ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
ტექსტი
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მიზანია ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილებისა და უჯრედების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. 2. ეს კანონი ადგენს ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ცოცხალი ადამიანის ან გარდაცვლილი პირის ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პირობებს. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციაზე, მოპოვებასა და ტესტირებაზე, რომლებიც ადამიანისთვის განკუთვნილი, ქსოვილების ან/და უჯრედების შემცველი ან მათგან დამზადებული პროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ჰემოპოეზურ ღეროვან უჯრედებზე, რომლებიც პერიფერიული სისხლისგან, ჭიპლარის სისხლისა და ძვლის ტვინისგან არის გამოყოფილი/შეგროვებული. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) რეპროდუქციულ ქსოვილებსა და უჯრედებზე; ბ) ემბრიონისა და ნაყოფის ქსოვილებსა და უჯრედებზე; გ) სისხლსა და მის კომპონენტებსა და პროდუქტებზე; დ) ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის გადანერგვაზე; ე) ავტოლოგიურ ქსოვილებსა და უჯრედებზე, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტრანსპლანტატი, იმავე ქირურგიული პროცედურის ფარგლებში. მუხლი 2. ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და ამ კანონის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობა 1. ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. 2. ეს კანონი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს და ევროკომისიის შესაბამის სამართლებრივ აქტებს, მათი მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უჯრედი − ადამიანის უჯრედი ან უჯრედების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან შემაერთებელი ქსოვილით არ არის დაკავშირებული; ბ) ქსოვილი − ადამიანის სხეულის ნაწილი, რომელიც უჯრედებისგან შედგება; გ) დონორი − პირი, რომლის ქსოვილის ან უჯრედის დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ; დ) დონაცია − ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის ან უჯრედის გაცემა; ე) ორგანო − ადამიანის სხეულის დიფერენცირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება და ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, ვასკულარიზაციას და უნარს, შეასრულოს ფიზიოლოგიური ფუნქციები მნიშვნელოვანი ავტონომიით; ვ) მოპოვება − პროცესი (ორგანიზაციული და სამედიცინო პროცედურები), რომლის საშუალებითაც ქსოვილი ან/და უჯრედი ხელმისაწვდომი ხდება. მოპოვება მოიცავს დონორის იდენტიფიკაციას, მისი ინფორმირებული თანხმობის მიღებას, დონორის შერჩევას, მისი შესაბამისობის შეფასებას, დონორის ტესტირებას და ქსოვილის ან/და უჯრედის ამოღებას/შეგროვებას; ზ) ამოღება − სამედიცინო პროცედურა, რომლის საშუალებითაც დონორის ორგანიზმიდან ქსოვილი ან/და უჯრედი მიიღება; თ) დამუშავება − ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის ან/და უჯრედის მომზადებას, მანიპულაციას, პრეზერვაციასა და შეფუთვას; ი) პრეზერვაცია − ქიმიური ნივთიერებების, გარემო პირობების ცვლილების ან სხვა მეთოდების გამოყენება ქსოვილის ან უჯრედის დამუშავების დროს მისი ბიოლოგიური ან ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ან შესანელებლად; კ) კარანტინი − ამოღებული ქსოვილის ან უჯრედის ფიზიკური საშუალებით ან/და სხვა ეფექტიანი საშუალებით იზოლაცია მისი გამოყენების ან წუნდებისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; ლ) შენახვა − ქსოვილის ან/და უჯრედის შესაბამის კონტროლირებულ პირობებში შენარჩუნება მის განაწილებამდე; მ) განაწილება − ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის ან/და უჯრედის ტრანსპორტირება და ჩაბარება (მიტანა); ნ) ადამიანისთვის გამოყენება − პროცედურების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის ადამიანისთვის (რეციპიენტისთვის) როგორც ექსტრაკორპორულად, ისე ინტრაკორპორულად გამოყენებასთან; ო) სერიოზული გვერდითი მოვლენა − ნებისმიერი არასასურველი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის მოპოვებასთან, ამოღებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; პ) სერიოზული გვერდითი რეაქცია − ცოცხალ დონორში ან რეციპიენტში გამოვლენილი, გაუთვალისწინებელი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის ან/და უჯრედის მოპოვებასთან, ამოღებასთან ან ადამიანისთვის გამოყენებასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცოცხალი დონორისთვის ან რეციპიენტისთვის გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; ჟ) სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და რეაქციების მონიტორინგი − სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების გამოვლენასთან, რეგისტრაციასთან, გამოკვლევასთან, რისკების შეფასებასთან, გამოსასწორებელი ზომების მართვასა და შესაბამის შეტყობინებასთან დაკავშირებული საქმიანობა; რ) ქსოვილის ბანკი − სამედიცინო დაწესებულება ან მისი ერთეული, რომელიც შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ქსოვილების ან/და უჯრედების