კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ
თავი IX
მუხლი 78. სოფლად მცხოვრები მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება
საკარმიდამო მიწის ნაკვეთს იმავე ოდენობით ინარჩუნებენ ამ კოდექსის 75-ე მუხლში აღნიშნული მუშები და მოსამსახურეები მოხუცებულობისა და ინვალიდობის გამო პენსიაზე გასვლისას, აგრეთვე იმ მუშებისა და მოსამსახურეების ოჯახები, რომლებიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან სწავლობენ – სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 79. მიწის ნაკვეთის გაცემა საბოსტნედ სარგებლობისათვის
სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებსაც არ აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს საბოსტნე ნაკვეთი 0,15 ჰექტარამდე ოჯახზე.
მუხლი 80. საძოვრებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა
ამ კოდექსის 75-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას, რომელსაც ჰყავს საკუთარი პირუტყვი, საძოვრებისათვის გამოუყოფენ მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის, ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების მიწებიდან, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან. პირუტყვის საძოვებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო დასახლებული პუნქტების ფარგლებში – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
ასეთი მიწების უქონლობის შემთხვევაში ნაკვეთი პირუტყვის საძოვებლად შეიძლება გამოიყოს კოლმეურნეობის, საბჭოთა მეურნეობის. სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის მიწებიდან, ამასთან, პირუტყვის მესაკუთრემ მიწათმოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს ამ ნაკვეთის მოვლისა და გაუმჯობესების ხარჯები. სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებს, მოსამსახურეებს და სპეციალისტებს პირუტყვის საძოვებლად გამოუყოფენ ნაკვეთს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სოფელში მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს, პენსიონერებს და ინვალიდებს – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ამ ნაკვეთის შენახვისა და გაუმჯობესების ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მიწათმოსარგებლე და ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 81. მიწის ნაკვეთის გაცემა სათიბად
ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილი კატეგორიის მოქალაქეებს სათიბად მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, რკინიგზისა და გზატკეცილებისათვის გამოყოფილი და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო დასახლებული პუნქტების ფარგლებში – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, თუ თიბვა დასაშვებია ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ერთად.
ასეთი მიწის უქონლობისას ნაკვეთები სათიბისათვის შეიძლება გამოყოფილ იქნეს კოლმეურნეობის, საბჭოთა მეურნეობის, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საზოგადოებრივ მეურნეობაში გამოუყენებელი მიწებიდან კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 81¹. მიწის ნაკვეთის გაცემა პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის
სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთი პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ივნისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1981 წ., მუხ.107
მუხლი 82. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობა სოფლად საცხოვრებელ ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას
სოფლად მდებარე საცხოვრებელ ნაგებობებზე საკუთრების უფლების გადასვლა არ იწვევს სარგებლობის უფლების გადასვლას საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წინანდელი ოდენობით.
საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა იმ პირისათვის, რომელზედაც გადავიდა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ნაგებობაზე, ხდება საერთო საფუძველზე ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადასვლის შემთხვევებში მემკვიდრეებს, თუ მათ არა აქვთ დადგენილი წესით საკარმიდამო ნაკვეთის მიღების უფლება, აგრეთვე ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც სოფელ ადგილას სეზონურად ან დროებით საცხოვრებლად შეიძენენ საცხოვრებელ სახლს ან რომლებსაც ამ ადგილის პირადი საკუთრების უფლებით გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რომლის გამოყენება სურთ აღნიშნული მიზნებისათვის, სარგებლობისათვის ეძლევათ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის შესანახად და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის სსრ კავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220
მუხლი 83. იმ მოქალაქეთა მიწათსარგებლობა, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში
მოქალაქეები, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალური შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, დაფუძნებულს მათსა და ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, სარგებლობენ მათთვის მიცემულ საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამ მოქალაქეებს საყანე მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, ხოლო საკარმიდამო მიწა - დასახლებული პუნქტის მიწებიდან ამ კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.
საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესსა და ნაკვეთის ოდენობას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XVII
კოლექტიური მებაღეობა და მებოსტნეობა
მუხლი 84. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებაღეობისათვის
კოლექტიური მებაღეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთებს გამოუყოფენ ქალაქების მწვანე ზონის ან სხვა დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ, დასახლებული პუნქტების ტერიტორიათა პერსპექტიული გაფართოების გათვალისწინებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან და სახელმწიფო სატყეო ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტყის გაშენებისათვის.
აღნიშნული მიწების უქონლობისას კოლექტიური მებაღეობისათვის, როგორც გამონაკლისი, შეიძლება გამოყოფილი იქნეს არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დამხმარე მეურნეობით დაკავებული მიწებიდან, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მოუმარჯვებელი მიწები, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივ მეურნეობაში, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები სატყეო მეურნეობაში გამოუყენებელი და სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც გატყევებას არ ექვემდებარება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მწვანე ზონებში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 85. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებოსტნეობისათვის
კოლექტიური მებოსტნეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები შეიძლება გამოეყოს დასახლებული პუნქტების მიწებიდან, სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდიდან, რომლებიც უახლოეს წლებში განკუთვნილი არ არიან განაშენიანებისათვის ან სხვა მიზნისათვის.
