გლუკოვანსი® ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დროს მოერიდეთ ალკოჰოლს და ეთილის სპირტის (ეთანოლის) შემცველ მედიკამენტებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი ან ჰიპოგლიკემია, ან გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქცია (ანუ ალკოჰოლის აუტანლობის რეაქცია, რომელიც ვლინდება გულისრევის, ღებინების, მუცლის ტკივილის, ალების, პალპიტაციის, თავბრუსხვევის სახით).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უკუნაჩვენები კომბინაციები
გლიბენკლამიდის გამოყენებასთან დაკავშირებული
მიკონაზოლი აძლიერებს ჰიპოგლიკემიურ ეფექტს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება კომის განვითარებამდე.
ბოზენტანი გლიბენკლამიდთან კომბინაციაში ზრდის ჰეპატოტოქსიურობის რისკს და ამცირებს გლიბენკლამიდის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. ბოზენტანისა და გლიბენკლამიდის ერთდროული მიღება, არ არის რეკომენდებული.
მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს იოდირებული კონტრასტული საშუალებების ინტრავენურად შეყვანამდე 48 საათით ადრე და მისი განახლება შესაძლებელია მიღებიდან არა უადრეს 48 საათისა, თუ განმეორებითი გამოკვლევის დროს თირკმლის ფუნქციის გაუარესება არ შეინიშნება.
არარეკომენდებული კომბინაციები
სულფონილშარდოვანას წარმოებულების გამოყენებასთან დაკავშირებული
ალკოჰოლი: დისულფირამის მსგავსი რეაქციები (ალკოჰოლის აუტანლობა) ძალიან იშვიათია ალკოჰოლისა და გლიბენკლამიდის ერთდროული გამოყენებისას.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტი (კომპენსატორული რეაქციების ინჰიბირებით ან მისი მეტაბოლური ინაქტივაციის შეფერხებით), რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებას. გლიბენკლამიდისა და მეტფორმინის კომბინაციის გამოყენების პერიოდში თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლს და ეთანოლის შემცველ პრეპარატებს.
ფენილბუტაზონი (სისტემური შეყვანის გზით) აძლიერებს სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს (ცილების შეკავშირების ადგილებში სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჩანაცვლებით და/ან მათი ელიმინაციის შემცირებით). სასურველია სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ნაკლებად ურთიერთქმედებენ, ან პაციენტის გაფრთხილება, გლიკემიური მაჩვენებლების დამოუკიდებელი მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა დაკორექტირდეს ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული გამოყენების დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ.
მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული
ალკოჰოლი: მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით შიმშილის ან არასრულფასოვანი კვების, ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში. გლიბენკლამიდისა და მეტფორმინის კომბინაციის გამოყენების პერიოდში თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლს და ეთანოლის შემცველ პრეპარატებს.
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს გამოყენებისას სიფრთხილის ზომებს
მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული
დანაზოლი: დანაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ უკანასკნელის ჰიპერგლიკემიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად. დანაზოლით მკურნალობის აუცილებლობისას და ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტის შემდეგ, პრეპარატ გლუკოვანსის დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ქვეშ.
ქლორპრომაზინი: მაღალი დოზებით (100 მგ დღეში) მიღებისას, ის ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს ინსულინის გამოყოფას. ნეიროლეფსიური საშუალებებით მკურნალობისას და ამ უკანასკნელის შეწყვეტის შემდეგ, პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ქვეშ. სისტემური და ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს) ამცირებენ გლუკოზისადმი ტოლერანტობას, ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს, ზოგჯერ იწვევენ კეტოზს. გკს თერაპიის დროს და მის შემდეგ, გლუკოვანსის დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ქვეშ.
დიურეზული საშუალებები: ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის სელექციური ციკლოოქსიგენაზას (COX) II ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, განსაკუთრებით „მარყუჟის“ შარდმდენები. ასეთი პრეპარატების მეტფორმინთან ერთად მიღების დაწყებისას ან გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგი.
ინექციის სახით შეყვანილი ბეტა2-ადრენომიმეტიკები: ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის გამო. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია ინსულინის მიღება. ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის უფრო ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროების შემთხვევაში, მეტფორმინის დოზა შეიძლება დარეგულირდეს მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ.
ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, აგფ ინჰიბიტორების გარდა, შეუძლიათ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში, მეტფორმინის დოზა უნდა დარეგულირდეს.
პრეპარატ გლუკოვანსის სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, ინსულინთან, აკარბოზასთან და სალიცილატებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.
ნიფედიპინი ზრდის მეტფორმინის შეწოვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) სისხლში.
კათიონური სამკურნალო პრეპარატები გამოყოფილი თირკმლის მილაკებში (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი და ვანკომიცინი) კონკურენციას უწევენ მეტფორმინს მილაკოვანი ტრანსპორტის სისტემებისთვის და შეიძლება გამოიწვიონ მისი Cmax-ის ზრდა.
ორგანული კათიონური ტრანსპორტიორები (OCT)
მეტფორმინი არის ორივე OCT1, OCT2 ტრანსპორტიორის სუბსტრატი.
