თავდაცვის კოდექსი
ტექსტი
თავდაცვის კოდექსი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
თავდაცვის კოდექსი
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კოდექსის მიზანი ამ კოდექსის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალურ დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში უნდა აისახოს; სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებისა და სტრუქტურის განსაზღვრა; სამხედრო აღრიცხვა; სამხედრო სამსახურის გავლა; საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის მართვა; სამხედრო განათლება; საერთაშორისო სწავლება; სამშვიდობო ოპერაცია; წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა; საომარი მდგომარეობის რეგულირება; თავდაცვის სფეროში მოხალისეობა. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამოცანით მართვა − სტრატეგიულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება ცენტრალიზებული დაგეგმვისა და დეცენტრალიზებული აღსრულების პრინციპით, მიზანზე ორიენტირებული დავალების გაცემისა და ამოცანის შესრულების პროცესში დისციპლინირებული ინიციატივის წახალისებით, სწრაფად ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტაციისა და დასახული მიზნის ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად; ბ) გვარეობა − საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ − თავდაცვის ძალები) სახეობის საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის ან/და საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების შემსრულებელი ქვედანაყოფისთვის დამახასიათებელი ტაქტიკის, მისი ტექნიკის, შეიარაღების, ფუნქციების, შესაძლებლობებისა და პერსონალის კარიერული განვითარების ერთობლიობა; გ) დაქვემდებარებული − თანამდებობით ან/და სამხედრო წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება; დ) დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) დისციპლინური ქმედება. განზრახი და გაუფრთხილებელი დისციპლინური ქმედებების ცნებები განიმარტება მინისტრის ნორმატიული აქტით; ე) დოქტრინა − ძირითადი პრინციპებისა და მითითებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მიზნის მიღწევას; ვ) ეროვნული თავდაცვის სისტემა − ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო თავდაცვაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან მის მართვაში არსებულ საწარმოებს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის მიზნით შექმნილ სამხედრო ქონებასა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას; ზ) ეროვნული მედეგობა − სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარი, გაუძლონ გარე სამხედრო და არასამხედრო ზემოქმედებას, გაუმკლავდნენ ამ ზემოქმედების შედეგებს და შეძლონ ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება/აღდგენა; თ) ეროვნული წინააღმდეგობა − სამხედრო და არასამხედრო მეთოდებით მოწინააღმდეგეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნება, რაც მას ხელს შეუშლის ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე სრული კონტროლის დამყარებაში; ი) თავდაცვის ორგანიზება − სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება შესაბამისი დაგეგმვის მექანიზმების, დამხმარე სისტემებისა და ინფრასტრუქტურის, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ტენდენციების გათვალისწინებით; კ) თავდაცვის ძალების სახეობა − თავდაცვის ძალების ძირითადი კომპონენტი, რომლის დანიშნულებაა განსხვავებულ საბრძოლო გარემოში სამხედრო ოპერაციების განხორციელება ან/და თვისებრივად განსხვავებული საბრძოლო ფუნქციების შესრულება; ლ) იუნკერი − სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; მ) კადეტი − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე; ნ) მართვა − მეთაურის/უფროსის/შტაბის/სამსახურის და მართვის სხვა ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება და მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულება; ო) მეთაური − სამხედრო თანამდებობის პირი, რომელიც მართავს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, დაქვემდებარებულის მიმართ გასცეს შესასრულებლად სავალდებულო სამსახურებრივი მითითებები და ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება; პ) მინისტრი − საქართველოს თავდაცვის მინისტრი; ჟ) მსმენელი − პირი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ან სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა არსებულ პროგრამაზე; რ) მხარდამჭერი დოკუმენტი − სამშვიდობო ოპერაციასთან ან საერთაშორისო სწავლებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება (მიუხედავად მისი სახელწოდებისა და ფორმისა), რომელიც არ არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულება. თუ სამშვიდობო ოპერაციაში ან საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად სხვა ადმინისტრაციული ორგანოც მონაწილეობს, მხარდამჭერი დოკუმენტის მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ეს ადმინისტრაციული ორგანო; ს) რეზერვისტი − პირი, რომელიც ჩარიცხულია თავდაცვის ძალების რეზერვში; ტ) სადისციპლინო ქულა − იუნკრისთვის ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით; უ) საერთაშორისო სწავლება − საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან ერთზე მეტი უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების, საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით ჩატარებული ერთობლივი სწავლება; ფ) სამინისტრო − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ) სამინისტროს მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურე, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან/და თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირი ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი; ღ) სამშვიდობო ოპერაცია − საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაცია, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა; ყ) სამხედრო დისციპლინა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესრიგი, რომლის დაცვა სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებაა; შ) სამხედრო მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი; ჩ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა − სამხედრო ამოცანების, ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პროფესიული კვალიფიკაციის, უნარებისა და გამოცდილების ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი პერსონალის მონაცემთა აღრიცხვის, სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნისა და მათი კარიერული განვითარების საფუძველია; ც) სამხედრო სასწავლებელი − სამინისტროს სისტემაში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ძ) საპატიო მიზეზი − სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით; წ) სახელმწიფო თავდაცვა − ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ღონისძიებების ერთობლიობა; ჭ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკა − ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ საქმიანობას, კერძოდ, ქვეყანაში და მისი ფარგლების გარეთ თავდაცვის სფეროში არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პროგნოზირებას, გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ხ) ტოტალური თავდაცვა − ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ მასზე აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებისა და აქტივების გამოყენება ეროვნული მედეგობის მიღწევისთვის. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი II სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა მუხლი 4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის არსი სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა გულისხმობს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება თავდაცვის პოლიტიკის მიზნების, აგრეთვე მისი განხორციელების გზებისა და რესურსების განსაზღვრისთვის. მუხლი 5. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა; დ) უწყვეტობა; ე) გეგმურობა; ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა. მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტები სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების საფუძველზე. მუხლი 7. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და მისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია: ა) განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს, მიზნებს, პრინციპებს, ამოცანებსა და საშუალებებს; ბ) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; გ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას. 3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებელ უწყებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ავალდებულებს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა არის აღნიშნული უწყებების განვითარების გეგმების ერთობლიობა, რომლებშიც გაწერილია დრო და რომლებიც უზრუნველყოფს თავდაცვის მიზნების მიღწევას. 4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით. 5. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების, წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. მუხლი 8. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე. მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ უწყების ხედვა, ღირებულებები და პრინციპები, აღნიშნული უწყების გამოწვევები და მის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი დაძლევის გზები, საშუალებები (რესურსები) და ვადები, აგრეთვე სათანადო პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. 2. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტი მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად. მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების ამოცანები და ამ უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი გადაჭრის გზები და საშუალებები. 3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტი − შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის განხორციელების წესი და ვადები, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები და რეგულირების სფერო განისაზღვრება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულებით, რომელიც მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. 5. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტის, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით. 6. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას კოორდინაციას უწევს სამინისტრო. თავი III სამინისტრო მუხლი 9. სამინისტრო 1. სამინისტრო არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებისთვის. 2. სამინისტროში დასაქმებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სამოქალაქო პირები. 3. სამინისტროს ხელმძღვანელობს და მართავს მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მათი ფუნქციების გათვალისწინებით ერთიანდებიან სამინისტროს სამოქალაქო ოფისში (შემდგომ − სამოქალაქო ოფისი) ან თავდაცვის ძალებში. 5. მინისტრი სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას, აგრეთვე ახორციელებს დემოკრატიულ კონტროლს თავდაცვის ძალებზე. 6. მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. 7. მინისტრის უფლებამოსილებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება დელეგირებულ იქნეს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეზე. 8. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები, სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის უფლება-მოვალეობები, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების რაოდენობა და უფლება-მოვალეობები, სამინისტროს სისტემა, სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების სხვა არსებითი საკითხები განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 9. მინისტრი და მისი მოადგილეები სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. 10. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება აღნიშნული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 11. სამინისტრო ასრულებს ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს. 12. სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) თავდაცვის სფეროში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებითა და განხორციელებით; ბ) თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პროგრამებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის გეგმების განსაზღვრა/შემუშავება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მომზადება; დ) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება; ე) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება; ვ) თავდაცვის ძალების საჭირო შეიარაღებით, ტექნიკით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალური საშუალებებით/მარაგებით უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეკომენდაციების, აგრეთვე სამოქალაქო იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა; თ) სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლის განხორციელება. 13. თავდაცვის ძალების ფუნქციებია: ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; ბ) თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; გ) სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება; დ) სამხედრო სწავლებების დაგეგმვა და ჩატარება; ე) სამხედრო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა და შესრულება; ვ) დადგენილი წესით ლოჯისტიკური დაგეგმვის განხორციელება, სამინისტროში არსებული ლოჯისტიკური მარაგებით, სამხედრო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონებით, აგრეთვე მომსახურებით უზრუნველყოფა; ზ) სარეზერვო სამხედრო სამსახურის სისტემის მართვა; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა; ი) სამხედრო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; კ) სამხედრო ობიექტების დაცვა და თავდაცვა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება; მ) საინფორმაციო ოპერაციების ჩატარება; ნ) თავდაცვის ძალების განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განსაზღვრა/შემუშავება; ო) ქვედანაყოფების დასახელებებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების ადგილების განსაზღვრა/შერჩევა, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, აფეთქებასაშიში საგნებისგან/ნივთიერებებისგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღების ორგანიზება; ჟ) შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზაციის, მოდიფიკაციის, თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღებისა და შეიარაღებიდან მოხსნის შესახებ წინადადებების მომზადება, რომლებიც დადგენილი წესით მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; რ) მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; ს) ქვეყანაში წვრთნების ჩატარებისას მათში სხვა უწყებების ჩართულობის კოორდინაცია; ტ) საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; უ) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ფ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო მიმართულებით ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება. 14. სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი ფუნქციებია: ა) სახელმწიფოში საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს დადგენილი წესით რეაგირება; ბ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება/მათ შემუშავებაში მონაწილეობა; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო საფრთხეებისა და ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევებისა და მეცნიერების განვითარება; ე) სამხედრო და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობა-განვითარება; ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისა და მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მისი ოჯახის წევრის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება, მათი სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში; ზ) სამხედრო ქონებისა და სამხედრო პროდუქციის მართვა; თ) სამინისტროს ორგანიზაციული მოწ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.