კოლექტიური მებოსტნეობისათვის შეიძლება გამოყოფილი იქნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე დროებით გამოუყენებელი მიწები და აგრეთვე სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა არასასოფლო-სამეურნეო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 86. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესი
კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთს გამოუყოფენ უვადო სარგებლობაში, ამ კოდექსის მე-13-მე-19 მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 87. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამოყენება
კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს იყენებენ მებაღეობის ამხანაგობის წესდების შესაბამისად.
კოლექტიური მებოსტნეობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს იყენებენ ბოსტნეულის, კარტოფილისა და ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად. ამ ნაკვეთზე შენობების აგება და ხილკენკროვანი ნარგავების გაშენება აკრძალულია.
მუხლი 88. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის მიწის ნაკვეთების ფართობის ოდენობა
კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობას ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
კ ა რ ი III
დასახლებული პუნქტების (ქალაქის, ქალაქის ტიპის დაბის, სასოფლო დასახლებული პუნქტის) მიწები
თ ა ვ ი XVIII
ქალაქის მიწები
მუხლი 89. ქალაქის მიწები
ქალაქის მიწებს მიეკუთვნება ქალაქის ფარგლებში არსებული მიწები.
მიწა ქალაქის ფარგლებში სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს გამგებლობაშია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 90. ქალაქის მიწების შემადგენლობა
ქალაქის მიწების შემადგენლობაში შედის:
1) საქალაქო განაშენიანების მიწები;
2) საერთო სარგებლობის მიწები;
3) სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები;
4) ქალაქის ტყეებით დაკავებული მიწები;
5) რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწები.
მუხლი 91. ქალაქის ფარგლები
ქალაქის ფარგლებია – ქალაქის მიწების გარე საზღვარი, რომელიც ქალაქის მიწებს გამოყოფს ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის დანარჩენი მიწებისაგან და განსაზღვრულია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და ტექნიკურ-ეკონომიური საფუძვლების შესაბამისად.
რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, ხოლო რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენენ, შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მიწის ნაკვეთების მოქცევა ქალაქის ფარგლებში არ იწვევს ამ ნაკვეთებით უწინდელ მოსარგებლეთა სარგებლობის უფლების შეწყვეტას. მათი გამოყოფა წარმოებს ამ კოდექსის მე-40-42-ე, 94-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 92. ქალაქის მიწების გამოყენება
ქალაქის მიწებს იყენებენ ქალაქის გენერალური გეგმის, დაგეგმარების და განაშენიანების პროექტების და ქალაქის ტერიტორიის საადგილმამულო-სამეურნეო მოწყობის გეგმების შესაბამისად.
ქალაქის გენერალური გეგმა განსაზღვრავს მიწის გამოყენების ძირითად მიმართულებას სამრეწველო, საბინაო და სხვა მშენებლობისათვის, კეთილმოწყობისათვის, მოსახლეობის დასასვენებელი ადგილების განლაგებისათვის.
ქალაქის განაშენიანების ცალკეულ ნაწილებში მიწის გამოყენება განისაზღვრება ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე შემუშავებული დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტებით.
ქალაქის ტერიტორიის საადგილმამულო-სამეურნეო მოწყობის გეგმებით განისაზღვრება ქალაქის იმ მიწების გამოყენების ძირითადი მიმართულება, რომელთა განაშენიანება არ არის გათვალისწინებული ან დროებით არ არიან განაშენიანებული.
ამ კოდექსის 90-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებში აღნიშნული მიწების გამოყენების წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
მუხლი 93. ქალაქში მიწის ნაკვეთის გაცემა
ქალაქში მიწის ნაკვეთის უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის გაცემა ხდება სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 94. ქალაქში მიწის ნაკვეთის გამოყოფა
ქალაქში მიწის ნაკვეთის გამოყოფა წარმოებს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 95. მიწათმოსარგებლის მოვალეობა ქალაქში მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობისა
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთაც სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთები ქალაქად, მოვალენი არიან გასწიონ აუცილებელი მუშაობა მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობისა და გამწვანებისათვის, მწვანე ნარგავების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 96. ქალაქში მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას
ქალაქის მიწაზე არსებული ნაგებობის საკუთრების უფლების გადასვლისას გადადის აგრეთვე მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლებაც.
რამდენიმე მესაკუთრეზე ნაგებობის საკუთრების უფლების გადასვლისას და აგრეთვე ნაგებობის ნაწილზე საკუთრების უფლების გადასვლისას მიწის ნაკვეთი გადადის ნაგებობის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწათსარგებლობის უფლება იმ პირისა, რომელზედაც გადავიდა ნაგებობის საკუთრების უფლება, რეგისტრაციაში ტარდება კომუნალური მეურნეობის ორგანოებში.