მეტფორმინის ერთდროულმა გამოყენებამ:
- OCT1 ინჰიბიტორებთან (ვერაპამილი) შეიძლება შეამციროს მეტფორმინის ეფექტურობა;
- OCT1 ინდუქტორებმა (რიფამპიცინი) შეიძლება გაზარდონ მეტფორმინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მისი ეფექტურობა;
- OCT2 ინჰიბიტორებმა (ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი, დაკლატასვირი, ვანდეტანიბი) შეიძლება შეამცირონ მეტფორმინის თირკმლისმიერი ელიმინაცია და ამით გამოიწვიონ მეტფორმინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა.
ამ მხრივ, სიფრთხილეა რეკომენდებული, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ეს პრეპარატები მიიღება მეტფორმინთან ერთად, რადგან შესაძლებელია მეტფორმინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს მეტფორმინის დოზის კორექცია, რადგან OCT ინჰიბიტორებმა/ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა.
ზოგიერთ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს ჰიპერგლიკემიური ეფექტი და გამოიწვიოს გლიკემიური კონტროლის გაუარესება. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ფენოთიაზიდები, გლუკაგონი, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, სიმპათომიმეტიკები, ნიკოტინის მჟავა, იზონიაზიდი, „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკატორები და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები. როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ერთდროულად გამოიყენება მეტფორმინის მიმღებ პაციენტებში, ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
გლიბენკლამიდის გამოყენებასთან დაკავშირებული β-ბლოკატორები ნიღბავენ ჰიპოგლიკემიის ზოგიერთ სიმპტომს: გულისცემის აჩქარებას და ტაქიკარდიას; არასელექციური ბეტა-ბლოკატორების უმეტესობა ზრდის ჰიპოგლიკემიის შემთხვევებსა და სიმძიმეს.
პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული სისხლში გლუკოზის დონის დამოუკიდებლად მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
კლონიდინი, რეზერპინი, გუანეთიდინი და სიმპათომიმეტიკები ნიღბავენ ჰიპოგლიკემიის წინამორბედებს. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული სისხლში გლუკოზის დონის დამოუკიდებლად მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ფლუკონაზოლი: გლიბენკლამიდის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა ჰიპოგლიკემიის შესაძლო გაჩენით. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული სისხლში გლუკოზის დონის დამოუკიდებლად მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ; ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება შეიძლება საჭირო გახდეს ფლუკონაზოლთან ერთად მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ.
დესმოპრესინი: გლიბენკლამიდთან + მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას, დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი მცირდება.
კოლეზეველამი: გლუკოვანსთან ერთად გამოყენებისას, გლიბენკლამიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება. ეს ეფექტი არ დაფიქსირებულა, როდესაც გლიბენკლამიდი ცალკე მიიღებოდა კოლეზეველამის მიღებამდე. გლუკოვანსი უნდა მიიღოთ კოლეზეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
აგფ ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი): აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებას. საჭიროების შემთხვევაში, გლუკოვანსის დოზა უნდა დაკორექტირდეს აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას და მათი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
არ მიიღოთ პრეპარატი გლუკოვანსი®, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. პრეპარატ გლუკოვანსის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ის დაგინიშნავთ სხვა პრეპარატებს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია ორსულობის დროს.
ლაქტაცია
არ მიიღოთ პრეპარატი გლუკოვანსი®, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი გლუკოვანსი® უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშაუალებებისა და მექანიზმების მართვა
არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი, საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
პრეპარატი გლუკოვანსი® შეიცავს ლაქტოზას
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი გლუკოვანსი® შეიცავს ნატრიუმს
მოცემული მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ ის არის პრეპარატი, რომელიც „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ.
თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ და უნდა გამოიყენონ სიფრთხილის ზომები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის გაზრდას.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული.
თუ შეამჩნევთ შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ნიშნებს, შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:
- ლაქტოაციდოზი (შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად - 10,000-დან 1-მდე ადამიანში). ლაქტოაციდოზის სიმპტომები დეტალურად არის აღწერილი მე-2 ნაწილში (ქვეთავი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“). ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობას საავადმყოფოში. თუ შეამჩნევთ ლაქტოაციდოზის სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
- სისხლში გლუკოზის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). ჰიპოგლიკემიის სიმპტომები დეტალურად არის აღწერილი მე-2 ნაწილში (ქვესექცია „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“).
- მძიმე ალერგიული რეაქცია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემით, გულისცემის აჩქარებით, სისუსტით, ოფლიანობით, სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით და გონების დაკარგვით - ანაფილაქსიური შოკი (შეიძლება ძალიან იშვიათად გამოვლინდეს - 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).
ასევე შეიძლება განვითარდეს სულფონამიდების და მათი წარმოებულების მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები). ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი რეაქციები
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ ეს გვერდითი რეაქციები მძიმეა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ძალიან ხშირი - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- მუცლის ტკივილი;
- მადის დაკარგვა.
ხშირი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
- გემოს დარღვევა (მეტალის გემო პირში).
არახშირი – შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- ღვიძლის პორფირიის და კანის პორფირიის შეტევები;
- სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლები).
იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულოპაპულური გამონაყარი (კანზე ლაქებისა და ამობურცულობების სახით გამონაყარი).
