მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
ტექსტი
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკრობანკების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება, მათი განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა. 2. მიკრობანკი ვალდებულია თავის საფირმო სახელწოდებასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, გამოიყენოს ტერმინი „მიკრობანკი“. 3. ნებადართულია, მიკრობანკმა თავის სახელწოდებად გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადმინისტრატორი – მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს მიკრობანკის საქმიანობის დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პირთა პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო; ბ) მიკრობანკი – სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას; გ) მიკრობანკთან დაკავშირებული პირი – ადმინისტრატორი, აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, I რიგის ან II რიგის კანონით მემკვიდრეა, ან მასთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – პარტნიორების (აქციონერების) ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ახლონათესაური კავშირი, პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა მიკრობანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც არსებობს მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ აშკარა ან ფარული შეთანხმება ნებისმიერი ფორმით; ვ) მიკრობანკის საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობები; ზ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი; თ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) აკონტროლებს; ი) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია); კ) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს აძლევს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; მ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ნ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის; ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრობანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკრობანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; პ) მნიშვნელოვანი გავლენა – საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ჟ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით; რ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება მიკრობანკის საქმიანობის განსახორციელებლად, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად; ს) სააქციო კაპიტალი – მიკრობანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც არის მიკრობანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის სხვაობა; ტ) ნებადართული კაპიტალი – სააქციო საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და მისი წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; უ) განაღდებული კაპიტალი – ნებადართული კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი; ფ) ახლო ნათესავი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავი; [ ქ) ფაქტორინგი − „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. მუხლი 3. მიკრობანკის საქმიანობა 1. მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია. 2. ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სესხების დაფარვის წყაროდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის 50 პროცენტზე მეტია. 3. მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო საქმიანობები: ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; [ ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგის განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ბ) პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში და ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვით, სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა პირებისგან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; გ) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და საკასო-საინკასაციო მომსახურების გაწევა; ე) საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება; ვ) საგადახდო მომსახურების გაწევა, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ზ) უპროცენტო საბანკო მომსახურების გაწევა; თ) დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას საჭიროებს; ი) საკუთარი და თავის კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კ) ფასეულობათა შენახვა; ლ) ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად; მ) ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების გაწევა; ნ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალური აქტივის კონტროლის საშუალებას იძლევა, და აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. 4. მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს. 5. მიკრობანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 6. მიკრობანკის მიერ ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შემთხვევაში თითოეული ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრობანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრობანკზე სესხის გაცემაზე ან მის კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით, შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1462 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II. მიკრობანკის ლიცენზირება მუხლი 4. სალიცენზიო მოთხოვნები 1. საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მისი განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ადმინისტრატორი აკმაყოფილებს ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ) მისი ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არის გამჭვირვალე, შეესაბამება სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, იძლევა ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უქმნის მიკრობანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი სხვა ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმის შეფასებისას ითვალისწინებს აგრეთვე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებაზე აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გავლენას; ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობისა და განხორციელებადობის, აგრეთვე საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა; ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც მიკრობანკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება) საქართველოს ტერიტორიაზეა და მის მიერ საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მიკრობანკის ლიცენზირების წესი და პირობები, მათ შორის, დამატებით წარსადგენი ინფორმაცია. მუხლი 5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენა 1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით მიმართვას წარუდგენს. 2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს ამ ლიცენზიის მაძიებლის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) კომერციული ბანკის ცნობა ნებადართული კაპიტალისა და განაღდებული კაპიტალის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის თაობაზე. უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალი ან შვილობილი მიკრობანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის/მიკრობანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; დ) მისი ადმინისტრატორებისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური და ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); ვ) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაცია; ზ) (ამოღებულია - 15.12.2023, №4018); თ) მისი სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; კ) ინფორმაცია წარსული საქმიანობის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად; ლ) უცხოური მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; მ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. 3. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილების ოდენობისა და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაციას; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს); ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში. 4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. 5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და დირექტორატის წევრთა სამუშაოს აღწერილობას; ბ) კორპორაციული მართვის პრინციპებს; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმით გათვალისწინებულ საბიუჯეტო გეგმაზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას; ზ) ბიზნესგეგმას. იგი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას და შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ზ.ა) ბიზნესსტრატეგიას; ზ.ბ) ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ ინფორმაციას; ზ.გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; ზ.დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით, მომდევნო 3 წლისთვის; ზ.ე) ბიზნესსა და მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; ზ.ვ) საწყის ეტაპზე დასანერგი საინფორმაციო ტექნოლოგიების მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას. 6. უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) სათავო ბანკის/მიკრობანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებასა და მოგება-ზარალის თაობაზე ანგარიშგებას; ბ) სათავო ბანკის/მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის შესახებ; გ) სათავო ბანკის/მიკრობანკის საზედამხედველო ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი მიკრობანკის გახსნაზე. 7. მიკრობანკი, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერი, ისე შუალედური მფლობელი და ბენეფიციარი მესაკუთრე ვალდებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია. 8. მიკრობანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია მიკრობანკის აქციონერების ან/და ადმინისტრატორების შესაფერისობაზე, აგრეთვე მიკრობანკის ლიცენზირების სხვა პირობებთან/კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები აგრეთვე აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული უნდა იყოს. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 10. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას არ ითვალისწინებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამის დამადასტურებელი, უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4018 - ვებგვერდი, 28.12.2023წ. მუხლი 6. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. 3. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი წერილობითი მიმართვის მიღებამდე ამ ლიცენზიის მაძიებელთან შესაბამისი კონსულტაციები გამართოს. 4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართვე
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.