მუხლი 97. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა შენობების და ნაგებობების გადაცემისას
ერთ-ერთი საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის შენობათა და ნაგებობათა მეორისათვის გადაცემისას ამ ობიექტებთან ერთად გადადის იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც, რომელიც აუცილებელია გადაცემული შენობებისა და ნაგებობების მომსახურებისათვის.
ერთიანი შემკვეთის მიერ საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და კომუნალური მშენებლობის განხორციელებისას, მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის შეიძლება მიეცეს აღნიშნულ შემკვეთს დროებითი სარგებლობისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის შენობებისა და ნაგებობათა საექსპლუატაციოდ გადაცემასთან ერთად სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მისცემს მათ მიწის ნაკვეთს უვადო სარგებლობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 98. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება ნაგებობის დანგრევისას
სტიქიური უბედურების გამო ნაგებობის დანგრევისას მიწათმოსარგებლე ინარჩუნებს მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობის უფლებას, თუ იგი ორი წლის განმავლობაში დანგრევის დღიდან შეუდგება ნაგებობის აღდგენას ან ახლის აშენებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მიწის ნაკვეთის სხვაგვარად გამოყენება გათვალისწინებულია ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტით. ასეთ შემთხვევაში დანგრეული ნაგებობის მესაკუთრეს დადგენილი წესით იმავე ქალაქის ფარგლებში მიეცემა სხვა მიწის ნაკვეთი, თუ ამ ქალაქში აკრძალული არ არის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობა.
მუხლი 99. საქალაქო განაშენიანების მიწები
საქალაქო განაშენიანების მიწები შედგება საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა შენობებითა და ნაგებობებით გაშენებული და გასაშენებელი მიწებისაგან.
ამ მიწებს აძლევენ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობათა და ნაგებობათა აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის.
მიწის ნაკვეთის ოდენობა და აღნიშნული მიზნით მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
მშენებლობისა და არქიტექტურის ორგანოს ნებართვის მიღებამდე აკრძალულია გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 100. საერთო სარგებლობის მიწები
საერთო სარგებლობის მიწები შედგება მიმოსვლის გზებად გამოყენებული მიწების (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები), ქალაქის მოსახლეობის კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი მიწების (პარკები, ტყე-პარკები, ბულვარები, სკვერები, წყალსატევები), სასაფლაოებისა და კომუნალური საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა მიწებისაგან.
საერთო სარგებლობის მიწებზე ნებადართულია, ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, კაპიტალური შენობებისა და ნაგებობათა აშენება და აგრეთვე მსუბუქი ტიპის დროებითი შენობებისა და ნაგებობების (კარვების, ფარდულების და ა. შ.) დადგმა საერთო სარგებლობის მიწების მიზნობრივი დანიშნულებისათვის ზიანის მიუყენებლად.
მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები
სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწებს და სხვა სავარგულებს ქალაქებში მიეკუთვნება ბაღები, ვენახები, ბოსტნები, სათიბები, საძოვრები, ტორფნარები, კარიერები, ქვის სამტეხლოები და სხვა.
სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები ქალაქებში შეიძლება მიეცეს კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის, მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებოსტნეობისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – სათიბად და პირუტყვის საძოვრად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 102. ქალაქის ფარგლებში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
კოლმეურნეობათა საზოგადოებრივი სარგებლობის, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიწა, თუ მდებარეობს ქალაქის ფარგლებში, მაგრამ ქალაქის დაგეგმარების და განაშენიანების პროექტით არ არის გათვალისწინებული განაშენიანების ან კეთილმოწყობის ობიექტად, ემაგრება მათ უვადო სარგებლობაში.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობათა განლაგება წარმოებს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 103. ქალაქის ტყეებით დაკავებული მიწა
ქალაქის ტყეებით დაკავებული მიწა ემსახურება მიკროჰავის გაუმჯობესებას, მოსახლეობის დასვენების ორგანიზაციას, კულტურულ-ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან ტერიტორიის დაცვას.
მუხლი 104. რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწები ქალაქებში
რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწებს ქალაქებში მიეკუთვნება მიწა, რომელიც მიცემული აქვთ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მათზე დაკისრებული სპეციალური ამოცანების განსახორციელებლად.
აღნიშნული მიზნისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთის ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმების და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
ამ მიწებზე შენობათა და ნაგებობათა განლაგება, აგრეთვე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 105. ქალაქის ტიპის დაბების მიწები
მიწა ქალაქის ტიპის დაბის ფარგლებში სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს გამგებლობაშია.
ამ კოდექსის 89-ე -93-ე, 95-ე-104-ე, 113-ე მუხლების დებულებები ვრცელდება ქალაქის ტიპის დაბების მიწებზეც.