ძალიან იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), რომელიც მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას;
- ალკოჰოლის აუტანლობის რეაქცია (დისულფირამის მსგავსი რეაქცია), როდესაც ალკოჰოლი და პრეპარატი გლუკოვანსი® მიიღება ერთდროულად;
- სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია);
- ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი);
- ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების გაძლიერებული განადგურებით (ჰემოლიზური ანემია);
- ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა და მათი რაოდენობის მკვეთრი შემცირება (ძვლის ტვინის აპლაზია და პანციტოპენია);
- კანის ან შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების დაზიანება (კანის ან ვისცერული ალერგიული ვასკულიტი);
- კანის რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანზე სხვადასხვა გამონაყარით (პოლიმორფული ერითემა);
- კანის რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით და ფართო აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი);
- კანის მგრძნობელობის მომატება მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა).
პრეპარატ გლუკოვანსით® მკურნალობის დასაწყისში, სისხლში გლუკოზის დონის შემცირების გამო, შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ პრეპარატ გლუკოვანსის® გამოყენებისას შენიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა, ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
რუსეთის ფედერაცია
რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
მისამართი: 109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1
ტელ.: +7 (800) 550-99-03
ფაქსი: + 7 (495) 698-15-73
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: www.roszdravnadzor.gov.ru
სომხეთის რესპუბლიკა
სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
მისამართი: 0051, ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5
ტელ.: (+374 60) 83-00-73, (+374 10) 23-08-96, (+374 10) 23-16-82
ცხელი ხაზი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05
ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]
ვებ-გვერდი: www.pharm.am
ბელარუსის რესპუბლიკა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმოს ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი ჯანდაცვაში
მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი, 2ა
რესპუბლიკური კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ლაბორატორია
ფარმაკოზედამხედველობის განყოფილება: ტელ./ფაქსი: +375 (17) 242 00 29
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბც „ნურსაულეტი 2“)
ტელ.: +7 (7172) 78-98-28
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ndda.kz
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
- გლუკოვანსის® შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია „ვარგისიანობის ვადამდე:“-ს შემდეგ.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია პრეპარატში სულფონილშარდოვანას წარმოებულის არსებობის გამო (იხ. ნაწილი 4.4).
ხანგრძლივი დოზის გადაჭარბება ან მასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების არსებობა შეიძლება ლაქტოაციდოზის განვითარების პროვოცირებას ახდენდეს, რადგან პრეპარატი შეიცავს მეტფორმინს (იხ. ნაწილი 4.4).
მკურნალობა
გონების დაკარგვისა და ნევროლოგიური გამოვლინებების გარეშე ჰიპოგლიკემიის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების კორექცია შესაძლებელია შაქრის დაუყოვნებლივ მიღებით. აუცილებელია დოზის კორექტირება და/ან დიეტის შეცვლა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მძიმე ჰიპოგლიკემიური რეაქციების გამოვლენა, რომელსაც თან ახლავს კომა, კრუნჩხვები ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები, საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დექსტროზის ხსნარის ინტრავენური შეყვანა აუცილებელია ჰიპოგლიკემიის დიაგნოზის დასმისთანავე, ან ეჭვის შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე. გონების აღდგენის შემდეგ, აუცილებელია პაციენტს მიეცით ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (ჰიპოგლიკემიის რეციდივის თავიდან ასაცილებლად).
ლაქტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას; ლაქტოაციდოზის მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში. ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია ჰემოდიალიზი.
გლიბენკლამიდის პლაზმური კლირენსი შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. რადგან გლიბენკლამიდი აქტიურად უკავშირდება სისხლის ცილებს, პრეპარატი არ გამოიყოფა დიალიზით.
შემადგენლობა
პრეპარატი გლუკოვანსი® შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები: გლიბენკლამიდი + მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
გლუკოვანსი®, 2.5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ გლიბენკლამიდს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი OY-L-24808, მათ შორის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 15 cP, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი, საღებავი რკინის შავი ოქსიდი; გასუფთავებული წყალი.
გლუკოვანსი®, 5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ გლიბენკლამიდს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: Opadry 31-F-22700, მათ შორის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 15 cP, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, საღებავი ქინოლინის ყვითელი, საღებავი რკინის ოქსიდის ყვითელი, საღებავი რკინის ოქსიდის წითელი; გასუფთავებული წყალი.
გლუკოვანსის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
გლუკოვანსი®, 2.5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კაფსულის სახის, ორმხრივამოზნექილი, ღია ნარინჯისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "2,5".
გლუკოვანსი®, 5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კაფსულის სახის, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "5".
15 ტაბლეტი PVC/Al ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
20 ტაბლეტი PVC/Al ბლისტერში. 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე გაყალბებისგან დასაცავად მითითებულია "M" სიმბოლო.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ აფთიაქის თანამშრომელს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ (გაანადგუროთ) გამოუსადეგარი პრეპარატი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიური საშუალება (მეორე თაობის სულფონილშარდოვანას წარმოებული + ბიგუანიდი).
ATC კოდი: A10BD02
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრეპარატი გლუკოვანსი წარმოადგენს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის ორი პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალების ფიქსირებულ კომბინაციას: მეტფორმინი და გლიბენკლამიდი.
მეტფორმინი მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს და ამცირებს როგორც ბაზალური, ასევე პოსტპრანდიალური გლუკოზის შემცველობას სისხლის პლაზმაში. მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. მას აქვს მოქმედების 3 მექანიზმი.
ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავებას გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით;
ზრდის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, კუნთოვანი უჯრედების მიერ გლუკოზის მოხმარებასა და გამოყენებას;
აფერხებს გლუკოზის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პრეპარატი ასევე დადებითად მოქმედებს სისხლის ლიპიდურ შემადგენლობაზე, ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას.