დამუშავებას, პრეზერვაციას, შენახვას ან/და განაწილებას და რომელმაც შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ქსოვილებისა და უჯრედების მოპოვება ან/და ტესტირება; ს) დონორი კლინიკა − სამედიცინო დაწესებულება ან მისი ერთეული, რომელიც შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ქსოვილების ან/და უჯრედების მოპოვებას; ტ) დონორი ჯგუფი − სათანადოდ მომზადებული სამედიცინო გუნდი, რომელიც ახორციელებს გარდაცვლილი დონორის ქსოვილის მოპოვებას; უ) ალოგენური გამოყენება − ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ქსოვილის ან უჯრედის სხვა ადამიანისთვის გამოყენება; ფ) ავტოლოგიური გამოყენება − ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ქსოვილის ან უჯრედის იმავე ადამიანისთვის გამოყენება; ქ) ხარისხის სისტემა − ორგანიზაციული სტრუქტურის, განსაზღვრული პასუხისმგებლობების, პროცედურების, პროცესების, ხარისხის მართვის დასანერგად საჭირო რესურსებისა და იმ მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აუმჯობესებს ხარისხს; ღ) სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (შემდგომ − ოპერაციული პროტოკოლი) − წერილობითი მითითებები, რომლებიც აღწერს კონკრეტული პროცესის ეტაპებს, მათ შორის, გამოსაყენებელ მასალებსა და მეთოდებს და მოსალოდნელ საბოლოო შედეგს; ყ) მიკვლევადობა − ქსოვილის ან/და უჯრედის ადგილმდებარეობის დადგენისა (გამოვლენისა) და იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისი დონაციიდან/მოპოვებიდან მის გამოყენებამდე/განაწილებამდე ან განკარგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. მიკვლევადობა გულისხმობს აგრეთვე დონორის, ქსოვილის ბანკის, დონორი კლინიკის, ლაბორატორიის ან ქსოვილთან ან/და უჯრედთან დაკავშირებულ პროცედურებში ჩართული სამედიცინო დაწესებულების დადგენას, რეციპიენტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და იმ პროდუქტებთან ან/და მასალებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის აღმოჩენისა და დადგენის შესაძლებლობას, რომლებიც ამ ქსოვილს ან/და უჯრედს უკავშირდება; შ) დონორთა ეროვნული რეესტრი − საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირების, ლტოლვილებისა და დამატებითი დაცვის მქონე პირების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც თანახმა არიან, გარდაცვალების შემდეგ ალტრუიზმის მიზნით, უანგაროდ გახდნენ ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონორები; ჩ) კომპეტენტური უწყება − შესაბამისი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს კოორდინირებული, უწყვეტი და ლოჯისტიკური მართვა ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, მოპოვების, განაწილების (ალოკაციის), ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის; ც) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ძ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №872 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი II ძირითადი პრინციპები მუხლი 4. ქსოვილისა და უჯრედის დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა 1. ქსოვილისა და უჯრედის (შემდგომ − ქსოვილი) დონაცია ნებაყოფლობითი და უანგარო უნდა იყოს. 2. პირს უფლება აქვს, წინასწარ, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციით განაცხადოს თანხმობა გარდაცვალების შემდეგ მისი ქსოვილის უანგარო (ალტრუისტულ) დონაციაზე. 3. ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლით თქვას უარი გარდაცვალების შემდეგ მისი ქსოვილის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე. 5. დონორთა ეროვნული რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ პერსონალისთვის, რომელსაც უფლება აქვს, გადაამოწმოს გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული თანხმობა მისი ქსოვილის დონაციაზე. 6. დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების (მათ შორის, პირის დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციის ან დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლის/ამოღების) წესი, აგრეთვე ორგანოს, ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ორგანოს, ქსოვილის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმები და შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 5. გარდაცვლილი დონორისა და მისი ოჯახის პატივისცემა გარდაცვლილი დონორის ქსოვილის მოპოვება უნდა განხორციელდეს მისი და მისი ოჯახის პატივისცემით, კერძოდ, მათი პატივისა და ღირსების სათანადოდ დაცვით. მუხლი 6. ქსოვილის თანაბარი ხელმისაწვდომობა 1. თუ ქსოვილს ჰყავს ერთზე მეტი რეციპიენტი, რომლებსაც იგი კრიტიკულად ესაჭიროებათ, ქსოვილი მომლოდინეთა ეროვნულ სიაში (ასეთი სიის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრირებულ რეციპიენტებზე ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ის მათთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე, ობიექტური და ზოგადად მიღებული სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად. 2. მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოების (მათ შორის, პირის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის) წესი