თ ა ვ ი XIX
საგარეუბნო და მწვანე ზონები
მუხლი 106. საგარეუბნო და მწვანე ზონის მიწები
ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწას, რომელიც ქალაქის ტერიტორიის გაფართოების რეზერვია, იმ აუცილებელ ნაგებობათა განლაგებისა და მშენებლობის ადგილს, რომლებიც დაკავშირებულია საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობასა და ნორმალურ მუშაობასთან, აგრეთვე ტყეებით, ტყე-პარკებით და სხვა მწვანე ნარგავებით დაკავებულ მიწას, რომელსაც აქვს დამცავი და სანიტარიულ-ჰიგიენური ფუნქცია და წარმოადგენს მოსახლეობის დასვენების ადგილს, – გამოყოფენ, შესაბამისად, საგარეუბნო და მწვანე ზონებად.
მუხლი 107. საგარეუბნო და მწვანე ზონების გამოყოფის და ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესი
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საგარეუბნო და მწვანე ზონის გამოყოფისა და აგრეთვე ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესს ადგენს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.
საგარეუბნო და მწვანე ზონის მიწას იყენებენ ამ ზონის დაგეგმარების დამტკიცებული პროექტების მიხედვით.
მწვანე ზონის მიწა საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. ამ მიწაზე დაუშვებელია იმ შენობებისა და ნაგებობების აგება, რომლებიც არ შეესაბამება მწვანე ზონის საცავ, სანიტარიულ-ჰიგიენურ ფუნქციებს და მოსახლეობის დასვენების ორგანიზაციის მიზნებს.
თ ა ვ ი XX
სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწები
მუხლი 108. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწები
სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებს მიეკუთვნება მიწა, რომელიც ამ პუნქტისათვის დადგენილ საზღვრების ფარგლებშია.
მუხლი 109. სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრების დადგენა და შეცვლა
შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო-დასახლებული პუნქტის მიწა, სხვა მიწებისაგან გაიმიჯნება ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად მისი საზღვრების დადგენის გზით.
პერსპექტიული განვითარების სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრებს ადგენს და ცვლის, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწა, სხვა მიწებისაგან გაიმიჯნება შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 110. სასოფლო დასახლებული პუნქტის პერსპექტიულად მიჩნევა
სასოფლო დასახლებულ პუნქტს შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიიჩნევს, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რაიონული დაგეგმარების დამტკიცებული სქემების მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 111. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწების სარგებლობისათვის გაცემა
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭო ახორციელებს ყველა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გაცემის კონტროლს, იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ იმ მიწიდან, რომელიც არ შედის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მიწათსარგებლობის შემადგენლობაში.
კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი. აგრეთვე სხვა, შენობების და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 112. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობის წესი
შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად.
შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად.
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
თ ა ვ ი XXI
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა
მუხლი 113. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლევათ დასახლებული პუნქტების მიწებიდან. ქალაქის მწვანე ზონის გარეთ მდებარე სახელმწიფო სატყეო ფონდის და სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს და აგრეთვე მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის ეძლევათ უვადო სარგებლობაში.
მუხლი 114. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მიზნით მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს მიწის ნაკვეთებს აძლევენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში.
ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემენ სახლის მოცულობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად – 0,03-დან 0.06 ჰექტარამდე, ქალაქგარეთ – 0,07-დან 0,12 ჰექტარამდე.
ცალკეულ ქალაქებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა, შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ.
კ ა რ ი IV
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
მუხლი 115. მრეწველობის ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად მიჩნეულია ის მიწები, რომლებიც სარგებლობისათვის მიცემული აქვთ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს დაკისრებული სპეციალური ამოცანების განსახორციელებლად (სამრეწველო წარმოების, ტრანსპორტის, კურორტების ორგანიზაციის, ნაკრძალების მოწყობისათვის და ა. შ.).
აღნიშნული მიზნისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმების ან საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო ნაკვეთების მიზომვა ხორციელდება მათი ათვისების რიგის გათვალისწინებით.
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის წესი, აგრეთვე იმ ზონების დადგენის წესი, სადაც შემოღებულია მიწით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები (სანიტარული დაცვის ოლქი და ა. შ.), სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, განისაზღვრება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ ამ მიწების შესახებ დამტკიცებული დებულებებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 116. კურორტების მიწები
კურორტების მიწებს მიეკუთვნება სამკურნალო მნიშვნელობის და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები, რომლებიც დადგენილი წესით სარგებლობისათვის გადაეცა სამკურნალო-საკურორტო დაწესებულებებს. კურორტების მიწები საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული.
მოსახლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვის მიზნით, ყველა კურორტზე ეწყობა სანიტარული დაცვის ზონები. კურორტის სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში მიწის ნაკვეთი მიწათმოსარგებლეებს არ ჩამოერთმევა. ამ ნაკვეთებით სარგებლობა ხორციელდება ოლქისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით. ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემა იმ საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელია ბუნებრივი სამკურნალო თვისებების და მოსახლეობის დასვენების ხელსაყრელი პირობების დაცვასთან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 117. ნაკრძალების მიწები
ნაკრძალების მიწებს მიეკუთვნება დადგენილი წესით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომელთა ფარგლებში იმყოფება განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული ღირებულების ბუნებრივი ობიექტები (ტიპიური ან იშვიათი ლანდშაფტები, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, იშვიათი გეოლოგიური წარმონაქმნები, მცენარეების, ცხოველების სახეობები და ა. შ.).