გლიბენკლამიდი მიეკუთვნება მეორე თაობის სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფს. გლიბენკლამიდის მიღებისას გლუკოზის დონე მცირდება პანკრეასის β-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციის სტიმულირების შედეგად.
მეტფორმინს და გლიბენკლამიდს აქვთ მოქმედების განსხვავებული მექანიზმები, მაგრამ ავსებენ ერთმანეთის ჰიპოგლიკემიურ აქტივობას. ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას აქვს სინერგიული ეფექტი გლუკოზის დონის შემცირებაში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
გლიბენკლამიდი
შეწოვა
პერორალურად მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვა 95%-ზე მეტია. გლიბენკლამიდი, რომელიც პრეპარატ გლუკოვანსის ნაწილია, მიკრონიზებულია. პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 4 საათში.
განაწილება
განაწილების მოცულობა - დაახლოებით 10 ლ-ია. პლაზმის ცილებთან კავშირი 99%-ია.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში ორი არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით (40%) და ნაღველთან ერთად (60%). ნახევარგამოყოფის პერიოდი 4-დან 11 საათამდეა.
მეტფორმინი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ, ის საკმაოდ სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2.5 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 50-დან 60%-მდეა.
განაწილება
მეტფორმინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, პრაქტიკულად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
ის მეტაბოლიზდება ძალიან სუსტად და გამოიყოფა თირკმელებით. მეტფორმინის დაახლოებით 20-30% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 6,5 საათია.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, მეტფორმინის თირკმლის კლირენსი მცირდება, ასევე კრეატინინის კლირენსი, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც იწვევს მეტფორმინის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში.
მეტფორმინისა და გლიბენკლამიდის კომბინაციას ერთი დოზირების ფორმაში აქვს იგივე ბიოშეღწევადობა, როგორც მეტფორმინის ან გლიბენკლამიდის შემცველი ტაბლეტების ცალ-ცალკე მიღებისას. მეტფორმინის ბიოშეღწევადობაზე გლიბენკლამიდთან კომბინაციაში, არ მოქმედებს საკვების მიღება, ისევე როგორც გლიბენკლამიდის ბიოშეღწევადობა. თუმცა, გლიბენკლამიდის შეწოვის სიჩქარე იზრდება საკვების მიღებასთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის
გლუკოვანსი®, 2.5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
გლუკოვანსი®, 5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ინგრედიენტები: გლიბენკლამიდი + მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
- პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- ეს პრეპარატი სპეციალურად თქვენთვისაა დანიშნული. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა რაც თქვენი.
- თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რჩევა ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციას, მათ შორის იმ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართის შემადგენლობა
- რა არის პრეპარატი გლუკოვანსი® და რისთვის გამოიყენება ის.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებამდე.
- პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები.
- პრეპარატ გლუკოვანსის® შენახვა.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის პრეპარატი გლუკოვანსი® და რისთვის გამოიყენება ის
პრეპარატი გლუკოვანსი® წარმოადგენს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის ორი პერორალური შაქრის დამწევი (ჰიპოგლიკემიური) საშუალე ბის ფიქსირებულ კომბინაციას: მეტფორმინი (ჰიდროქლორიდის სახით) და გლიბენკლამიდი.
მეტფორმინი მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს და ამცირებს სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეს როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ. მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს სისხლში გლუკოზის მნიშვნელოვან შემცირებას (ჰიპოგლიკემია). მას აქვს მოქმედების 3 მექანიზმი:
- ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავებას გლუკოზის გამომუშავების შემცირებით (გლუკონეოგენეზის ინჰიბირება) და გლიკოგენის მარაგების დაშლით (გლიკოგენოლიზი);
- ზრდის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, კუნთოვანი უჯრედების მიერ გლუკოზის მოხმარებას და გამოყენებას;
- აფერხებს გლუკოზის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
მეტფორმინს ასევე აქვს სასარგებლო გავლენა სისხლის ლიპიდურ შემადგენლობაზე, ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) და ტრიგლიცერიდების დონეს.
გლიბენკლამიდი მიეკუთვნება მეორე თაობის სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფს. გლიბენკლამიდის მიღებისას გლუკოზის შემცველობა მცირდება პანკრეასის β-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციის სტიმულირების შედეგად. მეტფორმინს და გლიბენკლამიდს აქვთ მოქმედების განსხვავებული მექანიზმები, მაგრამ ავსებენ ერთმანეთის ჰიპოგლიკემიურ აქტივობას. ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას აქვს ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტი გლუკოზის დონის შემცირებაში.
ჩვენებები
პრეპარატი გლუკოვანსი® ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრული პაციენტებისთვის:
- თუ დიეტოთერაპია, ვარჯიში და მეტფორმინის ან სულფონილშარდოვანას წარმოებულებით წინა მონოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა;
- წინა ორი პრეპარატით (მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას წარმოებულის) თერაპიის ჩასანაცვლებლად, სტაბილური და კარგად კონტროლირებადი გლიკემიური დონის მქონე პაციენტებში.
