ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
ტექსტი
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონით დგინდება საკრედიტო რისკების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის (შემდგომ − სეკიურიტიზაცია) ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები, სეკიურიტიზაციის ცნება და სეკიურიტიზაციის მხარეთა მიმართ მოთხოვნები. 2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − საქართველოში დაფუძნებულ ინიციატორზე) და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 3. ამ კანონის 21-ე, 23-ე და 24-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება იმავე ნორმებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) დაფუძნების ადგილის მიუხედავად. 4. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული არ არის. [ 4 ¹. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და მის მიერ ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 5. არავის არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში გამოიყენოს ტერმინი „სეკიურიტიზაცია“ ან ამ ტერმინის უცხოური შესატყვისი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1459 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის ამავე კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სეკიურიტიზაცია − გარიგება (გარიგებათა ერთობლიობა), რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი სქემით ან მათი კომბინაციით: ა.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; ა.ბ) ხორციელდება საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის ტრანშირება (მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა სქემაში სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული) ისე, რომ სქემის ფარგლებში გადახდები დამოკიდებულია საბაზისო აქტივების ღირებულებაზე ან/და შემოსავლიანობაზე და ტრანშების სუბორდინაცია განსაზღვრავს სქემაში ზარალის განაწილებას; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; გ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირისთვის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეთავაზება; დ) კერძო შეთავაზება − სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ისეთი შეთავაზება, რომელიც არ არის საჯარო შეთავაზება; ე) საქართველოში დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულად მიიჩნევა აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდი, რომელსაც მართავს აქტივების მმართველი კომპანია; ვ) საქართველოში დაფუძნებული ინიციატორი − ინიციატორი, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია; ზ) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია; თ) მართვის ადგილი − იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი; ი) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მმართველი ორგანო; კ) რესეკიურიტიზაცია − სეკიურიტიზაცია, რომლის საბაზისო აქტივებიდან ერთი მაინც არის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი; ლ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი; მ) ინიციატორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: მ.ა) თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით მონაწილეობდა თავდაპირველ შეთანხმებაში; მ.ბ) საკუთარი სახსრებით ყიდულობს მესამე პირის მოთხოვნებს და ახორციელებს მათ სეკიურიტიზაციას; ნ) თავდაპირველი შეთანხმება − შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც არსებული/პოტენციური მოვალის მიმართ წარმოიშობა არსებული/პოტენციური მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება; ო) თავდაპირველი კრედიტორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი იურიდიული პირის ან ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით დადო თავდაპირველი შეთანხმება; პ) ინვესტორი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის მეშვეობით; ჟ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი − ინსტრუმენტი (მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეული (პაი), სეკიურიტიზაციის კომპანიის წილი, სასესხო ვალდებულება), რომელსაც უშვებს ან/და იყენებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან ინიციატორი და რომლის მეშვეობითაც ინვესტორს უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი ხელშეკრულებაა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებაზე აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე მითითებად ჩაითვლება; რ) ინსტიტუციური ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი პირი: რ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; რ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული მიკრობანკი; რ.გ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; რ.დ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია; რ.ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან რეგისტრირებული/ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი; რ.ვ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია; რ.ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; რ.თ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; ს) სადამფუძნებლო დოკუმენტი − სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება ან სეკიურიტიზაციის ფონდის წესები; ტ) საბაზისო აქტივი − მოთხოვნა (მათ შორის, სამომავლო მოთხოვნა), რომელთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის სეკიურიტიზაციაც ხორციელდება; უ) კონტროლი − მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის მსგავსი ურთიერთობა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ მიიჩნევა; ფ) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის კავშირი: ფ.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით ფლობას; ფ.ბ) კონტროლის მეშვეობით; ფ.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით; ქ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად; ღ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ყ) რეჟიმი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი; შ) ტრანში − საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული, ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული საკრედიტო რისკის სეგმენტი, რომელში არსებული პოზიციაც შეიცავს უფრო მეტი ან ნაკლები საკრედიტო დანაკარგის რისკს სხვა სეგმენტში არსებულ იმავე სიდიდის პოზიციასთან შედარებით, პოზიციის მფლობელისთვის მესამე პირის მიერ პირდაპირ მინიჭებული საკრედიტო დაცვის გაუთვალისწინებლად; ჩ) გადახდისუუნარობა − მდგომარეობა, როდესაც: ჩ.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივები (ვადიანობის მიუხედავად) ვეღარ ფარავს მისი მთლიანი ვალდებულებების (მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების) ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება აქტივებთან შედარებით ვალდებულებების მეტობა; ჩ.ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან სეკიურიტიზაციის განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა; ც) პირი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ფონდი), რომელიც არ არის იურიდიული პირი; ძ) მარეგისტრირებელი ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული მუხლი 3. ზოგადი დებულებები 1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული შეიძლება დაფუძნდეს სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის ფორმით. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად. 3. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებისა და ვალდებულებების ერთმანეთისგან განცალკევებულ ნაწილებს. რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შემთხვევაში: ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებიდან შეიძლება დაკმაყოფილდეს (მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ) მხოლოდ ამ განყოფილებასთან დაკავშირებული ინვესტორთა და კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნული განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა; ბ) აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთზე მეტ განყოფილებას უკავშირდება, უნდა გაიმიჯნოს და, შესაბამისად, ამ განყოფილებებს ცალ-ცალკე უნდა მიეკუთვნოს; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანისას, თუ გადასაწყვეტი საკითხი ეხება ექსკლუზიურად რომელიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებს/ვალდებულებებს, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ამ განყოფილების წილის/პაის მფლობელს (სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), აგრეთვე დამატებით − აღნიშნული განყოფილების კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს. 4. თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები ფასიანი ქაღალდებია, მათი შეთავაზება შეიძლება განხორციელდეს როგორც კერძო შეთავაზების, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზება დაუშვებელია. 5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება სხვა საქმიანობა, გარდა სეკიურიტიზაციის განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საქმიანობისა (მათ შორის, საბაზისო აქტივების შეძენა ან/და მათთან დაკავშირებული რისკების სხვაგვარად აღება, საბაზისო აქტივების მართვა და ადმინისტრირება, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვება) და დამხმარე საქმიანობისა (მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ადმინისტრირების ან მხარდაჭერის მიზნით მომსახურების შეძენა). მუხლი 4. სეკიურიტიზაციის კომპანია 1. სეკიურიტიზაციის კომპანია იქმნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ფორმით. 2. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა განსაზღვრავდეს ამ კომპანიის მიზანს და შეიცავდეს სეკიურიტიზაციის აღწერას (მათ შორის, რისკის აღებასა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს), აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − სეკიურიტიზაციის კომპანიისთვის გადაცემული საბაზისო აქტივების ადმინისტრირების წესებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის თანახმად, სადამფუძნებლო დოკუმენტში გარკვეული სახის ან სხვა ნებისმიერი ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება მიღებულია ხმათა შესაბამისი უმრავლესობით ან/და თუ ამ ცვლილებას დამატებით ეთანხმება რომელიმე კრედიტორი ან კრედიტორთა ჯგუფი. 4. სეკიურიტიზაციის კომპანიას უფლება აქვს, დანიშნოს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველ კომპანიას ენიჭება სეკიურიტიზაციის კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 5. სეკიურიტიზაციის კომპანიის რეორგანიზაცია აკრძალულია. მუხლი 5. სეკიურიტიზაციის ფონდი 1. სეკიურიტიზაციის ფონდი იქმნება სახელშეკრულებო სქემის სახით, რომელსაც მართავს და წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანია. 2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდზე. 3. სეკიურიტიზაციის ფონდი ფუძნდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სეკიურიტიზაციის ფონდის წესების დამტკიცების საფუძველზე. სეკიურიტიზაციის ფონდის წესები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელწოდებას, მიზანსა და ხანგრძლივობას (შეზღუდული ან შეუზღუდავი); ბ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის ადმინისტრირებისა და მართვის წესებს; დ) შესაბამის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებების დაფუძნების შესაძლებლობას; ე) გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხდება ან შეიძლება მოხდეს სეკიურიტიზაციის ფონდის ან მისი განყოფილების ლიკვიდაცია; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის უფლებებისა და მოვალეობების აღწერას, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − ინვესტორთა უფლებებისა და მოვალეობების აღწერას; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას; თ) რისკების მიღებისა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვების წესებს; ი) სეკიურიტიზაციის ფონდის წესებში ცვლილების შეტანის პირობებსა და პროცედურას. 4. იგულისხმება, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეძენით ინვესტორი ავტომატურად ეთანხმება სეკიურიტიზაციის ფონდის წესებს. 5. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) ფლობა დასტურდება სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ეს ერთეული (პაი), ამ რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად, ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულების რეესტრის წარმოებისა და ფლობის მარეგულირებელ დამატებით წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომ − ეროვნული ბანკი). მუხლი 6. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია 1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი ინვესტორების სასარგებლოდ. აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის კუთვნილი აქტივები საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. 2. აქტივების მმართველი კომპანიისთვის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ამ კანონის შესაბამისად, იმ პირობით, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში იგი სხვა აქტივების მმართველი კომპანიით ჩანაცვლდება; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან მის ინვესტორებს. თავი III. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინება. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია მუხლი 7. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება 1. სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ავტორიზებული არ არის და არც სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ საქმიანობის დაწყებამდე ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შეტყობინება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 2. თუ სეკიურიტიზაციას ახორციელებს ინიციატორი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშე, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. ინიციატორს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება. მას არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებასა და განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის შინაარსს ეროვნული ბანკი იკვლევს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტსა და ამ კანონის მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. 4. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, მან ავტორიზაცია უნდა მოიპოვოს. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვები ზღვრის გადაჭარბება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ბრალით არ არის გამოწვეული და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას. 5. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის ინვესტორის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის საფუძველზე. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.