საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
კარი I. საქართველოს პარლამენტი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა; ბ) მრავალპარტიულობა; გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; დ) საკითხების თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა; ე) საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა; ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა; ზ) საჯაროობა; თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა. 3. პარლამენტის სამუშაო ენა არის ქართული. 4. პარლამენტის რეგლამენტი (შემდგომ − რეგლამენტი) არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მუშაობის წესს. მუხლი 2. პარლამენტის სასახლე 1. პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის იურიდიული მისამართია: პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი, 8. პარლამენტის იურიდიული მისამართის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასაშვებია ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება შეუძლებელია. 3. პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები 1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, პარლამენტის საპატიო მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი. 2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 3. პარლამენტის საპატიო მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 4. პარლამენტის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 5. პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლით ან პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოებისა და ფულადი ჯილდოს გადაცემის წესს, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის საპატიო მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 4. ვადების ათვლის წესი 1. ვადები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს. 2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა. 3. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 4. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ამ რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე. თავი II. ახალარჩეული პარლამენტი მუხლი 5. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება 1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველი სხდომის ჩასატარებლად იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს, როგორც წესი, 12 საათზე. 2. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ. 3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. მის მიერ სხდომის გაძღოლაზე უარის განცხადების შემთხვევაში სხდომას გახსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება სხდომაზე დამსწრე მისი შემდგომი უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. მუხლი 6. პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. პარლამენტის წევრის ფიცი 1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა: ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს კენჭისყრას და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე; ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. 2. პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე. 3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორისა და შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტებისა და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ). 4. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. 5. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტი აღნიშნულ დასკვნას განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 6. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. 7. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, ახალარჩეული პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 8. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 9. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს მისი უფლებამოსილების ცნობისთანავე. 10. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე. 11. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ახალარჩეული პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო. 12. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და მათ ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს გადასცემს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით. მუხლი 7. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა 1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს. 2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ბიულეტენებით. 3. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. კარი II. საპარლამენტო სუბიექტები თავი III. პარლამენტის წევრი მუხლი 8. პარლამენტის წევრის მანდატი 1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის განაწესებითა და დავალებებით. 2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. 3. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისგან. 4. პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი. მათ ნიმუშებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 9. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა 1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 3. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. ეს კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. 4. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია მისი უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება. 5. თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელსაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 6. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მას პარლამენტის იმავე დადგენილებით ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება. 7. პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ საქართველოს მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 8. თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. 9. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. 10. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 11. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა, ან თუ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსდა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 12. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 1 აპრილის რეგლამენტი №1480 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. მუხლი 10. პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება 1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. 2. პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. პარლამენტის წევრი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილსა და სხვა ქონებას. 3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებები. 4. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილებას. 5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პოლიტიკურ პარტიაში. 6. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა. 7. საომარი მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, თავი აარიდოს საპარლამენტო საქმიანობას საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მოტივით. მუხლი 11. პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები 1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას: ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; გ) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. პარლამენტის წევრი ვალდებულია: ა) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, ბიუროს, კომიტეტის, ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი; გ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; დ) პირადი ინტერესებისთვის არ გა
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.