და ქსოვილის განაწილების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ავტოლოგიური გამოყენებისთვის განკუთვნილ ქსოვილზე. მუხლი 7. რეკლამის აკრძალვა 1. აკრძალულია ქსოვილის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის რეკლამა, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ორგანიზებული და განხორციელებული საქმიანობისა, რომლის მიზანია ქსოვილის ნებაყოფლობითი და უანგარო (ალტრუისტული) დონაციის ხელშეწყობა და რომელიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც. 2. რეკლამასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 8. ფინანსური სარგებლის მიღების, შეთავაზების/მიცემის აკრძალვა 1. აკრძალულია ქსოვილის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. ასევე აკრძალულია ქსოვილებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ გადახდებზე, რომლებიც არ არის ფინანსური მოგება ან მისი თანაზომადი უპირატესობა, კერძოდ: ა) ცოცხალი დონორის კომპენსაცია შემოსავლის დაკარგვის ან/და ნებისმიერი სხვა დასაბუთებული ხარჯის გამო, რომელიც გამოწვეულია ქსოვილის მოპოვებით ან მასთან დაკავშირებული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებით; ბ) ქსოვილის მოსაპოვებლად გაწეული აუცილებელი სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დასაბუთებული საფასურის გადახდა; გ) კომპენსაცია ცოცხალი დონორის ქსოვილის მოპოვებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს ქსოვილების არაკომერციულ საწყისებზე მოპოვებას და ტრანსპლანტაციური მკურნალობის არამოგებიანობას. ამისთვის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ქსოვილების ნებაყოფლობითი და უანგარო (ალტრუისტული) დონაციის, აგრეთვე მათი უანგარო (ალტრუისტული) დონაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 9. ქსოვილის უსაფრთხოების სტანდარტი ქსოვილის მოპოვების, ამოღების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და ადამიანისთვის გამოყენების პროცესში ჩართულმა ყველა პირმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები რეციპიენტისთვის ნებისმიერი დაავადების გადაცემის რისკის შესამცირებლად და ნებისმიერი ქმედების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილის უსაფრთხოებასა და ხარისხზე. მუხლი 10. რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა 1. რეციპიენტისთვის ქსოვილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი, კონკრეტული, გააზრებული, წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს მის თავისუფალ ნებას, რომელიც ემყარება მისთვის მიწოდებულ ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას შესაბამისი სამედიცინო ჩარევის ბუნების, მიზნის, მიმდინარეობის, წარმატების ალბათობის, მოსალოდნელი რისკებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების ან/და სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგების ვალდებულების თაობაზე. 3. თუ რეციპიენტი მხარდაჭერის მიმღებია ან არასრულწლოვანია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობა მისი მხარდამჭერისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღება. 4. რეციპიენტისგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობის მიღების წესი და აღნიშნული ინფორმირებული თანხმობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. მუხლი 11. ქსოვილის გამოყენება სხვა მიზნით, გარდა გადანერგვისა თუ ადამიანისთვის გამოსაყენებლად მიღებული ქსოვილი გადანერგვისთვის გამოყენებული ვერ იქნება, იგი შეიძლება შენახულ და გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო ან სხვა კანონიერი მიზნით, თუკი დაცულია ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებით ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 12. დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა 1. დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება და კონფიდენციალურია. დონორის პერსონალური მონაცემები არ უნდა მიეწოდოს რეციპიენტს, ხოლო რეციპიენტის პერსონალური მონაცემები − დონორს ან გარდაცვლილი დონორის ოჯახს. 2. რეციპიენტის მკურნალი ექიმისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს დასაბუთებულია სამედიცინო საჭიროებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დონაციის მიკვლევადობა. აღნიშნული მონაცემების დამუშავების საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. დონორთა ეროვნულ რეესტრში დაცული ინფორმაცია მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად. 5. დონორთა ეროვნული რეესტრისა და მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოებისას და მართვისას შესაბამისი პერსონალური მონაცემები მუშავდება და მათი დამუშავების უფლების მქონე პირის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დონორთა ეროვნული რეესტრისა და მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოებისა და მართვის მომწესრიგებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნათესაური ალოგენური გამოყენების შემთხვევაზე. მუხლი 13. დონორისა და რეციპიენტის დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ცოცხალი დონორისა და რეციპიენტის გრძელვადიან სამედიცინო მეთვალყურეობას ქსოვილის მოპოვებისა და გადანერგვის შემდეგ. 