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება, ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ გლუკოვანსის® მიღებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ გლუკოვანსი®, თუ:
- გაქვთ ალერგია მეტფორმინის, გლიბენკლამიდის, სხვა სულფონილშარდოვანას წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 ნაწილში;
- გაქვთ 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
- გაქვთ უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის გართულებები სისხლში გლუკოზისა და კეტონური სხეულების მაღალი კონცენტრაციით: დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა, კომა. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომლებსაც „კეტონური სხეულები“ ეწოდება. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა და კომა. კეტოაციდოზის სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა, პირიდან უჩვეულო ხილის სუნი;
- გაქვთ ან წარსულში გქონიათ ლაქტოაციდოზი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური მითითებები და უსაფრთხოების ზომები“);
- გაქვთ მწვავე ან ქრონიკული დაავადებების კლინიკურად გამოხატული გამოვლინებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტის (ქსოვილების ჰიპოქსიის) განვითარება, მათ შორის მწვავე გულის უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით ქრონიკული გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გაქვთ თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
- გაქვთ მწვავე მდგომარეობები, რომლებიც თირკმელების დისფუნქციის განვითარების რისკს მოიცავს: დეჰიდრატაცია მწვავე ან ქრონიკული დიარეის გამო, ღებინების განმეორებითი შეტევები, მძიმე ინფექციური დაავადებები, შოკი;
- გაქვთ ღვიძლის უკმარისობა;
- გაქვთ მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი (ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ყოველდღიურად ან დროდადრო);
- გაქვთ პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული ფერმენტების დეფიციტთან და ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან);
- ხართ ორსულად;
- კვებავთ ბავშვს ძუძუთი;
- ხართ 18 წლამდე ასაკის;
- იღებთ მიკონაზოლს;
- იღებთ ბოზენტანს;
- გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი;
- აპირებთ სერიოზული ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სერიოზული ტრავმა (როდესაც ნაჩვენებია ინსულინთერაპიის ჩატარება);
- დაგეგმილი გაქვთ რადიოიზოტოპური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანით. ამ შემთხვევაში, პრეპარატი გლუკოვანსი® არ უნდა მიიღოთ გამოკვლევამდე სულ მცირე 48 საათით ადრე და გამოკვლევიდან 48 საათის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და გლუკოვანსი®“.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, გლუკოვანსის® მიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
- თქვენ ხართ 60 წელზე მეტი ასაკის და ასრულებთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს;
- თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;
- გაქვთ თირკმელების საშუალო სიმძიმის უკმარისობა;
- გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი ეწოდება.
ლაქტოაციდოზი
გლუკოვანსმა® შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ლაქტოაციდოზი ეწოდება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ლაქტოაციდოზის მიმართ.
ლაქტოაციდოზის რისკი ასევე იზრდება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
- სისხლსა და შარდში კეტონური სხეულების მომატებული დონე (კეტოზი);
- ხანგრძლივი შიმშილი;
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
- დეჰიდრატაცია (იხილეთ ინფორმაცია ქვემოთ);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- მძიმე ინფექციური დაავადებები;
- ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი არ მარაგდება საკმარისი ჟანგბადით (მაგალითად, გულის მწვავე მძიმე დაავადება, გულის უკმარისობა);
- პრეპარატ გლუკოვანსის® გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, შარდმდენები და არტერიული წნევის დამწევი გარკვეული პრეპარატები).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს და დაიცავით მისი რეკომენდაციები.
დროებით შეწყვიტეთ გლუკოვანსის® მიღება, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (სხეულის სითხეების მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, გადახურება ან თუ ჩვეულებრივზე ნაკლებ სითხეს სვამთ. მედიკამენტის მიღების შესახებ დამატებითი ინსტრუქციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გინვითარდებათ ლაქტოაციდოზის ნიშნები, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- კუნთების სპაზმები;
- ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსიური დარღვევები);
- მუცლის ტკივილი;
- ძლიერი სისუსტე;
- სუნთქვის გაძნელება;
- სხეულის ტემპერატურის და გულისცემის შემცირება.
ლაქტოაციდოზი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში.
ჰიპოგლიკემია
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპოგლიკემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმაზე დაბალია) პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დროს.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ:
- ცუდად იკვებებით, გამოტოვებთ კვებას, შიმშილობთ ან ცვლით კვების რეჟიმს;
- თქვენი დიეტა არ შეიცავს საკმარის ნახშირწყლებს, ან მათი შემცველობა თქვენს რაციონში არაბალანსირებულია;
- იღებთ ალკოჰოლს;
- თქვენი ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივზე მეტია, ან არის დისბალანსი ფიზიკურ აქტივობასა და ნახშირწყლების მიღებას შორის;
- გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
- გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია;
- გაქვთ ენდოკრინული სისტემის დარღვევები: ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა;
- პრეპარატ გლუკოვანსის® დოზა ძალიან მაღალია;
- თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის პაციენტი;
- გიჭირთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვა პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების შესახებ;
- ერთდროულად იღებთ გარკვეული სახის მედიკამენტებს და პრეპარატ გლუკოვანსს® (მაგალითად, დიაბეტის სხვა მედიკამენტებს, მაღალი არტერიული წნევის ზოგიერთ მედიკამენტს, სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს).
