პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

ტექსტი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია ადამიანის სისხლისა (შემდგომ − სისხლი) და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, მიუხედავად მათი დანიშნულებისა. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. სისხლსა და პლაზმაზე, როგორც სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების საწარმოებლად გამოსაყენებელ საწყის მასალებზე, ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც აწესრიგებს სისხლისა და პლაზმის შეგროვებასთან, ტესტირებასა და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. პლაზმის, როგორც სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების საწარმოებლად გამოსაყენებელი საწყისი მასალის, დამზადებასთან, შენახვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ 1. სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. 2. ეს კანონი ემყარება ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს შესაბამის დირექტივებს ამ დირექტივების მოთხოვნათა საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით. მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სისხლი − მთლიანი სისხლი, რომელიც აღებულია დონორისგან და დამუშავებულია ტრანსფუზიისთვის ან შემდგომი წარმოებისთვის; ბ) სისხლის კომპონენტი − სისხლის თერაპიული ნაწილი (წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები, თრომბოციტები, პლაზმა), რომელიც შეიძლება სხვადასხვა მეთოდით დამზადდეს; გ) სისხლის პროდუქტი − სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული ნებისმიერი თერაპიული პროდუქტი; დ) სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალება − სისხლის კომპონენტზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალება, რომელსაც ამზადებს სახელმწიფო ან კერძო დაწესებულება წარმოების გზით. ასეთი სამკურნალო საშუალებებია: ალბუმინი, კოაგულაციური ფაქტორები, ადამიანური წარმოშობის იმუნოგლობულინები; ე) დონორი − პირი, რომლის ჯანმრთელობა, ასაკი და სამედიცინო ისტორია აკმაყოფილებს დონორის შესაბამისობის დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც ნებაყოფლობით გასცემს სისხლს ან სისხლის კომპონენტებს; ვ) სისხლის დონორობა − დონორის მიერ სისხლის ან/და სისხლის კომპონენტების ნებაყოფლობით გაცემა, აგრეთვე ნებაყოფლობითი, უანგარო დონაციის ორგანიზებისკენ, სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ღონისძიებები; ზ) დამუშავება − სისხლის კომპონენტის დამზადების პროცესის ნებისმიერი საფეხური სისხლის შეგროვებასა და სისხლის კომპონენტის გაცემას შორის; თ) სისხლის დონაცია − დონორის მიერ სისხლის გაღების პროცედურა, რომელიც ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად; ი) ავტოლოგიური ტრანსფუზია − ტრანსფუზია, როდესაც დონორი და რეციპიენტი ერთი და იგივე პირია და გამოიყენება წინასწარ დეპონირებული სისხლი და მისი კომპონენტები; კ) ავტოლოგიური დონაცია − პირისგან სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება, რომლებიც განკუთვნილია ავტოლოგიური ტრანსფუზიისთვის ან სხვა სახით გამოსაყენებლად მხოლოდ ამ პირისთვის; ლ) ალოგენური დონაცია − პირისგან სისხლის ან მისი კომპონენტების აღება, რომლებიც განკუთვნილია სხვა პირისთვის ტრანსფუზიისთვის, სამედიცინო მოწყობილობებში გამოსაყენებლად ან მისი/მათი, როგორც საწყისი მასალის ან ნედლეულის, სამკურნალო საშუალების წარმოებისთვის გამოსაყენებლად; მ) ტრანსფუზია − დონორის სისხლის ან მისი კომპონენტების პაციენტის (რეციპიენტის) სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადასხმის პროცედურა; ნ) რეციპიენტი − პირი, რომელსაც ჩაუტარდა ტრანსფუზია; ო) სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალების მწარმოებელი − სახელმწიფო ან კერძო დაწესებულება, რომელიც სისხლიდან ან პლაზმიდან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებას აწარმოებს; პ) ჰემოზედამხედველობა − ორგანიზებული მეთვალყურეობის პროცედურების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია დონორებსა და რეციპიენტებში გამოვლენილ სერიოზულ გვერდით მოვლენებსა და სერიოზულ გვერდით რეაქციებთან და დონორთა შემდგომ ეპიდემიოლოგიურ მეთვალყურეობასთან; ჟ) სერიოზული გვერდითი მოვლენა − სისხლის ან მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი შემთხვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის (რეციპიენტის) სიკვდილი ან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობათა შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა ან ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება; რ) სერიოზული გვერდითი რეაქცია − დონორში ან პაციენტში (რეციპიენტში) გამოვლენილი, გაუთვალისწინებელი საპასუხო რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია სისხლის ან მისი კომპონენტების შეგროვებასთან ან ტრანსფუზიასთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დონორის ან პაციენტის (რეციპიენტის) სიკვდილი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობათა შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა ან ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება; ს) მიკვლევადობა − სისხლის ან მისი კომპონენტის თითოეული ერთეულისთვის დონორიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე (რეციპიენტი, სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალების მწარმოებელი, სისხლისა და მისი კომპონენტების განკარგვა) და საბოლოო დანიშნულების ადგილიდან დონორამდე მიკვლევის შესაძლებლობა; ტ) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; უ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ფ) კომპეტენტური ორგანო − შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცალკეულ მოთხოვნათა დაცვისთვის, მათ შორის, სისხლის დაწესებულებების მიერ ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლისთვის; ქ) სისხლის დაწესებულება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისა და ტესტირების ნებისმიერ ასპექტზე, მათი დანიშნულების მიუხედავად, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების დამუშავებისთვის, შენახვისთვის, განაწილებისა და ტრანსფუზიის მიზნით გაცემისთვის. სისხლის დაწესებულებაში არ იგულისხმება სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი; ღ) სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი − სამედიცინო დაწესებულების ერთეული, რომელიც იღებს, ინახავს და გასცემს სისხლსა და მის კომპონენტებს, შეუძლია განახორციელოს დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის ტესტირება ექსკლუზიურად სამედიცინო დაწესებულების შიდა მოხმარებისთვის, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე ტრანსფუზიური საქმიანობისთვის. იგი არ ახორციელებს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებასა და დამუშავებას; ყ) ანგარიშმგებელი დაწესებულება − სისხლის დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი ან დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ტრანსფუზიას და კომპეტენტურ ორგანოს აწვდის ინფორმაციას სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ; შ) მობილური პუნქტი − დროებითი ან მოძრავი ადგილი, რომელიც გამოიყენება სისხლისა და მისი კომპონენტების შესაგროვებლად, მდებარეობს სისხლის დაწესებულების ტერიტორიის გარეთ, მაგრამ სისხლის დაწესებულების ერთეულია და მის კონტროლს ექვემდებარება; ჩ) ცენტრალური ტესტირების ლაბორატორია − დამოუკიდებელი იურიდიული პირი ან ცენტრალური სისხლის დაწესებულების სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დონორის სისხლის ჯგუფის სეროლოგიურ ტესტირებას და ინფექციური დაავადებების მარკერებზე ტესტირებას, სისხლისა და სისხლის პროდუქტების ხარისხის კონტროლს, აგრეთვე შესაძლებელია ახორციელებდეს სხვა კვლევით მომსახურებასა და დიაგნოსტიკურ მომსახურებას; ც) ხარისხის სისტემა − ორგანიზაციული სტრუქტურა, პასუხისმგებლობები, პროცედურები, პროცესები და რესურსები, რომლებიც გამოიყენება ხარისხის მართვის განსახორციელებლად; ძ) ხარისხის მართვა − ორგანიზაციის მართვისა და კონტროლის კოორდინირებული, ხარისხთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სისხლის დაწესებულებაში ან სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში, ყველა დონეზე; წ) ხარისხის კონტროლი − ხარისხის სისტემის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია ხარისხისადმი დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე; ჭ) ხარისხის უზრუნველყოფა − სისხლის შეგროვებიდან მისი განაწილების ჩათვლით საქმიანობების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სისხლისა და მისი კომპონენტების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის აუცილებელი ხარისხის უზრუნველსაყოფად; ხ) ინსპექტირება − ფორმალური და ობიექტური კონტროლი, რომელიც ხორციელდება დადგენილი წესების შესაბამისად, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა დაცვის შესაფასებლად და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის; ჯ) ელექტრონული სისტემა − მონაცემთა შეტანისა და დამუშავების და ინფორმაციის გაცემის ელექტრონული სისტემა, რომელიც გამოიყენება ანგარიშგებისთვის, მიკვლევადობისთვის, ავტომატური კონტროლისთვის ან დოკუმენტირებისთვის; ჰ) სისხლის ან მისი კომპონენტის გათავისუფლება − პროცესი, რომლის საშუალებითაც სისხლი ან მისი კომპონენტი თავისუფლდება კარანტინიდან ისეთი პროცედურებით, რომლებიც უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტების კარანტინიდან გათავისუფლების მახასიათებლებთან შესაბამისობას; ჰ¹) კარანტინი − სისხლის ან მისი კომპონენტების, აგრეთვე შემოსული მასალების/რეაგენტების ფიზიკური იზოლაცია დროის სხვადასხვა მონაკვეთით, რომლის განმავლობაშიც სისხლი ან მისი კომპონენტები, აგრეთვე შემოსული მასალები/რეაგენტები მიღების, გაცემის ან წუნდების დადასტურების მოლოდინის რეჟიმში იმყოფება; ჰ²) განაწილება − სისხლისა და მისი კომპონენტების სხვა სისხლის დაწესებულებებისთვის, სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკებისა და სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალების მწარმოებლებისთვის მიწოდება. განაწილება არ გულისხმობს სისხლისა და მისი კომპონენტების ტრანსფუზიის მიზნით გაცემას; ჰ³) გაცემა − სისხლის დაწესებულების ან სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტისთვის ტრანსფუზიის მიზნით მიწოდება; ჰ⁴) დონორის დაწუნება − პირისთვის სისხლის დონორობის უფლების დროებით ან სამუდამოდ შეჩერება. მუხლი 5. სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობა 1. ყველას აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლი და მისი კომპონენტები. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ნებაყოფლობით, უანგარო დონორობას და უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების მდგრად პირობებს. 3. სახელმწიფო ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობისთვის უზრუნველყოს ქვეყანაში საჭირო რაოდენობის სისხლის დაწესებულების არსებობა. მუხლი 6. სისხლის დონორობის პრინციპები 1. სისხლის დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს. 2. ნებაყოფლობითობის პრინციპი გულისხმობს პირის უფლებას, სისხლი ან სისხლის კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს. 3. უანგარობის პრინციპი გულისხმობს პირის მიერ სისხლის ან მისი კომპონენტის უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღებას. 4. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა. ასევე დაუშვებელია სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით. 5. ფულადი ანაზღაურების ტოლფას სარგებლად არ მიიჩნევა დონორისთვის ამ კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დროისთვის მიცემული შრომის ანაზღაურება, საპატიო დონორისთვის გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი, დონორისთვის გადაცემული სიმბოლური ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი, რომლის ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ რომელიც ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას. 6. ანონიმურობის პრინციპი გულისხმობს დონორისა და რეციპიენტის უფლებას, დონორობა ანონიმურად განხორციელდეს, რაც ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისა და რეციპიენტის შესახებ პერსონალური მონაცემების (მათ შორის, გენეტიკური მონაცემების) დაცულობას და მესამე პირის მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას. 7. სახელმწიფო ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მისაღწევად ხელი შეუწყოს დონორობის ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპების დაცვით განხორციელებას. მუხლი 7. დონორის უფლებები და მოვალეობები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორის უფლებრივ გარანტიებს, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის გარანტიებს, აგრეთვე დონორისთვის აწესებს შეღავათებს. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორების თანასწორობას, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 3. დონორს უფლება აქვს, ნებაყოფლობით, უანგაროდ გასცეს სისხლი და მისი კომპონენტები. 4. დონორს უფლება აქვს, მიიღოს სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ ამომწურავი და ადვილად გასაგები ინფორმაცია (მათ შორის, წერილობითი ინფორმაცია) ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. დონორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლისა და მისი კომპონენტის ყოველი დონაციის წინ განაცხადოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ნებაყოფლობით დონაციაზე და ის ხელმოწერით დაადასტუროს. 5. დონორს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს უფასო სამედიცინო დახმარება დადგენილი ნორმების თანახმად, დონორის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში. 6. დონორს უფლება აქვს, მისი, როგორც დონორის, დროებით ან სამუდამოდ დაწუნების შემთხვევაში სისხლის დაწესებულებისგან მიიღოს ამის შესახებ შეტყობინება, სათანადო კონსულტაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მიმართვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ან/და სახელმწიფოს ხარჯით შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად. 7. დონორს უფლება აქვს, დაცული იყოს მისი კონფიდენციალურობა: ა) გასაუბრებისას, კონსულტაციისას, აგრეთვე უფლებამოსილი პერსონალისთვის მიწოდებული, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავებისას; ბ) სისხლის დონაციასთან დაკავშირებული გამოკვლევის შედეგების დამუშავებისას, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისას; გ) სამედიცინო მომსახურების მიღებისას. 8. დონორს უფლება აქვს, მოითხოვოს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებისას უსაფრთხო პირობების არსებობის უზრუნველყოფა. 9. დონორს უფლება აქვს, მიიღოს წახალისება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. დონორის წახალისების მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. დონორს უფლება აქვს, მიიღოს საპატიო დონორის წოდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესი და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. დონორს უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლისა და მისი კომპონენტების ჩაბარების დროს. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. 12. სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან. 13. დონორი ვალდებულია სისხლის დაწესებულებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია თავისი ვინაობის, საიდენტიფიკაციო მონაცემების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მათ შორის, ჩატარებული სამედიცინო პროცედურების, ვაქცინაციის, მიღებული მედიკამენტების) და ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ, აგრეთვე სისხლის დაწესებულების მიერ მოთხოვნილი, დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო სხვა ინფორმაცია. მუხლი 8. რეციპიენტის უფლებები და მისი ინფორმირებული თანხმობა 1. რეციპიენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული. 2. ტრანსფუზია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ რეციპიენტი მცირეწლოვანია ან მას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ინფორმირებული თანხმობა მიღებული უნდა იქნეს რეციპიენტის ნათესავისგან ან კანონიერი წარმომადგენლისგან. რეციპიენტის არასრულწლოვანების შემთხვევაში მის ინფორმირებულ თანხმობასთან ერთად მიღებული უნდა იქნეს რეციპიენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ ასეთი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება, ტრანსფუზიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო მომსახურების გამწევი რეციპიენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეციპიენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან, აგრეთვე ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. 5. ტრანსფუზიის განხორციელების მეთოდოლოგია და კლინიკური ჩვენებები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი II სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროს მართვა მუხლი 9. სახელმწიფოს ვალდებულებები სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში 1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, მათი ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება, დანერგვა და ამ წესების შესრულების კონტროლი. 2. სახელმწიფო ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად: ა) უზრუნველყოს სისხლსა და მის კომპონენტებზე, აგრეთვე სისხლის პროდუქტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე, ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების განსაზღვრა და შექმნა; ბ) უზრუნველყოს ნებაყოფლობით, უანგარო დონაციაზე დაფუძნებული, ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლის, მისი კომპონენტებისა და სისხლის პროდუქტების უწყვეტი და ეფექტიანი მიწოდების სისტემის ჩამოყალიბება და შენარჩუნება; გ) წაახალისოს ნებაყოფლობითი, უანგარო, რეგულარული დონაციის ხელშემწყობი, მდგრადი საგანმანათლებლო და სოციალური კამპანია; დ) განახორციელოს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცესების მხარდაჭერა ტრანსფუზიური მედიცინის განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად; ე) შექმნას ჰემოზედამხედველობისა და მიკვლევადობის სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება; ვ) შექმნას ტრანსფუზიური მედიცინის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების სათანადო პირობები; ზ) სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოებისა და დონორობის განვითარების მიზნით უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის/სისტემის ფუნქციონირება; თ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) ფუნქციონირება; ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. 3. სახელმწიფო სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასა და სათანადო წესების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) მეშვეობით. მუხლი 10. კომპეტენტური ორგანო (ორგანოები) 1. კომპეტენტური ორგანო (ორგანოები) სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის (მათთვის) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის, მათ შორის, სისხლის დაწესებულებების მიერ ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის წესების შესრულების კონტროლისთვის. 2. შესაბამისი კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო. 3. შესაბამისი კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია სისხლის დაწესებულებასა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში განახორციელოს ინსპექტირებისა და სათანადო კონტროლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 4. შესაბამისი კომპეტენტური ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქვეყანაში სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის განხორციელებას, აგრეთვე ახორციელებს ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 11. სისხლის დაწესებულება 1. სისხლის დაწესებულება იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იუ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.