ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
ტექსტი
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა. 2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ადგენს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების, მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების სისტემასა და ფუნქციებს. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოფიციალური სტატისტიკა − სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა და საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე წარმოებული სტატისტიკის მონაცემები, რომლებიც აღწერს საქართველოში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, მისი გარემოს მდგომარეობას, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა; ბ) სტატისტიკის ეროვნული სისტემა – საქართველოში არსებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და სტატისტიკური ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს; გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წლიური ან მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ძირითადად შეიცავს ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალისა და მათ შემსრულებელთა, აგრეთვე შესაბამისი დაკვირვების ჩატარების პერიოდულობისა და მისი შედეგების გამოქვეყნების თარიღის შესახებ; დ) მონაცემების სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება − მონაცემების ექსკლუზიურად გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოებისთვის, სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისა და სტატისტიკური მომსახურების გაწევისთვის, ყველა საქმიანობის ჩათვლით, რომლებსაც ეს კანონი არეგულირებს; ე) სტატისტიკური გამოკვლევა − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ რესპონდენტთა განსაზღვრული ერთობლიობისგან ინდივიდუალური მონაცემების შეგროვება ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სისტემატური გამოყენებით; ვ) აღწერა – სტატისტიკური გამოკვლევა, რომელიც სრულად მოიცავს მოსახლეობას, საცხოვრისებს, ეკონომიკურ ერთეულებს, შენობებსა და სასოფლო მეურნეობებს და რომლის ჩატარების დროსაც გარკვეული სტატისტიკური მახასიათებლებით ხდება სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მონაცემების მიღება; ზ) სტატისტიკური ერთეული − სტატისტიკური მახასიათებლების მქონე ერთეული, მათ შორის, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი; თ) რესპონდენტი − სტატისტიკური ერთეული, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს სტატისტიკური მიზნებისთვის აწვდის ინდივიდუალურ მონაცემებსა და სხვა სახის მონაცემებს; ი) სტატისტიკური მეთოდოლოგია − მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის თეორიისა და მეთოდების ერთობლიობა; კ) შემუშავება − საქმიანობა (აქტივობა), რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას და გავრცელებისას გამოყენებული სტატისტიკური მეთოდების, კონცეფციების, სტანდარტებისა და პროცედურების შექმნას, გაუმჯობესებასა და სრულყოფას; ლ) წარმოება − საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მონაცემების აუცილებელ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და შენახვას; მ) გავრცელება − მოქმედება, რომლის შედეგადაც სტატისტიკური მონაცემები, სტატისტიკური ანალიზის შედეგები, სტატისტიკური მომსახურება და მეტამონაცემები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება; ნ) პირველადი გავრცელება − ისეთი გავრცელება, რომლის დროსაც სტატისტიკური მონაცემები საჯაროდ პირველად ქვეყნდება; ო) ადმინისტრაციული მონაცემები − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ნორმებისა) შესაბამისად ადმინისტრაციული მიზნებისთვის შეგროვებული მონაცემები; პ) სტატისტიკური რეგისტრი − სტატისტიკური ერთეულებისა და მათი მახასიათებლების სია, იდენტიფიკატორების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია სტატისტიკის წარმოებისთვის; ჟ) ინდივიდუალური მონაცემები − სტატისტიკური ერთეულის შესახებ დეტალური მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; რ) აგრეგირებული მონაცემები − ინდივიდუალური მონაცემების დამუშავებით მიღებული შედეგები (მაგალითად, ჯამი); ს) კონფიდენციალური მონაცემები − ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკური მიზნებისთვის არის შეგროვებული და სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; ტ) იდენტიფიკატორი − სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც სტატისტიკური ერთეულის უნიკალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, მისი სახელის, ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით. იდენტიფიკატორით შესაძლებელია პირდაპირი იდენტიფიცირება, კერძოდ, შეიძლება კონკრეტული სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირება ერთი იდენტიფიკატორის ან იდენტიფიკატორების კომბინაციის საფუძველზე. ნებისმიერი სხვა საშუალებით იდენტიფიცირება არაპირდაპირ იდენტიფიცირებად მიიჩნევა; უ) მეტამონაცემები − მონაცემები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც სტანდარტულად აღწერს სტატისტიკურ მონაცემებსა და სტატისტიკურ პროცესებს ამ მონაცემთა წყაროების, შესაბამისი მეთოდების, განმარტებებისა და კლასიფიკაციების, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა ხარისხის შესახებ ინფორმირებით; ფ) საქსტატი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ქ) შინამეურნეობა − იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ცხოვრების საერთო წესებს ექვემდებარებიან და ერთმანეთთან საერთო ბიუჯეტით ან მისი ნაწილით არიან დაკავშირებული და ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობები აქვთ. შინამეურნეობა შეიძლება ერთი ადამიანისგანაც შედგებოდეს. თავი II. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი და ძირითადი პრინციპები მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი ოფიციალური სტატისტიკის მიზანია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებისა და ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მონიტორინგისთვის, მეცნიერული კვლევების ჩატარებისთვის, საზოგადოებისა და სხვა კატეგორიის მომხმარებლის ინფორმირებისთვის მათი ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფა. მუხლი 5. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები 1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტებისა და ოფიციალური სტატისტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად: ა) პროფესიული დამოუკიდებლობა − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო დამოუკიდებლად, პოლიტიკური და ნებისმიერი სხვა სახის ზეწოლის ან ჩარევის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების თაობაზე, მათ შორის, მონაცემთა წყაროების, გამოსაყენებელი კონცეფციების, მეთოდების, განმარტებებისა და კლასიფიკაციების შერჩევის შესახებ, აგრეთვე სტატისტიკის გავრცელების ყველა ფორმის, დროისა და შინაარსის თაობაზე. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჯაროდ გამოთქვას მოსაზრება სტატისტიკურ საკითხებსა და ოფიციალური სტატისტიკის არამართებულ გამოყენებასთან დაკავშირებით; ბ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა − ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს ნეიტრალური, სანდო და მიუკერძოებელი ფორმით, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. იგი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებისგან თუ მოსაზრებისგან. ყველა მომხმარებელს უნდა მიეცეს ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უფლება; გ) სიზუსტე და საიმედოობა − ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ზუსტად და თანამიმდევრულად უნდა ასახავდეს და იმ მეცნიერულ კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რომლებიც მონაცემთა წყაროების, მეთოდებისა და პროცედურების შერჩევისთვის გამოიყენება; დ) თანამიმდევრულობა და შესადარისობა − სტატისტიკური მონაცემები საერთაშორისო დონეზე თანამიმდევრული და დროის, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით შესადარისი უნდა იყოს; ე) სიცხადე და გამჭვირვალობა − ოფიციალური სტატისტიკა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, ხოლო გამოყენებული სტატისტიკური მეთოდები და პროცედურები მომხმარებელს სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე სახით უნდა მიეწოდოს; ვ) სტატისტიკური კონფიდენციალურობა და მონაცემების ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ შეგროვებული ან მიღებული ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ პერსონალური მონაცემები ან/და ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალური უნდა იყოს და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული; ზ) შესაბამისობა − მომხმარებლის არსებულ და მოსალოდნელ საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ხარისხი. 2. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესაბამისად უნდა მოხდეს. თავი III. სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა მუხლი 6. სტატისტიკის ეროვნული სისტემა 1. სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი შემდეგი ორგანოებისგან: ა) საქსტატი. იგი სტატისტიკის ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანოა; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი; გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. 3. საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების საკითხებში, ამ კანონითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას ახდენენ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. 5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი აღიარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის შესაბამისად. 6. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების ჩამონათვალი დგინდება სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამით. მუხლი 7. საქსტატი 1. საქსტატი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით და თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. 2. საქსტატი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა. იგი კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებასთან, წარმოებასა და გავრცელებასთან, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა. მუხლი 8. საქსტატის უფლებამოსილებები 1. საქსტატის უფლებამოსილებებია: ა) ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება; გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების კოორდინაცია; დ) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება; ე) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის უზრუნველყოფით; ვ) ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული აღწერის ჩატარება; ზ) ოფიციალური სტატისტიკის ტერმინების, მეთოდოლოგიის, კლასიფიკაციებისა და ნომენკლატურების განსაზღვრა, შესაძლებლობის ფარგლებში − საერთაშორისო კონცეფციებისა და კლასიფიკაციების შესაბამისად; თ) სხვადასხვა სახის სტატისტიკური რეგისტრის შექმნა, წარმოება და განახლება; ი) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის შემუშავება; კ) ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნებისთვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის სტატისტიკის საჭიროების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა; ლ) სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ხარისხის მართვის კონცეფციების დანერგვა და დაცვა; მ) სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობა; ნ) საზოგადოებაში სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობის აღქმის ხელშეწყობა; ო) ყველა მომხმარებლისთვის ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პ) საერთაშორისო დონეზე ოფიციალური სტატისტიკის მიმდინარე ან სამომავლო საკითხების განხილვისას სტატისტიკის ეროვნული სისტემის წარდგენა; ჟ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; რ) საქსტატისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული სწავლების ხელშეწყობა; ს) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსთვის წარდგენა; უ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება. 2. საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული არ არის. 3. საქსტატს ეკრძალება ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს. 4. საქსტატის კონკრეტული უფლებამოსილებები განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 9. საქსტატის დაფინანსების წყაროები საქსტატი ფინანსდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სტატისტიკური მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლით; გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გაცემული გრანტებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან. მუხლი 10. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი 1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით. 2. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საქსტატის მიერ საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე. 3. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. (ამოღებულია - 01.04.2026, №1479). 5. აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ახორციელებდეს სხვა სახის პოლიტიკურ საქმიანობას. 6. (ამოღებულია - 04.03.2026, №1371). 7. აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. 8. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს მის მოვალეობას. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება საქსტატის დებულებით. 9. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 11. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა; ვ) აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლა; ზ) გარდაცვალება. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 13. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მისი, როგორც საქსტატის საბჭოს წევრისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, უფლებამოსილებების შეწყვეტასაც. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე აღმასრულებელი დირექტორის, საქსტატის საბჭოს თავმჯდომარისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №544 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1371 – ვებგვერდი, 05.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1479 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. მუხლი 11. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები 1. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია: ა) საქსტატის ხელმძღვანელობა; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება, საქსტატის საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ მასთან შეთანხმება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) მოსახლეობის აღწერის პროგრამისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შემუშავება და აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) ეკონომიკური აღწერის პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების შემუშავება და დამტკიცება, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების აღიარება; ვ) სხვადასხვა სახის აღწერის მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება; ზ) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება; თ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა; ი) საქსტატის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება; კ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ლ) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა; ნ) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა; ო) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა; პ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჟ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; რ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წინა წლის განმავლობაში: ა) განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ; გ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. 3. საქსტატის საქმიანობის ეფექტიანობის უზრ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.