ნაკრძალების მიწებს ამორიცხავენ სამეურნეო მოხმარებიდან. ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არღვევს ნაკრძალების ბუნებრივ კომპლექსებს ან საფრთხეს უქმნის განსაკუთრებული ღირებულების სამეცნიერო ან კულტურული ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას, აკრძალულია როგორც ნაკრძალების ტერიტორიაზე, ასევე ნაკრძალების ირგვლივ დაწესებულ საცავი ზონის ფარგლებში.
მუხლი 118. სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მიწების გაცემა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის
სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა არასასოფლო-სამეურნეო-საწარმოები და დაწესებულებები, სახალხო დეპუტატთა რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში აძლევენ მათ მიერ გამოუყენებელ მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილება მიუთითებს მიწის ნაკვეთის გამოყოფის ვადას, მის ოდენობას, აგრეთვე მიწის ნაკვეთით სარგებლობის პირობებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 119. სასამსახურო მიწის ნაკვეთი
სასამსახურო მიწის ნაკვეთი ეძლევა ტრანსპორტის, სატყეო მეურნეობის, სატყეო მრეწველობის, კავშირგაბმულობის, წყლის, თევზის, სანადირო მეურნეობების და აგრეთვე სახალხო მეურნეობის ზოგიერთი სხვა დარგის მუშაკთა ცალკეულ კატეგორიებს.
სასამსახურო მიწის ნაკვეთის მიღების უფლების მქონე მუშაკთა კატეგორიების სიას და სასამსახურო მიწის ნაკვეთის ნორმას მუშაკების ცალკეული კატეგორიებისათვის ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
სასამსახურო მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ მიწებიდან, რომლებიც სათანადო სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, ხოლო ასეთი მიწების ნაკლებობისას - სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, სასამსახურო მიწის ნაკვეთები იმ მიწებიდან, რომლებიც საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, გამოიყოფა საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სახელმწიფო მარაგისა და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 120. სასამსახურო მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობები
სასამსახურო მიწის ნაკვეთს შესაბამისი კატეგორიის მუშაკებს გამოუყოფენ ამ სამუშაოზე მათი მუშაობის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 121-ე მუხლით. სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, თუ სასამსახურო მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, მიწით სარგებლობის უფლება შეწყდება მოსავლის აღების შემდეგ.
სახნავი მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ ვარაუდით, რომ მუშაკისა და მისი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის და სახნავი მიწის მიზომილი ნაკვეთის საერთო ფართობი არ აღემატებოდეს ამ კატეგორიის მუშაკისათვის დადგენილი სასამსახურო მიწის ნაკვეთის ოდენობას. თუ ოჯახში არის სასამსახურო ნაკვეთზე უფლების მქონე რამდენიმე მუშაკი გამოყოფენ ერთ სასამსახურო მიწის ნაკვეთს.
მუშაკებს, რომელთათვის არ გამოუყვიათ სახნავი მიწის ნაკვეთი, შეიძლება გამოუყონ საბოსტნე მიწის ნაკვეთი დადგენილი ნორმის ფარგლებში.
სათიბი მიწის ნაკვეთები ეძლევათ მუშაკებს, რომელთაც პირად საკუთრებაში ჰყავთ პირუტყვი.
მუხლი 121. სასამსახურო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება
სასამსახურო მიწის ნაკვეთი წინანდელი ოდენობით შეუნარჩუნდებათ მუშაკებს, რომლებმაც შრომითი ურთიერთობა შეწყვიტეს მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო პენსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იმ მუშაკების ოჯახებს, რომელნიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილი ვადიან სამხედრო სამსახურში ან შევიდნენ სასწავლებელში, სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ მუშაკების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – შრომისუუნარო მეუღლესა და მოხუცებულ მშობლებს სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო შვილებს – მათ სრულწლოვანებამდე.
კ ა რ ი V
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები
მუხლი 122. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებად ითვლება ტყით დაფარული და აგრეთვე ტყით დაუფარავი მიწები, რომლებიც განკუთვნილია სატყეო მეურნეობის საჭიროებისათვის.
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებით სარგებლობის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იყენებენ სატყეო მეურნეობის საჭიროებისა და ხე-ტყის დამზადებისათვის. სხვა საჭიროებისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 123. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაცემა
სახელმწიფო სატყეო სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის დამზადების მრეწველობის საჭიროებისათვის გამოუყენებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მათ სარგებლობაში მყოფი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით აძლევენ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კ ა რ ი VI
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები
მუხლი 124. სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწებად მიიჩნევა ის მიწები, რომლებიც დაკავებულია წყალსატევებით (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, არხები, ტერიტორიული წყლები და ა. შ.), მყინვარებით, ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწები, რომლებიც გამოყოფილია წყალსატევების სანაპირო გასხვისების ზოლად, საცავ ზონად და ა. შ.