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ხშირად მოულოდნელად ჩნდება, მაგრამ შეიძლება თანდათან განვითარდეს. ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: ოფლიანობა, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, შფოთვა, გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება, შიში, აგრესიული ქცევა, კანკალი, მხედველობის დროებითი დარღვევა, დაღლილობა, ძილიანობა, დეპრესია, კონცენტრაციისა და რეაქციის გაძნელება და მეტყველების დარღვევები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დაბნეულობა და თვითკონტროლის დაკარგვა, მოძრაობის უუნარობა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გლიბენკლამიდის მოქმედების მიმართ, რომელიც პრეპარატ გლუკოვანსის® ნაწილია და შესაბამისად, ჰიპოგლიკემიის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ხანდაზმულებში ჰიპოგლიკემიის ამოცნობა ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად, ექიმი დიდი სიფრთხილით შეარჩევს პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას.
თუ შეამჩნევთ ჰიპოგლიკემიის ნიშნებს:
- დაუყოვნებლივ მიიღეთ შაქარი ან გლუკოზის ტაბლეტები ან მიირთვით მაღალი შაქრის შემცველი საკვები (ტკბილეული, თაფლი, ტკბილი ხილის წვენი);
- დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუკავშირდით ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის განმეორებითი შეტევები, რომლებიც ან მძიმეა, ან ძნელად ამოსაცნობი.
თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების და/ან ღვიძლის დაავადება. პრეპარატის დანიშვნამდე ექიმი დანიშნავს ლაბორატორიულ ტესტებს თქვენი თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად და გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და რა დოზით.
თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი
პრეპარატ გლუკოვანსის® დანიშვნამდე და თერაპიის დროს, ექიმი დანიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს თქვენი თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად - ყოველწლიურად ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი ან გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.
გულის უკმარისობა
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ქრონიკული გულის უკმარისობა (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის სისხლსა და ჟანგბადს; სიმპტომებია ქოშინი, დაღლილობა, ფეხებში შეშუპება). ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება.
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებისას, რეგულარულად ჩაგიტარდებათ შემოწმებები გულისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის მიზნით.
ქირურგიული ოპერაციები
თუ აპირებთ ქირურგიულ ოპერაციას ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება შეგიძლიათ განაახლოთ ოპერაციიდან ან საკვების მიღების განახლებიდან არა უადრეს 48 საათისა, იმ პირობით, რომ თქვენი თირკმლის ფუნქცია შემოწმებულია და სტაბილურია.
აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისვის მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და როდის შეგიძლიათ მისი განახლება. თქვენ ზუსტად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები.
სხვა სიფრთხილის ზომები
- თქვენთვის რეკომენდებულია ექიმის მიერ დანიშნული დიეტის დაცვა და რეგულარული ვარჯიში;
- თქვენთვის რეკომენდებულია რეგულარულად მიმართოთ ექიმს ლაბორატორიული ანალიზების ჩასატარებლად დიაბეტისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგისთვის;
- რეკომენდებულია ყოველწლიური ლაბორატორიული ანალიზების ჩაბარება სისხლში B12 ვიტამინის დონის მონიტორინგისთვის;
- თუ დაგიდგინდათ მემკვიდრეობითი დაავადების - გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დიაგნოზი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ამ შემთხვევაში, პრეპარატ გლუკოვანსის® მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემიის (დაავადება, რომლის დროსაც ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები) განვითარება. ექიმი განიხილავს დიაბეტის სამკურნალოდ სხვა პრეპარატების დანიშვნას.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი გლუკოვანსი® უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და გლუკოვანსი®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დროს, არ უნდა მიიღოთ შემდეგი მედიკამენტები (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“):
- მიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- ბოზენტანი (გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);
- იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერება (გამოიყენება რადიოიზოტოპურ ან რენტგენოლოგიურ კვლევებში). თუ გჭირდებათ კვლევა, რომელიც მოითხოვს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანას, დროებით უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება. ექიმი განსაზღვრავს, როდის უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და როდის შეგიძლიათ მისი განახლება.
აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო პრეპარატებს.
შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო ხშირი ლაბორატორიული ანალიზები, სისხლში გლუკოზის დონისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგისთვის. მკურნალ ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატ გლუკოვანსის® დოზის კორექტირება:
- შარდმდენი პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაზე მუშაობენ (მაგ., ფუროსემიდი);
- ანთების და ტკივილის შესამსუბუქებლად გამოყენებული პრეპარატები (სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა II ინჰიბიტორები, ფენილბუტაზონი), ასევე ჰორმონალური პრეპარატები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით - გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგ., პრედნიზოლონი);
- მაღალი არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატები (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები);
- ბეტა-ადრენობლოკატორები (გამოიყენება გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად, კაპტოპრილი, ენალაპრილი);
- სიმპათომიმეტიკები (გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (მაგ., სალბუტამოლი), ასევე მეანობაში - საინექციო ბეტა2-ადრენომიმეტიკები);
- დანაზოლი (ანტიგონადოტროპული საშუალება, გამოიყენება ენდომეტრიოზის სამკურნალოდ);
- ქლორპრომაზინი (ანტიფსიქოზური საშუალება, გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, აკარბოზა, გლუკაგონი);
- ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- დესმოპრესინი (შარდის გამოყოფის შემამცირებელი პრეპარატი);
- კოლეზეველამი (ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტი, გამოიყენება სისხლში მაღალი ქოლესტერინის შესამცირებლად);
- ეთილის სპირტის შემცველი მედიკამენტები;
- სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა, განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი, დაკლატასვირი, ვანდეტანიბი), ან გამოიწვიონ სისხლში მეტფორმინის კონცენტრაციის მომატება (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ვანკომიცინი);
- სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ადეკვატური კონტროლის თავიდან აცილება (მაგალითად, ფენოთიაზიდები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, იზონიაზიდი, კალციუმის არხის ბლოკატორები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენები), პერორალური კონტრაცეპტივები).
