აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
თავი XI კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება
მუხლი 81. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები
უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 82. უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში უმაღლესი საბჭოს რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუკი მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, უმაღლესი საბჭოს წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება. ადგილმონაცვლეობის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ. 2. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი ადგილმონაცვლეა. 3. უსკო ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ. 4. შესაბამისმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს უსკოს მიერ ბოლო არჩევნებისთვის განსაზღვრულ დაწესებულებაში. 5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უსკოს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლეს. განკარგულება სათანადო საბუთებთან ერთად ეგზავნება უმაღლეს საბჭოს. 6. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით არ ცნობს მის ადგილმონაცვლეობას, ასეთ შემთხვევაში ეს უფლება გადადის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატზე.
მუხლი 83. არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების რეგისტრაცია
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უსკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ.
თავი XII საარჩევნო დავის განხილვა
მუხლი 84. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 3. უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონით.
მუხლი 85. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი
1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს თავის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. 2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება: ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია. 3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 4. თუ განცხადებაში/საჩივარში დაფიქსირებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში აღინიშნება „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.
მუხლი 86. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 85-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. 2. განცხადება/საჩივარი ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 85-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 4 დღის ვადაში.
მუხლი 87. ხმების დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების / საჩივრის განხილვა
1. ამ კანონის 86-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის მიერ განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. 2. თუ დარღვეულია ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს, რის შესახებაც კომისიის მდივანი კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს სათანადო ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. 3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი. 4. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება ხარვეზის გამოსწორების ზუსტი დრო და თარიღი. ჩანაწერს ხელს აწერენ ხარვეზის აღმომფხვრელი პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. 5. ამ კანონის 85-ე და 86-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 88. გასაჩივრების ვადა და წესი
1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უსკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება. 3. საოლქო საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უსკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. უსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 4. უსკოს/უსკოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 5. საარჩევნო პერიოდში უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც შესაბამის საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შესაბამის სარჩელს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 6. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 7. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი. 8. ამ კანონის 89-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე იმავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი სარჩელი/განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება. 9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელი/განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 10. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელის/განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას. 11. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით ეცნობოს მხარეს. 12. საოლქო საარჩევნო კომისიაში, უსკოში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანის წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო. 13. მხარე ვალდებულია საჩივარში გარკვევით მიუთითოს საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილური ტელეფონის) ნომერი. ასევე უნდა მიეთითოს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში). 14. საჩივრის განხილვისთვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით მხარე შეიძლება დაბარებულ იქნეს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება: ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით; ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვა). 15. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. 16. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 17. თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას. 18. თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს. 19. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს. 20. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს საარჩევნო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. უსკოში აქტს ადგენს უსკოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და დეპარტამენტის უფროსი. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და კომისიის თავმჯდომარე. აქტის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით. 21. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. 22. მხარის გამოუცხადებლობა არ არის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველი. 23. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები. 24. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას საარჩევნო კომისიაში მხარის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი, გარდა პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირისა. 25. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. 26. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება. 27. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით. 28. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვისას, საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეგზავნება. 29. საჩივრის განხილვის დროს მხარის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადის ათვლის საფუძველი. 30. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/უსკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს. 31. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. 32. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან უსკოს. ამასთანავე, შესაბამისი სასამართლო უსკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. ამ განჩინებას უსკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განჩინება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე ჩაითვლება მესამე პირებისთვის ჩაბარებულად, ხოლო ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულებად ჩაითვლებიან.
მუხლი 89. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელით − მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე − ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო. 2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ. 3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს უსკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უსკოს წევრს. 4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს. 5. უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. 7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. 8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება. 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს. 10. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, ან მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მათი რეგისტრაცია; ბ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. 11. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ან/და უსკოს თავმჯდომარემ გააუქმა მათი რეგისტრაცია; ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა. 12. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა . 13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა. 14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 15. ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი პარტიის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება . შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება. 16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 56-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს. 17. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 18. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს. 19. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 20. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. 21. უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
თავი XIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 90. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე უსკოს მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს. 2. უსკომ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტის ამ კანონთან შესაბამისობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 91. დასკვნითი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 21 ივნისის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015). 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე ბათუმი, 30 აპრილი 2026 წ. N63-IIს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | ზურაბ პატარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | ზურაბ პატარაძე
დანართი
ამ კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის განსაზღვრული მუნიციპალიტეტები
მუნიციპალიტეტის დასახელება მუნიციპალიტეტის საზღვრები ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ქედა ქედის მუნიციპალიტეტი შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტი ხულო ხულოს მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის დასახელება | მუნიციპალიტეტის საზღვრები
ბათუმი | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ქობულეთი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაური | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქედა | ქედის მუნიციპალიტეტი
შუახევი | შუახევის მუნიციპალიტეტი
ხულო | ხულოს მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის დასახელება | მუნიციპალიტეტის საზღვრები
ბათუმი | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ქობულეთი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაური | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქედა | ქედის მუნიციპალიტეტი
შუახევი | შუახევის მუნიციპალიტეტი
ხულო | ხულოს მუნიციპალიტეტი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.