მუხლი 125. სახელმწიფო წყლის ფონდის მიწების გამოყენება
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწებს იყენებენ იმ ნაგებობათა აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის სასმელი, საყოფაცხოვრებო, გამაჯანსაღებელი და სხვა საჭირო, წყლით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ საჭიროებას.
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწებით სარგებლობის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
კარი VII
სახელმწიფო მარაგის მიწები
მუხლი 126. სახელმწიფო მარაგის მიწები
სახელმწიფო მარაგის მიწებს წარმოადგენს ყველა მიწა, რომელიც მიწათმოსარგებლეებისათვის არ მიუციათ უვადო ან გრძელვადიან სარგებლობაში.
სახელმწიფო, მარაგის მიწები მუდმივ ან დროებით სარგებლობაში ეძლევათ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, აგრეთვე მოქალაქეებს ამ კოდექსის მე-13 მე-20 მუხლებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კ ა რ ი VIII
სახელმწიფო მიწის კადასტრი
მუხლი 127. სახელმწიფო მიწის კადასტრის მიზანი და ამოცანები
მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად აწარმოებენ სახელმწიფო მიწის კადასტრს, რომელიც შეიცავს სარწმუნო და საჭირო ყველა ცნობას მიწების ბუნებრივი, სამეურნეო და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სახელმწიფო მიწის კადასტრის მონაცემები ემსახურება მიწების ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაციისა და დაცვის, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის, მიწების მელიორაციისა და სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის მიზნებს, აგრეთვე მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა სახალხო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 128. სახელმწიფო მიწის კადასტრის შინაარსი
სახელმწიფო მიწის კადასტრი შეიცავს მიწათსარგებლობის რეგისტრაციის, მიწების რაოდენობის და ხარისხის აღრიცხვის, ნიადაგის ბონიტირებისა და მიწების ეკონომიური შეფასების მონაცემებს.
მუხლი 129. სახელმწიფო მიწის კადასტრის წარმოების წესი და საკადასტრო დოკუმენტაცია
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, მიწის კადასტრი წარმოებს სახელმწიფოს ხარჯზე სსრ კავშირისათვის ერთიანი სისტემით. სახელმწიფო მიწის კადასტრის წარმოების წესს, საკადასტრო დოკუმენტაციის ფორმებს, საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისა და განახლების პერიოდულობას ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
კ ა რ ი IX
სახელმწიფო მიწათმოწყობა
მუხლი 130. სახელმწიფო მიწათმოწყობა და მისი ამოცანები
მიწათმოწყობა მოიცავს იმ სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებათა განსახორციელებლად მიწით სარგებლობის დარგში.
სახელმწიფო მიწათმოწყობის ამოცანებია მიწების უფრო სრული, მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაცია, მიწათმოქმედების კულტურის ამაღლება და მიწების დაცვა.
მიწათმოწყობა, საპროექტო-საგამოკვლევო, აგეგმვისა და გამოკვლევითი სამუშაოების ჩათვლით, ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. მიწათმოწყობას ახორციელებენ მიწათმოწყობის სახელმწიფო ორგანოები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 131. მიწათმოწყობის შინაარსი
მიწათმოწყობა იყოფა მეურნეობათაშორის და შიდა სამეურნეო მიწათმოწყობად.
მიწათმოწყობა შეიცავს მიწათმოწყობის შემდეგ მოქმედებებს:
1) ახალი მიწათსარგებლობის შექმნას, აგრეთვე არსებული მიწათსარგებლობის მოწესრიგებას, მიწების ხარვეზიანობის და მათს განლაგებაში სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრას, მიწათსარგებლობის საზღვრების დაზუსტებას და შეცვლას;
2) კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ტერიტორიების შიდა სამეურნეო მოწყობას ეკონომიურად დასაბუთებული თესლბრუნვის შემოღებით და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სათიბების, საძოვრების, ბაღებისა და სხვა) მოწყობით, აგრეთვე ნიადაგების ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების შემუშავების;
3) ახალი მიწების გამოვლენის სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახალხო სამეურნეო ათვისებისათვის;
4) მიწის ნაკვეთების მიზომვას და გამოყოფის;
5) ქალაქის, დაბისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების ფარგლების დადგენას და შეცვლას;
6) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, ნიადაგობრივი, გეობოტანიკური და სხვა გამოკვლევისა და ძიების მოწყობას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 132. მიწათმოწყობის პროცესის სტადიები
მიწათმოწყობა შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:
მიწათმოწყობის საქმის აღძვრა;
მიწათმოწყობის პროექტის შედგენა;
მიწათმოწყობის პროექტის განხილვა და დამტკიცება;
პროექტის ადგილზე გადატანა;
მიწათმოწყობის დოკუმენტების გაფორმება და გაცემა.
მიწათმომწყობი ორგანოები ახორციელებენ საავტორო ზედამხედველობას მიწათმოწყობის პროექტის შესრულებაზე.