პრეპარატი გლუკოვანსი® ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების დროს მოერიდეთ ალკოჰოლს და ეთილის სპირტის (ეთანოლის) შემცველ მედიკამენტებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი ან ჰიპოგლიკემია, ან გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქცია (ანუ ალკოჰოლის აუტანლობის რეაქცია, რომელიც ვლინდება გულისრევის, ღებინების, მუცლის ტკივილის, ალების, პალპიტაციის, თავბრუსხვევის სახით).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
არ მიიღოთ პრეპარატი გლუკოვანსი®, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. პრეპარატ გლუკოვანსის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ის დაგინიშნავთ სხვა პრეპარატებს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია ორსულობის დროს.
ლაქტაცია
არ მიიღოთ პრეპარატი გლუკოვანსი®, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი გლუკოვანსი® უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშაუალებებისა და მექანიზმების მართვა
არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი, საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
პრეპარატი გლუკოვანსი® შეიცავს ლაქტოზას
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი გლუკოვანსი® შეიცავს ნატრიუმს
მოცემული მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ ის არის პრეპარატი, რომელიც „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ.
თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
პრეპარატ გლუკოვანსის® დოზას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს თქვენთვის, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მიხედვით (ტესტის შედეგების საფუძველზე).
თქვენი მდგომარეობის, მკურნალობის ეფექტურობისა და ტოლერანტობის მიხედვით, ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატ გლუკოვანსის® დოზა შაქრიანი დიაბეტის ეფექტური კონტროლის მისაღწევად.
საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის პრეპარატ გლუკოვანსის® 2.5 მგ + 500 მგ ან გლუკოვანსის® 5 მგ + 500 მგ 1 ტაბლეტი, დღეში ერთხელ. თუ ადრე იღებდით მეტფორმინს ან გლიბენკლამიდს, პრეპარატ გლუკოვანსზე® გადასვლისას საწყისი დოზა ექვივალენტური იქნება მეტფორმინისა და გლიბენკლამიდის დოზებისა, რომლებსაც ადრე იღებდით.
პრეპარატ გლუკოვანსის® მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი 5 მგ + 500 მგ ან 6 ტაბლეტი გლუკოვანსი® 2.5 მგ + 500 მგ.
თუ დასუსტებული ხართ და არ გაქვთ დაბალანსებული კვება, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ექიმი არ გაზრდის პრეპარატ გლუკოვანსის® დოზას მაქსიმუმამდე, რათა არ გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოგლიკემია).
პრეპარატ გლუკოვანსის® დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად ექიმის მიერ:
- 5 მგ + 500 მგ და 5 მგ + 500 მგ დოზებისთვის
- დღეში ერთხელ, დილით საუზმის დროს, დღეში 1 ტაბლეტის გამოყენებისას.
- დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, დღეში 2 ტაბლეტის გამოყენებისას.
- 5 მგ + 500 მგ დოზირებისთვის
- დღეში 3-ჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, დღეში 3 ან 6 ტაბლეტის გამოყენებისას.
5 მგ + 500 მგ დოზირებისთვის
- დღეში 3-ჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, დღეში 3 ტაბლეტის გამოყენებისას.
ხანდაზმული პაციენტები
თუ თქვენ 65 წლის ან მეტი ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატ გლუკოვანსის® უფრო დაბალი დოზა. თუ საჭიროა დოზის გაზრდა, ექიმი ამას სიფრთხილით გააკეთებს, თქვენი სისხლში გლუკოზის დონისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატ გლუკოვანსის® უფრო დაბალი დოზა. ექიმი ასევე გირჩევთ რეგულარულ ლაბორატორიულ ანალიზებს პრეპარატ გლუკოვანსით® მკურნალობის დროს თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად.
მიღების წესი და/ან გზა
პერორალურად.
ტაბლეტები მიიღეთ საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.
თითოეულ დოზას უნდა მოჰყვეს საკვები, რომელიც საკმარისად მაღალია ნახშირწყლების შემცველობით, ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად.
თუ იღებთ კოლესეველამის შემცველ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს პრეპარატ გლუკოვანსის® მიღების შესახებ. პრეპარატი გლუკოვანსი® უნდა მიიღოთ კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოვანსის® საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოვანსის® საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია ან ლაქტოაციდოზი (სიმპტომებისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი - ქვეთავი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“). დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი მედიკამენტი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული.
თუ შეამჩნევთ შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ნიშნებს, შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:
- ლაქტოაციდოზი (შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად - 10,000-დან 1-მდე ადამიანში). ლაქტოაციდოზის სიმპტომები დეტალურად არის აღწერილი მე-2 ნაწილში (ქვეთავი „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“). ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობას საავადმყოფოში. თუ შეამჩნევთ ლაქტოაციდოზის სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
- სისხლში გლუკოზის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). ჰიპოგლიკემიის სიმპტომები დეტალურად არის აღწერილი მე-2 ნაწილში (ქვესექცია „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“).
- მძიმე ალერგიული რეაქცია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემით, გულისცემის აჩქარებით, სისუსტით, ოფლიანობით, სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით და გონების დაკარგვით - ანაფილაქსიური შოკი (შეიძლება ძალიან იშვიათად გამოვლინდეს - 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).