2. ქსოვილის მოპოვებასთან ან/და გადანერგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია უფლებამოსილმა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ასახოს დონორის ან/და რეციპიენტის სამედიცინო ჩანაწერებში. თავი III ცოცხალი დონორის ქსოვილის მოპოვება მუხლი 14. ცოცხალი დონორის ქსოვილის მოპოვების საფუძველი ცოცხალი დონორის მიერ გაცემული ქსოვილით რეციპიენტის მკურნალობის საჭიროებას ადგენს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი (პროფესიონალების გუნდი), რომელიც რეციპიენტს მკურნალობს. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო პროცედურასთან დაკავშირებული რისკები და სარგებელი და რეციპიენტის მკურნალობის ხელმისაწვდომი მეთოდები. მუხლი 15. ცოცხალი დონორის დაცვა, შერჩევა და ქსოვილის დონაციისთვის მისი შესაბამისობის შეფასება 1. დონორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკების შესაფასებლად და შესამცირებლად ქსოვილის ამოღებამდე უნდა ჩატარდეს ყველა სათანადო სამედიცინო გამოკვლევა და განხორციელდეს ყველა შესაბამისი სამედიცინო ჩარევა. 2. ცოცხალი დონორის შერჩევისა და მისი შესაბამისობის შეფასების წესი (მათ შორის, სამედიცინო მდგომარეობისა და სათანადო რისკების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 16. დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე 1. ცოცხალი დონორის ქსოვილის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ქსოვილის დონაციაზე მისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომელიც გამოხატავს დონორის თავისუფალ ნებას, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. დონორის მიერ ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადებამდე მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ქსოვილის მოპოვების, მასთან დაკავშირებული რისკებისა და ტესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული მისი უფლებების თაობაზე, განსაკუთრებით − უფლებისა, მიიღოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დამოუკიდებელი რჩევა იმ ექიმისგან, რომელიც ქსოვილის ამოღების ან გამოყენების პროცესში ჩართული არ არის და არ არის რეციპიენტის მკურნალი ექიმი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობა ეხება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრულ/კონკრეტულ სამედიცინო ჩარევას/პროცედურას და ქსოვილის სახეობას და შეიძლება არ მოიცავდეს რეციპიენტთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ პირობებს. 4. ცოცხალ დონორს უფლება აქვს, მისი ქსოვილის მოპოვების დაწყებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ქსოვილის დონაციაზე განცხადებულ წერილობით ინფორმირებულ თანხმობაზე. 5. ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ქსოვილის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმები და შინაარსი განისაზღვრება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით, ხოლო ცოცხალი დონორისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან ინფორმაციის მიღების წესი − ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. მუხლი 17. ქსოვილის დონაციის უფლება 1. ქსოვილი შეიძლება მოპოვებულ/ამოღებულ იქნეს მხოლოდ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირისგან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მხარდაჭერის მიმღები ან არასრულწლოვანი შეიძლება იყოს დონორი, თუ დაცულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ქსოვილი განკუთვნილია ამ პირის (პოტენციური დონორის) ახლო ნათესავისთვის გადასანერგად, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და რომლის მკურნალობის სხვა საშუალება არ არსებობს; ბ) არ არსებობს თავსებადი დონორი, რომელსაც შეუძლია ქსოვილის დონაციაზე თანხმობა განაცხადოს; გ) ქსოვილის ამოღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 2 სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ არის დადასტურებული; დ) ქსოვილის დონაციის მიზანია რეციპიენტის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება; ე) ქსოვილის დონაციაზე თანხმობა განაცხადა ამ პირის (პოტენციური დონორის) მხარდამჭერმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან, თუ მას მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, თანხმობა განაცხადეს სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ და იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ეთიკის კომიტეტმა (ასეთი კომიტეტის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ქსოვილის ამოღებას განახორციელებს; ვ) ეს პირი (პოტენციური დონორი) ქსოვილის დონაციის წინააღმდეგი არ არის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის განხორციელების საშუალებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლო ნათესავია მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მშობელი, მშვილებელი, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი, და, ძმა. მუხლი 18. ცოცხალი ახალშობილის ჭიპლარის
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.