მუხლი 133. მიწათმოწყობის საქმის აღძვრა
მიწათმოწყობის საქმეს აღძრავენ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ან დაინტერესებული სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები , უწყებები და მიწათმოსარგებლენი ან სახელმწიფო მიწათმომწყობი ორგანოები მიწათსარგებლობის ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და მიწათმოწყობის რაციონალური ორგანიზაციის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 134. მიწათმოწყობის პროექტების შედგენა
მიწათმოწყობის დროს შედგება მიწათმოწყობის პროექტები, აგრეთვე ამ კოდექსის მე-19-მე-20 და 137-ე მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები მიწათსარგებლობის უფლების შესახებ.
მიწათმოწყობის პროექტები შედგება დაინტერესებულ მიწათმოსარგებლეთა მონაწილეობით.
მუხლი 135. მიწათმოწყობის პროექტის განხილვა და დამტკიცება
შიდასამეურნეო და მეურნეობათაშორისი მიწათმოწყობის პროექტების განხილვა და დამტკიცება ხდება იმ წესით, რაც დადგენილია მიწათმოწყობის ძირითადი დებულებებით.
მუხლი 136. მიწათმოწყობის პროექტის გადატანა ადგილზე
მიწათმოწყობის პროექტი დამტკიცების შემდეგ გადააქვთ ადგილზე და მიწათსარგებლობის საზღვრებს აღნიშნავენ დადგენილი ნიმუშის სამიჯნე ნიშნებით
მუხლი 137. მიწათმოწყობის დოკუმენტების გაფორმება და გაცემა
მეურნეობათაშორისი მიწათმოწყობის დამტკიცებული პროექტების საფუძველზე მიწათმოსარგებლეებს აძლევენ სახელმწიფო აქტს ან მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ აქტს ან შეაქვთ ცვლილება ადრე გაცემულ აქტებში.
შიდსამეურნეო მიწათმოწყობის შედეგად მიწათმოსარგებლეებს აძლევენ შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტს, დოკუმენტს პროექტის დამტკიცების შესახებ და საპროექტო გეგმებს.
ტერიტორიის შიდსამეურნეო ორგანიზაცია, რაც დადგენილია მიწათმოწყობის წესით, სავალდებულოა კოლმეურნეობებისათვის, საბჭოთა მეურნეობებისათვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის.
კ ა რ ი X
საადგილმამულო დავის გადაწყვეტა
მუხლი 138. საადგილმამულო დავის გადამწყვეტი ორგანოები
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის საადგილმამულო დავას წყვეტენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 139. საქართველოს სს რესპუბლიკის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე დავის გადაწყვეტა
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საქართველოს სს რესპუბლიკის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების დავას სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება დაინტერესებული მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე. თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე, დავის განხილვა ექვემდებარება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 140. ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დავის გადაწყვეტა მეორე ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხის შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დავას მეორე ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხის შესახებ განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნიან დაინტერესებული ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე, იმ შემთხვევაში თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, დავას აღნიშნულ საკითხებზე განიხილავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 141. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
საქართველოს სსრ სხვადასხვა რაიონების და ქალაქების კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის საადგილმამულო დავას განიხილავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის სხვადასხვა რაიონისა და ქალაქის კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს შორის საადგილმამულო დავას განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 142. სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება დავის გადაწყვეტა მიწით სარგებლობის საკითხებზე:
ა) რაიონის ტერიტორიაზე მდებარე კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის;
ბ) ამ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და მოქალაქეთა შორის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 143. სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება დავის გადაწყვეტა მიწით სარგებლობის საკითხებზე:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის;
ბ) ამ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა შორის;
გ) მოქალაქეთა შორის გარდა იმ დავისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 149-ე მუხლით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 144. სახალხო დეპუტატთა სასოფლო და სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას სახალხო დეპუტატთა სასოფლო და სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება მოქალაქეთა შორის. მიწით სარგებლობის საკითხზე დავის განხილვა, გარდა იმ დავისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 149-ე მუხლით.
მუხლი 145. საადგილმამულო დავის აღძვრა
საადგილმამულო დავა აღიძვრება ერთ-ერთი მხარის განცხადებით. განცხადებას უნდა დაერთოს საჭირო დოკუმენტები.
საადგილმამულო დავის მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ:
გაეცნონ საადგილმამულო დავის მასალებს;
ამოიწერონ საჭირო მონაცემები;
მონაწილეობა მიიღონ საადგილმამულო დავის განხილვაში;
წარადგინონ დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი;
აღძრან შუამდგომლობა;
მისცენ ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება;
უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობანი, დასკვნები და მოსაზრებანი;
მიიღონ საადგილმამულო დავის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების ასლი.
მუხლი 146. მასალის მომზადება საადგილმამულო დავის გადასაწყვეტად
საადგილმამულო დავის გადასაწყვეტად საჭირო მასალას ამზადებენ მიწათმომწყობი ორგანოები.