ასევე შეიძლება განვითარდეს სულფონამიდების და მათი წარმოებულების მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები). ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოვანსის® მიღება და მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი რეაქციები
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ ეს გვერდითი რეაქციები მძიმეა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ძალიან ხშირი - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- მუცლის ტკივილი;
- მადის დაკარგვა.
ხშირი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
- გემოს დარღვევა (მეტალის გემო პირში).
არახშირი – შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- ღვიძლის პორფირიის და კანის პორფირიის შეტევები;
- სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლები).
იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულოპაპულური გამონაყარი (კანზე ლაქებისა და ამობურცულობების სახით გამონაყარი).
ძალიან იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), რომელიც მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას;
- ალკოჰოლის აუტანლობის რეაქცია (დისულფირამის მსგავსი რეაქცია), როდესაც ალკოჰოლი და პრეპარატი გლუკოვანსი® მიიღება ერთდროულად;
- სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია);
- ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი);
- ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების გაძლიერებული განადგურებით (ჰემოლიზური ანემია);
- ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა და მათი რაოდენობის მკვეთრი შემცირება (ძვლის ტვინის აპლაზია და პანციტოპენია);
- კანის ან შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების დაზიანება (კანის ან ვისცერული ალერგიული ვასკულიტი);
- კანის რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანზე სხვადასხვა გამონაყარით (პოლიმორფული ერითემა);
- კანის რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით და ფართო აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი);
- კანის მგრძნობელობის მომატება მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა).
პრეპარატ გლუკოვანსით® მკურნალობის დასაწყისში, სისხლში გლუკოზის დონის შემცირების გამო, შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ პრეპარატ გლუკოვანსის® გამოყენებისას შენიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა, ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
რუსეთის ფედერაცია
რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
მისამართი: 109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1
ტელ.: +7 (800) 550-99-03
ფაქსი: + 7 (495) 698-15-73
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: www.roszdravnadzor.gov.ru
სომხეთის რესპუბლიკა
სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
მისამართი: 0051, ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5
ტელ.: (+374 60) 83-00-73, (+374 10) 23-08-96, (+374 10) 23-16-82
ცხელი ხაზი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05
ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]
ვებ-გვერდი: www.pharm.am
ბელარუსის რესპუბლიკა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმოს ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი ჯანდაცვაში
მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი, 2ა
რესპუბლიკური კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ლაბორატორია
ფარმაკოზედამხედველობის განყოფილება: ტელ./ფაქსი: +375 (17) 242 00 29
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბც „ნურსაულეტი 2“)
ტელ.: +7 (7172) 78-98-28
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ndda.kz
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
- გლუკოვანსის® შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია „ვარგისიანობის ვადამდე:“-ს შემდეგ.
ვარგისიანობის ვადაა მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ აფთიაქის თანამშრომელს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ (გაანადგუროთ) გამოუსადეგარი პრეპარატი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი გლუკოვანსი® შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები: გლიბენკლამიდი + მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
გლუკოვანსი®, 2.5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ გლიბენკლამიდს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი OY-L-24808, მათ შორის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 15 cP, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი, საღებავი რკინის შავი ოქსიდი; გასუფთავებული წყალი.
გლუკოვანსი®, 5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ გლიბენკლამიდს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: Opadry 31-F-22700, მათ შორის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 15 cP, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, საღებავი ქინოლინის ყვითელი, საღებავი რკინის ოქსიდის ყვითელი, საღებავი რკინის ოქსიდის წითელი; გასუფთავებული წყალი.
გლუკოვანსის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
გლუკოვანსი®, 2.5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კაფსულის სახის, ორმხრივამოზნექილი, ღია ნარინჯისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "2,5".
გლუკოვანსი®, 5 მგ + 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კაფსულის სახის, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "5".
15 ტაბლეტი PVC/Al ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
20 ტაბლეტი PVC/Al ბლისტერში. 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე გაყალბებისგან დასაცავად მითითებულია "M" სიმბოლო.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
რუსეთის ფედერაცია
შპს "მერკი"
115054, მოსკოვი, ვალოვაიას ქ., 35
მწარმოებელი
საფრანგეთი
Merck Santé s.a.s. (მერკ სანტე ს.ა.ს)
სენტრ დე პროდუქსონ სემუა, 1 რიუ დიუ პრესსუარ ვერ, 45400 სემუა
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია
შპს „მერკ“-ი
115054, ქ. მოსკოვი, ვალოვაიას ქ., სახლი 35
ტელ.: +7 495 937 33 04
ფაქსი: +7 495 937 33 05
ელ. ფოსტა: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკა
«Аcino Pharma AG»-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში
0014, ქ. ერევანი, ადონცის ქ. 6/1, 54
ტელ.: + 374 60 67 01 70
ელ. ფოსტა: [email protected]
ბელორუსის რესპუბლიკა
სააქციო საზოგადოება «Аcino Pharma AG»-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
220062, ქ. მინსკი, პობედიტელის გამზ., 106-34
ტელ.: + 375 (17) 319-91-41, + 375 (29) 700-65-90
ფაქსი + 375 (17) 319-91-40
ელ. ფოსტა: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
შპს „აცინო კაზ“
050047, ქ. ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 223, ნ.პ. 243
ტელ.: +7 727 364 56 61
ელფოსტა: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