საადგილმამულო დავის გადასაწყვეტად მასალების მომზადებისათვის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია აუცილებელ შემთხვევებში შექმნას სპეციალური კომისია სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს დეპუტატების, მიწათმომწყობი ორგანოების წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 147. საადგილმამულო დავის განხილვის წესი
საადგილმამულო დავის განხილვაში მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც უნდა შეატყობინონ დავის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ,
საადგილმამულო დავის განხილვა ხდება სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების სხდომებზე მხარეთა გამოწვევით. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას შეატყობინეს საადგილმამულო დავის განხილვის დღის შესახებ, არ დააბრკოლებს დავის განხილვას.
საადგილმამულო დავის განმხილველი ორგანო დავის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი შესრულების წესი და ღონისძიებები მიწათმოსარგებლის დარღვეული უფლების აღსადგენად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 148. საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
გადაწყვეტილებას საადგილმამულო დავის თაობაზე აღასრულებენ მიწათმომწყობი ორგანოები, თუ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის აღსრულების სხვა ორგანო.
გადაწყვეტილება საადგილმამულო დავის თაობაზე შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს ზემდგომ ორგანოში ათი დღის ვადაში მისი ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის აღსრულებას.
საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს აქვს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ან განვადების უფლება საადგილმამულო დავის გადამწყვეტი ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვამდე.
მუხლი 149. ინდივიდუალური ნაგებობათა თანამფლობელებს შორის საადგილმამულო დავის განხილვა
ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების მიწებზე და სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მიზომილ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალურ ნაგებობათა თანამფლობელებს შორის დავის განხილვა საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის შესახებ ხდება სასამართლო წესით.
საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის განსაზღვრა ხდება მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფ ნაგებობათა ნაწილის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს ამ წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ნაგებობის თანამფლობელთა შორის დამკვიდრებულია მიწის ნაკვეთით გარკვეული სარგებლობის წესი და მის შეცვლას შეუძლია არსებითად შელახოს მათი ინტერესები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 150. საადგილმამულო ურთიერთობებთან დაკავშირებული ქონებრივი დავის განხილვის წესი
საადგილმამულო ურთიერთობასთან დაკავშირებული ქონებრივი დავის განხილვა ხდება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კ ა რ ი XI
პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 151. მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დამრღვევი გარიგების ბათილობა
მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ანდერძით დატოვება, ჩუქება, იჯარით გაცემა, თვითნებური გაცვლა და სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ბათილია.
მუხლი 152. სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის დარღვევისათვის
თანამდებობის პირებს და მოქალაქეებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით ამ კოდექსის 152-ე მუხლში მითითებულ გარიგებების დადებაში და აგრეთვე -
მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავებაში;
მიწის უყაირათო და არაშრომითი შემოსავლის წყაროდ გამოყენებაში;
სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწების გაფუჭებაში, საწარმოს ან სხვა ნარჩენებით დანაგვიანებასა და ჩამდინარე წყლებით მათ გაჭუჭყიანებაში;
იმაში, რომ არ ასრულებენ სავალდებულო ღონისძიებებს მიწის გაუმჯობესების და ქარისმიერი თუ წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად;
იმაში, რომ თავის დროზე არ აბრუნებენ დროებით დაკავებულ მიწას ან არ ასრულებენ თავის მოვალეობას გაავარგისონ მიწა და ნიშნულებისამებრ გამოსაყენებლად,
მიწათსარგებლობის სამიჯნე ნიშნების მოსპობაში;
დადგენილი წესით დამტკიცებული შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტებისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევაში;
იმაში, რომ არ იღებენ ღონისძიებებს სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად;
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის აღებისა და შენახვის პირობების შეუსრულებლობაში, -
ეკისრებათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დადგენილ იქნეს პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის სხვა სახის დარღვევებისათვისაც.
მუხლი 153. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ იმ ხარჯების აუნაზღაურებლად, რომლებიც უკანონო სარგებლობის დროს იყო გაწეული.
მიწის ნაკვეთის გამოსაყენებლად გავარგისება, ნაგებობათა აღებითურთ, წარმოებს იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის თუ მოქალაქის ხარჯზე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი.
თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის დაბრუნება ხდება სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო, საქალაქო, რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 154. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა მიწათსარგებლობის წესების სისტემატური დარღვევისათვის
სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მიწათმოსარგებლეებს, რომლებიც სისტემატურად არღვევენ მიწათსარგებლობის წესს, შეიძლება ჩამოერთვას მათ მიერ არასწორად გამოყენებული ნაკვეთი.
მიწათსარგებლობის წესის სისტემატური დარღვევისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა ხდება იმ ორგანოს დადგენილებით (გადაწყვეტილებით), რომლის მიერაც გაცემულია ეს მიწის ნაკვეთი.
მუხლი 155. მიწის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქენი ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მათ მიერ მიწის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ზარალი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კარი XII
საერთაშორისო ხელშეკრულებები
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 156. საერთაშორისო ხელშეკრულებები
თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საბჭოთა მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებაში დადგენილია საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.